ნევროზები და ფსიქიკური დაავადებები
გააზიარე:
“დღეს ყველას ნერვები აქვს მოშლილი”, – ამ ფრაზისთვის ალბათ ხშირად მოგიკრავთ ყური. იმასაც ხშირად გაიგონებდით, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმი, ყოველდღიური პრობლემები, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს ნერვულ სისტემაზე აისახება. როგორც ჩანს, ნევროზი დღეს მართლაც მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ლამის ყოველგვარ ნერვულ აშლილობას ნევროზად ნათლავს.
მაინც, რა არის ნევროზი? მოდი, ეს ერთად გავარკვიოთ.
ფსიქო თუ ნევრო
ნევროზს ექიმები ასე განმარტავენ: ეს დაავადებათა ჯგუფია, რომელიც ფსიქიკური ტრავმის შედეგად იჩენს თავს და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, ხასიათის ლაბილურობითა და სომატოვეგეტატიურ ცვლილებათა წყებით ვლინდება. ამ განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, ნევროზი სხვა არაფერია, თუ არა უგუნებობა და თავის წამოტკივება (სომატოვეგეტატიური ცვლილებები ორგანოთა ფუნქციური დარღვევებია), მაგრამ სინამდვილეში ასე არ გახლავთ. ნევროზი სერიოზული დაავადებაა და მრავალგვარი გამოვლინებაც აქვს. ასე რომ არ იყოს, სპეციალისტები დიდი ხანია შეწყვეტდნენ იმაზე კამათს, ნევროლოგიური პრობლემაა ნევროზი თუ ფსიქიატრიული.
როგორც უკვე ვთქვით, ნევროზი სხვადასხვაგვარად ვლინდება. ზოგიერთ გამოვლინებას წმინდა ნევროლოგიური სიმპტომები ახასიათებს, თუმცა გამოკვლევები ამ სიმპტომების ორგანულ საფუძველს არ ავლენს. მათ ფსევდონევროლოგიური სიმპტომებს უწოდებენ.
ყველაზე პოპულარული ნევროზები
ნევროზულ მდგომარეობათა (ანუ ნევროზთა) არსენალიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია რამდენიმე: ნევრასთენია, ისტერია (ისტერიული ნევროზი), აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, დეპრესიული ნევროზი.
ნევრასთენია იგივე ნერვული დაძაბუნებაა. მას განაპირობებს ხანგრძლივი ემოციური გადაძაბვა, რომლის შედეგადაც ნერვული სისტემა იფიტება, ასევე – ძილის, შრომისა და დასვენების რეჟიმის არევა, მაგალითად, ხანგრძლივი შრომა და ხანმოკლე ძილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ყოფა-ცხოვრების მძიმე პირობები, კონფლიქტი ოჯახში, სამსახურში…
საკმარისია, ადამიანს ნერვული სისტემა გამოეფიტოს, რომ ყოველგვარ, თუნდაც უმნიშვნელო გამღიზიანებელზე მძაფრ რეაქციას ავლენს, წვრილმანის გამოც კი ფეთქდება, თუმცა მალევე მშვიდდება.
ნევრასთენიით შეპყრობილი ადამიანი მალე იღლება, უჭირს დაძინება, თუ ჩაეძინა, ძალიან ცოტა ხანს სძინავს, შემზარავ სიზმრებს ხედავს, მალე ეღვიძება. დილაობით, გაღვიძებისას, გამოუძინებლობის შეგრძნება აქვს, მეტისმეტად მოდუნებულია, სტკივა თავი.
ისტერიის ანუ ისტერიული ნევროზის სახელწოდების ისტორია ფრიად საინტერესოა: ტერმინი “ისტერია” ბერძნული სიტყვა “ჰისტერა”-დან წარმოიშვა, რომელიც ქართულად “საშვილოსნოს” ნიშნავს. აღმოჩნდა, რომ ძველ ბერძენ ექიმებს მცდარი წარმოდგენა ჰქონიათ პათოლოგიაზე ― თურმე მიაჩნდათ, რომ მას ორგანიზმში საშვილოსნოს “ხეტიალი” იწვევდა. ამ პათოლოგიის რაობით თავად ზიგმუნდ ფროიდიც კი დაინტერესდა და სახელად კონვერსია დაარქვა.
ისტერიული ნევროზის ნიშნები ასეთია: გუნება-განწყობილების უმიზეზო, სწრაფი და ხშირი ცვლა, ჭირვეულობა, ეგოცენტრიზმი, ექსტრავაგანტურობა, ავადმყოფურად ძლიერი ფანტაზია. ისტერიით შეპყრობილი ადამიანი ცდილობს, განაცვიფროს ირგვლივ მყოფნი და მათი ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ მიზნით იმპულსურად იქცევა, ემოციებს გადაჭარბებულად, თეატრალურად გამოხატავს.
ისტერიის დროს ადამიანს სხვადასხვა ორგანოსმხრივი ჩივილებიც ხშირად აწუხებს. მაგალითად, მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირში უსიამოვნო გემო, ქოშინი ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, ტკივილი გულმკერდის არეში, შარდვის გახშირება.
ისტერიული გულყრის დროს ხშირია კრუნჩხვითი შეტევა გონების დაუკარგავად. ამ დროს ადამიანი არ სიმულიანტობს. გულყრა რომ განვითარდეს, მცირე სტრესიც საკმარისია.
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის დროს, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ადამიანს აწუხებს აკვიატებული იდეები, შიშები (ფობიები), რომლებსაც ვერ უმკლავდება.
ფობიური ნევროზი უმეტესად ფსიქიკური ტრავმის შედეგად იჩენს თავს. მაგალითად, თუ მეტროთი მგზავრობისას ადამიანს თავბრუ დაეხვა ან გული წაუვიდა, შესაძლოა, მეტროთი მგზავრობის პანიკური შიში ჩამოუყალიბდეს. ხშირია სიკვდილის, მძიმე დაავადების (მიოკარდიუმის ინფარქტის, შიდსის, სიფილისის, კიბოს) აკვიატებული შიში. ადამიანი, რომელსაც ეშინია, მძიმე ინფექციური სენი არ დაემართოს, წამდაუწუმ საპნით იბანს ხელებს, დღეში რამდენჯერმე ცვლის პირსახოცს, ხშირად უკეთებს დეზინფექციას ტანსაცმელს, ჭურჭელს, ერიდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, რესტორნებში სადილობას.
ფობიური ნევროზით შეპყრობილ ადამიანს, გარდა ავადმყოფობისა, შესაძლოა ეშინოდეს სიმაღლის, სიბნელის, დახურული და ღია სივრცეების, ესკალატორის, ბასრი საგნების. ხშირია შემთხვევა, როდესაც “შიშით ავადმყოფს” უჩნდება საპირისპიროს კეთების, კანონის დარღვევის, სხვისი შეურაცხყოფის ანუ ყველაფერი იმის სურვილი, რაც აღზრდასა და ოჯახში შეთვისებულ ქცევის წესებს ეწინააღმდეგება.
შიშის შეტევებს ხშირად უძღვის წინ თავის ტკივილი, გულის არეში ჩხვლეტის შეგრძნება, არცთუ იშვიათად – ხელის, თავის, სახის, ქუთუთოების უნებლიე მოძრაობები. მათგან თავის შეკავებას ბევრი ცდილობს, მაგრამ მცდელობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და, როგორც წესი, უშედეგოა.
დეპრესიული ნევროზის დროს განწყობა დათრგუნულია. ის უპირატესად მათ ემართებათ, ვისაც მეტისმეტად აქვს განვითარებული პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა. დეპრესიული ნევროზით შეპყრობილი ადამიანი მოწყენილია, სევდიანი, ხშირად ტირის, დილით გაღვიძება უჭირს, დილიდანვე მოთენთილი და დაღლილია. სხვა ტიპის დეპრესიებისგან განსხვავებით, ნევროზული ფორმის შემთხვევაში ადამიანი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და სულაც არ ფიქრობს სუიციდზე. ფარ-ხმალს არ ყრის, ენერგიისგან არ იცლება და არც ის არის გამორიცხული, განწყობის გასაუმჯობესებლად და თვითშეფასების ასამაღლებლად დილიდან დაღამებამდე იმუშაოს.
დაიმშვიდეთ ნერვები
პირველ ყოვლისა, მოგაწვდით დამამშვიდებელ ინფორმაციას: ნევროზი იკურნება. თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, თვითონაც მიხვდებით, ინდივიდუალურია. მკურნალობის პირველ ეტაპზე საჭიროა, ნევროზით შეპყრობილი ადამიანი მოვაცილოთ სტრესულ გარემოს. მეტად ეფექტურია ფსიქოთერაპია, აუტოტრენინგი, ზოგჯერ – ჰიპნოზიც.
აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობა. ექიმები უმთავრესად ტრანკვილიზატორებს, ანტიდეპრესანტს, სუსტ ნეიროლეპტიკებს უნიშნავენ. მეტად ეფექტურია ვიტამინების კომპლექსის მიღებაც.