როდესაც ურთიერთობაში ვიჭედებით

გააზიარე:

 

ჩვენ ბუნებით სოციალური არსებები ვართ და სხვებთან ერთად ყოფნისკენ მივილტვით. გვსურს კომფორტი, გვსურს ბედნიერება, სტაბილურობა, ვეძებთ სანდო პარტნიორებს. სამყაროსთან ვურთიერთობთ და ვირჩევთ ადამიანებს, რომლებთანაც მთელი ცხოვრების გატარებას ვგეგმავთ. ხანდახან ჩვენი არჩევანი გამართლებულია, ხანდახან კი ის გვძირავს.

თუმცა პარტნიორისადმი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას მხოლოდ არჩევანი ვერ უზრუნველყოფს. წარმატებული ურთიერთობებიც კი ხშირად ზემოთ-ქვემოთ დახტუნავს. ეს აღმასვლები და დაღმასვლები ბუნებრივი პროცესის ნაწილია, მათ უნდა მოველოდეთ კიდეც. მაგრამ თუ ეს ფაზები უფრო და უფრო ხანგრძლივდება და არაფრით მთავრდება, თუ დისკომფორტისა და დაღლილობის განცდა არ მცირდება, ვიწყებთ იმაზე ფიქრს, ღირს თუ არა ამ ურთიერთობის შენარჩუნება.

 

დაზიანებული ურთიერთობები

ურთიერთობები, პირადი თუ პროფესიული, ორმხრივია. ჯანსაღი ურთიერთობები თანასწორია, ამ დროს ორივე პარტნიორი გასცემს. თუ თავს მარტოსულად ვგრძნობთ, არადა გვერდით ვიღაც გვყავს, ან სულაც მარტო ყოფნა გვირჩევნია, ესე იგი ჩვენს ურთიერთობაში რაღაც სერიოზულად დაზიანდა. ეს დაზიანებები სხვადასხვანაირად იჩენს თავს. აი, ყველაზე გავრცელებული მაგალითები:

* თავს უბედურად და გადაღლილად გრძნობთ;

* პარტნიორისგან მოშორებით უკეთ გრძნობთ თავს;

* როცა მას ესაუბრებით, ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს კედელს ელაპარაკებით;

* გეჩვენებათ, რომ ურთიერთობა გახრჩობთ;

* მთელ თქვენს დროს ამ ურთიერთობის გამო ნერვიულობაში ხარჯავთ;

* თქვენ არ გაგაჩნიათ ხმა, მოსაზრება ან უფლებები;

* ვერ გრძნობთ, რომ გაფასებენ;

* ყოველგვარ სიტუაციაში ყველაფერი თქვენი ბრალია;

* არასოდეს გრჩებათ დრო ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და, რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის;

* პარტნიორი საჯარო სივრცეში გამცირებთ;

* თქვენთვის ერთხელ მაინც უღალატიათ ან ერთხელ მაინც უძალადიათ თქვენზე;

* საწყენად და დამამცირებლად გელაპარაკებიან;

* გამუდმებით გიყვირიან;

* ცდილობენ თქვენს იზოლაციას;

* გკარნახობენ, როგორ უნდა იგრძნოთ თავი და გეუბნებიან, რომ რასაც გრძნობთ, ნორმალური არ არის;

* საკუთარ ნაკლოვანებებს არ აღიარებენ და მათ თქვენში ხედავენ;

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა საფრთხეშია? გაუსწორეთ თვალი იმას, რაც თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ხდება. ბედნიერი ხართ, სტატუს კვოს ინარჩუნებთ თუ საერთოდაც დიდი ხანია, მხოლოდ წვალობთ? ხომ არ გეჩვენებათ, რომ გზღუდავენ, მანიპულირებენ თქვენით, უგულებელგყოფენ? შესაძლებელია რამის გამოსწორება? ხართ თუ არა მზად, უკეთესი პერსპექტივა ეძებოთ?

ხშირად ურთიერთობაში იმხელა ინვესტიციაა ჩადებული, რომ მაშინაც კი, როდესაც ერთად ყოფნა შეუძლებელია, ვერ ვიშლებით. არადა, მთელ დროს, ძალისხმევას და რესურსს, რომელიც ურთიერთობაში ჩავდეთ, ისედაც ვერასოდეს დავიბრუნებთ. ამ შემთხვევაში წარმმართველი ხდება აწმყო. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები მყისიერად და იმპულსურად უნდა მივიღოთ, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით უნდა გავანადგუროთ. უბრალოდ, დაფიქრებისას მაინც ისაა გადამწყვეტი, რამდენად რთულია ურთიერთობის წარმართვა ახლა, რაც უნდა ბევრი ინვესტიცია იყოს ჩადებული მასში.

 

რა გვიჭერს?

ტოქსიკური ურთიერთობის გაწყვეტას ხშირად ცვლილების შიში ეღობება წინ. ჩვენ გვეშინია ცხოვრების, რომელიც არასოდეს გვქონია. გვეშინია მოულოდნელობების, რომლებსაც ის მოგვიტანს. გვეშინია მარტოობის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ, მართლა გვინდა დავრჩეთ თუ არ გვინდა, მაგრამ ცვლილების გვეშინია? და თუ ასეა, ღირს თუ არა ამ შიშის გამო დაზიანებულ ურთიერთობაში დარჩენა? თუ ღირს – რას ვკარგავთ შიშის გაჩუმების სანაცვლოდ?

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა უფრო ძნელია – გავუმკლავდეთ შიშს თუ გავუმკლავდეთ არსებულ ურთიოერთობას?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, აქ ყველა ჩვენს გულს ვუსმენთ.

 

ემოციები და სხეული

არ დაგავიწყდეთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს სხეულს, მის რეაქციებს. დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს ახლა, ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ, რას იგრძნობთ, როდესაც ურთიერთობას გაწყვეტთ/აღადგენთ ან რა ხდებოდა წარსულში, როდესაც ერთად ცუდად/კარგად იყავით. რა რეაქცია აქვს სხეულს თქვენს პარტნიორზე, როდესაც ის ოთახში შემოდის? რა რეაქცია აქვს, როდესაც დიდხანს ვერ ხედავთ? კანკალებთ, ყელში ბურთი გეჩხირებათ, გული გიჩქარდებათ, ხელები გიბუჟდებათ? რას ნიშნავს ეს რეაქცია? მონატრებაა თუ სიძულვილი, ერთად ყოფნის სურვილი თუ პარტნიორის შიში?

საბოლოოდ ჩვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას გავამართლებთ, წასვლასაც და დარჩენასაც ვუპოვით არგუმენტებს, მაგრამ სინამდვილეში რას ვგრძნობთ? რა გვინდა? ემოციურად სად ვართ?

 

ნამდვილად მორჩა?

არც აქ არსებობს მარტივი პასუხი, ყველა სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა იმის აღიარება, რომ ურთიერთობა აღარ მუშაობს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის უნდა დამთავრდეს. შეიძლება იმავე პარტნიორთან ახალი ურთიერთობის დაწყებაც. ამისთვის კი უპირველესად საკუთარ თავში უნდა გავერკვიოთ.

* ეძებეთ პასუხი კითხვაზე, რა გსურთ. რისი მიღწევა გინდათ ურთიერთობაში? ცხოვრებაში? რა არის თქვენი მთავარი მიზანი? ეცადეთ, პასუხი კონკრეტული იყოს. "უბრალოდ მინდა, ვიყო ბედნიერი" მიზანი არ არის, ეს ზოგადი დებულებაა. კარგად თუ არ ჩამოაყალიბებთ, რა გინდათ, არ გეყოფათ მოტივაცია, მიზანს მიაღწიოთ და დარჩებით თუ არა ურთიერთობაში, ეს ამაზე გავლენას ვერ მოახდენს.

* დაინახეთ, რა გიშლით ხელს. რა გეღობებათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე? შინაგანი ფაქტორია ეს თუ გარეგანი? შეგიძლიათ თუ არა, თავადვე გადალახოთ ეს დაბრკოლებები?

* დაასახელეთ ადამიანები, რომლებზეც თქვენი ცვლილებები გავლენას მოახდენს. რაც არ უნდა იყოს, ეს ორ ადამიანს მაინც შეეხება: თქვენ და თქვენს პარტნიორს. თუმცა, როგორც წესი, ურთიერთობის გაწყვეტა/აღდგენა ორი ადამიანით არ შემოიფარგლება. მაგალითად, განქორწინების შემთხვევაში ურთიერთობა გავლენას ახდენს შვილებზეც და წყვილის მშობლებზეც, ჩვენს ქვეყანაში კი – მეგობრებზეც, საზოგადოდ ნაცნობთა წრეზეც. გასათვალისწინებელია ის კულტურული თუ რელიგიური ნორმებიც, რომლებიც საზოგადოებაში დომინირებს. კარგად უნდა გაიაზროთ, ვინ დაგიჭერთ მხარს და ვინ არა.

* დაფიქრდით ალტერნატივებზე. რა უფრო რთულია – ურთიერთობის აღდგენა თუ გაწყვეტა? რას გააკეთებთ პირველ შემთხვევაში? რას გააკეთებთ მეორე შემთხვევაში? იმოძრავეთ მთავარი მიზნისკენ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მეორე ვარიანტსაც აქვს არსებობის უფლება.

* დაიწყეთ მოქმედება. ამდენი ფიქრის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროც დადგა.

 

როდის ღირს წასვლა?

ამის თაობაზე რჩევის მოცემა მიჭირს, რადგან ნებისმიერ ურთიერთობაში მთავარი მრჩეველი თქვენ თვითონ ხართ. თუმცა, არსებობს ნიშნები, რომლებიც წასვლაზე დაგაფიქრებთ და შესაძლოა ურთიერთობა არ გაწყვიტოთ, მაგრამ იცოდეთ მაინც, რაზე თანხმდებით.

ყველა ადამიანს აქვს ზღვარი, რომლის იქით დამცირებასა და დაუფასებლობას ვერ აიტანს. გახსოვდეთ, რომ თუ ადამიანი ფიზიკურად თქვენთან არის, მაგრამ ურთიერთობის გადასარჩენად მხოლოდ თქვენ იბრძვით, მაინც მარტოსული ხართ. ამავე დროს, ისიც გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი წყვილი გადის კრიზისებს და ისეთი გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება, რომლებსაც ხანგრძლივი შედეგი ექნება, სანანებელი ხდება. ამიტომ დაფიქრდით, მოუსმინეთ გონებას, გულს, სხეულს და რასაც გადაწყვეტთ, იმისთვის იბრძოლეთ – გნებავთ დარჩენისთვის, გნებავთ წასვლისთვის. სხვაგვარად მუდამ მსხვერპლის როლში დარჩებით.

 

რუბრიკას უძღვება ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე

 

 

 

 

გააზიარე: