მოწიფული კანის მოვლის რუტინა
გააზიარე:
გვინდა თუ არა, დრო კანს თავის კვალს აჩნევს. რამდენად შესამჩნევი იქნება ეს ცვლილებები, ჩვენს გენებზეა დამოკიდებული. თუმცა რეგულარული მოვლით, სწორად შერჩეული მოვლის საშუალებებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით შეგვიძლია, კანის დაბერების პროცესი შევანელოთ. თუ ამას კანის გამაჯანსაღებელ ანტიასაკობრივ (Anti Aging) კოსმეტოლოგიურ პროცედურებსაც დავუმატებთ, რომლებითაც დღეს ასე გვანებივრებს ესთეტიკური მედიცინა, რამდენიმე წლით ნამდვილად შევაჩერებთ დროს.
გია გვარამიას კლინიკის ექიმი დერმატოლოგი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე ამჯერად კანის ასაკობრივ ცვლილებებზე გვესაუბრება.
კანის ადრეული დაბერების მიზეზები
– დაბერება ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ვერსად გავექცევით. ზოგს ადრე უჩნდება ნაოჭები, ზოგი კი დიდხანს იწონებს თავს ახალგაზრდული და გლუვი კანით. ეს, უპირველეს ყოვლისა, გენეტიკაზეა დამოკიდებული, მერე კი კანის ტიპზე, გარემოს მავნე ფაქტორებსა და ცხოვრების სტილზე.
როდის იწყება კანის გადაგვარება? – როცა კანში ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების სტრუქტურა იცვლება, ჰიალურონის მჟავას სინთეზი მცირდება, შემაერთებელი ქსოვილის წილი იკლებს, კანი თხელდება და ელასტიკურობას კარგავს.
სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია:
* ჭარბი ულტრაიისფერი (UV) დასხივება;
* არასწორი მოვლა;
*ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკების ზემოქმედება;
* სტრესი და უძილობა – ამ დროს ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელიც ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების დაშლას, აფერხებს უჯრედების განახლებას;
* უმოძრაობა, არასწორი კვება (ვიტამინებისა და ცილების ნაკლებობა, ზედმეტი ცხიმი და შაქარი);
* არასაკმარისი წყლის მიღება;
* თავისუფალი რადიკალები (რომლებიც კანის უჯრედებს აზიანებენ).
კანის დაბერების ფაზები
კანის სტრუქტურა ნელ-ნელა, საფეხურებრივად იცვლება.
20-25 წლიდან ნელდება კანში სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა და კანის უჯრედები საკმარის ჟანგბადს და საკვებ ელემენტებს ვეღარ იღებს. შესაბამისად, აღარც უჯრედების განახლების პროცესია ისეთი ინტენსიური, როგორიც მანამდე.
30-35 წლიდან თვალსაჩინო ხდება ასაკობრივი ცვლილებები. ცხიმოვანი ჯირკვლები ცხიმის გამოყოფას ამცირებს და კანიდან ტენი ადვილად ორთქლდება. შედეგად კანი შრება, თვალებთან და ცხვირ-ტუჩს შორის ნაოჭდება. უჯრედთა განახლების პროცესი კიდევ უფრო ნელდება – 20-25 წლამდე უჯრედები თუ ყოველ 28 დღეში ახლდებოდა, 30 წლიდან განახლება 40 დღეში ერთხელ ხდება. ნივთიერებათა ცვლაც უფრო მეტად სუსტდება. 35 წლიდან მცირდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, რაც კანის უფრო მეტად გამოშრობას იწვევს. კანი თხელდება და ეშვება. ნაოჭები მრავლდება.
40-45 წლიდან იწყება კანის ასაკობრივი გადაგვარება (დისტროფია). კოლაგენური ბოჭკოები სქელდება და უხეშდება, შემაერთებელი ქსოვილისა და ელასტიკური ბოჭკოები ერთმანეთს ერწყმის ან იშლება, რაც კანის მოდუნებას განაპირობებს. კანის უჯრედებს საკმარისი სისხლი ვეღარ მიეწოდება, კანი სათანადოდ ვეღარ იკვებება და უფრო მეტად თხელდება, ფერმკრთალდება. ნაოჭები ღრმავდება, გრძელდება. კანზე პიგმენტური ლაქები ჩნდება.
ცხიმის გამომუშავება უფრო მეტად მცირდება და კანი უფრო მეტად შრება კლიმაქსის პერიოდში, როცა ესტროგენების გამომუშავება იკლებს.
50-55 წლიდან ზემოთ აღწერილი ცვლილებები უფრო ინტენსიური ხდება. ჯირკვლები ძალიან ცოტა ცხიმს გამოყოფს, ტენის მარაგი კანში თითქმის აღარ არის. ჰიალურონის მჟავას სინთეზი და უჯრედების განახლება უფრო და უფრო ნელდება. ამის გამო კანი კიდევ უფრო თხელდება, შრება, მისი კონტურები ეშვება. უფუნქციო კაპილარების რაოდენობაც იმატებს, რაც შესამჩნევი ხდება ცხვირსა და ლოყებზე. თვალშისაცემია ასაკობრივი ლაქები, ღრმა ნაოჭები, გაუხეშებული ადგილები, რომლებიც იქერცლება.
მოვლა
– თუ 30 წლამდე შესაძლებელია, მხოლოდ დატენიანებით შევინარჩუნოთ სავსე და პრიალა კანი, 30-35 წლიდან აუცილებელია კანის სპეციფიკური მოვლა, ყველა საჭირო ნივთიერებით მისი მომარაგება. კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებლებმა შექმნეს ანტიასაკობრივი ნაწარმი, რომელიც სწორედ იმ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც აუცილებელია კანის ასაკობრივი ცვლილებების აქტიური პროფილაქტიკისთვის.
ანტიასაკობრივი ნივთიერებები
– თავდაპირველად გავიგოთ, რომელი ანტიასაკობრივი ნივთიერებების წყალობით ინარჩუნებს კანი ახალგაზრდულ და ჯანსაღ იერს და რომელი რისთვისაა საჭირო. ესენია, უპირველეს ყოვლისა, ჰიალურონის მჟავა, ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ძალიან დიდი როლი აკისრიათ დაბერების პროცესის გახანგრძლივებაში და კოენზიმები.
* რეტინოლი, იგივე A ვიტამინი – ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ააქტიურებს შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმს, კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას; ხელს უწყობს კანში ტენის შენარჩუნებას; ანოტივებს კანის ღრმა ფენებს, რამაც შესაძლოა ზედა ფენის გამოშრობა გამოიწვიოს, ამიტომ უმჯობესია, დამატენიანებელ კრემთან ერთად გამოიყენოთ; ჯანსაღ ელფერს აძლევს სახეს; ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას; ეფექტური საშუალებაა მოშვებული კანის წინააღმდეგ; ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაფერმკრთალებას.
ვინაიდან რეტინოლი კანის ღრმა ფენებზე მოქმედებს, შედეგს 4 კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ. მისი შემცველი კოსმეტიკური ნაწარმი მხოლოდ საღამოს გამოიყენება.
* კოენზიმ Q10 – უჯრედებს აწვდის ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ენერგიას. ძალიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია. იცავს უჯრედებს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. ააქტიურებს უჯრედების განახლების პროცესს.
* C ვიტამინი – ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის პროდუქციას, რითაც კანის დაბერებას უშლის ხელს. გარდა ამისა, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ორგანიზმში გარემოდან და ნიკოტინის საშუალებითაც ხვდება. აფერმკრთალებს პიგმენტურ ლაქებს. სასურველია, ადგილობრივ საშუალებებთან ერთად ის საკვებითაც მივაწოდოთ ორგანიზმს.
* E ვიტამინი – ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იცავს კანს მათი შემოჭრისგან. გარდა ამისა, კარგად აკავებს კანში წყალს და ამით უზრუნველყოფს მის ტენიანობას.
* ჰიალურონის მჟავა – კანის შემადგენელი ბუნებრივი ელემენტია. დერმაში წარმოიქმნება და მას სიმტკიცეს მატებს. ისრუტავს ტენს, რითაც ხელს უწყობს სავსე, პრიალა და მტკიცე კანის შენარჩუნებას.
ასაკის მატებასთან ერთად ჰიალურონის მჟავას გამომუშავება იკლებს.
აირჩიეთ კრემი დაბალი მოლეკულური მასის (50 კილოდალტონამდე) მქონე ჰიალურონის მჟავათი, რადგან ის, მაღალი მოლეკულური მასის მქონე ფორმისგან განსხვავებით, ადვილად შეიწოვება კანში და ხანგრძლივ ანტიასაკობრივ ეფექტს განაპირობებს.
* ალფა-ჰიდროქსიმჟავები (შემოკლებით AHA) (გლიკოლის, რძისა, ლიმონის) – უხვადაა ვაშლში, ციტრუსებში, შაქრის ლერწამში, ღვინოში. კოსმეტოლოგიაში მათ ხელოვნურადაც ქმნიან. აჰა ხელს უწყობს კანის აქერცვლას. კანი მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისგან თავისუფლდება, რის შედეგადაც უჯრედების აღდგენა უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. უმთავრესად იყენებენ პილინგისთვის ან სამკურნალოდ, მაგრამ მცირე კონცენტრაციით Aნტი-Aგინგ კრემებიც შეიცავს.
* სალიცილის მჟავა – ისევე როგორც ალფა-ჰიდროქსიმჟავები, ხელს უწყობს კანის აქერცვლას. კანი ხდება რბილი, პრიალა და ვარდისფერი.
* ალფა-ლიპოის მჟავა – ეფექტური ანტიოქსიდანტია. იჭერს თავისუფალ რადიკალებს. მისი უპირატესობა ის არის, რომ კარგად იხსნება წყალშიც და ცხიმშიც. აღწევს კანის ყოველგვარი ქსოვილის უჯრედებამდე.
* პეპტიდები – კანის ბუნებრივი შემადგენელი ელემენტებია, რომლებიც ცილის შენებაში მონაწილეობს. ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს.
* მინერალები. სილიციუმი – აძლიერებს უჯრედშორის კავშირს, შედეგად კანი ხდება მტკიცე და სქელი, ტენს უკეთესად ინარჩუნებს და ნაოჭებიც ძნელად წარმოიქმნება. კალციუმი – ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, რის შედეგადაც კანი რჩება მტკიცე და პრიალა. იგივე ეფექტი აქვს ფოსფორსაც.
მრავლადაა სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც შედარებით სუსტად მოქმედებს. მათ შორის – მწვანე ჩაის, ჟოჟობას, ალოეს, კიტრის, გულყვითელას, კვიპაროსის, კრაზანას, კვლიავის, შვიტას ექსტრაქტი.
გამწმენდი
– ახალგაზრდული კანის დიდხანს შესანარჩუნებლად მთავარი პირობაა დატენიანება. როგორც ვთქვით, ასაკთან ერთად ცხიმისა და ჰიალურონის მჟავას სინთეზი იკლებს და კანში ტენის შენარჩუნებაც უფრო და უფრო ჭირს. კანი, რა ტიპისაც არ უნდა იყოს, ასაკის მატების კვალდაკვალ უფრო და უფრო შრება. ამიტომ აუცილებელია, მოვლის საშუალებები, გამწმენდი იქნება თუ კრემი, დამატენიანებელ კომპონენტებს შეიცავდეს. ესენია, როგორც ჩვენი წინა სტატიებიდან იცით, ჰიალურონის მჟავა, შარდმჟავა, გლიცერინი. ასევე – ჟოჟობას, ანწლის, ბალბის, სუროს ექსტრაქტები.
გამწმენდი უნდა შეიცავდეს წყალს, ცხიმოვან მჟავებსა და ექსტრაქტებს. არ უნდა შეიცავდეს სპირტს. ის უნდა წმენდდეს და, ამასთანავე, ატენიანებდეს კანს. საფუძვლიანი გაწმენდა კი აუცილებელია შრატისა და კრემის აქტიური ნივთიერებების შეწოვისა და ეფექტური მოქმედებისთვის.
უპირატესობა კოსმეტიკურ რძეს მიანიჭეთ, რომელშიც 70% წყალია და 30% – ეთეროვანი ზეთები. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, 10-15 წუთის შემდეგ ტონიკით ან ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. ერიდეთ საპნით პირის ბანას. პირი მხოლოდ მძიმე მაკიაჟის შემდეგ დაიბანეთ დასაბანი გელით ან ქაფით და არამც და არამც საპნით.
გაწმენდა დაასრულეთ ტონიკით. ის უსპირტო უნდა იყოს და კანს ანოტივებდეს.
შრატი
– მწარმოებლები შრატისგან ნამდვილ სასწაულებს გვპირდებიან. ის შეიცავს უფრო მეტ ნივთიერებას და უფრო მაღალი კონცენტრაციით, ვიდრე სახის კრემი. შეიწოვება სწრაფად, უკეთესად და ღრმად.
თუ კანი მეტისმეტად გაქვთ გამომშრალი, საუკეთესოა შრატი ჰიალურონის მჟავათი ან ცხიმოვანი ეთერზეთებით.
ნაოჭებთან საბრძოლველად გირჩევთ გამამკვრივებელი პოლიპეპტიდების, A ვიტამინის (ასწორებს ნაოჭებს) და E ვიტამინის (იცავს უჯრედებს) შემცველ შრატს. ასევე კარგი გამამკვრივებელი ეფექტი აქვს შრატს, რომელიც მაღალი კონცენტრაციით შეიცავს C ვიტამინს. ის პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაცაა (ასაკმა, UV გამოსხივებამ, ჰორმონულმა ცვლილებებმა შესაძლოა ზოგიერთ ადგილას მელანინის დაგროვება გამოიწვიოს და კანზე მუქი ლაქები გააჩინოს). პიგმენტაციას ებრძვის ხილის მჟავას, თაფლის, ძირტკბილას შემცველი შრატიც.
კრემები
– 35 წლიდან სასურველია ანტიასაკობრივი საშუალებების გამოყენება, 40 წლიდან კი აუცილებელია დილა-საღამოს შესაბამისი ანტიასაკობრივი კრემის წასმა.
ზოგიერთი მწარმოებელი ანტიასაკობრივ ნაწარმს ჯგუფებად ყოფს ასაკის (25, 35, 45 წლიდან), შემადგენლობის (რეტინოლით, ჩ ვიტამინით), ან კანის პრობლემის (პიგმენტაციის საწინააღმდეგოდ, ინტენსიური დატენიანება, ენერგიით მომარაგება) მიხედვით. ანტიასაკობრივი და ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი ყველა მათგანს აქვს, მაგრამ მაინც გირჩევთ, კრემი კანის მდგომარეობის მიხედვით შეარჩიოთ ან კონსულტაცია თქვენს კოსმეტოლოგთან გაიაროთ.
დღის კრემის მთავარი ფუნქციაა, დაატენიანოს და UV გამოსხივებისგან დაიცვას კანი, ამიტომ პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ მისი შეძენისას, ჰიალურონის მჟავას ან სხვა აქტიური დამატენიანებელი ნივთიერებისა თუ მცენარეული ექსტრაქტის შემცველობაა.
დანოტივებასთან ერთად სასურველია დღის კრემმა კანს საჭირო მინერალებიც მიაწოდოს, ამიტომ დაკვირვებით გაეცანით მის ანოტაციას.
ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება მზისგან დაცვაა. გადაჭარბებული UV დასხივება ხელს უწყობს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების გავრცელებას, რომლებიც, როგორც უკვე ვიცით, ანადგურებენ კანის უჯრედებს, ამიტომ შემდეგი კომპონენტი, რომელსაც დღის კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს, მზისგან დამცავი ფაქტორია (სპფ მინიმალური კოეფიციენტით 15).
კანის მომარაგება რეგენერაციისთვის საჭირო ყველა ნივთიერებით კი ღამის კრემის ფუნქციაა. როგორც ვიცით, კანში ინტენსიური აღდგენითი პროცესები (თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების ნეიტრალიზაცია, კოლაგენის სინთეზი, უჯრედების განახლება) სწორედ ღამით მიმდინარეობს, ამიტომ ღამის კრემის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს უფრო აქტიური აღმდგენი, მკვებავი და დამატენიანებელი ნივთიერებები, როგორიცაა, მაგალითად, რეტინოლი, კოენზიმ Q 10 , ჰიალურონის მჟავა , სოიისა და კაკაოს ზეთი.
ასევე კარგია:
* აბრეშუმის პროტეინი – აწვდის კანს კოლაგენის ბოჭკოების საშენ მასალას;
* სტაფილოს ექსტრაქტი – შეიცავს ვიტამინების, მინერალური ნაერთების, ეთერზეთებისა და ფერმენტების უიშვიათეს კომპლექსს;
* კიტრის, წიწმატის ან გულყვითელას ექსტრაქტი – ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას.
რას უნდა ვერიდოთ
მოწიფული კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა., ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მოვლის საშუალებების შემადგენლობას. წინასწარ უნდა გაეცნოთ ანოტაციას. უმჯობესია, ისეთი ნაწარმი გამოიყენოთ, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს, მინერალურ ზეთებს და მათ დერივატებს, პარაბენებს, სინთეტიკურ დანამატებს და ალკოჰოლს.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ჯილდა გაჩეჩილაძე