პრევენციის ძალა - სანამ ურემი გადაბრუნდება
გააზიარე:
ექიმი ბევრს მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც რამე აწუხებს – მედიცინის დანიშნულება ხომ ავადმყოფის მკურნალობაა. ასე გვაქვს გამჯდარი ცნობიერებაში. სინამდვილეში მედიცინას გაცილებით დიდი მიზანი აქვს – ჯანმრთელობის შენარჩუნება. ეს კი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ მკურნალობას – ჯანმრთელობის შენარჩუნება ხომ გაცილებით ადვილი იქნება, თუ დაავადება არ განვითარდა, თუ ჩვენი ცხოვრებიდან მისი ხელშემწყობი ფაქტორები განვდევნეთ?!
ინფარქტისა და ინსულტის მკურნალობას განა არ სჯობია, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას შევუშალოთ ხელი? ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარების ნაცვლად იმაზე ვიზრუნოთ, კიბო არ დაგვემართოს? რა მოხდება, თუ კი არ ვიმკურნალებთ, არამედ ისე მოვიქცევით, რომ სამკურნალო არ გავხდეთ?
რა და ყველაფერი კარგი. მიზანს უფრო ადვილად მივაღწევთ, შედეგიც გაცილებით უკეთესი იქნება.
სწორედ ამას ემსახურება მედიცინის ერთ-ერთი დარგი – პრევენციული მედიცინა. ის უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ ჟამთასვლასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მთავარ თემაში სწორედ პრევენციის შესახებ ვისაუბრებთ.
პრევენციის ძალა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბოს შემთხვევათა 30-50 პროცენტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ასეთია პრევენციის ძალა. პრევენცია კი რისკფაქტორების მოდიფიკაციას, ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას, დაავადების ადრეულ გამოვლენას და საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას უნდა დაეფუძნოს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ – მოგაწოდოთ რჩევები, რომელთა შესრულება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
სხვადასხვა ეტაპზე
დაავადებათა პრევენციის რამდენიმე ფორმა არსებობს. მათ სხვადასხვა გზით ერთი მიზნისკენ – ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ – მივყავართ.
პირველადი პროფილაქტიკა მიმართულია დაავადებათა განვითარების აღკვეთისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ჰიგიენის წესების დაცვა, იმუნიზაცია, მასობრივი საგანმანათლებლო კამპანიები დაავადებათა პირველად პრევენციას ახდენს.
მეორეული პროფილაქტიკა უკვე განვითარებული დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას გულისხმობს. პროფილაქტიკური მედიცინის ეს მიმართულებაც მეტად შედეგიანია, ვინაიდან რაც უფრო ადრე გამოავლენენ დაავადებას და დაიწყებენ მკურნალობას, მით უკეთესია შედეგი. მეორეული პროფილაქტიკის კლასიკური მაგალითია სკრინინგი. მის შესახებ მომდევნო გვერდებზე ვრცლად ვისაუბრებთ.
არსებობს მესამეული პროფილაქტიკაც. მისი მიზანი უკვე განვითარებული დაავადების გართულებათა პრევენციაა. ეს უმთავრესად ექიმთან რეგულარულ კომუნიკაციას, მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს, დაავადების გამამწვავებელი ფაქტორების აღკვეთას გულისხმობს.
ერთი სიტყვით, პროფილაქტიკა არასოდეს არის დაგვიანებული. მაშინაც კი, როცა დაავადებას უკვე ფეხი აქვს მოკიდებული ორგანიზმში, პრევენციული საშუალებებით შეგვიძლია, მისი პროგნოზი და გამოსავალი უკეთესობისკენ შევცვალოთ.
სანამ გამოჩენილა
არაერთხელ გაგვიგონია, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკურ კვლევებს იტარებსო. დიახ, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები დიდი ხანია სათანადოდ აფასებენ პრევენციის ძალას. სახელმწიფო უწყებებიც ყველაზე მეტ თანხას სწორედ პრევენციულ ღონისძიებებში აბანდებენ. პრევენცია ხომ, ყველაფერთან ერთად, გაცილებით ხარჯეფექტურიცაა. ჩვენთან პრევენციული კულტურა ნაკლებადაა განვითარებული. ამას მრავალი მიზეზი აქვს, და არამხოლოდ ობიექტური. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრევენცია ჯანმრთელობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური, იოლი და იაფი გზაა, ალბათ სწორედ ჩვენნაირ ქვეყნებში უნდა მიექცეს მედიცინის ამ მიმართულებას ყველაზე მეტი ყურადღება.
მოკლედ, ჩვენი მთავარი სათქმელი ესაა: თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ, პერიოდულად მაინც უნდა მიმართოთ ექიმს. და აი, რატომ:
ავიღოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ინფარქტისა და ინსულტის წინაპირობაა, საწყის ეტაპზე შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მისი დროულად აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის ხშირი გაზომვაა, მაშინაც კი, როცა არაფერი გვაწუხებს. ადრეულ სტადიაზე აშკარა სიმპტომებს არ იწვევს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის მაღალი დონე, თუმცა სისხლის მარტივი ანალიზით მათი გამოვლენა ადვილად შეიძლება. ერთი სიტყვით, ავად ყოფნის შეგრძნება უფრო გვიან ჩნდება, ვიდრე თავად დაავადება, ამიტომ "არაფერი მაწუხებს" სულაც არ არის საკმარისი საფუძველი ექიმთან ვიზიტის გადასადებად.
არ გამოგვეპაროს
უნდა შეგვეძლოს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების ამოცნობაც.
საყურადღებო ნიშნები, რომელთა გაჩენისას ექიმთან ვიზიტი აუცილებელია:
* შეშუპება, გამობერილობა სხეულის ნებისმიერ ადგილას;
* წონის უმიზეზო კლება ან მატება;
* გახანგრძლივებული ცხელება;
* გახანგრძლივებული ხველა;
* სხეულის რომელიმე ნაწილის მუდმივი ტკივილი;
* სისხლიანი მინარევი ან სხვაგვარი ცვლილება განავალსა და შარდში;
* ცვლილებები კანზე (გამონაყარი, უჩვეულო ფერი, წყლულები).
რა თქმა უნდა, ზღვრის დაცვაც მოგვეთხოვება. ორგანიზმი ურთულესი სისტემაა და რეგულარულად ყველა დაავადებაზე ვერ გამოვიკვლევთ. პრევენციული მედიცინის რაციონალური გამოყენება გულისხმობს ყველაზე გავრცელებული და/ან ვერაგი დაავადებების ადრეულ გამოვლენას, რისკების შეფასებას, აცრების განახლებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.
დავიწყოთ რისკებით.
სარისკო ფაქტორები
ნებისმიერ დაავადებაზე საუბრისას აუცილებლად ვახსენებთ რისკფაქტორებს, მაშასადამე, იმ შინაგან თუ გარეგან პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში იმატებს კონკრეტული დაავადების განვითარების ალბათობა. მრავალი პათოლოგიისთვის რისკის ფაქტორებია ასაკი, სქესი, გენეტიკა... ამ შემთხვევაში უძლურნი ვართ – ვერც ასაკს შევცვლით და ვერც გენეტიკას გამოვასწორებთ. მაგრამ არსებობს რისკფაქტორები, რომელთა მოდიფიცირებაც შესაძლებელია. დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ამგვარი რისკების აღკვეთაა. რაც მთავარია, ერთი და იგივე რამ ზოგჯერ რამდენიმე დაავადების რისკფაქტორია. ასე რომ, როგორც იტყვიან, ერთი გასროლით ორ და მეტ კურდღელსაც კი დავიჭერთ. მოდი, თვალი გადავავლოთ ყველაზე გავრცელებული და საშიში რისკფაქტორების ჩამონათვალს.
მომაკვდინებელი კვამლი
თამბაქოს წევა მთელ მსოფლიოში კიბოს მთავარი რისკფაქტორია. ამ მავნე ჩვევას ყოველწლიურად 6 მლნ ადამიანის სიცოცხლე ეწირება. თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000 ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან, სულ მცირე, 250 მავნეა, 50 კი – კანცეროგენული. საქართველოში თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი კვდება. მაშასადამე, ყოველი მეხუთე სიკვდილი სიგარეტს უკავშირდება.
თამბაქოს მოხმარება მრავალი ტიპის კიბოს იწვევს: ფილტვისა, საყლაპავი მილისა, ხორხისა, პირის ღრუსი, ყელისა, თირკმელებისა, შარდის ბუშტისა, კუჭქვეშა ჯირკვლისა, კუჭისა და საშვილოსნოს ყელისა. ფილტვის კიბოს განვითარების რისკფაქტორია პასიური მწეველობაც. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სიგარეტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ ონკოპათოლოგიებს არ მოიცავს. სხვა თუ არაფერი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც სწორედ თამბაქო იწვევს, ავადობის, ინავლიდობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში მთელ მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. მწეველობა არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც. ის წარმოადგენს ათეროსკლეროზის, ანევრიზმის, ინფარქტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ინსულტის რისკფაქტორს. არ ინდობს არც სასუნთქ სისტემას (ასთმა, ტუბერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი), არც ძვალ-სახსართა სისტემას (ოსტეოპოროზი), არც მხედველობას (კატარაქტა, მაკულის დეგენერაცია). დაბოლოს, შაქრიანი დიაბეტის რისკფაქტორიცაა.
ერთი სიტყვით, არ ღირს თამბაქოთი გამოწვეული რამდენიმეწუთიანი სიამოვნებისთვის ამხელა მსხვერპლის გაღება. თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, ამ მკვლელ ჩვევაზე უარის თქმა მოგიწევთ.
ჭარბი წონა
ჭარბ წონასა და მრავალი ტიპის კიბოს შორის მჭიდრო კავშირი მეცნიერულად არის დადასტურებული. სიმსუქნე ითვლება საყლაპავის, ნაწლავის, ძუძუს, ენდომეტრიუმისა და თირკმელების კიბოს რისკფაქტორად. ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი წონის შენარჩუნება საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას. ამასთან, იკლებს სხვა არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკიც – არტერიული ჰიერტენზიისა, შაქრიანი დიაბეტისა, გულ-სისხლძარღვთა დააავადებებისა, ოსტეოართრიტისა, ინსულტისა, ღვიძლის გაცხიმოვნებისა, უნაყოფობისა და სხვა.
მათრობელა საფრთხე
ალკოჰოლის მოხმარება პირის ღრუს, ხახის, ხორხის, საყლაპავი მილის, ღვიძლის, ნაწლავისა და ძუძუს კიბოს რისკფაქტორია. კიბოს განვითარების ალბათობა ალკოჰოლის რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იმატებს. ალკოჰოლისა და თამბაქოს ერთდროული მოხმარება კი უფრო მეტად ზრდის ონკოპათოლოგიის რისკს. 2010 წელს ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებები 337 400 ადამიანის სიკვდილის მიზეზად იქცა.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გარდა ონკოპათოლოგიებისა, იწვევს ღვიძლის მძიმე დაზიანებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ტვინის დაზიანებას, შფოთვასა და დეპრესიას.
სარისკო ინფექციები
2012 წელს კიბოს შემთხვევათა 15% ინფექციური აგენტებით იყო გამოწვეული. ამ აგენტებს შორის არიან ჰელიკობაქტერია, ადამიანის პაპილომავირუსი, B და C ჰეპატიტის ვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი.
B ჰეპატიტისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დიდი ხანია არსებობს. იმუნიზაცია საგრძნობლად ამცირებს ღვიძლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს. ინფექციებთან ბრძოლის უნივერსალური წესი კი ჰიგიენის დაცვაა.
გარემოს დაბინძურება
ჯანმოს გამოთვლით, 2012 წელს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ 3.2 მლნ ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. მათ შორის 200 000 ფილტვის კიბოს წილად მოდიოდა. ყოველწლიურად 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად იღუპება საცხოვრებელი გარემოს ჰაერის დაბინძურების გამო. არანაკლებ საყურადღებოა კანცეროგენებით – აფლატოქსინებითა და დიოქსინით – დაბინძურებული საკვებიც. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა სამუშაო გარემოს უსაფრთხოება. ამ საკითხების ინდივიდუალურ დონეზე მოგვარება ძნელია. ამ შემთხვევაში რისკების შემცირების მთავარი ტვირთი სახელმწიფოებს აწევთ. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, საცხოვრებლად ნაკლებად დაბინძურებული გარემო ავირჩიოთ, მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე, ვაკონტროლოთ შეძენილი საკვების ხარისხი და სხვა.
რადიაცია
ყოველგვარი ტიპის – როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური – მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება ზრდის ლეიკოზების, სოლიდური სიმსივნეების განვითარების რისკს. ალბათობა საგრძნობლად იმატებს, თუ ზემოქმედება ხდება ადრეულ ასაკში ან დასხივება ძლიერია. ულტრაიისფერი გამოსხივებაც, მათ შორის – მზისა, კანცეროგენად მიიჩნევა და კანის სიმსივნეების: ბაზალურუჯრედოვანი კიბოს, ბრტყელუჯრედოვანი კიბოსა და მელანომის – რისკფაქტორს წარმოადგენს. გამოსხივებისგან თავის არიდება, მზისგან დამცავი კრემის მოხმარება და დამცავი ტანსაცმლის ტარება რისკებს საგრძნობლად ამცირებს.
დასხივება გამოიყენება მედიცინაშიც – ის არაერთი ავადმყოფის გადარჩენისა და სხვა, უფრო ინვაზიური პროცედურების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. თუმცა არასაჭირო დასხივება და გაუმართავი სამედიცინო აპარატურა ასევე შეიძლება ზიანის მომტანი გახდეს. რადიოლოგიური პროცედურები აუცილებლად უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უნდა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში რისკების შემცირება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას და სახელმწიფო სტრუქტურებს ევალებათ.
დასხივება საცხოვრებელ გარემოში შესაძლოა გამოწვეული იყოს რადონით, რომელიც ზოგჯერ გვხვდება ნიადაგსა და სამშენებლო მასალებში და ზრდის ფილტვის კიბოს რისკს. სახლში რადონის ზემოქმედების აღკვეთა შეუძლია კარგ ვენტილაციას და იატაკებისა და კედლების ჰერმეტიზაციას.
პროფილაქტიკური გასინჯვა: როდის რა გამოკვლევა ჩავიტაროთ
ახლა კი ის ტესტები თუ პროცედურები მიმოვიხილოთ, რომლებიც პერიოდულად უნდა ჩავიტაროთ, რათა დროულად აღმოვაჩინოთ პოტენციურად საშიში დაავადებები.
არტერიული წნევის სკრინინგი
შეიმოწმეთ არტერიული წნევა, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ. თუ სისტოლური (ზედა) წნევა 120-139 მმ ვწყ. სვ-ია ან დიასტოლური (ქვედა) – 80-89 მმ ვწყ. სვ, წნევის კონტროლი ყოველწლიურად მოგიწევთ. ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ, თუ სისტოლური წნევა – 140-ზე, დიასტოლური კი 90-ზე მაღალია.
შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თირკმლის დაავადებების დროს არტერიული წნევის უფრო ხშირი მონიტორინგია საჭირო.
ქოლესტერინის შემოწმება
ქოლესტერინს სისხლის ანალიზით საზღვრავენ. თუ მაჩვენებელი ნორმაშია, მომდევნო ხუთი წელი ანალიზის აღება აღარ მოგიწევთ, მაგრამ თუ ამ ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრების წესის შეცვლა მოგიხდათ (მოიმატეთ წონა, შეიძინეთ მავნე ჩვევა), გაქვთ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, თირკმელების დაავადება – ქოლესტერინის უფრო ხშირად შემოწმებას გირჩევთ.
დიაბეტის სკრინინგი
თუ არტერიული წნევა 140-80 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ექიმი აუცილებლად შეამოწმებს სისხლში შაქრის დონეს. გამოკვლევის ჩატარება მოგიწევთ მაშინაც, თუ სხეულის მასის ინდექსი 25 და მეტია ან დიაბეტის სხვა რისკფაქტორებიც დაიდასტურდათ, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი პირველი ტიპის ნათესავებში ან გულ-სისხლძარღვთა დაავადება.
სტომატოლოგიური გამოკვლევა
დანტისტთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ არის რეკომენდებული ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად და კბილების გასაწმენდად. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ცხადია, უფრო ხშირად მოგიწევთ სტომატოლოგთან სტუმრობა. ამის შესახებ თავად სტომატოლოგი გეტყვით.
თვალის გამოკვლევა
თუ მხედველობას არ უჩივით, ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად უნდა ჩაიტაროთ. დიაბეტის არსებობის შემთხვევაში შემოწმება აუცილებელია, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.
კანის გამოკვლევა
რეგულარული გასინჯვის დროს ექიმი კანსაც დაგითვალიერებთ კანის კიბოს გამოსავლენად, განსაკუთრებით – თუ მაღალი რისკის ქვეშ ხართ. რისკად კი მიიჩნევა გადატანილი კანის კიბო, კანის კიბოს ისტორია ახლო ნათესავებში, იმუნური სისტემის სისუსტე.
ოსტეოპოროზის სკრინინგი
ოსტეოპოროზის სკრინინგის ჩვენებებია სტეროიდების ხანგრძლივი მოხმარება, სხეულის მცირე წონა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, 50 წლის შემდეგ განვითარებული მოტეხილობა, ოსტეოპოროზის ოჯახური ისტორია.
C ჰეპატიტის სკრინინგი
უცხოური გამოცემები ვირუსული ჰეპატიტების სკრინინგისკენ მაშინ მოგვიწოდებენ, როდესაც პაციენტი (ან პოტენციური პაციენტი) ვირუსული ჰეპატიტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. განსხვავებული რეალობაა საქართველოში: თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ყველა პაციენტს C ჰეპატიტის სკრინინგს სთავაზობენ. მიზეზი მარტივია: ჩვენი ქვეყანა ხომ პირველია მსოფლიოში (!), რომელმაც მიზნად C ჰეპატიტის ელიმინაცია დაისახა. რამდენიმე წლის წინ გაცხადებული ამბიციური მიზნისკენ საქართველო დიდი ნაბიჯებით მიიწევს. ბევრმა უკვე იმკურნალა და დაამარცხა კიდეც ინფექცია (განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღემატება). ქვეყანაში მუდმივად შემოდის C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი, კიდევ უფრო დახვეწილი მედიკამენტები, რომლებსაც, წინამორბედებისგან განსხვავებით, მინიმალური გვერდითი ეფექტები აქვს. შედეგად ერთ დროს ვერაგი დაავადების მკურნალობა წარმოუდგენლად გამარტივდა. აღარაფერს ვიტყვი ფინანსურ მხარეზე – უნიკალური მედიკამენტები საქართველოს მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ.
ამსიგრძე შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ მთავარ სათქმელთან მივსულიყავი: თუ გვინდა, საქართველომ მართლა შეძლოს C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხება, საზოგადოების რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა უნდა იცოდეს საკუთარი სტატუსი C ვირუსთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ პროგრამის ამოქმედების საწყის ეტაპზე მკურნალობა ჩაიტარა ფაქტობრივად ყველამ, ვინც იცოდა, რომ დაავადებული იყო. ჯანდაცვის ექსპერტები კი გვარწმუნებენ, რომ C ჰეპატიტით მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილია დაავადებული, ოღონდ უმეტესობამ ეს არ იცის (დაავადებას ხანგრძლივი უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს, ასე რომ, ეს სულაც არ არის გასაკვირი). ახლა მთავარი მიზანი სწორედ ამ კონტინგენტის გამოვლენაა. ეს მიზანი კი ერთადერთი გზით მიიღწევა – C ჰეპატიტის სკრინინგით. ასე რომ, ვინც არ უნდა იყოთ და რა დაუჯერებლადაც არ უნდა მიგაჩნდეთ თქვენს ორგანიზმში C ჰეპატიტის არსებობა, აუცილებლად ჩაიტარეთ სკრინინგი. ეს მარტივი, არაინვაზიური და უფასო პროცედურაა და ფაქტობრივად ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
მომდევნო გვერდებზე ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენის საშუალებებზე ვისაუბრებთ.
გვანცა გოგოლაძე