სურნელი ქმნის სახეს - არომატების სამყაროში

გააზიარე:

რომანტიკული თუ მელანქოლიური, ელეგანტური თუ ეგზოტიკური, მსუბუქი თუ ანცი - სურნელი ჩვენს განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს. ალბათ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, მისი მაგიური ძალა რომ არ გამოეცადოს. სწორად შერჩეულ სურნელს შეუძლია, დადებითი ემოცია გამოიწვიოს, სტიმული მოგვცეს და ენერგიით აგვავსოს, საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოგვიყვანოს, წარსულში გადაგვისროლოს და ოდინდელი ბედნიერება ხელახლა განგვაცდევინოს. თქვენ წარმოიდგინეთ, დეპრესიის განდევნაშიც კი გვეხმარება. მას შემდეგ, რაც მას შევისუნთქავთ და ინფორმაცია ტვინამდე მიაღწევს, ჩვენს ქვეცნობიერში ისეთი ორომტრიალი იწყება, ვეღარაფერი შეაჩერებს. პარფიუმერები ამბობენ, რომ სურნელს ჩვენი გრძნობების მართვაც კი შეუძლია. თუმცა არასწორად შერჩეულმა სურნელმა შესაძლოა ყველაფერი უკუღმა დაატრიალოს. ჰოდა, იმისთვის, რომ თქვენი სურნელი იპოვოთ, კიდევ ბევრი რამ უნდა იცოდეთ სურნელოვანი სითხის, სუნამოს შესახებ.
არომატების სამყაროში მეგზურობა პარფიუმერიის ექსპერტს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტ ხატია შამუგიას ვთხოვეთ.

- "სუნამო უმოკლესი გზაა ქალსა და მთელ სამყაროს შორის", - ამბობს ჟან პოლ გერლენი და ასეც არის. სურნელს შესწევს ჯადოსნური ძალა, ძალიან მოგვაწონოს ადამიანი ან, პირიქით, გულგრილი გაგვხადოს. ჩემთვის სუნამო კარგი მუსიკალური კომპოზიციაა, რომლის ჟღერადობის სიტყვიერად გამოხატვა რთული იქნება. დავიწყოთ თავიდან.

სუნამოს ისტორია
– სუნამო თითქმის კაცობრიობასავით ძველია. როდესაც ადამიანმა ცეცხლის დანთება ისწავლა, აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ბალახი, ხის ტოტი თუ ფესვი დაწვისას სასიამოვნო სურნელს გამოსცემდა.
სუნამოს შესახებ უძველესი ჩანაწერები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლით თარიღდება. მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმის აკვნად საფრანგეთი ითვლება, მისი ისტორია სათავეს ძველი ეგვიპტიდან იღებს. ეგვიპტელი ქურუმები ღმერთებისთვის პატივის მისაგებად სურნელოვან მცენარეებს, მათ ნაყოფს, ფესვებსა და ყვავილებს წვავდნენ ტაძრებში, რომ მათ სურნელს კვამლის მეშვეობით ზეციურ სამყარომდე მიეღწია. სიტყვა "პარფიუმიც" ამ ტრადიციიდან მომდინარეობს - "პერ ფუმუმ" ლათინურად ნიშნავს "კვამლით". ფარაონების გვამებს სურნელოვანი ესენციებით ამუშავებდნენ, რომ მათ გარდაცვლილთა სამყაროში გადასვლა გაადვილებოდათ. თქვენ წარმოიდგინეთ, არქეოლოგიური გათხრების დროს რამდენიმე ფარაონის სამარხში აღმოჩენილი ნელსაცხებლები ისეთივე არომატული იყო, როგორიც თავიდან.
მოგვიანებით სურნელოვანი ესენციების გამოყენება საერო ცხოვრებაშიც დაიწყეს. თავდაპირველად ეს პრივილეგია, რა თქმა უნდა, არისტოკრატებს ჰქონდათ.

თანდათან არომატული ესენციები ფართოდ გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, თუმცა მათზე მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებოდათ ხელი. სასიამოვნო სურნელი იმ პერიოდში, ჯანმრთელობასა და სისუფთავესთან ასოცირდებოდა.
შუა საუკუნეებში პარფიუმის წარმოებასა და მოხმარებას თითქმის ისეთი სახე მიეცა, როგორიც დღეს აქვს. როცა სპარსმა სწავლულმა და ექიმმა ავიცენამ (აბუ ალი იბნ სინამ) დისტილაციის გზით ეგრეთ წოდებული ვარდის წყალი მიიღო, ჯვაროსნებმა ძვირფასი ელექსირი და მისი წარმოების ტექნოლოგია ევროპაში წამოიღეს. ევროპელებმა ღვინისგან სუფთა ალკოჰოლის დისტილირება მოახერხეს, ეს უკანასკნელი კი პარფიუმის წარმოების საფუძველია.

1580 წელს ალქიმიკოსმა და ფარმაცევტმა ფრანჩესკო ტომბარელიმ გრასში, სამხრეთ საფრანგეთში, ლაბორატორია გახსნა და პარფიუმის წარმოება დაიწყო. ამის შემდეგ გრასი ევროპის პარფიუმერული ინდუსტრიის ცენტრად იქცა და დღემდე ასეა.
ვინაიდან შუა საუკუნეებში იშვიათად იბანდნენ, უსიამოვნო სუნის გასაქრობად მძაფრ – ამბრის, მუშკის, ციბეტინის – არომატებს იყენებდნენ. მოგვიანებით, XVII-XIX საუკუნეებში, მოდური გახდა უფრო ნაზი – ვარდის, ჟასმინის, იასამნის – არომატები.

მეფეებს უკვე საკუთარი პარფიუმერები ჰყავდათ. ისინი ნელსაცხებლით გაჟღენთილ ხელთათმანებს ატარებდნენ ან სურნელოვანი ქსოვილის ნაჭრები სამოსის შიგნიდან ჰქონდათ გამოკერებული. ვერსალში იმდენ სუნამოს მოიხმარდნენ, რომ ლუი XV- ის კარს სუნამოს კარსაც უწოდებდნენ.
სუნამოს იმ დროს თერაპიულ მოქმედებასაც მიაწერდნენ - სჯეროდათ, რომ აცოცხლებდა ტვინს, აძლიერებდა ორგანიზმს და შავი ჭირისგან ადამიანის დაცვაც შეეძლო. სუნამო მატერიალური კთილდღეობის სიმბოლოდ ითვლებოდა.


პირველი ხელოვნური არომატები XIX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. ფრანსუა კოტი იყო პირველი პარფიუმერი, რომელმაც სუნამო სინთეზური და ბუნებრივი არომატებისგან შექმნა. ის დიდ ყურადღებას აქცევდა ფლაკონებს და მათ საგანგებოდ ამზადებინებდა.
პარფიუმის ინდუსტრიამ სწრაფი განვითარება დაიწყო. იქმნებოდა მეტი და მეტი ხელოვნური არომატი, რამაც სუნამო შედარებით ხელმისაწვდომი გახადა. თანდათან სუნამოებისთვის სახელების დარქმევა და ინდივიდუალურ ფლაკონებში ჩამოსხმაც დაიწყეს.
იმ პერიოდში დაიბადა ცნობილი "შანელი ნომერი 5" (Chanel Nº 5), რომლის სურნელიც დღემდე უკვდავია. განსხვავებულმა არომატმა ახალი ეპოქა შექმნა. მას შემდეგ ბევრი ახალი სუნამო შეიქმნა, მაგრამ დროს ცოტამ თუ გაუძლო.

ახალი სურნელის შესაქმნელად
– სუნამოს ყველაზე პატარა ფლაკონის შექმნაშიც კი უამრავი ადამიანის შრომა, გამოცდილება და ცოდნაა ჩადებული.
სუნამო ეთანოლისა (80%) და ბუნებრივი ზეთების (მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის) ან ხელოვნური არომატების ნაზავია.
ჯადოსნური არომატები პარფიუმერიულ სახლებში იქმნება. ინგრედიენტების შეგროვება ხანგრძლივი პროცესია. მათში შემავალ სურნელოვან ზეთებს შესაძლოა იღებდნენ ყვავილისგან, რომელიც დილის 6–დან 8 საათამდე იშლება და ზუსტად ამ დროს უნდა მოიკრიფოს, ან ყვავილისგან, რომელიც მხოლოდ მადაგასკარზე ყვავის. ეთერზეთები ყვავილებისგან დისტილაციის გზით მიიღება. ათიათასობით ყვავილისგან სულ რამდენიმე გრამ ზეთს იღებენ.
ყვავილოვან ნოტებთან ერთად სუნამო უამრავ სხვა ინგრედიენტსაც შეიცავს, მაგალითად, შოკოლადის, ციტრუსების, წიწაკის, მუშკის არომატებს. თუმცა ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად უფრო და უფრო მეტი სუნამო იქმნება სინთეზური ნაერთებისგან.
პარფიუმერები ამბობენ, რომ ახალ სურნელს ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ ან იგონებენ. ინსპირაციაც შეიძლება იყოს ძალიან უბრალო, მაგალითად, სანელებელი, ან კომპლექსური, მაგალითად, რომელიმე რომანი. გრძნობების გარეშე არც ერთი არომატი არ იქმნება.

სახეობები

ვინ არ მდგარა პარფიუმერიის განყოფილებაში და არჩევანის მრავალფეროვნებით გაოცებულა. ეს არ არის გასაკვირი, რადგან მწარმოებლები ერთი სურნელის უამრავ ვარიანტს გვთავაზობენ.
ყველაზე ხშირად ერთ სურნელის სამი ვარიაცია გვხვდება: ტუალეტის წყალი (EAU DE TOILETTE), სუნამოს წყალი (EAU DE PARFUM) და პარფიუმი, სუნამო (PARFUM). ისინი ერთმანეთისგან ძირითადად სტრუქტურით და კონცენტრაციით განსხვავდება. მაგალითად, პარფიუმში მეტია საბაზისო და გულის ნოტები, მაგრამ საერთოდ არ არის ზედა ნოტები, EAU DE TOILETTE და EAU DE PARFUM კი, პირიქით, მეტ კოპონენტს შეიცავს, ვიდრე იმავე სურნელის სუნამო. ასე რომ, პარფიუმი უფრო მეტად არის კონცენტრირებული. სურნელოვანი ზეთის შემცველობა მასში დაახლოებით 15-30%–ია, ინტენსიურ ვარიანტში – 40%-იც კი. ამიტომ მისი ფლაკონი შედარებით პატარაა, ვიდრე სხვა ვარიაციებისა. 1-2 წვეთიც საკმარისია, რომ სურნელი დიდხანს გაგვყვეს.
EAU DE PARFUM შეიცავს დაახლოებით 10-14% სურნელოვან ზეთს, საკმაოდ კონცენტრირებულია და დიდხანს ძლევს. ინტენსიურ ვარიანტში ეთეროვანი ზეთის შემცველობა 20%–მდეც აღწევს.
EAU DE TOILETTE კი სუსტი კონცენტრაციისაა. სურნელოვანი ზეთის შემცველობა მასში უმეტესად 6-9%–ს არ აღემატება. ასე რომ, ვერც დიდხანს ძლებს და შეგიძლიათ, უხვად იპკუროთ.

არომატები
სუნამოს არომატები ოჯახებად იყოფა: მერქნოვანი, ყვავილოვანი, აღმოსავლური, მოტკბო, მუშკისებური, გრილი, ხილოვანი.
პკურების შემდეგ სუნამო რამდენიმე ეტაპს გადის და ზედა, საშუალო ანუ გულის და საბაზისო ნოტებად იშლება.
ზედა ნოტები სუნამოს დასხმისთანავე აღიქმება. სწორედ ეს ნოტები ასრულებს მთავარ როლს სურნელის არჩევისას. ამიტომ მსუბუქია, თუმცა ინტენსიური და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში აღიქმება.
მას შემდეგ, რაც ზედა ნოტები გაქრება, იგრძნობა გულის ნოტები. ეს ნოტები რამდენიმე საათი ძლებს და დამახასიათებელ სურნელს ქმნის. გულის ნოტები ამზადებს რეცეპტორებს საბაზისო ნოტებისთვის.
საბაზისო ნოტები სურნელის საბოლოო აკორდია.

ვარჩევთ სურნელს
– სურნელის ასარჩევად წესები არ არსებობს. ის მეტად ინდივიდუალურია, ინტიმურიც კი, ასე რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სურნელმა თვითონ უნდა აგირჩიოს.
თუმცა რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ. უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, როგორი არომატი მოგწონთ, სუნის რომელი მიმართულება გიქმნით სასიამოვნო განწყობას – ყვავილების? თუ უფრო ციტრუსების? მერქნის? ან იქნებ აღმოსავლური? სუნამოს იმავე დღეს ნუ შეიძენთ. კარგი იქნება, თუ თავდაპირველად ტესტერს მოსინჯავთ. თუ არჩეულ სურნელთან ერთად მთელი დღე სასიამოვნოდ გაატარეთ, ხელიდან არ გაუშვათ.

შეცდომა სუნამოს არჩევისას
– ნუ მიანიჭებთ არომატს რაიმე დანიშნულებას. მაგალითად ნუ შეიძენთ მას საპირისპირო სქესის მოსახიბლავად ან ვისიმე წაბაძვით. სუნამო, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გსიამოვნებდეთ, გაბედნიერებდეთ, განწყობას გიმაღლებდეთ.

სუნამო ადამიანის ავტოგრაფია
– გვინდა თუ არა, სუნამო პირველი შეხვედრისთანავე გათქვამს პიროვნების ხასიათს. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც ცოცხალი, ციტრუსოვანი სუნები მოსწონთ, უფრო სიცოცხლისმოყავრენი არიან, ვიდრე ისინი, ვისაც აღმოსავლური ნოტები მოსწონთ. მერქნოვანი სურნელი კი კლასიკურ, დინჯ, გაწონასწორებულ ადამიანებთან ასოცირდება.

შესაფერისი დრო
– ახალი სურნელის შერჩევა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, მაგრამ არა ნებისმიერ მდგომარეობაში. არ გირჩევთ სუნამოების მაღაზიაში სტუმრობას, როცა დასტრესილი ხართ, გადაღლილი, ან დრო ცოტა გაქვთ. ისეთი დრო შეარჩიეთ, როცა არც თქვენ და არც კონსულტანტს არსად გეჩქარებათ.

ვტესტავთ სუნამოს
– ვინაიდან სურნელი სხვადასხვა კანზე განსხვავებულად აღიქმება, უმჯობესია, ის მაჯაზე იპკუროთ, თუმცა მაღაზიებში ამისთვის სპეციალურ ბლოსტერები არსებობს. 2-5 წუთი დაელოდეთ, სანამ კანისა და სუნამოს სურნელის კომბინაცია კარგად გაიშლება. შიგადაშიგ ყავის მარცვლები დაყნოსეთ – მათი სუნი გაანეიტრალებს სუნამოს მოლეკულებს – ან იქვე გაისეირნეთ. ერთ მისვლაზე 3-4 არომატს შორის გააკეთეთ არჩევანი. თუ მეტს შეიყნოსავთ, მეტად დაიბნევით.

როგორ ვიპკუროთ

– სუნამოს სუნი ზოგჯერ მხოლოდ მიახლოებისას იგრძნობა, ზოგჯერ კი შორიდანვე. ეს დამოკიდებულია არა მარტო სუნამოს კონცენტრაციაზე, არამედ ადგილზეც, სადაც სუნამოს იპკურებთ. მაგალითად, კისერზე ნაპკურები სურნელი მხოლოდ თქვენთის იქნება საგრძნობი, მაგრამ თუ გინდათ, ის სხვასაც გაუნაწილოთ, სხეულის წინა მხარეს მიიფრქვიეთ.

როცა სუნამო ზეთოვანი იყო, მას პულსაცის ადგილებზე ისვამდნენ, მაგალითად, საფეთქლებთან, ყურების უკან, მაჯებზე. თუმცა ამ ადგილებზე დაპკურება დღესაც სასურველია. პულსის ყოველი ვიბრაციის დროს სურნელი მეტად გამოიფრქვევა და გარშემო მყოფებსაც სწვდება. მეორე მხრივ, როგორც გაბრიელ შანელი ამბობდა, სუნამო უნდა იპკუროთ იქ, სადაც გსურთ გეამბორონ.
სუნის მოლეკულებს ძალიან ნაზი სტრუქტურა აქვს და შესაძლოა ადვილად დაირღვეს, ამიტომ არასდროს გაიხეხოთ დასხმის შემდე. დაისხით გარკვეულიმანძილიდა, რათა მოლეკულები ნაზად დაეშვან კანზე.

სუნამო სამუდამოდ და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის

– სურნელის შერჩევისას გაითვალისწინეთ, სად მიდიხართ, რადგან არსებობს სუნები, რომლებიც წვეულებებისთვისაა და არა ოფისისთვის ან სპორტული დარბაზისთვის. თუმცა ბევრს ერთი საყვარელი სუნამო აქვს. სასურველია, დღისით მსუბუქი სურნელი ატაროთ, ხოლო საღამოს უფრო ელეგანტური. იმაზეც უნდა იზრუნოთ, რომ თქვენმა სურნელმა გარშემო მყოფები ძალიან არ შეაწუხოს.

რა დოზით
ესტე ლაუდერი ამბობს, რომ სუნამო სიყვარულს ჰგავს – მუდამ მეტი და მეტი გინდა.
რაოდენობა გემოვნების საკითხია. შეცდომაა, თითქოს თუ დილით უხვად დაისხამ, მთელი დღე გეყოფა. ციტრუსოვანი არომატი კომპოზიციურად ისეა შექმნილი, რომ მხოლოდ 3-4 საათი ძლებს, ამიტომ შუადღისას შეგიძლიათ კიდევ ისხუროთ. უფრო მძიმე, მძაფრი ნოტები კი მთელი დღე გაგყვებათ. თუმცა ზომიერება საჭიროა.

სუნამო სეზონურად
აუცილებელი არ არის, სუნამოს სეზონურად იცვლიდეთ. არიან ადამიანები, რომლებიც ერთი სურნელის ერთგულნი არიან. თუმცა ზაფხულს უფრო მსუბუქი და გრილი არომატი უხდება, მაგალითად, ციტრუსისა, ყვავილებისა, ზამთარში კი ბევრი მოტკბო ან აღმოსავლურ სურნელს ირჩევს.

როგორ შევინახოთ
სუნამოს შენახვა სამ წლამდე შეიძლება, ოღონდ გრილ და ბნელ ადგილას, უმჯობესია, 22 გრადუსამდე ტემპერატურაზე, უჯრაში ან ყუთში. მზიან ადგილას ნუ დადებთ, თორემ მასში შემავალი ნაერთების სტრუქტურა დაირღვევა და მალე გაფუჭდება.
იმედია, ეს რჩევები ოდნავ მაინც დაგეხმარებათ თქვენი სურნელის პოვნაში. კრისტიან დიორის თქმისა არ იყოს: გავა დრო და დაგავიწყდებათ, რა ეცვა ქალს, მაგრამ მისი სურნელი სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: