რაში ეხმარება ბავშვს მოწყენილობა

გააზიარე:

გარეთ ცუდი ამინდია, ოჯახის უფროს წევრებს კი ბევრი საქმე გვაქვს, ამიტომ პატარა მოწყენილია. წამდაუწუმ გაისმის: “დედა, მეთამაშე! ვინმე მეთამაშოს!” ჩვენც ვცდილობთ, ბავშვს რამე თავშესაქცევი ვუპოვოთ და, როგორც წესი, ელექტროგაჯეტს ვაჩეჩებთ ხოლმე, რომ მშვიდად იყოს, სანამ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს დიდი შეცდომაა.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველაფერი უსწრაფეს ტემპს ემორჩილება, ბავშვის მოწყენილობა არასასურველ მოვლენად მიიჩნევა, თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ დროდადრო მოწყენა ბავშვისთვის არათუ ცუდი არ არის, არამედ სასარგებლოც კია. ბავშვების უმრავლესობა გადატვირთული გრაფიკით ცხოვრობს და ძალიან ცოტა დრო რჩება ფანტაზიის განვითარებისთვის, ისინი მიჩვეულნი არიან მყისიერ დაკმაყოფილებას: მოიწყინე? – აიღე პლანშეტი და შეიქციე თავი სხვების მოგონილი თამაშით, რომელშიც შენ მხოლოდ თვალების დაძაბვა და თითების დაჭერა გჭირდება. ამიტომ არის, რომ გაჯეტის გარეშე ბავშვმა უბრალოდ არ იცის, რა აკეთოს.

რატომ ვერ ეგუებიან დღევანდელი ბავშვები მოწყენილობას?

სკოლისა და ბაღის გარეთ აქტივობათა სიმრავლისა და ტექნოლოგიების ფართო მოხმარების წყალობით ბავშვებს თითქმის აღარ რჩებათ დრო, რომ უბრალოდ "იყვნენ", იფიქრონ, იაზროვნონ. სკოლასა და ბაღშიც კი აქტივობათა დიდი ნაწილი წინასწარაა გაწერილი, შესაბამისად, ბავშვი იქაც იმას აკეთებს, რასაც კარნახობენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია, აზროვნებს, რაღაც ახალს სწავლობს, თანატოლებთან ერთობა, მაგრამ ვრ იცლის იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეიცნოს, დაუკვირდეს საკუთარ ფიქრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მოწყენილობის, მარტოობის პერიოდებში ბავშვი ფიქრობს, იხსენებს წინა დღეებში თავს გადახდენილი ამბებს, იგონებს თამაშებს, ალაპარაკებს გმირებს – ეს ყველაფერი აუცილებელია ჯანსაღი და გამძლე ფსიქიკის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.

მოწყენილობა წარმოსახვას ავითარებს

როდესაც ბავშვი საკუთარი თავის გართობაზე თვითონ ზრუნავს, ის იყენებს თავისი ფანტაზიის ამოუწურავ რესურსს და ცდილობს მოიფიქროს სამყარო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. ეს საუკეთესო გზაა იმის გასარკვევად, რა ანიჭებს მას სიამოვნებას, როგორი წარმოდგენა აქვს თავის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

ფსიქოლოგები ყველა მშობელს ურჩევენ, ნუ ეცდებიან ბავშვის გონების მუდმივად დაკავებას. უმჯობესია, საკუთარ თავთან განმარტოება აცადონ. მისცენ საშუალება, თავად მოიფიქრონ, რა აკეთონ.

მოწყენილობა აწრთობს ხასიათს

ბაღში, სკოლასა თუ სახლში ყველა ერთად ვცდილობთ, ბავშვს ხასიათის სიმტკიცე გამოვუმუშაოთ. ვასწავლოთ, არ დანებდეს, როდესაც რაღაც არ გამოსდის. პირიქით, კიდევ და კიდევ სცადოს, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებს.

ამაშიც დიდი როლი ენიჭება საკუთარ თავთან გატარებულ დროს. დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, რისი კეთება სურს კონკრეტულ დროს, რითი გართობა უნდა ყველაზე მეტად, ხელს უწყობს ხასიათის სიმტკიცის ჩამოყალიბებას. არ აქვს მნიშვნელობა, პაზლის ან კონსტრუქტორის აწყობა იქნება ეს, გაფერადება თუ სუპერგმირებით თამაში...

როდესაც ბავშვი რამე ახალს სცდის, ისე, რომ უფროსისგან არც ქებას, არც გაკიცხვას არ ელოდება, შესაბამისად, აღარც წარუმატებლობისა ეშინია. ის უფრო ლაღად მოსინჯავს სხვადასხვა გზას, რომ საწადელს მიაღწიოს და, რაც მთავარია, ამ გზებს არა მშობელი ან ვინმე სხვა, არამედ თვითონ იგონებს. რაც უფრო მეტჯერ სცდის, მით უფრო განუმტკიცდება ხასიათი, ხოლო როდესაც თავისივე მოფიქრებული ხერხით აღწევს მიზანს, ეს დიდ თავდაჯერებას სძენს.

ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ მას, ვისაც ბავშვობაში ხელის მოცარვა არ განუცდია და დამოუკიდებლად არ უცდია სიტუაციის გამოსწორება, დიდობაში ძალიან უჭირს მარცხთან გამკლავება.

მოწყენილობა პრობლემის მოგვარების უნარს ავითარებს

როდესაც ბავშვის ტვინი მუდმივი სტიმულაციის პროცესშია, მისი გონება ვერ ისვენებს, ხოლო თუ დასვენების საშუალება მიეცა, ამას პრობლემად აღიქვამს. უნდა მივცეთ ბავშვს საშუალება, ეს პრობლემა თავად მოაგვაროს, თავად გაუმკლავდეს მოწყენილობას და მოიფიქროს ისეთი თამაში, რომლის წყალობით საკუთარ თავთან ერთად კარგად გაერთობა.

მოწყენილობა ურთიერთობებს განამტკიცებს

შინ თუ ეზოში ერთად გატარებული დაუგეგმავი, უბრალოდ თავისუფალი დრო ფასდაუდებელია ბავშვებისთვის. ამ დროს მათ საშუალება ეძლევათ, ესაუბრონ ერთმანეთს, ერთად გადაწყვიტონ, რა აკეთონ, თუნდაც იკამათონ, დათმონ, მიაღწიონ შეთანხმებას, ესენი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარებია, რომლებიც ყოველთვის სჭირდება ადამიანს სოციუმში თავის დასამკვიდრებლად და ურთიერთობების დასამყარებლად.

მოწყენილობა სასარგებლოა მენტალური სიჯანსაღისთვის

გადატვირთული გრაფიკის გამო ბავშვებსაც და მოზრდილებსაც ძალიან ცოტა დრო გვრჩება იმისთვის, რომ ჩვენს ფიქრებს გასაქანი მივცეთ, იხეტიალონ, მიედ–მოედონ ოდესღაც განცდილ სიხარულსა თუ წყენას, და როდესაც საამისოდ მართლა ვიცლით და გონება ამ ბრუნვას იწყებს, გვეშინია; სასწრაფოდ ვეძებთ კარგ ფილმს, წიგნს თუ სხვა გასართობს, რომ გონება რამით დავაკავოთ, ანუ ყველაფრით, ფიქრების გარდა.

რაკი საკუთარი გონების თავისუფლება დისკომფორტს გვიქმნის, ეს იმას ნიშნავს, რომ მენტალურად დაძაბულები ვართ, ამიტომ სასურველია, ბავშვობიდანვე ვიცოდეთ, რომ ხანდახან საჭიროა, უბრალოდ ვიყოთ, ვიფიქროთ, ვიოცნებოთ, ეგრეთ წოდებული დეტოქსი მოვუწყოთ საკუთარ გონებას . შესაძლოა, ამ დროს უამრავი საინტერესო აზრი და იდეაც დაგვებადოს.

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვს, რომ მოწყენილობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს?

თავდაპირველად გაგიჭირდებათ, რადგან ბავშმა არ იცის, რა აკეთოს, თქვენ კი გინდათ, კარნახის გარეშე მიახვედროთ, რომ თვითონ იპოვოს ახალი გზები გასართობად. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას საქმის გასამარტივებლად:

* მოიწყვეთ კვირის დეტოქსი. გამოყავით კვირაში ერთი დღე, როდესაც არ გექნებათ დაგეგმილი არავითარი საოჯახო აქტივობა და ერთად გადაწყვიტეთ, სად წახვიდეთ, რა გააკეთოთ.

* განძის ძიება. სთხოვეთ ბავშვს, მოიფიქროს რამე საინტერესო თამაში, რომელშიც თქვენც ჩაერთვებით. მაგალითად, განძის ძიება. მიეცით ნება, თავად აარჩიოს "განძი", დაგიწეროთ ან, თუ წერა არ იცის, სიტყვიერად მიგცეთ მინიშნებები, გზადაგზა დამალოს ნივთები, რომლებიც მიგახვედრებენ, საით წახვიდეთ და რა ეძებოთ. ასეთი თამაშები ძალიან კარგია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.

* ხშირად მიეცით ბუნებაში ყოფნის საშუალება. თუ იმ ასაკშია, რომ ეზოში მარტო ჩადის, გაუშვით, მიეცით ნება, იძრომიალოს, ისრიალოს, თუნდაც მარტომ, ან თანატოლებთან ერთად გაერთოს, უფროსების გარეშე. თუ ბავშვი პატარაა და თქვენი თანხლება აუცილებელია მისთვის, ნუ იქნებით მუდმივად მისი თვალთახედვის არეში და ყოველი წაბორძიკებისას ხელს ნუ შეაშველებთ – აცადეთ, თავად წამოდგეს, თავად მოაგვაროს ურთიერთობა თანატოლთან, რომელიც მისთვის სათამაშოს წართმევას ცდილობს ან პირიქით, მეგობართან ერთად მოიფიქროს რაიმე სახალისო თამაში, რომლითაც ორივე გაერთობა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: