რამდენი წლის ვართ სინამდვილეში: ჩვენი შინაგანი ბავშვი
გააზიარე:
“რამდენი წლისაა ეს კლიენტი?” – მკითხა სუპერვაიზერმა, როდესაც მასთან რთულ შემთხვევას გავდიოდი. “ოცდარვის”, – ვუპასუხე. “არა, ახლა რომ აღმიწერ, რამდენისაა?” დავფიქრდი. “ოთხის”.
მას შემდეგ, მუშაობისას, როდესაც საუბარი ბავშვობაში გადატანილ ტრავმას ეხება, ვეკითხები ჩემს თავს, ხშირად – კლიენტსაც: რამდენი წლისაა ახლა? ხანდახან, განსაზღვრულ თემებზე საუბრისას, ჩემი კლიენტები ერთბაშად იცვლებიან: ხმა უწვრილდებათ, იკუნტებიან, საბანს იფარებენ ან საკუთარ თავს ეხუტებიან. იცვლება მათი სხეულის ჩვეული ენა, მათი ლექსიკონი, ფრაზებიც კი მარტივდება... ჩვენ, გეშტალტთერაპევტებიც, ასევე ვიცვლებით. გვინდება, კლიენტს ჩავეხუტოთ, ჩაი დავუსხათ, ვუთხრათ, რომ ყველაფერი კარგადაა... ეს იმის ნიშანია, რომ როგორც კლიენტი, ისე თერაპევტი შევეხეთ კლიენტის შინაგან ბავშვს.
ზრდასრულთა უმეტესობა ჭეშმარიტად ზრდასრულები არ ვართ. დიახ, ასაკი გვემატება, მაგრამ ეს ჩვენი მიღწევა არ არის, თავისთავად ხდება. სინამდვილეში მრავალი ჩვენგანი ვერ ხდება ზრდასრული. არ იღებს პასუხისმგებლობას, მოუაროს თავის შინაგან ბავშვს, იქცეს მის “მშობლად”. მხოლოდ შინაგან ბავშვთან კონტაქტში მყოფ ადამიანს შეუძლია, დაბრუნდეს აქ და ამჟამად და იყოს იმდენი წლის, რამდენიც მის პირადობის მოწმობაში წერია.
რატომ გვავიწყდება ჩვენი შინაგანი ბავშვი?
საზოგადოება მუდამ გვიბრძანებს: “გაიზარდე!” გვასწავლიან, რომ ჩვენი შინაგანი ბავშვი, ანუ გაკვირვების, ცნობისმოყვარეობის, სიხარულის, აღფრთოვანებისა და თამაშის, მიამიტობის, სიმარტივის უნარები გვერდზე გადავდოთ, გადავმალოთ. ვიყოთ სერიოზულები და “ზრდასრულთა” არმიას შევუერთდეთ. გვეცვას, როგორც საჭიროა, ვსაუბრობდეთ, როგორც სხვები მოელიან, შევასრულოთ უამრავი “უნდა”, რომ თავი დავიმკვიდროთ.
არადა, ჩვენს შინაგან ბავშვს ეს თვისებებიც აქვს და ბავშვობაში გადატანილ ტრავმებს, შიშებს და ბრაზსაც განიცდის, ოღონდ ეს განცდაც დამალულია. ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იყოს დაცული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხანდახან ირღვევა. ამ დროს თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ და ეს განცდა მუდამ თან დაგვყვება, რა ასაკშიც უნდა შევიდეთ.
რას ნიშნავს “თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ”?
ბავშვობაში ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ნიშნავს იმის აღქმას, რომ ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ საზღვრებს პატივს სცემენ, ვგრძნობთ, რომ ისეთებს გვიღებენ (განსაკუთრებით – მშობლები), როგორებიც ვართ, ვიცით, რომ ოჯახში ვუყვარვართ. ჩვენი მთავარი საჭიროებები დაკმაყოფილებულია (საჭმელი, წყალი, დაცული სახლი, სოციალური წრე და ა.შ.).
სამწუხაროდ, მრავალი ჩვენგანი უსაფრთხო გარემოში არ იზრდება.
თუ ბავშვობაში:
* შთაგაგონებდნენ, რომ საკუთარი აზრი არ უნდა გქონოდათ;
* როცა მშობლებს არ ეთანხმებოდით, გსჯიდნენ;
* არ თამაშობდით (ან შესაფერისი გარემო არ გქონდათ, ან ადრეულ ასაკში ბევრი პასუხისმგებლობა დაგაწვათ კისერზე);
* არ გქონდათ სპონტანურობის საშუალება;
* გიკრძალავდნენ ემოციების (მაგალითად, ბრაზის, სევდის) გამოხტვას;
* ხშირად გეუფლებოდათ სირცხვილის გრძნობა;
* რეგულარულად გამცირებდნენ;
* ფიზიკურად გავიწროებდნენ;
* პასუხისმგებელი იყავით საკუთარი მშობლების კეთილდღეობაზე`ბედნიერებაზე;
* ვერ იღებდით სითბოს – კოცნას, ჩახუტებას და ა.შ.;
* უგულებელგყოფდნენ, -
დიდია ალბათობა, თავს უსაფრთხოდ არც ახლა გრძნობდეთ, შფოთვა თქვენი მუდმივი თანამგზავრი იყოს. თქვენი შინაგანი ბავშვი კი ალბათ ძალიან შეშინებულია.
რა არის უგულებელყოფა?
ემოციური უგულებელყოფა ნიშნავს, რომ მშობლები`მომვლელები არ გამოხატავენ ბავშვის მიმართ სითბოს, სიყვარულს, მხარდაჭერას, არ იცავენ, არ კოცნიან, არ ეხუტებიან, არ აძლევენ ემოციურ უკუკავშირს. ასეთ გარემოში გაზრდილ ადამიანს ზრდასრულ ასაკში ახასიათებს:
* დაბალი თვითშეფასება;
* საკუთარი ემოციური საჭიროებების იგნორირება;
* ბავშვობაში გადატანილი უგულებელყოფის დროს განცდილი ნებისმიერი ემოციის დამალვა ან თავიდან აცილება;
* ტრავმული გამოცდილების მსგავს სიტუაციებში – ფსიქიკური ან ფიზიკური ავადმყოფობა.
ფსიქოლოგიური უგულებელყოფა
ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მშობლები`მომვლელები არ ზრუნავენ ბავშვის შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე, არ ცდილობენ, ხელი შეუწყონ მისი პიროვნების რეალიზებას, არ სცემენ პატივს, არ ითვალისწინებენ მის პოზიციას. არ აქებენ, არ გამოხატავენ მისი მიღწევებით კმაყოფილებას. ასეთ გარემოში გაზრდილ ადამიანს ზრდასრულ ასაკში ახასიათებს:
* დაბალი თვითშეფასება;
* საკუთარი თავის პატივისცემის უუნარობა;
* საკუთარი თავის მიღების სირთულე;
* ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი;
* ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების სირთულე.
ფიზიკური უგულებელყოფა
ფიზიკური დაცულობის განცდის, ჯანსაღი გარემოს შექმნა სიყვარულისა და მზრუნველობის ყველაზე ბაზისური გამოხატულებაა. ამას ბუნებაშიც ვხედავთ: ჩიტები ბარტყებისთვის აშენებენ ბუდეს, დედა მგელს ლეკვებისთვის ნადავლი მოაქვს და ნადირობას ასწავლის, მამა პინგვინი კვერცხებს ათბობს, სანამ დედა საკვების საშოვნელადაა წასული... თუ ეს აუცილებელი რგოლი ჯაჭვიდან ამოვარდა, თუ მოხდა ბავშვის ფიზიკური უგულებელყოფა, ასეთ გარემოში გაზრდილ ადამიანს ზრდასრულ ასაკში ახასიათებს:
* საკუთარი თავის დაზიანება (ანორექსია, დაჭრა, სიმსუქნე);
* დაცულობის ინტენსიური ძიება (ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის მსგავსი ქცევები, მუდმივი შფოთვა გარემოზე) ან ინტენსიური სარისკო ქცევები (მაგალითად, მანქანის ძალიან სწრაფად მართვა);
* ნივთიერებებზე ან მავნე ჩვევებზე (მაგალითად, აზარტულ თამაშებზე) დამოკიდებულება;
* ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების სირთულე.
როგორ მოვექცეთ ჩვენს შინაგან ბავშვს?
შინაგანი ბავშვი ყველას გვყავს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ყველაფერი ჰქონდა, რომლის ყველა საჭიროება დაკმაყოფილდა. ეს უბრალოდ შეუძლებელია. შესაბამისად, შინაგანი ბავშვი უნდა აღმოვაჩინოთ, მივიღოთ, გავაცნობიეროთ და გავაძლიეროთ.
ბოლოს როდის ესაუბრეთ თქვენს შინაგან ბავშვს? რამდენად ხშირად უსმენთ მის საჭიროებებს? რამდენად ხშირად “თამაშობთ” ანუ იღებთ სიამოვნებას ცხოვრებისგან?
ჩვენი შინაგანი ბავშვი ჩვენი რთული, ჩახლართული იდენტობის ნაწილია. როდესაც მას არ ვამჩნევთ, ის არაცნობიერის სიღრმეებში იკეტება და იქედან ზემოქმედებს ჩვენზე, ისე ცვლის ჩვენს ემოციებსა და ქცევებს, ვერც კი ვამჩნევთ.
დიახ, შინაგანი ბავშვის აღმოჩენა დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, ის ოპტიმისტია, აქვს უამრავი ნიჭი, ცნობისმოყვარეა, უყვარს საკუთარი თავი და ურთიერთობებისკენ ისწრაფვის, ოღონდ ეს ყველაფერი ქვეცნობიერშია გამოკეტილი.
გაგიზიარებთ შინაგან ბავშვთან მუშაობის რამდენიმე ტექნიკას, ოღონდ თუ მათი შესრულების დროს ძლიერი ემოცია შემოგაწვათ, შეჩერდით და ფსიქოთერაპიას მიმართეთ – ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ტრავმა ძალიან ღრმაა და მასთან ზედაპირული შეხებაც კი მარტომ არ უნდა სცადოთ. დანარჩენებს კი შევახსენებ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხები თერაპიას ვერ შეცვლის, ეს უფრო სასარგებლო დანამატია. შინაგან ბავშვთან მარტო, ზრდასრული გზამკვლევის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ბავშვობის ტრავმებზე თავად ტრავმაგადატანილი ადამიანი ვერ იმუშავებს.
1. დახატეთ თქვენი ბავშვობის პერიოდი
გავლეთ გრძელი ხაზი ან დახატეთ გზა ან მდინარე (უმჯობესია, დიდ ფურცელზე და ფერადი გაფორმებით; ბონუს ქულები – თითებით ხატვა) და ვიზუალურად დაყავით პერიოდებად:
1. 0-დან 9 თვემდე;
2. 9 თვიდან 3 წლამდე;
3. 3-დან 6 წლამდე;
4. 6-დან 11 წლამდე.
დაარქვით პერიოდებს, რაც გნებავთ, ან სიმბოლოები მიანიჭეთ. გაიხსენეთ თითოეული მათგანი (ჩვილ ასაკს ვერ გაიხსენებთ, მაგრამ გაგახსენდებათ, რას ჰყვებოდნენ თქვენზე სხვები). გაიხსენეთ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ამ დროს. მოუსმინეთ თქვენს ემოციებს, დააკვირდით სხეულს.
ფურცელზე ჩაიწერეთ ის მოგონებები, რომლებიც ყველაზე ინტენსიურ ემოციას აღძრავს – სევდას, ბრაზს, ზიზღს, შფოთვას, შიშს...
ახლა ჩანაწერებს თვალი გადაავლეთ: რომელ პერიოდშია ყველაზე მეტი ასეთი მოგონება? ეს არის თქვენი ტრავმული ასაკი. თუ ეს არ კმარა, დააკვირდით, რა დაარქვით თქვენს პერიოდებს ან რა სიმბოლო მიანიჭეთ. რომელი იწვევს ყველაზე ინტენსიურ ემოციებს?
2. მისწერეთ წერილი თქვენს შინაგან ბავშვს
წარმოიდგინეთ, რომ კეთილი, დინჯი და ბრძენი ჯადოქარი ხართ, ან კეთილი ფერია ნათლია. მისწერეთ წერილი თქვენს შინაგან ბავშვს, უთხარით, რომ გიყვართ, რომ მასთან დროის გატარება გინდათ, აუხსენით, რა კარგად გესმით მისი. გვერდით დაუდექით, გაამხნევეთ. უთხარით ისიც, როგორ გამოგადგათ მისი გამოცდილება, რა იცით ახლა ისეთი, რაც მაშინ არ იცოდით, გაუზიარეთ, ასწავლეთ. გახსოვდეთ: თქვენ ახლა კეთილი, დინჯი და ბრძენი ხართ და არა პატარა და დაუცველი.
3. გაუზიარეთ ეს ტკივილი ახლობელ ადამიანს
ნუ აჰკიდებთ ამხელა ტვირთს თქვენს თავს. დაელაპარაკეთ მეგობარს, რომანტიკულ პარტნიორს, ვინმეს, ვისაც ენდობით. არ არის საჭირო არც რჩევა, არც ბევრი სიტყვა, უბრალოდ მოგისმინონ. გაბედეთ და გამოხატეთ ეს ჩაკეტილი ემოციები, მოუსმინეთ, როგორია, როდესაც ამას ხმამაღლა იტყვით, როდესაც მარტო აღარ ხართ, როდესაც თანაგიგრძნობენ.
4. დაელაპარაკეთ თქვენს შინაგან ბავშვს
დაჯექით წყნარ ადგილას, სადაც ხელს არავინ შეგიშლით და მიმართეთ თქვენს შინაგან ბავშვს. ესაუბრეთ ერთსიტყვიანი ფრაზებით. ჯერ ეს უთხარით:
- მიყვარხარ.
- გისმენ.
- მაპატიე.
- გმადლობ.
- გპატიობ.
მერე კი უკვე თქვენი ფანტაზიით გააგრძელეთ.
5. დაათვალიერეთ ბავშვობის სურათები
დაათვალიერეთ, როგორი იყავით. რას ამბობს თქვენი პოზა? რისი კეთება გიყვარდათ? როგორ დაახასიათებდით თქვენს თავს იმ ასაკში? ეცადეთ, თავიდან დაინახოთ, თავიდან განიცადოთ ის ადგილები, სუნი, გარემო, ხალხი... რა შემოგრჩათ ახლა?
6. აკეთეთ ის, რაც ბავშვობაში გიყვარდათ
გაიხსენეთ, რა გიყვარდათ ბავშვობაში და ისევ გააკეთეთ. წვიმაში ბოტებით სირბილი? – ახლა ამას ვერავინ დაგიშლით, ჩაიცვით ბოტები და გადით გარეთ. მიწის ჩიჩქნა? – იყიდეთ ქოთნები, დარგეთ, რაც გაგიხარდებათ. ხატვა? – გადმოიღეთ ალბომები და ხატეთ. თქვენთვის, სიამოვნებისთვის, როგორც გამოგივათ. ველოსიპედზე ოცნებობდით? – ახლა შეიძინეთ, ან მართვა ისწავლეთ!
ყოველდღე გამოყავით დრო ასეთი “თამაშისთვის”. ნახავთ, რომ ცოტა ხანში ყოველდღიურ აქტივობებშიც ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდებით, განსაკუთრებით – ახლა, როდესაც შინ მეტ დროს ვატარებთ, ბევრი კი სულაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. გამოიყენეთ ეს დრო, გაახარეთ თქვენი შინაგანი ბავშვი, მიეცით საშუალება, სიცოცხლის ენერგია დაგიბრუნოთ.
დასკვნა
ბავშვობაში ბევრს განგვიცდია ტკივილი, გადაგვიტანია ტრავმა. იმისთვის, რომ თავი ტკივილისგან დაგვეცვა, შინაგანი ბავშვი დავივიწყეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ტკივილს ვეხებით, გვგონია, რომ ვერ გადავიტანთ, ამიტომაც ჩვენს განცდებსა და ემოციებს ღრმად, არაცნობიერში ვტენით. შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაშიც კი ვერ გავუსწოროთ თვალი ჩვენს შინაგან ბავშვს.
მაგრამ არშემჩნევა არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. დაჭრილი ბავშვი ყოველთვის აქაა, ის ჩვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. გვახსოვდეს: თავის არიდება ტკივილს არ აქრობს, პირიქით, ახანგრძლივებს.
დაჭრილ შინაგან ბავშვს მზრუნველობა და სიყვარული სჭირდება, ჩვენ კი საპირისპიროდ ვიქცევით. არ ვუსმენთ, საკუთარ თავთან არ ვრჩებით, მუდამ ვცდილობთ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ – ჩავრთოთ ფილმი, ვინახულოთ მეგობრები, წამოვიწყოთ ტოქსიკური ურთიერთობები, რადგან არ გვინდა, ბავშვობის ტკივილი ხელახლა გავიაროთ. მერე კი უცებ რაღაც მოხდება, თუნდაც უმნიშვნელო, და დიდ და ბნელ ორმოში ჩაგვაგდებს.
როდესაც გავაცნობიერებთ, რომ ჩვენში დაჭრილი ბავშვი ცხოვრობს, თანავუგრძნობთ მას, მოვუსმენთ, ყურადღებას მივაქცევთ. შესაძლოა, სასაცილო მოგეჩვენოთ საკუთარი თავისთვის წერილის მიწერა ან საკუთარ თავთან საუბარი, მაგრამ ეს ბავშვიც თქვენი იდენტობის ნაწილია. შეგიძლიათ უთხრათ: “ადრე მიგატოვე. ბოდიში. ვიცი, რომ გტკივა. ვიცი, რომ ვერ გხედავდი. მაპატიე”. იტირეთ მასთან ერთად. მოეფერეთ. აუხსენით, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, გაიზარდეთ და გამოცდილება დააგროვეთ, რომ ამ ტკივილის შედეგად ბევრი რამე გაიგეთ სამყაროს შესახებ.
თუ შევძლებთ, შინაგან ბავშვს დავუკავშირდეთ, თუ მასთან ერთად გავიზრდებით, სხვებთან ურთიერთობაც გაგვიადვილდება. მეტი სიმშვიდე წამოვა ჩვენგან, მეტი თავდაჯერება. რაც უფრო მივიღებთ საკუთარ თავს, მით უფრო მივიღებთ სხვებსაც.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე