საკუთარ თავზე ზრუნვა

გააზიარე:

 

ბოლო დროს, რა სტატიაც არ გავხსენი, საკუთარ თავზე ზრუნვის ხოტბას წავაწყდი. ეს რაღაც ახალი ტალღაა. ტალღა, რომელიც გვეუბნება, რომ კიდევ ერთ რამეს ვაკეთებთ არასწორად – არასწორად ვზრუნავთ საკუთარ თავზე. არასწორად გვაცვია, არასწორად ვიკვებებით, სუნთქვითაც კი არასწორად ვსუნთქავთ. ეს ყველაფერი დანაშაულის განცდას გვიჩენს და სტრესის კიდევ ერთ წყაროდ გვევლინება. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ სწორ და ჯანსაღ, ჰარმონიულ და მშვიდ, გასხივოსნებულ და ფსიქიკურად სტაბილურ ცხოვრებას მარტივად გვთავაზობენ: ათასი ჯურის ტრენინგი, ქოუჩინგი, იოგა და მისთვის "აუცილებელი" 800 ნივთი, მატი, შარვალი, წინდა, სირბილი მხოლოდ სპეციალური ფეხსაცმლით, რომელიც თითქმის ვერ ფარავს ტერფს (და ბარემ ფეხშიშველამ ირბინე), "სულიერი საიკლინგი" (ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური გამხნევების ფონზე ტრენაჟორ-ველოსიპედზე ვარჯიშის ფორმაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ), ძვირად ღირებული სპა პროცედურები, დაუსრულებელი შოპინგი... მოკლედ, ჩემი ფეისბუქი სავსეა წინადადებებით მარტივად, სწრაფად და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სულიერ-ფიზიკური ჰომეოსტაზის აღდგენის თაობაზე. და თუ რამე მაღიზიანებს ამქვეყნად, ადამიანების ემოციური მდგომარეობის ექსპლუატაციაა.

 

რაში გვჭირდება საკუთარ თავზე ზრუნვა?

როგორც ჩანს, ბაზარმა უპასუხა მოთხოვნას:  ხან შოკოლადით გვპირდება ბედნიერებას და ხან – ახალი ფეხსაცმლით თავდაჯერების ამაღლებას. რა წარმოშობს ამ მოთხოვნას? – უკიდურესად ნარცისისტულ კულტურაში მარტოობის განცდა. დაუკმაყოფილებლობა, რომელსაც ვერც ახალი აიფონი აქრობს, ვერც სერიალის  სხვებზე ადრე ყურება, ვერც სამსახურებრივი წინსვლა და ვერც საკუთარ მიღწევებზე დაუსრულებელი საუბარი. ეს არის განცდა, რომ რაღაცა გვეკუთვნის, სამყარო კი არ გვაძლევს. მერე კი – ყოველივე ამაზე გაბრაზება და პასუხების ძიება, მაგალითად ორდღიანი ტრენინგის გავლა, რომელიც გვპირდება, რომ ამ ორ დღეში მოგვცემს რეალურ რჩევებს, მზა რეცეპტებს იმის თაობაზე, როგორ შეგვიყვარდეს საკუთარი თავი. ნაცვლად იმისა, რომ ვუპასუხოთ ჩვენს ნარცისისტულ დილემებს – როგორ ვიყო განსაკუთრებული და სხვებზე უკეთესი მაშინ, როდესაც ყველა თავისებურად განსაკუთრებულია – დავინახოთ, საიდან მოდის ეს სიცარიელე და მარტოობა, ჩვენ ვყიდულობთ უფრო მარტივს და სწრაფს. და ეს გასაგებია: ვის უნდა სამი წელი საკუთარი თავის ჩხრეკა, როდესაც, აგერ, ექვსიოდე საათში ხელახლა დაგვაჯერებენ, რომ ჩვენისთანა მეორე არ დადის დედამიწაზე?

 

ყველაფერი კარგად იქნება

ყველაფერი ცუდად იქნება, მერე კი – კარგად. მერე – ისევ ცუდად. ეს არის ცხოვრება. ყველა, ვინც გპირდებათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გატყუებთ. ყველა, ვინც გარწმუნებთ, რომ სამყაროს ცენტრი ხართ, გატყუებთ. არცერთი ჩვენგანი არ არის სამყაროს ცენტრი, ნებისმიერი ჩვენგანი სამყაროს ნაწილია. ის ჩვენ გვავსებს, ჩვენ – მას. და დიახ, ჩვენ ვართ უნიკალურები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც გვეკუთვნის. ამიტომ ჩვენვე უნდა დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების მოწესრიგება. ფიფქიამ თავად უნდა გაიღვიძოს, ადგეს და გვირილის ჩაი დალიოს. სხვაგვარად უფლისწული ან მოვა, ან არა და რომც მოვიდეს, სულ ჩვენთან ხომ არ იქნება?!

 

რა არ არის თვითზრუნვა?

იმის გასაგებად, რა არის თვითზრუნვა, ჯერ გავიგოთ, რა არ არის.

1. თვითზრუნვა არ არის შენაძენი და პროცედურები.

როდესაც ვამბობთ: "თავი გაინებივრე", "თავს მოუარე" და ა.შ., ვგულისხმობთ, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე ფული უნდა დახარჯოს, რაც დროდადრო სულაც არ არის ცუდი, მაგრამ თვითზრუნვა არ არის. არც კოსმეტოლოგიური პროცედურა და ახალი საყურის ყიდვაა თვითზრუნვა. თვითზრუნვა მართლა ზრუნვას გულისხმობს. თვითზრუნვაა უკეთესი და უფრო კომფორტული (და დიახ, უფრო ძვირად ღირებული) ფეხსაცმლის შეძენა და ფეხების მუდმივ ტკივილზე უარის თქმა. თვითზრუნვაა ოდნავ მეტის გადახდა და ჯანსაღი ლანჩის მირთმევა; თვითზრუნვაა კბილების გაწმენდა 6 თვეში ერთხელ. ვერავითარი სალონში გასწორებული თმა ვერ ამოავსებს სიცარიელეს, ვერ მოგცემთ ენერგიას. გინდათ ენერგია? გამორთეთ ფილმი და დაიძინეთ. ძილი ყველაზე დიდი საჩუქარია.

2. თვითზრუნვა არ არის საკუთარი საჭიროებების სხვების საჭიროებებზე მაღლა დაყენება.

კიდევ ერთი ნარცისისტული ტრენდი, რომელიც ახალმა დროებამ მოიტანა: გვეუბნებიან, რომ თვითზრუნვა ნიშნავს, ჩვენი საჭიროებები სხვების საჭიროებებზე მაღლა დავაყენოთ. მაგალითად, საქმის დასრულებამდე შორია, მაგრამ ერთი თანამშრომელი იღლება, დგება და შინ მიდის, დანრჩენებს კი საქმე ემატებათ, ნაცვლად იმისა, რომ შეთანხმდნენ, როგრ მოიქცნენ შექმნილ ვითარებაში.

თვითზრუნვა ხანდახან სხვების შეწუხებასაც გულისხმობს, თუმცა იშვიათად. თუ საკუთარ თავზე ზრუნვა სხვების შევიწროებას გკარნახობთ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ.

პირიქით, სოციალური კავშირების აღდგენა თვითზრუნვის აუცილებელი ნაწილია. თვითზრუნვა ნიშნავს იმ ხალხთან ყოფნას, რომელიც გვზრდის, გვასწავლის, გვეხმარება და პირიქითაც – რომელსაც ჩვენ ვუდგავართ მხარში. სხვებზე ზრუნვა, ოღონდ გაცნობიერებულად, თვითზრუნვის აუცილებელი ნაწილია.

 

3. თვითზრუნვა ქცევის რეცეპტი არ არის; თვითზრუნვას სიტუაცია განაპირობებს.

თვითზრუნვა ხშირად სიტუაციურია, რადგან მისი მიზანი, საბოლოო ჯამში ფსიქიკური და ფიზიკური ჰომეოსტაზის აღდგენაა. ის ბალანსს და ჰარმონიას გულისხმობს. მაგალითად, თუკი თვეებია, რაც სუბიექტურად მნიშვნელოვან, მაგრამ ობიექტურად უმნიშვნელო რამეს ვერ აკეთებთ, თვითზრუნვა ნიშნავს, აღარ გადადოთ ეს საქმე და მისცეთ თავს უფლება, ისიამოვნოთ. სხვა დროს კი წამყვანი ხდება ობიექტურად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, რადგან ეს პრობლემა სტრესის წყაროა, შეუსრულებელი მისიაა, რომელიც ყოველდღე გვჭყლეტს.

შესაბამისად, თვითზრუნვა – ეს არის უნარი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მდგომარეობაში ფსიქოლოგიურად დრეკადები ვიყოთ, გავაკეთოთ ოპტიმალური არჩევანი.

 

4. თვითზრუნვა მხოლოდ ქცევა არ არის; ეს განწყობაა.

საკუთარ თავზე ზრუნვის  მთავარი კომპონენტი არა განსაზღვრული ქცევა, არამედ შინაგანი სამყაროს მიღება. თვითზრუნვა თვითემპათიას ნიშნავს. ერთი შეხედვით, ეს თვითემპათია რაღაა, ისედაც არ ვქომაგობთ საკუთარ თავს? გამოდის, რომ არა.

თვითემპათია გულისხმობს იმის აღიარებას, რასაც ვგრძნობთ (მაგალითად, ტკივილს, შფოთვას, სირცხვილს), მერე კი იმის გაცნობიერებას, რომ ეს ემოციები უნივერსალური ადამიანური გამოცდილების ნაწილია. შესაძლოა, ტკივილსაც განვიცდიდეთ და სირცხვილსაც, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ამას ყველა განიცდის და არ განვსაჯოთ საკუთარი თავი.

ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისადმი ემპათიურია, ხვდება, როდესაც შფოთავს და იცის, რომ ეს შფოთვა რაღაცისთვის სჭირდება – მაგალითად, მიზნის მისაღწევად, საქმის კარგად გასაკეთებელად. მაგრამ ის არ აძლევს შფოთვას უფლებას, მართოს. ის აღიარებს და იღებს შინაგან მდგომარეობას, არ ებრძვის, აცნობიერებს და შემდეგ უშვებს.

 

5. თვითზრუნვა იზოლაციას არ ნიშნავს.

საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება იზოლაციისგან თავის დაღწევაა.

ხშირად თვითზრუნვა სოლო აქტივობა გვგონია, მაგალითად, აბაზანის მიღება ან მედიტაცია, მაგრამ სტრესის დროს სხვებთან დაკავშირება თვითზრუნვის აუცილებელი პირობაა.

თვითზრუნვა ნიშნავს, რომ ჩვენს სამყაროში სხვებსაც ვუშვებთ, ვუკავშირდებით დიდი ხნის წინ დაკარგულ მეგობებს, პირადად ვხვდებით ხალხს, რომელსაც მხოლოდ ინტერნეტით ველაპარაკებით.

დიახ, მარტო მედიტირებაც აუცილებელია, მაგრამ ჯგუფში ჩართულობაც, მიკუთვნებულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თემის განცდა, თანამოაზრეების პოვნა, მეგობრებისა და ნაცნობების ქსელის გაბმა – ყველა ბოლოდროინდელი კვლევა გვეუბნება, რომ სწორედ ეს გვაკლია თანამედროვე სამყაროში.

 

თვითზრუნვა და მადლიერება

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ უმადური ადამიანები არიან ცუდად. რას ნიშნავს უმადური ადამიანი? და მეორე – ცუდად ყველანი ვხდებით. ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ხან ზემოთ ავდივართ, ხან ქვემოთ ვეშვებით.

ამავე დროს, ვიცით: გარემო რესურსების უბრალოდ დაფასება გვეხმარება, უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ ჩვენს პრობლემებს, დავეყრდნოთ ამ რესურსებს სტრესის დროს. გთავაზობთ რამდენიმე კითხვას, რომლებიც დაგეხმარებათ დაინახოთ, რა სიმდიდრეა თქვენ გარშემო და შინაგანი სიცარიელის ამოსავსებად მსგავსს რესურსებს მიმართოთ.

 

* ცხოვრების ამ ეტაპზე რისი მადლიერი ხართ?

გახსოვთ, ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში რამდენ მადლობას უხდის მოხუცი ძროხას, მზეს, მიწას სიკვდილის წინ? ჰოდა, რაკი სიკვდილი გარდაუვალია, სიცოცხლეს ფასი ადევს. რას ან ვის გადაუხდიდით მადლობას? მე, მაგალითად, ჩემს წერის მასწავლებელს ვუხდი ახლა მადლობას, მიხარია, რომ წერის სიყვარული გადმომცა.

* რომელი ცხოვრებისეული გაკვეთილი გისწავლიათ იოლად?

იქნებ ღვედის გარეშე მგზავრობის გამო დაგაჯარიმეს, მაგრამ ამით "ისწავლეთ", რომ ღვედი გეკეთოთ და, შესაბამისად, გაცილებით უსაფრთხოდ დადიხართ? რა არის ის, რაც ვითომ მარტივია, მაგრამ დიდი შედეგი მოაქვს?

 

* რომელი ურთიერთობა გაძლევთ სტაბილურობის განცდას?

იქნებ გამგები უფროსი გყავთ ან თქვენი ძიძა არ იგვიანებს? ვინ არის თქვენ გარშემო სტაბილური? (ალბათ, ფიქრობთ, არავინო. არადა, ახლა ვიფიქრე, რამდენად სტაბილურია იმ მიკროავტობუსის მძღოლი, ყოველ დილით ბაღში რომ მივყავართ მე და ჩემი შვილი).

 

* თქვენი პიროვნების რომელი ნაწილი მოგწონთ?

ნებისმიერ ადამიანს აქვს დასაფასებელი თვისებები. თქვენი რომელია? როდესაც თქვენზე კარგს ამბობენ, რას უსვამენ ხოლმე ხაზს?

 

* ვინ არის თქვენი მასწავლებლი ან მენტორი, რომელსაც პატივს სცემთ?

ვის ეკუთვნის თქვენს ცხოვრებში მენტორის როლი? ვინ არის ის, ვისაც შესაძლოა აღარც კი ურეკავთ, მაგრამ ხვდებით, რთულ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა ან რას გირჩევდათ?

 

* დაფიქრდით ერთ რამეზე, რისთვისაც მშობლების მადლობელი ხართ.

იქნებ რომელიმე მშობელი გემრიელ კერძს ამზადებდა ან დავალების შესრულებაში გეხმარებოდათ? იქნებ (და ნამდვილად ასე იქნებოდა) როდესაც ჩვილი ღამით იღვიძებდით, საფენს გიცვლიდათ, წყალს ან რძეს გაწვდიდათ?

 

* თუ შვილები გყავთ, რა მოგწონთ მათში ამ ასაკში?

პირადად მე ძალიან მომწონს, რომ ჩემი შვილი უკვე იმდენად დიდია, რომ საინტერესო თანამოსაუბრეა, მაგრამ იმდენად პატარაა, რომ ჩახუტება უყვარს.

 

* რომელი სტრესორი მოიტოვეთ წელს უკან?

იქნებ დიდი ხნის დასალაგებელი უჯრა დაალაგეთ, დესკტოპი მოაწესრიგეთ ან ყველა ზედმეტი ცელოფნის პარკი გადააგდეთ? მახსოვს, ერთხელ ათი წყვილი ერთნაირი წინდა ვიყიდე და მათი დაწყვილების სტრესი ავიცილე თავიდან.

 

* ვის უხარია თქვენი ნახვა?

ეს შეიძლება იყოს შვილი, მშობელი, თუნდაც შინაური ცხოველი... ყველას გვყავს ვიღაც, ვისაც ჩვენი დანახვა უხარია.

 

* რომელი ტექნოლოგია გიადვილებთ მუშაობას?

ჩვენ ხომ ვერ ვამჩნევთ, როგორ გაგვიადვილა ცხოვრება სხვადასხვა ტექნოლოგიამ. თქვენ რა გიადვილებთ მუშაობას? მე, მაგალითად, გუგლის კალენდრის გარეშე კლიენტების მიღებას ვერ შევძლებდი. თქვენ რა გეხმარებათ?

 

* სახლში რომელი ნივთი განიჭებთ კომფორტს?

ეს შეიძლება იყოს საყვარელი ჩუსტები, საბანი, ჭიქა – ნებისმიერი რამ, რაც თქვენია და იცით, შინ რომ მიხვალთ, დაგხვდებათ.

 

* სამსახურში რა მოგწონთ?

დიახ, ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ სამსახურში არის რაღაც ისეთი, რაც არ მოგვწონს, რაზეც გამუდმებით ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ. მაგრამ რა მოგწონთ თქვენს სამსახურში? იქნებ რასაც აკეთებთ, გიტაცებთ ან საბოლოოდ კარგ მიზანს ემსახურება, ან საინტერესო თანამშრომლები გყვათ?

 

* რა გადაწყვეტილება მიიღეთ, რომელზეც დიდხანს არ გიფიქრიათ, მაგრამ მაინც გაამართლა?

იქნებ რამე ისეთი შეძინეთ, რაც უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე გეგონათ ან ვინმე ისეთი გაიცანით, ვინც თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, ან უბრალოდ ძალიან კარგი წიგნი წაიკითხეთ, რომელიც შემთხვევით მოგხვდათ ხელში?

 

* ბოლოს როდის მოგექცათ თქვენი ახლობელი მოთმინებით, მაშინ როდესაც თქვენი საქციელი გაუმართლებელი იყო?

გაიხსენეთ, როდის შეგეშალათ ბოლო დროს, როდის გაბრაზდით ან გაღიზიანდით ზედმეტად, ხოლო თქვენი რომელიღაც ნაცნობი, მეგობარი ან ნათესავი თქვენ გვერდით აღმოჩნდა და მოთმინებით და გაგებით მოგეკიდათ? სწორედ ასეთი ხალხი გვეხმარება, სტრესული სიტუაციები მშვიდობით გადავაგოროთ.

 

* რას აფასებთ თქვენს ფიზიკური ჯანმრთელობაში?

როდესაც ავად ვართ, მხოლოდ იმას ვამჩნევთ, რაც გვაკლია – ენერგია იქნება ეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალება თუ ინსულინი. მაგრამ, რას აფასებთ თქვენს სხეულში? რა მუშაობს გამართულად? მე, მაგალითად, არცერთი კბილი არ მაქვს დაბჟენილი, გამიმართლა. იქნებ უსათვალოდ კითხვულობთ? იქნებ დილაობით გაჩერებამდე შემართებით მიდიხართ?

 

როგორ დავიწყოთ თვითზრუნვა

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვილილი ზედაპირული მაგალითია იმისა, როგორ დავიწყოთ რესურსების შემჩნევა. სწორედ მათ უნდა დავეყრდნოთ, როდესაც სტრესის ქვეშ ვართ, როდესაც მელანქოლია გვიტევს, როდესაც გვეჩვენება, რომ ყველაფერი ცუდად არის, ცუდად იყო და ცუდად იქნება. ან, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ხდის ჩვენს ცხოვრებას სასიამოვნოს.

თუმცა მხოლოდ დადებითი ფიქრები შორს ვერ წაგვიყვანს. ცხოვრების სტილი უნდა შევიცვალოთ. ეს თვითზრუნვის ნაწილია. დაიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა:

1. სწორი ძილი თვითზრუნვის აუცილებელი შემადგენელია.

ძილს უდიდესი გავლენა აქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. დაგეგმეთ თქვენი ძილისწინა რუტინა. ნუ შეჭამთ ძილის წინ, მოერიდეთ კოფეინს, დაცალეთ საძინებელი გამრთობი საშულებებისაგან – ტელევიზორისგან, კომპიუტერისგან – და დიახ, გადადეთ მობილური. თავიდან გაგიჭირდებათ, მერე კი ჩვევად გექცევათ.

 

2. მოუარეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

არსებობს ასეთი გამოთქმა: "ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ". წინათ მიიჩნეოდა, რომ სტრესი იწვევს კუჭის პრობლემებს, ახლა კი ექიმები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ შეიძლება პირიქითაც – კუჭის პრობლემები დეპრესიის წინაპირობაა. დააკვირდით, რას ჭამთ, დააკვირდით, რა მოსდის თქვენს მიკროფლორას. არასწორი კვება ფსიქოლოგიურ სტრესორებს ამძაფრებს.

 

3. ივარჯიშეთ.

ესეც ისეთი რამაა, ყველამ რომ ვიცით და არ ვაკეთებთ. მეცნიერებმა კონსენსუსს მიაღწიეს – თუ საშუალოსტატისტიკური ადამიანი ხართ, ანუ თქვენი ყოველდღიურობა დიდ ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვს, აუცილებლად უნდა დაგეგმოთ რაიმე სახის ვარჯიში. ეს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც გაგაძლიერებთ.

სპორტულ დარბაზამდე ვერ მიდიხართ? დაიწყეთ სირბილი თქვენს უბანში. ივარჯიშეთ სახლში. იხტუნავეთ სახტუნაოთი. როგორც ადამიანმა, რომელსაც 32 წლამდე არ უვარჯიშია, ვიცი, რა ძნელია, მაგრამ მენდეთ: ენერგია, რომელიც ვარჯიშის მეორე დღეს მოდის და საკუთარი თავით კმაყოფილება ვერც ერთ დაღლას ვერ შეედრება.

 

4. ისწავლეთ უარის თქმა

ეს ჩემთვის ყველაზე რთული პუნქტია. ხშირად გვგონია, რომ ვალდებულები ვართ, ყველაფერზე დავთანხმდეთ, გვინდა თუ არა, შეგვიძლია თუ არა. მაგალითად, შესაძლოა იმაზე მეტი ავიღოთ ჩვენს თავზე, ვიდრე შეგვიძლია, რასაც გადაწვამდე მივყავართ. დაიცავით თქვენი საზღვრები. გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები, დაისახეთ პრიორიტეტები და ზრდილობინად აარიდეთ თავი იმ საქმეებს, რომლებიც უბრალოდ გძირავთ.

 

5. გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე

მზე, ჟანგბადი, ღია სივრცე... ეს ყველაფერი ევოლუციურად გვჭირდება. ადამიანები იმისთვის არ შექმნილან, რომ 24 საათი ოთხ კედელში გაატარონ. ჩვენც სამყაროს ნაწილი ვართ და იზოლაცია უფრო და უფრო ზრდის სტრესის დონეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბუნების წიაღში ყოფნა, თუნდაც ცოტა ხნით, დაღლილობისა და გადაწვის სიმპტომებს ამცირებს.

 

დაბოლოს

გამოყავით დრო თვითზრუნვისთვის, აუხსენით ახლობლებს, რომ ეს თქვენი დროა და გამოიყენეთ. იქნებ საღამოობით სეირნობა დაიწყოთ, მეგობრებთან ერთად ფილმი ნახოთ ან უბრალოდ სიწყნარეში დალიოთ ჩაი? დაგეგმეთ ეს დრო, ის თავისით არ მოვა. თვითზრუნვა ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ის ჩვენ უნდა დავნერგოთ. როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი კეთილდღეობა გარკვეულწილად ჩვენს ხელთაა (გარემო სტრესორების ფონზეც კი), განწყობაც შეგვეცვლება. სწორედ ესაა თვითზრუნვა.

 

 რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: