როდესაც ბავშვი შფოთავს
გააზიარე:
ყველა მშობელი ოცნებობს, მის შვილს ლაღი, უდარდელი ბავშვობა ჰქონდეს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ, მიუხედავად ჩვენი თავდაუზოგავი ძალისხმევისა, ბავშვებს მაინც აეკვიატებათ შფოთვა.
ალბათ ხვდებით, რომ შეუძლებელია, ადამიანის ბავშვობამ სტრესისა და მღელვარების გარეშე ჩაიაროს. ასე რომ, დროდადრო შფოთვა ნორმალურია, მაგრამ თუ ატყობთ, რომ ის მუდმივ ფონად იქცა, ხელს უშლის ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში და მის ხასიათზე, ზოგად მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, მოგიწევთ, ამ საკითხს ჩაუღრმავდეთ.
რატომ შფოთავენ ბავშვები
შფოთვას სხვადასხვა რამ უწევს პროვოცირებას. ზოგიერთი ამ ფაქტორთაგანი ზრდა-განვითარების ნაწილია და ნორმალურია.
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის პატარებს პირველი შფოთვა განშორების შიშის გამო უჩნდებათ. ისინი ტირიან, განიცდიან, როდესაც მშობელს ან სხვა, მათთვის მნიშვნელოვან ადამიანს ვერ ხედავენ. ამ ასაკში ბავშვი ვერ აცნობიერებს, რომ დედა შესაძლოა სხვა ოთახში გავიდეს, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება. ოთხი წლისთვის განშორებით გამოწვეული შფოთვა თავისთავად გაივლის.
სკოლამდელ ასაკში უმთავრესად ცხოველების, მწერების, სიმაღლის, სიბნელის, წარმოსახვითი მონსტრების ეშინიათ, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გაივლის.
ზოგიერთ ბავშვს უცხო სიტუაციებში, უცხო ხალხის გარემოცვაში ეუფლება შფოთვის შეგრძნება. მაგალითად, წვეულებებზე, სადაც ბევრი უცნობი ადამიანი იყრის თავს. ესეც ნორმალურია და თანდათან გაივლის.
სტრესულ, არასტაბილურ გარემოში მცხოვრები ბავშვი მეტად არის მიდრეკილი შფოთვისკენ. დიდი უბედურება (საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, გადატანილი ძალადობა) ასევე ზრდის შფოთვის განვითარების რისკს.
სკოლის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც ხშირად იქცევა შფოთვის მიზეზად. ასაკისთვის შეუფერებელი ფილმი, ვიდეოთამაში, უფროსისგან მოსმენილი საშიში ამბავი ხშირად საკმარისია, რომ პატარას შფოთვა დაეწყოს.
რა თქმა უნდა, ბავშვი გაცილებით იოლად დაძლევს შფოთვას, თუ მშობელიც გაუწვდის დახმარების ხელს.
როდის იქცევა შფოთვა პრობლემად
გამოცდის წინ ყველა ბავშვი ნერვიულობს, მაგრამ თუ ატყობთ, რომ თქვენს შვილს ადარდებს არა ის, თუ როგორ ჩააბარებს გამოცდას, არამედ ის, რომ შესაძლოა გამოცდაზე ცუდად გახდეს ან საერთოდ ვერ მოახერხოს მისვლა – ეს უკვე არაადეკვატური შიშია.
ასეთი შიში ბავშვს ზოგჯერ არასასურველი ქმედებისკენ უბიძგებს. მაგალითად, ავარიაში მოყოლის შიშით მან შესაძლოა საერთოდ უარი თქვას სახლიდან გასვლაზე. მიზეზი შესაძლოა იყოს სადღაც ყურმოკრული ამბავი, ფილმი, წიგნი... ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ეძებოთ ეს მიზეზი და ბავშვთან ერთად იმუშაოთ მის აღმოფხვრაზე. თუ ატყობთ, რომ სიტუაციას მარტო ვერ ერევით, მიმართეთ სპეციალისტს.
როგორ ამოვიცნოთ
ბავშვი ყოველთვის როდი აცნობიერებს, რას გრძნობს და ამ გრძნობის გადმოცემაც ხშირად უჭირს.
როდესაც ბავშვი შფოთავს, შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ:
* ზედმეტად მოგეწებათ;
* ადვილად ღიზიანდება;
* ხშირად არის მოწყენილი ან აგრესიული;
* ღამით ეღვიძება;
* უჭირს ჩაძინება;
* ხედავს ცუდ სიზმრებს;
* დაიწყო საწოლში ჩასველება.
მოზრდილ ბავშვებთან უფრო მეტად გვხვდება შფოთვის შემდეგი ნიშნები:
* ერიდება სიახლეებს;
* იოლად ნებდება;
* უჭირს კონცენტრაცია;
* დაკარგა ძილი, მადა;
* გახდა აგრესიული;
* მომავლისადმი პესიმისტურად არის განწყობილი, ჰგონია, რომ ყველაფერი აუცილებლად ცუდად იქნება;
* ეშინია სიკვდილის ან ახლობელი ადამიანების დაკარგვის.
* ჩაიკეტა, აღარ გადის გარეთ, აღარ ნახულობს მეგობრებს.
როგორ დავეხმაროთ
უპირველეს ყოვლისა, მშვიდ, კომფორტულ გარემოში ესაუბრეთ მის შიშებზე. ერთად გაარკვიეთ, რა იწვევს მასში შფოთვას. აგრძნობინეთ, რომ გესმით მისი და რასაც არ უნდა მოგიყვეთ, გაუგებთ, გვერდით დაუდგებით.
მოუყევით ისტორიებს, სადაც აღწერილია, რა დიდი ეჩვენება პრობლემა შეშინებულ ადამიანს, მოუყვანეთ მაგალითები, როდესაც მისი შფოთვა უსაფუძვლო აღმოჩნდა.
ისაუბრეთ პრობლემის არა მარტო მიზეზებზე, არამედ გადაჭრის გზებზეც. მაგალითად, თუ ბავშვს აშინებს მეგობრებთან ერთად მოსალოდნელი ღამისთევა, უთხარით, რომ შეუძლია, არ წავიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვა, რომ შფოთვამ აჯობა. ასწავლეთ, რომ რაც მეტს გაბედავს, რაც მეტ მიზანს დაუსახავს თავის თავს და მეტ დაბრკოლებას გადალახავს, მით უფრო დასუსტდება შფოთვა და გაძლიერდება თვითონ.
რამდენიმე სასარგებლო რჩევა
* ასწავლეთ ბავშვს საკუთარ თავში შფოთვის ნიშნების ამოცნობა.
* აგრძნობინეთ, რომ თუ შფოთვას თავად ვერ უმკლავდება, ყოველთვის შეუძლია, თქვენი იმედი ჰქონდეს. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოს.
* მიჰყევით ბავშვის ყოველდღიურ რუტინას და აუცილებლობის გარეშე ნუ გადაუხვევთ მას – ეს ბავშვს დაცულობის შეგრძნებას შესძენს.
* თუ მომავალში დიდი ცვლილებები გელით, – მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, – ადრევე დაიწყეთ ბავშვთან ერთად ამ საკითხის განხილვა. მიწურულისთვის ნუ მოიტოვებთ საუბარს – ბავშვს დრო დასჭირდება გრძნობებთან გასამკლავებლად და საკუთარ სახლში ამას უფრო უკეთესად მოახერხებს.
* არ აჩვენოთ ბავშვს, რომ მისი შფოთვა გაწუხებთ – ეს მას ვერ დაამშვიდებს, პირიქით, შფოთვას გაუძლიერებს.
* ასწავლეთ მარტივი დამამშვიდებელი ტექნიკები, მაგალითად, ათამდე ნელა დათვლა ან სუნთქვითი ვარჯიში.
ლიკა ქათამაძე