კანე კორსო

გააზიარე:

თბილისის ქუჩებსა და სკვერებში ხშირად დაინახავთ უზარმაზარ შავ, მუქ ნაცრისფერ ან ვეფხვისებრი  შეფერილობის ძაღლებს - კანე კორსოებს, ნელა, დინჯად, თითქოს, ფეხათრევით რომ დაჰყვებიან პატრონს. უკანასკნელ  ხანს ძაღლის ეს ჯიში მოდური გახდა. „ბაზარმაც“ არ დაახანა და დღესდღეობით ყოველგვარი რეგულაციის გარეშე, სურვილისამებრაა შესაძლებელი კანე კორსოს შეძენა.

არის თუ არა კანე კორსო ის ჯიში, რომელიც თქვენ შეგეფერებათ? რა უნდა იცოდეს მისმა მომავალმა პატრონმა და რისთვის უნდა იყოს მზად, რომ ძაღლის სრულფასოვანი, ჯანმრთელი, ხანგრძლივი ცხოვრება უზრუნველყოს?

ამ წერილის დაწერა ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ გადამაწყვეტინა - უშბა, ჩემი ძაღლი, პატარაობიდანვე მეგობრობდა ერთ საყვარელ, ბუთხუზა ლეკვთან - კანე კორსო რუდოლფთან. ბოლო ხანს რუდოლფი აღარც სეირნობისას შეგხვედრია და აღარც ძაღლების სკვერში თამაშის დროს შეგვიმჩნევია. ერთ დღესაც მისი პატრონი შემხვდა. რუდოლფის ამბავი ვკითხე და პასუხად მივიღე: ვეღარ გავუმკლავდი, იმხელა გახდა, ადგილიც აღარ ჰყოფნიდა, ვერც გარეთ ვიმორჩილებდი და სოფელში გავაჩუქეო.

სოფელში გაჩუქებულ ძაღლების ბედი შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ ჩვენი მშვენიერი სოფლების შუკებსა და ორღობეებში. ადვილი წარმოსადგენია, რა ელის შინ გამოზრდილ, ნებიერა კანე კორსოს სოფლად.

ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ძაღლების თავშესაფრში ხშირად მიჰყავთ ძაღლები, რომლებსაც ვეღარ უვლიან, რომლებიც „ყეფენ“ (!), „ღრღნიან ავეჯსა და ფეხსაცმლებს“, „არ იწვრთნებიან“ და სხვა. ყველა ეს შემთხვევა ადამიანის უპასუხისმგებლობასა და დაუდევრობას, გულგრილ და სასტიკ დამოკიდებულებას ავლენს. ჩვენს რუბრიკაში არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რა დიდი პასუხისმგებლობაა ოჯახის წევრად ძაღლის შემომატება, მაგრამ ეს საკითხი მოუგვარებელი იქნება მანამდე, სანამ კანონი არ დაარეგულირებს როგორც გამრავლებას, ისე ძაღლის მოვლა-პატრონობის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

დავუბრუნდეთ კანე კორსოს. აი, რა უნდა იცოდეთ, თუ მისი ყოლის სურვილი გაგიჩნდებათ:

წარმოშობა

კანე კორსო იტალიაში ეკლესია-მონასტრებისა და სასახლეების დასაცავად, სანადიროდ, მცველად გამოიყვანეს. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჯიში თითქმის გადშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელმა სელექციონერებმა ხელი შეუწყვეს მის გადარჩენასა და გამრავლებას. კანე კორსოს უძველეს წინაპრად რომაულ საბრძოლო ძაღლებს მიიჩნევენ. ისინი გლადიატორებთან ერთად, მათ წინააღმდეგ ან ერთმანეთთან იბრძოდნენ სისხლიანი სანახაობის მოყვარული პუბლიკის წინაშე. იტალიაში ასეთი გამოთქმაც არსებობს: "კორსოსავით გულადი".

ფიზიკური თვისებები

კანე კორსოს აქვს საშუალოზე დიდი, ძლიერი, დაკუნთული სხეული და დაბალი ბზინვარე ბეწვი, რომელსაც სეზონურად, წელიწადში ორჯერ, იცვლის. ამ დროს ბეწვი "იატაკს ნოხივით ეფინება". ამ პერიოდში ყოველდღიური ვარცხნა აუცილებელია, რაც დროს და გარკვეულ უნარს მოითხოვს.

მოვლის თავისებურებები

კანე კორსოს კბილებსა და ბრჭყალებს საგანგებო მოვლა სჭირდება. კბილების ჰიგიენა აუცილებელია, რაღა მინანქარი არ დაზიანდეს, ბრჭყალების ბუნებრივი ცვეთა კი ქალაქის პირობებში თითქმის ვერ ხერხდება, ამიტომ ადრეული ასაკიდანვე უნდა მიაჩვიოთ დაჭრას ან მზად იყოთ იმისთვის, რომ განსაზღვრული პერიოდულობით მისი სპეციალისტთან მიყვანა მოგიწევთ შესაბამისი პროცედურებისთვის, რომლებიც არც ისე იაფია. მაგალითად, კანე კორსოს გრუმინგი, სულ ცოტა, 60-70 ლარი დაგიჯდებათ.

სისტემატურად შესამოწმებელია ძაღლის თვალები, ყურები, ცხვირი, პირი და კანი. კანე კორსოები მიდრეკილნი არიან ალერგიული რეაქციებისკენ, ახასიათებთ უხვი ნერწყვდენა, ცრემლდენა, ხშირად ემართებათ კანის დაავადებები. თითოეული ეს თავისებურება საგანგებო ყურადღებას მოითხოვს.

ჯანმრთელობა

მენჯის დისპლაზია, ართრიტი, მეტეორიზმი, ვობლერის სინდრომი (ნევროლოგიური დაავადება, იწვევს უკანა კიდურებით კოჭლობას) - ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე ხშირად ემართებათ კანე კორსოებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ ჯიშის ძაღლს სჭირდება სპეციალური კვება - კარგად დაბალანსებული, მაღალი (პრემიუმ ან სუპერ პრემიუმ ხარისხის საკვები, რომლის ერთი კილოგრამის ფასი 12-14 ლარიდან იწყება, სპეციალური დანამატები ძვალსახსროვანი სისტემის განსავითარებლად, სეირნობისა და ფიზიკური დატვირთვის სპეციალური რეჟიმი. ცხოვრების უმოძრაო წესი და ცუდი კვება ავადმყოფობისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა.

ხასიათი

მიუხედავად დიდი ზომისა და მოუხეშავი მოძრაობებისა, კორსო აქტიური, ენერგიული ძაღლია. ვარჯიში, სირბილი, ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, რომ ენერგია დახარჯოს. საკმაოდ გონიერია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ინტელექტის განვითარება თამაშების მეშვეობით. წვრთნაში სპეციალისტის დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ. მაღალი ინტელექტის წყალობით კანე კორსო ადვილად იწვრთნება, მაგრამ თუ მისი დამორჩილება ვერ შეძელით, თავს ლიდერად იგრძნობს და ისე მოიქცევა, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. შესაძლოა, უდროო დროს ჩაერთოს თავდაცვის, საკუთარი ტერიტორიის ან პატრონის დაცვის ინსტინქტი - ამ შემთხვევაში ის საკმაოდ საშიში ხდება. ადრეული სოციალიზაცია სავალდებულოა.

ამრიგად, თუ კანე კორსოს ყოლა გსურთ, მზად უნდა იყოთ სოლიდური დამატებითი ხარჯებისთვის, მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. იფიქრეთ იმაზეც, რომ თქვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვლება, შინ გეყოლებათ უზარმაზარი, ერთგული, ჭკვიანი, მაგრამ თავისებური ხასიათის მქონე ოჯახის წევრი, რომელსაც არ უყვარს მარტო დარჩენა და რომლის გამოც ბევრ დათმობაზეც მოგიწევთ წასვლა.

ნინო ლომიძე

გააზიარე: