მცენარეული საღებავები - როგორ შევიღებოთ თმა ქიმიკატების გარეშე
გააზიარე:
მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიულად წარმოებული საღებავი თმის სტრუქტურასა და თავის კანს საგრძნობლად აზიანებს, ქალების დიდი ნაწილი ქიმიური საღებავებით თმის შეღებვაზე უარს მაინც არ ამბობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბუნებრივს ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენ თავი მოვუყარეთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელი ბუნებრივი საშუალებით შეიძლება თმას ფერი შევუცვალოთ და მოაქვთ თუ არა მათ თმისთვის სარგებლობა ზიანის ნაცვლად.
მცენარეული საღებავები
ფერის პიგმენტს ძალიან ბევრი მცენარე შეიცავს, თუმცა თმის შესაღებად ყველა არ გამოდგება. ყველაზე ცნობილი ბუნებრივი საღებავებია ინა და ინდიგო. სუფთა ინა მოწითალო ელფერს სძენს თმას, ინდიგო კი უფრო მოშავო-მოლურჯოს. თმის ფერის შეცვლა სხვა საშუალებითაც შეიძლება. მაგალითად, გვირილის ნაყენსა და ლიმონის წვენს თმის უმნიშვნელოდ გაბაცება შეუძლია, კაკლის მწვანე ნაჭუჭის, წაბლის ქერქის, ხახვის ფოთლების, შავი ჩაის ნაყენი კი მას ოდნავ ამუქებს.
რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ საღებავებს?
- თმას მინიმალურად უცვლის ფერს და არ უკარგავს ბუნებრივ შესახედაობას.
- არ აზიანებს, არ ამყიფებს ღერებს, იმავდროულად იცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, სძენს მოცულობასა და ბზინვარებას.
- არ აბინძურებს გარემოს.
თუმცა:
- შეზღუდულია ფერების არჩევანი.
- შესამჩნევი ეფექტისთვის საჭიროა რეგულარული და ხშირი ღებვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფერი რამდენიმე დაბანის შემდეგ გამოირეცხება და სიხასხასეს დაკარგავს.
- ყოველი ადამიანის თმა ინდივიდუალურია, ამიტომ შედეგი შეიძლება სხვადასხვა მიიღოთ. წინასწარ ძნელია იმის თქმა, როგორ ფერს მიიღებს თმა შეღებვის შემდეგ – ეს დამოკიდებულია მის ბუნებრივ ფერსა და საღებავის ინტენსივობაზე.
- ცუდად იღებება ჭაღარა – საუკეთესო შემთხვევაში, 30-40 პროცენტით.
რა არის ინა?
ინის ბუჩქი (Lawsonia inermis) ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკასა და აზიის მრავალ ქვეყანაში ხარობს. საღებავს მისი გამხმარი ფოთლების ფხვნილისგან ამზადებენ. ისლამურ სამყაროსა და ინდოეთში ინით წვერსა და სხეულსაც იღებავენ. ამავე საღებავით აძლევენ ფერს კერატინის შემცველ ქსოვილებს, მაგალითად, მატყლს და აბრეშუმს.
როგორც გითხარით, სუფთა ინა მოწითალო ფერს სძენს თმას, თუმცა ფხვნილის ხარისხის, თმის ბუნებრივი ფერისა და ღებვის მეთოდის მიხედვით, თმის საბოლოო ფერი ღია ნარინჯისფერსა და მუქ მაჰაგონისებრ მოწითალო-ყავისფერს შორის ვარირებს. შედეგზე შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ბუნებრივი მინარევებით. მაგალითად, თუ საღებავს ლიმონის წვენს დაუმატებთ, წითელი ტონი უფრო მეტად გამოიკვეთება, შავი ჩაი კი მას, პირიქით, გაამუქებს.
მწარმოებლები ინას ხშირად ურევენ ფერის მიმცემ სხვა მცენარეულ კომპონენტებს, ზოგჯერ იმდენს, რომ ინის წილი მინიმალური რჩება. ასევე ხშირად ამატებენ ქიმიურ ნაერთ პარაფენილენდიამინს (PPD), რომელიც ფერს ინტენსივობას მატებს და შეღებვის პროცესს აჩქარებს. პარაფენილენდიამინი მავნე ნივთიერებაა, რომელმაც შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. მეტიც: ამ ნივთიერების ჭარბ ოდენობას გენოტოქსიკური მოქმედება ახასიათებს. ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ პაკეტზე საღებავის შემადგენლობა.
კიდევ რა გავითვალისწინოთ
* ინა ადვილად არ ჩამოირეცხება, თუმცა ფერი თანდათან კარგავს ინტენსივობას და ყოველი დაბანის შემდეგ უფრო და უფრო ხუნდება. მთლიანად რომ მოიშოროთ, თმის გაზრდა მოგიწევთ.
* ინის გამოყენება მხოლოდ ბუნებრივ თმაზე შეიძლება. ანუ თმა არ უნდა იყოს ქიმიურად შეღებილი, ქიმიურად დახვეული, ლამინირებული და სხვა. ნურც ინით შეღებილ თმას გადაიღებავთ ქიმიური საღებავით – შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მიიღოთ.
* ინამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თმის გამოშრობას, ამიტომ საღებავში ცოტაოდენ კოსმეტიკურ ზეთსაც ამატებენ ხოლმე. გარდა ამისა, ინით შეღებილი თმა სათანადო მოვლასა და დატენიანებას მოთხოვს.
* საბოლოო ფერი 2-3 დღის შემდეგ გახდება თვალსაჩინო.
* მოქმედებისთვის ინას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ქიმიურ საღებავს – სულ მცირე, ორი საათი.
* ინა თმის გასაბაცებლად არ გამოგადგებათ.
* თუ ქიმიური საღებავის მიმართ ალერგიული ხართ, ინა საუკეთესო ალტერნატივაა, თუმცა გამორიცხული არ არის, კონტაქტური ალერგია მანაც გამოიწვიოს, ამიტომ საღებავი წინასწარ კანის პატარა უბანზე მოსინჯეთ.
როგორ შევიღებოთ
შეღებვისას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციას.
* უპირველეს ყოვლისა, კანის ის ადგილები დაიცავით, რომლებსაც შესაძლოა საღებავი მოეცხოს, მაგალითად, კისერი, ყურები, შუბლი, ამისთვის ამ ადგილებზე სპეციალური დამცავი კრემი ან თმის ბალზამი წაისვით.
* ინის ფხვნილს, ინსტრუქციის მიხედვით, ადუღებული ან უბრალოდ ცხელი წყალი დაასხით და ურიეთ, ვიდრე კრემისებურ მასას არ მიიღებთ. თმაზე საღებავი თბილ-თბილი უნდა გადაისვათ. თუ ძალიან გაცივდა, ცხელი წყლის აბაზანაში ჩადგით.
* თმა დაისველეთ და პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ. შეღებვისას აუცილებლად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები, რადგან საღებავს კანიდან ადვილად ვერ მოიცილებთ. პასტის წასმა კეფიდან დაიწყეთ. თუ პირველად იღებავთ, უმჯობესია, მთელ თმაზე გადაისვათ, რომ თანაბარი ფერი მისცეს, მერე კი შეგიძლიათ მხოლოდ ძირები შეიღებოთ ხოლმე.
* საღებავი მალე რომ არ გაშრეს და კარგად იმოქმედოს, აბაზანის ქუდი დაიხურეთ. თმაზე ერთიდან ორ საათამდე დაიტოვეთ. რაც მეტხანს გაგრძელდება ზემოქმედება, მით უფრო ინტენსიური იქნება ფერი.
* ბოლოს თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ, უმჯობესია, შამპუნის გარეშე. შამპუნით თავის დაბანა მესამე დღემდე არ არის რეკომენდებული.
* გაიმშრალეთ აუცილებლად ძველი პირსახოცით, რადგან ქსოვილიდან ფერს ძნელად ამოიყვანთ.
* ვიდრე მთელ თმას შეიღებავდეთ, მიზანშეწონილია, ჯერ ტესტი ჩაიტაროთ: შეიღებეთ თმის პატარა ზოლი და ფერი კარგად რომ დაჯდეს, მეორე დღემდე დაელოდეთ. თუ მოგეწონათ, მთელი თმის შეღებვას აღარაფერი უშლის ხელს.
რა არის ბასმა?
ბასმას ტროპიკული მცენარის ინდიგოფერას (Indigifera tinctoria) ფოთლებისგან ამზადებენ. უძირო ლურჯი, რომელიც იისფერს ესაზღვრება – სწორედ ეს ფერი მიიღება ინდიგოფერას ფოთლებისგან. მას ინდიგოსაც უწოდებენ და უმთავრესად ტანსაცმლის, განსაკუთრებით ჯინსების შესაღებავად იყენებენ.
ბასმა თმას უფრო მუქად ღებავს, ვიდრე ინა – მუქი ყავისფერიდან შავამდე. ინასთან კომბინაციით სხვადასხვა ტონის მიღებაც შეიძლება. მაგალითად, 50% ბასმისა და 50% ინის ნარევით შესაძლოა მიიღოთ მოწითალო ყავისფერი, 70% ბასმისა და 30% ინის ნარევით – საშუალო ან მუქი ყავისფერი, 80% ბასმისა და 20% ინის ნარევით კი მოშავო ან მუქი ყავისფერი. ოღონდ შერევამდე დარწმუნდით, რომ ფხვნილი სუფთაა და არავითარი მინარევი არ აქვს.
რაც უფრო მეტ ბასმას გამოიყენებთ, მით უფრო მუქად შეიღებება თმა და პირიქით.
ბასმა, გარდა ღებვისა, კვებავს თმის ღერს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას, ანიჭებს ბზინვარებას. ვირთხებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მისი ექსტრაქტი თმის ზრდასაც ასტიმულირებს. თუმცა შესაძლოა, კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ, ინის მსგავსად, გამოყენებამდე კანის პატარა უბანზე შეამოწმეთ.
სუფთა ინისგან განსხვავებით, ბასმის ფხვნილი, სუფთა იქნება თუ ინასთან კომბინირებული, თბილ წყალში უნდა გაიხსნას და არამც და არამც ცხელში. შეღებვით კი ისევე შეიღებეთ, როგორც ინით.
ჯილდა გაჩეჩილაძე