ნანა ყაულაშვილის ექსპერიმენტებით სავსე ცხოვრება

გააზიარე:

 

ჩემი ცხოვრება ექსპერიმენტების კასკადიაო, მითხრა მეთოჯინე ნანა ყაულაშვილმა, რომელსაც არაორდინარული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტექნიკა, ფერებით და შეუზღუდავი ფანტაზია აქვს. მართლაც, მუდამ სიახლის ძიებაშია, ვერ ეგუება ერთფეროვნებას, ჩარჩოებსა და დოგმებს, განსაკუთრებით – ხელოვნებაში.

მუსიკოსობაზე ოცნებობდა, მაგრამ ოფთალმოლოგი გახდა... ოც წელიწადზე მეტია, მეთოჯინეობამ გაიტაცა. მისი თითოეული ნამუშევარი უნიკალურია, თავისი ისტორიით, სტილით, სიმბოლიკით, სამოსით...

ტანსაცმელს თოჯინებს დიდი ბებიის ნაქონი ძველებური საკერავი მანქანით უკერავს. ძველ ნივთებს წინაპრების სითბო მოჰყვებაო, ამბობს. ბებიამისი მღვდლის, იმერელი მშვენიერაძის ასული ყოფილა. კარგი ხელსაქმე სცოდნია და, ქართლში გათხოვილს, გერმანული "ზინგერიც" მოჰყოლია მზითვად.

გენეტიკურმა ნიჭმა ნანას ბავშვობაშივე იჩინა თავი. თოჯინებს ტანსაცმელს ხდიდა, თავის გემოზე გადააკეთებდა ხოლმე და ისე აცმევდა. ერთ დღეს დაინახა, როგორ ქსოვდა მოხუცი ქალი, იატაკის ლურსმნები მოძებნა და თავადაც სცადა თვლების ამოყვანა. სასწრაფოდ უყიდეს ჩხირები...

– არავის არაფერი უსწავლებია. საკუთარ შეცდომებზე გავიზარდე. თარგს ვაფუჭებდი, ქსოვილი გადასაგდები ხდებოდა, მაგრამ სანამ იმას არ მივიღებდი, რაც მინდოდა, თავს არ ვანებებდი. სტუდენტობისას სულ ჩემი შეკერილ-მოქსოვილით დავდიოდი. მაშინ არაფერი იშოვებოდა, მე კი ორიგინალური სამოსით ვიწონებდი თავს.

თოჯინების შექმნა პირველად მოწაფეობისას ვცადე. რბილ თავებს ვაკეთებდი, ნაკვთებს ვაქარგავდი და ძალიან მომწონდა. მოგვიანებით, გიორგი რომ შემეძინა, ჩემი ძველი სვიტერისგან პეტრიკელა შევუკერე. ძალიან შეუყვარდა, მასთან ჩახუტებული იძინებდა. ასე დავიწყე რბილი სათამაშოების კერვა.

ხატებს ვქარგავდი, მათაც – ჩემეული მეთოდით. თითოეულზე თვეობით, წლობით ვმუშაობდი. ვაკეთებდი სამკაულებსაც...

რბილი თოჯინები, ნაქარგობები, პატარ-პატარა ნივთები ნელ-ნელა იყიდებოდა. თუმცა არც მაშინ და არც ახლა ეს ბიზნესად არ მიმიჩნევია; ყველაფერს უპირველესად ჩემივე სიამოვნებისთვის ვაკეთებ.

 

თოჯინები საზღვრების გარეშე

– მეთოჯინეობა ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. ბოლო ხანს საქართველოშიც იგრძნობა ეს ტენდენცია. მერვე წელია, რაც ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი. ჩემი ყველა თოჯინა ექსკლუზივია. ორი ერთნაირი არ მყავს. ფოლკლორის ცენტრში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე, კურატორ ცისანა მარინდაშვილს შევხვდი და ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე. სიამოვნებით გამოვფენო, მითხრა. იქვე გავიცანი ქალბატონი ნანა ბედიაშვილიც, რომელიც იმ დროს ცვილის თოჯინებს აკეთებდა და დავმეგობრდით. რაც კი ბოლო ათი წლის განმავლობაში თბილისში თოჯინების გამოფენა ჩატარებულა, ყველაში ვმონაწილეობდი. ორი პერსონალურიც გავმართე.

2014 წელს ინტერნეტით შევიტყვე, რომ გერმანიის ქალაქ მიუნსტერში წლებია იმართება გამოფენა, რომელიც მეთოჯინეობას ეძღვნება. გავგზავნე ნამუშევრები და მიმიწვიეს. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გავემგზავრე მეუღლესთან ერთად და იქიდან წარუშლელი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი – უზარმაზარი პავილიონი, ანტიკვარული თოჯინები, თანამედროვე ტექნოლოგიები, მასალის მრავალფეროვანი არჩევანი... რაც კი ფული წავიღე თან, სულ მაქმანების, ხავერდის და სხვა მასალის შესაძენად გამოვიყენე. მერე უკვე საკუთარი სახსრებით მივიღე მონაწილეობა პრაღის, ბაქოს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეს გამოფენებში. გამიცნეს და ყველგან მიწვევენ, თუმცა ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება... ხშირად იმართება კონკურსებიც, თუმცა მათ, როგორც წესი, კონკრეტული თემატიკა აქვთ, მე კი ჩარჩოებს ძნელად ვეგუები.

ინსპირაციის წყაროდ ათასი რამ შეიძლება იქცეს. მაგალითად, წიგნი წავიკითხო და პერსონაჟის განსახიერება მომინდეს, ან ძველმა მისალოცმა ბარათმა თუ ისტორიულმა ფოტომ შთამაგონოს იდეა... ხანდახან საინტერესო გარეგნობის ადამიანი მხვდება და ასე იქმნება ჩემი თოჯინები.

 

ამოუწურავი თემა

ქალბატონ ნანას მოწაფეებიც ჰყავს. ახლახან პატარების ჯგუფი აიყვანა – რბილი თოჯინების კერვას ასწავლის. ერთმა კერძო სკოლამაც მიიწვია. ამბობს, რომ ბავშვებისგან უსაზღვროდ დიდი დადებითი ენერგია მოდის. თოჯინები კი ამოუწურავ თემად მიაჩნია და არასოდეს ბეზრდება.

– თითოეული ნამუშევარი კოლოსალურ შრომას მოითხოვს, მაგრამ პროცესი ყოველთვის საინტერესოა. ქართულ სამოსს თოჯინებს იშვიათად ვაცმევ, რადგან ეს უკვე ერთგვარი შტამპია, მე კი, როგორც გითხარით, ჩარჩოები არ მიყვარს. სახეს და ხელ-ფეხს იაპონური პოლიმერული თიხისგან ვძერწავ, რომელსაც სპეციალურად მეთოჯინეებისთვის აწარმოებენ. მყავს მუსიკალური და მოძრავი თოჯინებიც, მაგრამ არა ფაიფურის, რადგან ფაიფურის ჩამოსხმას სხვა ტექნოლოგიები, ფინანსები და მოწყობილობები სჭირდება.

– საქართველოში მეთოჯინეობის ტრადიციებზე რას გვეტყვით?

– ხელოვნების ამ დარგს მართლაც დიდი ისტორია აქვს. თბილისში არის თოჯინების მუზეუმიც, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ აღმაშენებელზე გამოუყვეს ფართობი, თუმცა სათანადო პირობების არარსებობის გამო ექსპონატები არც კი ამოულაგებიათ. ახლა ექსპოზიციისთვის დარბაზის აშენება მზიურში იგეგმება.

 

ორი პროფილი

– სამაჩაბლოდან ვართ. მასწავლებლების გარემოცვაში გავიზარდე – ბებია, ბაბუა, დეიდა, დედა და მამა პედაგოგები იყვნენ. სამი კლასი ცხინვალის პირველ საშუალო სკოლაში დავამთავრე. მამაც იქ ასწავლიდა ხატვას.

ბავშვობა სცენაზე გავატარე. ოლქში „მზიურის“ მსგავსი ანსამბლი გვქონდა, სადაც ბას-გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი. თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, რამდენიმე ხანს პიონერთა სასახლეში დავდიოდი. სამუსიკო სკოლაშიც ვსწავლობდი. პიანისტობა მინდოდა, თან მხატვრობაზეც ვფიქრობდი, მაგრამ დედამ კონსერვატორია გაფამაფიქრებინა, მამამ – სამხატვრო აკადემია. ჩემი და უკვე სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა და მეც მისი მიბაძვით პედიატრიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. იმ დროს ძნელი იყო სამედიცინოში მოხვედრა. სპეციალობის გარეშე რომ არ დავრჩენილიყავი, ჯერ მესამე სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე. ცხოვრებაში ისე იოლად არაფერი გამომსვლია, როგორც სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება – ერთი გამოცდით ჩავირიცხე პირველსავე წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 22-ე პოლიკლინიკაში დავიწყე მუშაობა. მის ბაზაზე მოგვიანებით კერძო კლინიკა შეიქმნა. დღესაც იქ ვმუშაობ ოფთალმოლოგად.

 

ოჯახი

– სტუდენტი დავქორწინდი. ბოლო კურსზე გიორგი შემეძინა. უამრავ წრეზე დაგვყავდა. ჯანსუღ კახიძის კაპელაში მღეროდა, მერე ოპერის გუნდში გადავიდა, ხატვაზე დადიოდა და უცხო ენებსაც სწავლობდა – ეზოში ჩასასვლელადაც არ ეცალა. სამუსიკო შვიდწლედშიც იარა – ჯერ აკუსტიკური გიტარით იყო გატაცებული, მერე ელექტროგიტარა ვუყიდეთ. ბოლოს თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა არქიტექტურის სპეციალობით და ვაიმარის ბაუჰაუსის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ორი წელია, მიუნხენში გადავიდა, ერთ–ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ბიუროში მუშაობს. მისი მეუღლე ექიმია.

 

გეგმები

– მასშტაბური გეგმა მაქვს, უფრო სწორად, სურვილი, რადგან მის განსახორციელებლად ჯერჯერობით ვერც სახსრები გამოვნახე და ვერც ფართობი – პატარა გალერეაზე ვოცნებობ. სახლში ვეღარაფერს ვატევ, თანაც, ხან მოსწავლეები მოდიან და ხანაც ტურაგენტებს მოჰყავთ ჯგუფები. ვფიქრობ, ამ გალერეის სახით საინტერესო ობიექტი შეემატებოდა ქალაქს.

ქალბატონ ნანას აპრილში უკრაინაში მასტერკლასის ჩატარება შესთავაზეს. მცირე გამოფენის მოწყობასაც აპირებს. ბალტიისპირეთში დაგეგმილ დიდ გამოფენაზეც სურს ნამუშევრების წარდგენა.

წარმატებას ვუსურვებთ მეთოჯინე ქალბატონს, რომლის ზღაპრული ნამუშევრები ყველაზე სანუკვარ, თბილ და ბავშვურ ოცნებებს აცოცხლებენ.

 თამარ ციბალაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: