ფინური აბანოს წესები
გააზიარე:
ფინელებს მიაჩნიათ, რომ ზამთრის ცივ დღეებში საუნასავით ვერაფერი ათბობს სულსა და სხეულს. მას აშენებენ ყველგან: სახლებში, ოფისებში, საწარმოებში, სპორტულ დარბაზებში, სასტუმროებში, გემებზე და მიწის ქვეშაც კი. ცხელი ჰაერის აბაზანები მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ფინელებს მიაჩნიათ, რომ საუნაში რეგულარული სიარული ჯანმრთელობის საწინდარია. რას ფიქრობენ სპეციალისტები? ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
ისტორია
"საუნა" ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფინური სიტყვაა. რა გასაკვირია – ფინურ აბანოს ხომ მთელ მსოფლიოში იცნობენ. მისი ისტორია აღმოსავლეთ აზიიდან იწყება. ძველად იქ ოფლის მოსადენად მიწაში ამოთხრილ ორმოებში ჩადიოდნენ. ჰაერს ცხელი ქვებით ათბობდნენ, რომლებსაც ორთქლის წარმოსაქმნელად დროდადრო წყალს ასხამდნენ ხოლმე, ორმოს კი ტოტებით ფარავდნენ. ამ პროცედურებს ჰიგიენურთან ერთად რელიგიური დანიშნულებაც ჰქონდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ბერძნული ლაკონიკუმები, რომაული თერმები, თურქული ჰამამი, რუსული ბანია და ფინური საუნა.
ფინური ტრადიცია
მყარი ნიადაგისა და ტბების სიმრავლის გამო სკანდინავიაში მიწისქვეშა აბანოების მოწყობა ადვილი არ იყო, ამიტომ ფინელებს სხვა რამ უნდა მოეფიქრებინათ. ასე გაჩნდა საუნა – ხის პატარა ოთახი კუთხეში ღუმლით.
ასეთ ოთახებს ფინელები ტბების მახლობლად აგებდნენ, გასაგრილებლად ტბაში რომ შესულიყვნენ. ფინეთის ტბებზე 600 000-მდე საუნაა, რომლებსაც ფინელები ინტენსიურად იყენებენ. საუნა ფინელებისთვის ყველაზე წმინდა ადგილი იყო. ქალები იქ მშობიარობდნენ, ქორწილის წინა გაწმენდის რიტუალსაც იქ ასრულებდნენ და მიცვალებულსაც იქ აპატიოსნებდნენ.
საუნის კულტი ღრმად არის ფესვგადმული ფინურ კულტურაში. აბანო აქ დასვენების, რელაქსაციისა და რეფლექსიის ადგილია, ხოლო დაბანა – მთელი რიტუალი, რომელსაც ზედმიწევნით იცავენ. ფინელები ამბობენ, რომ საუნაში ისე უნდა მოიქცე, როგორც ეკლესიაში; იქ სიმშვიდე და სასიამოვნო მყუდროება უნდა სუფევდეს.
საუნა
პატარა, სუსტად განათებულ, ხის პანელით მოპირკეთებულ ოთახში ადამიანები სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებულ სკამებზე სხედან და ცხელი ჰაერის აბაზანებს იღებენ. რომელიმე მათგანი დროდადრო გახურებულ ქვებს ჩამჩით წყალს ასხამს. რამდენიმე წამში მხურვალება იმატებს, ფეხებიდან ნელ-ნელა ზემოთ მიიპარება და მთელ სხეულს ედება. ფორები იხსნება და სხეული ოფლით იცვარება.
საუნაში ტემპერატურა 80-100 გრადუსია, ზოგჯერ – მეტიც. ზედა სკამებზე უფრო ცხელა, ვიდრე ქვედაზე.
წყალს ზოგჯერ 2-3 წვეთ ეთერზეთსაც ამატებენ. მისი კონცენტრირებული არომატი კარგად მოქმედებს სასუნთქ გზებსა და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე.
საუნა თუ ორთქლის აბაზანა
არსებობს ეგრეთ წოდებული ორთქლის აბანოც, რომელსაც ხშირად საუნასთან აიგივებენ. რომელს აირჩევთ, თქვენი ნებაა – ჯანმრთელობისთვის ორივე სასარგებლოა.
ორთქლის აბანო ძველი ბერძნული და რომაული კულტურის ნაწილი იყო. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მისი კულტი ისლამურ ქვეყნებში დამკვიდრდა და დღემდეა შემორჩენილი, მაგალითად, თურქული ჰამამის სახით.
ორთქლის აბაზანა ფინური საუნისგან იმით განსხვავდება, რომ იქ ჰაერი ნესტიანია და ტემპერატურაც შედარებით დაბალია.
ფინური საუნის დამახასიათებელი ნიშანი კი მშრალი ჰაერია – სხვანაირად ექსტრემალურ სიცხეს ვერავინ გაუძლებს. ამ კუთხით ორთქლის აბანო შეიძლება ტროპიკულ ტყეს შევადაროთ, საუნა კი – უდაბნოს.
ჯანმრთელობისთვის
ფინელები საუნას ღარიბების წამალსაც კი უწოდებენ, რადგან ის ძალიან კარგად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
საუნა კარგად ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. აქ სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 1-2 გრადუსით იმატებს. შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლი სწრაფად და შეუფერხებლად მოძრაობს. საუნას დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ვარჯიშს.
დამტკიცებულია, რომ საუნა ძალიან კარგია მათთვის, ვინც მაღალ წნევას უჩივის. არტერიების გაფართოების შედეგად გული უკეთ მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით და გულის კუნთიც შვებას გრძნობს.
სიცხისა და სიცივის მონაცვლეობის შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და იკუმშება და ამ რეგულარული ვარჯიშის წყალობით დიდხანს ინარჩუნებს ელასტიკურობას.
წიდა
ექსტრემალურ ტემპერატურაზე ოფლი უხვად გამოიყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, ამიტომ სისხლი ადვილად სქელდება. ამ დროს ორგანიზმი ქსოვილებში არსებულ სითხეს სისხლში გადაისვრის. მასთან ერთად სისხლში გადადის ქსოვილებში დაგროვილი წიდაც და ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება.
იმუნური სისტემა
ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა იმუნურ სისტემასაც ავარჯიშებს. შედეგად ორგანიზმი უფრო ადვილად უმკლავდება ავადმყოფობას.
სასუნთქი გზები
საუნა ძალიან ეფექტურია რესპირაციულ დაავადებათა პრევენციისთვის. ნესტიანი ჰაერი და ეთერზეთები ძალიან უხდება სასუნთქ გზებს.
კანი
საუნა ღრმად და საფუძვლიანად ასუფთავებს ფორებს. კანი ხდება ნაზი და ვარდისფერი, ნელდება დაბერების პროცესი. თუმცა პროცედურის შემდეგ კანმა აუცილებლად უნდა შეივსოს დაკარგული სითხის მარაგი.
წონის კლება
თუ საუნიდან გამოსული სასწორზე შედგებით, ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ. მართალია, ნაკლებს აიწონით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სითხის დაკარგვის გამო. კარგი ის არის, რომ საუნა ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას რაც, პასიურ მდგომარეობაშიც კი, მეტი ენერგიის ხარჯვას იწვევს. ეს თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ სპორტული დატვირთვის შემდეგ წვის ეფექტს.
რელაქსაცია
ძველად ორთქლის აბანო სხეულის შინაგან და გარეგან გაწმენდას ემსახურებოდა, დღეს კი ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია რელაქსაცია. საუნაში ფიზიკურადაც და სულიერადაც ისვენებ.
თანმხლები საფრთხე
მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა, საუნის პროცედურები ზოგჯერ სარისკოცაა. თუ თავს ჯანმრთელად გრძნობთ, მაგრამ ვარჯიში გეზარებათ, საუნა კარგი ალტერნატივაა, მაგრამ ორთქლის პროცედურებზე, გიჯობთ, უარი თქვათ, თუ გააქვთ:
* მწვავე ვირუსული დაავადება;
* მწვავე დაავადება, რომლის მიზეზიც დაუდგენელია;
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება;
* გულის მწვავე დაავადება;
* არითმია;
* გულის უკმარისობა;
* გულის ხელოვნური სარქვლები;
* სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
* ვენების ვარიკოზი;
* განმეორებითი თრომბოზით გამოხატული ვენური დარღვევები;
* ღია ჭრილობა;
* ლიმფედემა;
* ჰიპერთირეოზი;
* კუჭის წყლული სისხლდენის ტენდენციით;
* გაფანტული სკლეროზი.
თუ კარგად არ იცნობთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უმჯობესია, საუნაში მისვლამდე ოჯახის ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. თუ რამე გამოგეპარათ, ორთქლის პროცედურებმა შესაძლოა ზიანი მეტი მოგიტანოთ, ვიდრე სიკეთე.
უნდა იცოდეთ ისიც, რომ საუნის შემდეგ ადამიანი ნაკლებად ქმედობაუნარიანია. ექსტრემალურ სიცხეს ორგანიზმი ზღვრამდე მიჰყავს და თვითგადარჩენის მექანიზმებს ააქტიურებს. ეს, მართალია, გრძელვადიან პერსპექტივაში რგებს ჯანმრთელობას, მაგრამ მოკლევადიანში შესაძლოა მცირე დისკომფორტიც გამოიწვიოს.
ნესტიანი ჰაერი ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას, ამიტომ საუნაში ზედმიწევნით უნდა იცავდნენ ჰიგიენის წესებს.
არომათერაპია
ეთერზეთები მხოლოდ სასიამოვნო სურნელს კი არ აფრქვევს, არამედ სიკეთეც მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
* ნეროლი ფორთოხლის ხის ყვავილებისგან ეთერზეთია. აქვს ოდნავ მოტკბო სურნელი. ამშვიდებს, ადუნებს და ამაღლებს განწყობას.
* კედრის მერქნის ზეთი კარგია გამონაყარის, აკნესა და კლიმაქსის პერიოდის უსიამოვნო სიმპტომების დროს.
* ლიმონის ზეთი უხდება ანთებით პროცესებს, ახდენს დეზინფქციას, აქვს მაცოცხლებელი ეფექტი.
* წიწვების ზეთი მეტად სურნელოვანია, აცოცხლებს სხეულს, ასუფთავებს სასუნთქ გზებს.
რჩევები
მშრალ საუნას ესტუმრებით თუ ორთქლის აბანოს, აუცილებლად უნდა დაიცვათ ძირითადი წესები:
* უპირველეს ყოვლისა, თან უნდა იქონიოთ ორი პირსახოცი (ერთი -დასაფენად, მეორე – გასამშრალებლად), აბაზანის ლასტები და ხალათი.
* ზამთარში ხელ-ფეხი ხშირად გვიცივდება. საუნაში შესვლამდე კი ტერფებიც და მტევნებიც აუცილებლად თბილი უნდა იყოს, ამიტომ გირჩევთ, შესვლამდე თბილი წყალი გადაივლოთ. შხაპის შემდეგ ტანი კარგად გაიმშრალეთ და საუნაში ისე შედით.
* საუნაში ნურც სავსე მუცლით შეხვალთ და ნურც ცარიელით – ამ დროს სისხლის მიმოქცევა კიდევ უფრო იტვირთება, რასაც შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყვეს.
* სტარტი ნელა აიღეთ. დამწყებთათვის 5-8 წუთი და ერთი შესვლა საკმარისია. მხოლოდ გამოცდილებს შეუძლიათ, სიცხისა და სიცივის მონაცვლეობა ორჯერ ან სამჯერ გაიმეორონ.
* მთავარია, არ გადააჭარბოთ. მთელი პროცედურის ხანგრძლივობა 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ეს დრო 2-3 შესვლაზე გაანაწილეთ. მოსადუნებლად და ორგანიზმის სითბოთი სტიმულირებისთვის კლასიკურ საუნაში 8-12 წუთი საკმარისია. წყალი კი გახურებულ ქვებს 5-7 წუთის შემდეგ უნდა დააასხათ. ორთქლის აბანოში შეგიძლიათ 10-15 წუთიც დაყოთ. თავბრუხვევა ცუდის ნიშანია – საუნიდან მაშინვე უნდა გამოხვიდეთ.
* თუ მოგწყურდათ, ნორმალურია, მაგრამ საუნის პროცედურის დროს წყლის სმას ერიდეთ – ამან შესაძლოა კუჭის ტკივილი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები და გულისრევაც კი გამოიწვიოს. ორგანიზმის გაწმენდის პროცესსაც ხელი შეეშლება.
წყალი საუნაში შესვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დალიეთ ან გამოსვლის შემდეგ ნელ-ნელა წრუპეთ. უკეთესია წყლისა და ვაშლის წვენის ნაზავი პროპორციით 2:1.
* საუნაში იატაკსა და ჭერს შორის ტემპერატურული სხვაობა დაახლოებით 60 გრადუსია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომელ საფეხურზე დაჯდე ან დაჯდე თუ დაწვე. დაწოლას, გარდა იმისა, რომ ამ დროს უკეთესად ისვენებთ, კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ტემპერატურა მთელ სხეულზე თანაბრად ნაწილდება, ჯდომისას კი ფეხებისა და თავის მიდამოში სხვადასხვა ტემპერატურაა.
* წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ ჰაერში ტენიანობა მოიმატებს, ტენით გაჟღენთილ გარემოში კი ოფლი ცუდად ორთქლდება. შესაძლოა ორგანიზმი გადახურდეს და სისხლის მიმოქცევის პრობლემებმა იჩინოს თავი. ერთ დასხმაზე ნახევარი ან ერთი ჩამჩა წყალი სავსებით საკმარისია.
* თუ დარბაზში ერთი მაინც არის წყლის დასხმის წინააღმდეგი, ჯობია, თავი შეიკავოთ.
*ფრთხილად გამოიყენეთ ეთერზეთები – თუ ადამიანი ალერგიულია, გაცხელებულმა ეთერზეთმა შესაძლოა სასუნთქ გზებზე ცუდად იმოქმედოს.
* საუნიდან გამოსვლამდე 2-3 წუთით ადრე ყველაზე დაბლა მოთავსებულ სკამზე დაჯექით და ფეხები აქნიეთ. ეს სისხლის მიმოქცევას გაააქტიურებს და გარეთ გასულს თავბრუ აღარ დაგეხვევათ.
* საუნიდან გამოსვლის შემდეგ, ცივი წყლის აბაზანის მიღებამდე, ოთახის ტემპერატურას შეეგუეთ, ოღონდ ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით, იმოძრავეთ. კარგი იქნება, თუ ჰაერზე გახვალთ. მერე კი ცივი წყალი გადაივლეთ. ორგანიზმმა შოკი რომ არ მიიღოს, წყალი მთელ სხეულზე ერთბაშად არ დაისხათ. ნელ-ნელა დაისველეთ ჯერ ერთი ფეხი ტერფიდან ზემოთ, მერე – მეორე, მერე – ხელები მტევნებიდან მხრებამდე, ბოლოს კი მთელ ტანზე ნელთბილი წყალი გადაივლეთ.
* ფინეთში ზოგიერთი საუნიდან გამოსვლისთანავე ცივ ტბაში ხტება, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან გამოცდილებისთვისაა ნებადართული. ცივ წყალში 10 წამით ყოფნა საკმარისია.
* საუნის შემდეგ 15-30 წუთით მშვიდად მოკალათდით მოსასვენებელ ოთახში და მიეცით სხეულს საშუალება, ისევ მოიკრიბოს ძალ-ღონე. მერე კი დაკარგული სითხისა და მინერალების აღდგენაზე იზრუნეთ.
ასე რომ, საუნა ოაზისია მათთვის, ვინც ყოველდღიური სტრესით დაიღალა. ის მხოლოდ სხეულს კი არ აკაჟებს, არამედ ფსიქიკასაც ძალიან უხდება.
ჯილდა გაჩეჩილაძე