მიოკარდიტი – ვირუსული ინფექციის საშიში გართულება
გააზიარე:
ვირუსების უმეტესობა თავისთავად არ არის სასიკვდილო. მათი ყველაზე საშიში თვისება ქსოვილების დაზიანება და იმუნური სისტემის დასუსტებაა, რასაც ინფექციური პროცესის გართულებამდე მივყავართ. მაგალითად, ჩვეულებრივი გრიპი შეიძლება გართულდეს პნევმონიით, ენცეფალიტით, მენინგიტით. გრიპის ეპიდემიის დროს სიკვდილიანობა, წესისამებრ, სწორედ გართულებების ბრალია.
ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი გართულებაა მიოკარდიტი – გულის კუნთის ანთება. მოდი გავიგოთ, როგორ ამოვიცნოთ და შევაჩეროთ ის, სანამ ავადმყოფობა სიცოცხლისთვის სახიფათო ფორმას მიიღებს.
რა არის მიოკარდიტი
მიოკარდიტი მიოკარდიუმის ანთებაა. მიოკარდიუმი, გულის კუნთოვანი, ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვანი შრე, პასუხისმგებელია ამ ორგანოს შეკუმშვა-მოდუნებაზე, რაც გულში და მასთან ერთად მთელ სხეულში სისხლის ცირკულაციას უზრუნველყოფს. ამ დროს ანთება ორგანიზმის პასუხია დაზიანებაზე ან ინფექციაზე. წარმოიდგინეთ, რომ თითი გაგეჭრათ. მოკლე ხანში ჭრილობის გარშემო ქსოვილი შეშუპდება და გაწითლდება, რაც ანთების კლასიკური ნიშანია. იგივე ხდება გულის კუნთის შემთხვევაშიც. ანთებითი ცვლილებები კი გულის ფუნქციის დაქვეითებას იწვევს: დიდდება და სუსტდება გულის კუნთი, წარმოიქმნება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რაც შეკუმშვის უნარს ამცირებს და გულს მეტი ძალისხმევა სჭირდება სხეულში სისხლის ადეკვატური გადასროლისთვის.
ვის ემუქრება
მიოკარდიტის სტატისტიკა ერთმნიშვნელოვანი არ არის, რადგან ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ აღირიცხება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საქმე სიცოცხლისთვის საშიშ გართულებამდე მიდის. კლასიფიცირდება როგორც იშვიათი, თუმცა მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ბავშვსა და მოზარდს უდასტურდება. 2017 წელს მსოფლიო მასშტაბით დიაგნოსტირებულია დაავადების სამი მილიონი შემთხვევა.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ტრადიციულად, ასაკს ვუკავშირებთ, მაგრამ მიოკარდიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს: ახალშობილს, ბავშვს, მოზარდს... ბავშვებთან ის ხშირად ვლინდება ტემპრატურის მომატებით, გონის დაკარგვით, ქოშინით, გულის რიტმის დარღვევით. დაავადება უმეტესად აღირიცხება სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებთან მომწიფების ასაკიდან 30 წლამდე და სწრაფად პროგრესირებს. კაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. ბავშვებსა და მოზარდებთან მიოკარდიტი უეცარი სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზია.
რა იწვევს
მიოკარდიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა. ორგანიზმში პათოგენური აგენტის მოხვედრისას იმუნური სისტემა აქტიურდება და მის უვნებელსაყოფად წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც გულის კუნთში ანთებით პროცესს იწვევს.
დაავადების გამომწვევი ვირუსებია:
* კოქსაკის B ჯგუფის ვირუსები (ენტეროვირუსი);
* ეპშტეინ-ბარის ვირუსი (იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს);
* ციტომეგალოვირუსი;
* C ჰეპატიტის ვირუსი;
* ჰერპესვირუსი;
* ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
* პარვოვირუს B19;
* ექოვირუსები (იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციებს);
* წითურას ვირუსი.
ვირუსული მიოკარდიტის სიმძიმე დამოკიდებულია ვირუსის სახეობაზე, მის ვირულენტობასა და ტროპიზმზე (პირველი დაავადების გამოწვევის უნარს აღნიშნავს, მეორე კი – სამიზნე ორგანოს დაზიანების უნარს). მაგალითად, კოქსაკის A9 ტიპის ვირუსი იწვევს მიოკარდიტის მსუბუქ ფორმას, რომელიც მკურნალობას არ მოითხოვს, ხოლო ამავე ვირუსის B3 ტიპი – მძიმე მიოკარდიტს, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს.
დაავადების გამომწვევი ბაქტერიებია:
* ქლამიდია (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები);
* მიკოპლაზმა (ფილტვის ინფექციები);
* სტრეპტოკოკები;
* სტაფილოკოკი;
* ტრეპონემა (სიფილისი);
* ბორელია (ლაიმის დაავადება).
გულის კუნთის დაზიანება შეუძლია სოკოვან და პარაზიტულ დაავადებებსაც, მათ შორის – კანდიდოზს, ასპერგილოზს, ჰისტოპლაზმოზს.
სხვა მიზეზებია იმუნური რეაქცია მედიკამენტებსა და ტოქსინებზე: ჭარბ ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, მწერის, გველის ნაკბენზე, ქიმიური და რადიაციული თერაპიისთვის განკუთვნილ საშუალებებზე. ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი, ასევე შეიძლება უძღოდეს წინ მიოკარდიტს.
როგორ ვლინდება
დაავადების დიაგნოსტიკა რთულია, რადგან სპეციფიკური სიმპტომატიკა არ გააჩნია, ზოგჯერ კი, როგორც ვთქვით, სულაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ხშირად მჟღავნდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით:
* სწრაფად დაღლით;
* ქოშინით, თავდაპირველად – ფიზიკური დატვირთვისას, მერე – მოსვენების დროსაც;
* ცხელებით;
* სახსრების ტკივილით;
* ქვედა კიდურების შეშუპებით;
* გულმკერდის არეში მკვეთრი ტკივილით, რომელიც მხარში ან კისერში გადაეცემა;
* კუნთების ტკივილით;
* ყელის ტკივილით;
* თავის ტკივილით;
* დიარეით;
* შარდის რაოდენობის შემცირებით.
გულისმხრივი სიმპტომები ვირუსულიდან 1-2 კვირის შემდეგ იჩენს თავს.
მოსალოდნელია გულის რიტმის დარღვევა, იშვიათ შემთხვევაში – გონის კარგვაც.
ზოგჯერ დაავადება თავისთავად უკუვითარდება, ზოგჯერ კი დიდხანს და შეუმჩნევლად გრძელდება, თუმცა გულის კუნთი ამ შემთხვევაშიც ზიანდება და ადრე თუ გვიან მაინც იჩენს თავს გულის უკმარისობის სიმპტომები: ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, სისუსტე, ადვილად დაღლა, ქვედა კიდურების შეშუპება, გულისცემის აჩქარება.
დიაგნოსტიკა
ადრეული დიაგნოსტიკა თავიდან აგაცილებთ გულის კუნთის მძიმე დაზიანებას, თუმცა ზუსტი დიაგნოზის დასმა ყოველთვის არ არის ადვილი, რადგან დაავადების სიმპტომატიკა სპეციფიკურობით არ გამოირჩევა.
დიაგნოსტიკა ხდება ანამნეზის, გასინჯვის საფუძველზე. ამის შემდეგ იწყება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები:
* ელექტროკარდიოგრაფია, რომელმაც შესაძლოა გამოავლინოს გულის რიტმის დარღვევა;
* სისხლის საერთო ანალიზი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობა, ინფექციური მარკერები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, გულის კუნთის დაზიანების მარკერი – ცილა ტროპონინი;
* ექოკარდიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა გამოვლინდეს გულის საზღვრების გადიდება, კუმშვადობის დაქვეითება, სარქვლოვანი პათოლოგიები, სითხის არსებობა პერიკარდიუმის ღრუში;
* გულმკერდის რენტგენოგრაფია გულის ზომებისა და საზღვრების დასადგენად, ასევე – ფილტვებში გულის უკმარისობით გამოწვეული შეგუბებითი ცვლილებების გამოსავლენად.
* იშვიათად ინიშნება გულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და გულის კუნთის ბიოფსიაც ინფექციური და ანთებითი პროცესის დასადასტურებლად.
მკურნალობა
მიოკარდიტი ყოველთვის არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას. მკურნალობა, თუ ის საჭირო გახდა, მიზეზსა და სიმპტომებზეა ორიენტირებული. გულის უკმარისობის მოვლენების შესამცირებლად იყენებენ აგფ ინჰიბიტორებს, კალციუმის არხის ბლოკერებს, შარდმდენებს.
თუ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, უნდა შეამციროთ ფიზიკური დატვირთვა; თუ სპორტს მისდევთ – შეწყვიტოთ ვარჯიში სამი–ექვი თვით.
თუ მიოკარდიტი ვირუსული წარმოშობისაა, დამატებით ინიშნება ანტივირუსული პრეპარატებიც.
სისტემური დაავადების არსებობის შემთხვევაში ექიმი გამოწერს კორტიკოსტეროიდებს, რათა დაითრგუნოს იმუნური სისტემის აქტივობა და შემცირდეს გულის კუნთის დაზიანების ხარისხი.
გართულებები
ნებაზე მიშვებულ მიოკარდიტს შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებიც მოჰყვეს:
* გულის უკმარისობა, რომელიც ზოგჯერ შეუქცევადია;
* ინფარქტი ან ინსულტი – გულის კუმშვითი უნარის შესუსტება აუარესებს სისხლის ცირკულაციას, რამაც შესაძლოა თრომბების წარმოქნა და საბოლოოდ ინსულტი გამოიწვიოს;
* არითმია – გულის რიტმის დარღვევა, რომელიც იშვიათად უეცარი სიკვდილის მიზეზადაც იქცევა.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ტკივილს გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებას, მით უმეტეს – თუ მცირე ხნით ადრე ვირუსული ინფექცია გადაიტანეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ადრეული დიაგნოსტიკა მძიმე გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
როგორ ავიცილოთ თავიდან
მიოკარდიტის პრევენციის სპეციფიკური საშუალებები არ არსებობს, ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ინფექცია, რომელიც შეიძლება ამ დაავადებით გართულდეს:
* დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები. რეგულარულად იბანეთ ხელები. ერიდეთ ვირუსული ინფექციის მქონე ადამიანებს, ხოლო თუ თავად გაქვთ ამგვარი სიმპტომები, შეეცადეთ, არ დააინფიციროთ სხვები.
* ერიდეთ გარემოს, სადაც შეიძლება გიკბინოთ შხამიანმა ცხოველმა ან მწერმა. ჩაიცვით გრძელსახელოებიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმელი. ჩაიტარეთ გრიპის სეზონური ვაქცინაცია.
ცხოვრება მიოკარდიტის შემდეგ
დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა, როგორც უკვე ვთქვით, დაავადების გართულებას თავიდან აგაცილებთ, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ გულის ფუნქციის გასაუმჯობესებლად სასურველია მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, შეამციროთ მარილის მოხმარება, ერიდოთ ალკოჰოლს, აკონტროლოთ სითხის მიღება, თავი დაანებოთ მოწევას, ერიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.
პროგნოზი
პროგნოზი დაავადების ფორმასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. მიოკარდიტის ზოგიერთი ფორმა სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, ზოგიერთი კი რთულდება კარდიოსკლეროზით, რომლის ლოკალიზაციასა და გავრცელების ხარისხზეც დამოკიდებულია გულის ფუნქციური მდგომარეობა. კარდიოსკლეროზი – ეს არის გულის კუნთოვანი ქსოვილის ჩანაცვლება შემაერთებელი, ნაწიბუროვანი ქსოვილით, რომელიც გულს ეფექტურად შეკუმშვის საშუალებას აღარ აძლევს, ფიბროზული ქსოვილით ჩანაცვლება დამოკიდებულია გულის კუნთის დაზიანების ხარისხზე, რაც მომავალში გულის უკმარისობას ან სულაც დილატაციური კარდიომიოპათიას განაპირობებს და შესაძლოა საჭირო გახდეს გულის ტრანსპლანტაციაც. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თავიდან აგაცილებთ სახიფათო გართულებებს და გამოსავალიც კეთილსაიმედო იქნება.
მოსალოდნელი რეციდივი
მიოკარდიტი შესაძლოა განმეორდეს და გულის გაფართოებამდე – დილატაციურ კარდიომიოპათიამდე მიგვიყვანოს. რეციდივის თავიდან აცილების გზა არ არსებობს, თუმცა განმეორების რისკი დაბალია – არ აღემატება 10-15 პროცენტს.
მარიამ ჯანიაშვილი