ვიტილიგო

გააზიარე:

თეთრი ლაქები კანზე ვიტილიგოს სავიზიტო ბარათია. ერთნი მათ შენიღბვას ცდილობენ, მეორენი კი თავიანთ განსხვავებულ გარეგნობას სილამაზედ აღიქვამენ. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთათვისაც ვიტილიგო წარმატებული კარიერის ტრამპლინად იქცა.

 

რა არის?

ვიტილიგო პიგმენტაციის შეძენილი დარღვევაა.

კანის უჯრედებში, მელანოციტებში, წარმოიქმნება პიგმენტი მელანინი, რომელიც კანს დამახასიათებელ შეფერილობას აძლევს და მზის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა.

ვიტილიგო ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, კვლევების თანახმად, უმეტესად 20 წლიდან იწყება. დაზიანებული კანის ფართობი სხვადასხვაა. რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო შესამჩნევია კონტრასტი ნორმალურ კანსა და თეთრ ლაქებს შორის. დეპიგმენტირებული უბნები ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ კი წლობით ერთი და იმავე ზომისაა.

სიმპტომები

ვიტილიგოს ერთადერთი სიმპტომი თეთრი ლაქებია. პირველი ლაქა უმეტესად კანის იმ უბანზე ჩნდება, რომელსაც მეტი კონტაქტი აქვს მზესთან – ხელებზე, ფეხებზე, სახეზე, თუმცა სხეულის ნებისმიერ სხვა უბანზეც შეიძლება გაჩნდეს, ლორწოვანი გარსების, თვალებისა და ყურების ჩათვლით.

თავდაპირველად ლაქა ჯანსაღ კანთან შედარებით ოდნავ ფერმკრთალია, მერე და მერე კი უფრო და უფრო მეტ პიგმენტს კარგავს და საბოლოოდ თეთრდება. ლაქას უსწორმასწორო ფორმა აქვს. ზოგჯერ მისი კიდეები ანთების გამო მოწითალო შეფერილობას იღებს. ხანდახან თან სდევს ქავილიც, თუმცა, ჩვეულებისამებრ, ვიტილიგო არავითარ დისკომფორტს არ იწვევს.

დაავადება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს: ზოგს პატარა ლაქები აქვს, ზოგს – დიდი, ხდება ისეც, რომ ლაქები ერთდება და კანის საკმაოდ ვრცელ უბნებს მოიცავს. კანის თმიან ნაწილზე ვიტილიგო თმის, წამწამების, წარბების, წვერის ნაადრევ გათეთრებას იწვევს.

ტიპები

განასხვავებენ ვიტილიგოს ორ ტიპს.

შემთხვევათა 90% არასეგმენტური ვიტილიგოს წილად მოდის. ის იწყება სიმეტრიული თეთრი ლაქების გაჩენით და შედარებით ნელა ვითარდება. ლაქები განსაზღვრული სიმეტრიულობით ჩნდება სხეულის ორივე მხარეს, უმეტესად – სახეზე, კისერზე, მტევნებზე, მაჯებზე ანუ სხეულის იმ უბნებზე, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდის მზის ზემოქმედებას, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს ტერფებზე, მუხლებზე, იდაყვებზეც...

არასეგმენტური ვიტილიგო შეიძლება იყოს:

. გენერალიზებული – ეს ფორმა ყველაზე ხშირია. ლაქების სპეციფიკური მდებარეობით ან განსაზღვრული ზომით არ გამოირჩევა;

. წარზიდული ნაწილების – ლაქები ჩნდება სხეულის წარზიდულ ნაწილებზე, მაგალითად, ხელისა და ფეხის თითებზე;

. ლორწოვანი გარსების – ლაქები ჩნდება ლორწოვან გარსებსა და ტუჩებზე;

. უნივერსალური – ძალიან იშვიათია; დეპიგმენტაცია მოიცავს სხეულის უმეტეს ნაწილს;

. კეროვანი – ყველაზე ხშირია ბავშვებთან; სხეულის ცალკეულ უბნებზე ჩნდება ერთი  ან რამდენიმე მიმობნეული თეთრი ლაქა.

სეგმენტური ვიტილიგო ასიმეტრიულია და არასეგმენტურთან შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო სტაბილურ და ნაკლებად ცვალებად ტიპად მიიჩნევა. ეს ტიპი ვიტილიგოთი დაავადებულთა მხოლოდ 10%-ს აქვს. შეინიშნება უმთავრესად ადრეულ ასაკობრივ კატეგორიაში. კარგად ექვემდებარება ადგილობრივ მკურნალობას.

რა იწვევს

დაავადების მიზეზი საბოლოოდ არ არის დადგენილი. მის განვითარებას მიაწერენ ავტოიმუნურ ფაქტორს, რაც გულისხმობს იმუნური სისტემის ზედმეტ გააქტიურებას მელანოციტების წინააღმდეგ. საუბრობენ გენეტიკურ ფაქტორზეც, ვინაიდან შემთხვევათა 30%-ში დასტურდება დაავადების ოჯახური ისტორია. ვიტილიგოს განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს ფიზიკურმა ან ემოციურმა სტრესმა, მზით დამწვრობამ, ქიმიურმა დამწვრობამ, ასევე – ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთა კომბინაციამ.

გართულებები

ვიტილიგო სხვა დაავადებებით არ რთულდება, თუმცა შესაძლოა თან ახლდეს ფსიქოლოგიური და სოციალური დისკომფორტი, მტკივნეული მზით დამწვრობა, სმენასთან ან  მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა ამისა, ვიტილიგოს დროს მომატებულია სხვა ავტოიმუნური დაავადებების განვითარების ალბათობაც – ისეთებისა, როგორიცაა ადისონის დაავადება, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, დიაბეტი ტიპი 1, პერნიციოზული ანემია.

დიაგნოზი

დიაგნოსტიკის დროს ყურადღება ექცევა ასაკს, როდესაც პირველი ლაქები გაჩნდა, ვიტილიგოს ოჯახურ ისტორიას, სხვა ავტოიმუნური დაავადებების არსებობას. კანის დათვალიერებით ფასდება დაავადების სიმძიმე და ინდივიდუალური პროგნოზი, ვიტილიგოს ტიპი, დაზიანებული უბნების პროგრესირებისა და გავრცელების სიჩქარე, სიცოცხლის ხარისხზე დაავადების გავლენა. ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ვუდის ნათურით შესაძლებელია ვიტილიგოს დიფერენცირება კანის სხვა დაავადებებისგან.

ვიტილიგოთი დაზიანებული კანის წილს აფასებენ ე.წ. ხელისგულის მეთოდით: როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან ხელისგულის ფართობი მთელი სხეულის ზედაპირის ფართობის დაახლოებით 1%-ია.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია დაავადების პროგრესირების შენელება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია პიგმენტაციის ამა თუ იმ ხარისხით აღდგენაც.

მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კანის ტიპზე, დაზიანების ფართობსა  და ლოკალიზაციაზე, დაავადების სიმძიმესა და აქტიურობის ხარისხზე. სხვადასხვა პაციენტი და ერთი პაციენტის კანის სხვადასხვა უბანიც კი მკურნალობას სხვადასხვანაირად ემორჩილება. სახესა და ტანზე გამოხატული ვიტილიგო შედარებით უკეთესად ექვემდებარება მკურნალობას, მაშინ როცა სხეულის წარზიდული ნაწილები უკიდურესად რთული სამკურნალოა. დაავადების სტაბილიზაციისა და პიგმენტაციის აღდგენისთვის შემუშავებულია ადგილობრივი, სისტემური და სინათლეზე დაფუძნებული თერაპია. გაცილებით ეფექტიანია კომბინირებული მკურნალობა.

სწრაფად პროგრესირებადი დაავადების სტაბილიზაციისთვის გამოიყენება:

. სისტემური გლუკოკორტიკოიდები – თუ ვიტილიგო სწრაფად პროგრესირებს, პირველი რიგის არჩევანია დასალევი გლუკოკორტიკოიდების მიღება მცირე დოზებით მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 4-6 კვირის შემდეგ. დაავადების სტაბილიზაცია მოსალოდნელია 1-დან 3 თვემდე პერიოდში. თუ პროცესში მრავალი ანატომიური უბანია ჩართული, უფრო ეფექტიანია გლუკოკორტიკოიდებისა და ფოტოთერაპიის კომბინაცია.

. ფოტოთერაპია – თუ აქტიური ფორმის ვიტილიგოს დროს ზრდასრულებსა და ბავშვებთან სისტემური კორტიკოსტეროიდები უკუნაჩვენებია, გამოიყენება ფოტოთერაპია დამიზნებითი ულტრაიისფერი  B სხივებით. პროცედურები ტარდება კვირაში 2-3-ჯერ. ოპტიმალური შედეგის მისაღებად მკურნალობის კურსი 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება.

სტაბილური არასეგმენტური ვიტილიგოს დროს, როცა დაზიანებული უბანი სხეულის 10%-ზე ნაკლებს მოიცავს, არ იზრდება, ახალი ლაქები 3-6 თვეა არ ჩნდება, პირველი რიგის თერაპია გულისხმობს საშუალო ან მაღალი სიმძლავრის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ან კალცინევრინის ადგილობრივი ინჰიბიტორების გამოყენებას.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებიდან უპირატესობა ენიჭება უმნიშვნელო გვერდითი ეფექტების მქონე პრეპარატებს, მაგალითად, მომეტაზონის ფუროატს, რომელიც დღეში ერთხელ ან ორჯერ ისმება დაზიანებულ კანზე. ჯერჯერობით უცნობია ადგილობრივი სტეროიდებით მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა, თუმცა, ზოგიერთი ავტორის აზრით, უსაფრთხოა მისი გამოყენება 2-3 თვის განმავლობაში. ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა კანის ატროფია, კანის სისხლძარღვების გაფართოება, თმის ჭარბი ზრდა, აკნეს მსგავსი გამონაყარი.

თუ დეპიგმენტირებულია მრავალი ანატომიური უბანი, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება შესაძლოა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთ პაციენტებთან პირველი რიგის თერაპიად მიღებულია ფოტოთერაპია ულტრაიისფერი B სხივებით კვირაში 2-3-ჯერ.

დაუმორჩილებელი სტაბილური ვიტილიგოს დროს, რომელიც მთელი სხეულის 10%-ზე ნაკლებს მოიცავს და არ ემორჩილება ადგილობრივ მკურნალობას, არჩევანი კეთდება დამიზნებით ფოტოთერაპიაზე, ფსორალენისა და ულტრაიისფერი A სხივებით ფოტოთერაპიაზე (PUVA) ან  ქირურგიულ მკურნალობაზე.

დამიზნებითი ფოტოთერაპია იყენებს 308ნმ მონოქრომულ ექსიმერულ ნათურებს ან ლაზერებს, რომლებიც  უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის სინათლის მხოლოდ დაზიანებულ უბნებზე მოხვედრას, კანის ჯანმრთელ უბნები კი არ სხივდება და ულტრაიისფერი გამოსხივების ჯამური დოზა ნაკლებია.

ადგილობრივი ან დასალევი ფსორალენი ულტრაიისფერი A სხივებით ფოტოთერაპიასთან ერთად ეფექტურია პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება არ ემორჩილება ულტრაიისფერ B სხივებს და ადგილობრივ საშუალებებს, ასევე იმ შემთხვევებში, როცა დამიზნებითი ფოტოთერაპია არ არის ხელმისაწვდომი.

მკურნალობამდე საჭიროა ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. პროცედურა ტარდება კვირაში ორჯერ, 48-საათიანი ინტერვალით. არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია, კანის სიმშრალე.

უკანასკნელი 25 წელია, ვიტილიგოს სამკურნალოდ გამოიყენება ქირურგიული პროცედურები. ისინი ეფექტურია სტაბილური, ლოკალიზებული დეპიმენტირებული უბნების არსებობისას, რომლებიც სხვაგვარ სამკურნალო ჩარევას არ ექვემდებარება. რეპიგმენტაციის დასაჩქარებლად ხდება ფოტოთერაპიასთან მათი კომბინირება. ჯანსაღი მელანოციტების რეზერვუარი  სხვადასხვა ტექნიკით გადააქვთ ვიტილიგოს უბანზე. ტრანსპლანტაციის შედეგზე გავლენას ახდენს პაციენტის ასაკი, დაზიანების უბანი, ვიტილიგოს ტიპი. ტრანსპლანტაციური პროცედურები უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტროფიული ნაწიბურები ან კელოიდები.

შედეგი ფასდება მკურანლობის დაწყებიდან 3-6 თვის შემდეგ. მკურნალობაზე დადებითი პასუხი ვიტილიგოს ლაქაზე პიგმენტაციის უბნების გაჩენაა. თუ მდგომარეობა კარგად ემორჩილება მკურნალობას, სამკურნალო პროცედურები ნელ-ნელა წყდება ან  იცვლება შემანარჩუნებელი თერაპიით, ხოლო რეციდივის შემთხვევაში იწყება აქტიური მკურნალობის ხელახალი ციკლი.

დამატებითი თერაპია

ვიტილიგოს სამართავად დამხმარე საშუალებებსაც იყენებენ, მათ შორის – ადგილობრივი D3 ვიტამინის ანალოგებს, ვიტამინებს და მცენარეულ ექსტრაქტებს, თუმცა არა რუტინულად, ვინაიდან არ არსებობს მათი ეფექტიანობის საკმარისი მტკიცებულება.

ცირემასშტაბიანმა კვლევებმა კი ასეთი შედეგები აჩვენა:

. D3 ვიტამინის ანალოგების ადგილობრივი (კრემის სახით) გამოყენება ფიტოთერაპიასთან ერთად რამდენიმე კვლევისას უშედეგოდ დასრულდა, რამდენიმე კვლევისას კი დაზიანებულ უბნებზე პიგმენტაცია პლაცებოსთან შედარებით ოთხჯერ სწრაფად აღდგა.

. ვიტამინები – რამდენიმე კვლევამ აჩვენა დაავადების სტაბილიზაცია და რეპიგმენტაცია ფოტოთერაპიაზე მყოფ პაციენტებთან, რომლებიც დამატებით იღებდნენ ვიტამინური დანამატების დიდ დოზებს.

. ალფა ლიპოის მჟავას ეფექტიანობა გამოავლინა არასეგმენტური ვიტილიგოს მქონე  35 პაციენტის კვლევამ. რეპიგმენტაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა ულტრაიისფერი B სხივების ნაკლები ჯამური დოზა.

. გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტმა გამოავლინა ოქსიდაციური სტრესისგან მელანოციტების დამცავი ეფექტი. მას დიდი ხანია იყენებენ ჩინურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, თუმცა ვიტილიგოს მართვისას მისი  ეფექტი მხოლოდ რამდენიმე მცირე კვლევითაა შეფასებული.

ზოგჯერ პაციენტებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც, რათა ეფექტურად  გაუმკლავდნენ დაავადებას.

პროგნოზი

ვიტილიგოს არაპროგნოზირებადი მიმდინარეობა ახასიათებს. როცა დაავადება ადრეულ ასაკში ვითარდება, პროცესი კანის უფრო დიდ ფართობს მოიცავს და პროგრესირებაც უფრო ინტენსიურია. მკურნალობის შემთხვევაშიც კი ვიტილიგო უმეტესად პიგმენტის კარგვისა და სტაბილური პერიოდების მონაცვლეობით მიდინარეობს, იშვიათად კი პიგმენტაცია შეიძლება თავისთავადაც აღდგეს.

ცხოვრების წესი და შინ მოვლა

. მზისგან კანის დასაცავად რეკომენდებულია ფართო სპექტრის წყალგამძლე მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რომლის შPF  ინდექსი 30 ან მეტია. კრემი კარგად უნდა წაისვათ მთელ ტანზე, ცურვის დროს კი 2 საათში ერთხელ ხელახლა გადაისვათ.

მზისგან დამცავი კრემის გამოყენების მიზანია დეპიგმენტირებული კანის დაცვა დამწვრობისგან და ნორმალური, პიგმენტირებული კანის გარუჯვისთვის ხელის შეშლა. 30 და უფრო მაღალი ინდექსის შPF ბლოკავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებას კანის უჯრედების დნმ-ზე.

. დეპიგმენტირებული კანის დაწვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სხეულს მაქსიმალურად დაფარავს მზისგან.

. არ არის რეკომენდებული სოლარიუმის და და ულტრაიისფერი სხივების სხვა ხელოვნური წყაროების გამოყენება.

. იკრძალება ტატუირება.

. კანის იმ უბნების დასაფარავად, რომლებსაც მეტად ხვდება მზე, იყენებენ კოსმეტიკურ შენიღბვას – კამუფლაჟს. ზოგჯერ ის ერთადერთი გამოსავალია ისეთი პაციენტებისთვის, რომლებსაც კეროვანი ან სეგმენტური ვიტილიგო აქვთ და სხვაგვარი მკურნალობა არ სურთ. კამუფლაჟისთვის გამოიყენება დიჰიდროქსიაცეტონის შემცველი თვითგარუჯვის საშუალებები, რომლებიც კანის ხანგრძლივ შეფერვას უზრუნველყოფს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: