მიკრობები: სამიზნე – სასუნთქი სისტემა
გააზიარე:
სასუნთქი სისტემა მიკრობების საყვარელი ადგილია. ბევრი ინფექციური აგენტი სწორედ ამ სისტემაზე იერიშის წყალობით გავიცანით. დღესაც კი ექიმისადმი მთავარი კითხვა ასეთია: “გავცივდი თუ ვირუსი მაქვს?” სიტყვა “ვირუსი” კი ჩვენში გრიპის სინონიმია. ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა, დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი და ფასდება პაციენტის ეპიდემიოლოგიური საშიშროება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გაცივდით, შეგიძლიათ, ირგვლივ მყოფებს არ მოერიდოთ და არც საკუთარ მდგომარეობაზე იდარდოთ, გრიპზე კი იმავეს ვერ ვიტყვით.
რა ხდება სინამდვილეში? იმედი უნდა გაგიცრუოთ – გაციებაც ისეთივე ვირუსული ინფექციაა, როგორიც გრიპი. დიახ, მასაც მიკრობი, უფრო სწორად, მიკრობები იწვევენ. დღეისთვის ამ საქმეში შემჩნეულია ორასამდე ვირუსი. თუ გაცივდით, ეს ნიშნავს, რომ ვირუსიც გაქვთ და გადამდებიც ხართ. თუმცა ზემომოყვანილ მოსაზრებაში სიმართლის წილი არის: გაციება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და უფრო კეთილსაიმედო პროგნოზი აქვს, ვიდრე გრიპს. ამიტომაც გამოყვეს ცალკე გრიპის ვირუსი ექიმებმა. სასუნთქ სისტემაზე მოიერიშე ყველა დანარჩენ მიკრობს კი საერთო სახელი – რესპირატორული ტრაქტის მწვავე ინფექციები უწოდეს.
ვეძებთ განსხვავებას
ამრიგად, გაციებაც და გრიპიც ინფექციური დაავადებებია. ორივე მათგანი განსაკუთრებით აქტუალურია წელიწადის ცივ დროს, ჩვენს კლიმატურ სარტყელში – წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე. ინფიცირების ალბათობას ორივე შემთხვევაში ზრდის დაავადებულთან ახლო კონტაქტი, რადგან ავადმყოფი ხველებისა თუ ცემინების დროს გარემოში ვირუსებსაც გამოყოფს. ინფექცია შეიძლება შეგხვდეთ მაშინაც, თუ შეეხეთ ვირუსიან ზედაპირს, მერე კი ხელი ცხვირზე, პირზე ან თვალზე მოისვით.
ახლა კი განსხვავებებზე ვისაუბროთ: წელიწადში რამდენიმეჯერ შეიძლება გაცივდეთ, გრიპი კი ადამიანს უფრო იშვიათად – წესისამებრ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხვდება.
გრიპი სწრაფად იწყება, უმეტესად – დაავადებულთან კონტაქტიდან 2-3 დღეში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ვირუსმა ბრჭყალები ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაჩინოს. პირველი ნიშანია ცხელება (39-დან 41 გრადუსამდე). ბავშვებს სიცხე უფრო მაღლა უწევთ, ვიდრე მოზრდილებს. სხვა სიმპტომებია:
* სახსრების ტკივილი;
* შემცივნება;
* თავბრუ;
* თავის ტკივილის;
* სისუსტე;
* გულისრევა და ღებინება.
ცხელება და ტკივილი 2-4 დღეში გაივლის, თუმცა ავადმყოფობა ამით არ მთავრდება: გრძელდება მშრალი ხველა, ცემინება, ყელის ტკივილი, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, სურდო.
საერთო ჯამში, სიმპტომების უმეტესობა მე-7 დღისთვის ალაგდება, სისუსტემ და ხველამ კი შესაძლოა კვირები გასტანოს.
გაციება უფრო მეტხანს, ზოგჯერ ორ კვირამდეც გრძელდება. შიმპტომები გრიპისას ჰგავს, თუმცა გაციების დროს წინა პლანზე წამოიწევს ხველა და სურდო. ნაკლებადაა გამოხატული თავისა და სახსრების ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, აპათია.
რესპირატორული ინფექციების უმეტესობა სერიოზული გართულებების გარეშე გაივლის, მაგრამ გრიპმა შესაძლოა ჰოსპიტალიზაციამდე და ლეტალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. მისი მთავარი გართულებებია პნევმონია, ენცეფალიტი და მენინგიტი. გრიპი საგრძნობლად ამძიმებს ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვა ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას. გართულებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, როცა საქმე ეხება მცირეწლოვან ბავშვებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.
პრევენცია
პროფილაქტიკის ზოგად წესებზე უკვე ვისაუბრეთ. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ, საბედნიეროდ, არსებობს გრიპის საწინააღდეგო ვაქცინაცია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფებში შემავალთათვის. ვაქცინაცია ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროთ, რადგან გრიპის ვირუსი გამუდმებით იცვლება და წინა წელს გაკეთებული აცრა გაისად ვერ დაგიცავთ. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერია.
მკურნალობა
გაურთულებელ გრიპს და გაციებას ერთნაირად მკურნალობენ. ვირუსს არაფერი შველის, ამიტომ მკურნალობის მთავარი პრინციპი სიმპტომების შემსუბუქებაა. სიცხის დასაწევად შეგიძლიათ მიიღოთ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი (ნუროფენი). არ დალიოთ ასპირინი! ისიც გახსოვდეთ, რომ არ არის საჭირო, ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდეს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ზოგჯერ ერთი გრადუსით დაკლებაც საკმარისია.
მდგომარეობის შესაბამისად, შესაძლოა საჭირო გახდეს ხველის ან სურდოს საწინააღმდეგო ან ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებაც. არჩევანი ფართოა. ყურადღება მიაქციეთ, რომ სხვადასხვა დასახელების, მაგრამ ერთი და იმავე შემადგენლობის წამლები ერთდროულად არ მიიღოთ (ამ კუთხით განსაკუთრებით მაცდურია გაციების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატები) – ამით ზედოზირების რისკი მოიმატებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალებები მხოლოდ მდგომარეობას ამსუბუქებს – გამოჯანმრთელებას ვერ აჩქარებს.
გრიპის დროს, გაციებისგან განსხვავებით, ზოგჯერ საჭიროა სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობაც, მაგრამ ასეთი პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება. მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტური იქნება, თუ მას პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ორი დღის გასვლამდე დაიწყებთ.
საერთო რჩევები
თუ დაავადება შეგხვდათ:
* ერიდეთ ხალხთან კონტაქტს. ხველებისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე ხელსახოცი ან სახელო აიფარეთ.
* მიიღეთ ბევრი სითხე.
* არ გადაიღალოთ.
* არ მოწიოთ.
* ერიდეთ ალკოჰოლიან სასმელებს.
შემოდგომაზე არ დაგავიწყდეთ გრიპის ვაქცინაციის ჩატარება.
რაც მთავარია, არ შეშინდეთ – უმეტესად გრიპიც გაურთულებლად ჩაივლის. Uბრალოდ, ამ დროს მეტი ყურადღება გმართებთ.
გახსოვდეთ ბაქტერიები
სასუნთქ სისტემას ბაქტერიებიც არანაკლებ ემტერებიან. შწორედ მათი დამსახურებაა ბაქტერიული პნევმონია, იგივე ფილტვების ანთება.
შესაძლოა, ბაქტერიული ინფექცია ვირუსულის ფონზე განვითარდეს. უმეტესად ასეც ხდება: ჯერ ვირუსები დაასუსტებენ ორგანიზმს, მერე კი მას ბაქტერიები შეუტევენ, ამიტომ ბაქტერიული ინფექცია გაციებისა და გრიპის ყველაზე ხშირი გართულებაა.
იერიში ფილტვებზე
ფილტვების ანთების დროს მიკრობები ფილტვის უწვრილეს ბუშტუკებში – ალვეოლებში მრავლდებიან. ზოგჯერ დაავადება თავიდანვე ფილტვების ანთებით იწყება, ზოგჯერ კი, როგორც ვთქვით, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ფონზე ვითარდება.
ცალკე თემაა პნევმოკოკური პნევმონია. მას ბაქტერია პნევმოკოკი იწვევს. ის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ბავშვების მიმართ და საშიში გართულებები ახასიათებს. ჯანმოს მონაცემებით, 2008 წელს 5 წლამდე ასაკის 476 000 ბავშვი სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა, რაც ბავშვთა საერთო სიკვდილიანობის 5%-ია. თუმცა არცთუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა პნევმოკოკური ვაქცინა შექმნეს. შედეგად გართულებათა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. აღნიშნული ვაქცინა საქართველოს ეროვნულ კალენდარშიც დაინერგა.
აქვე გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული, პნევმონია ვირუსული წარმოშობისა იყოს (თუმცა ასეთი რამ შედარებით იშვიათია). ვირუსული პნევმონია უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და ზოგჯერ თავისთავადაც იკურნება.
ზოგჯერ პნევმონიას სოკოვანი ინფექციაც იწვევს, განსაკუთრებით მათთან, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს, მაგალითად, შიდსის გამო.
როგორ ამოვიცნოთ
დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, უმადობა, ოფლიანობა. ზოგჯერ პნევმონიაზე ეჭვის მიტანა ჭირს, რადგან სიმპტომები გაციების და გრიპის მსგავსია. ყურადღება უნდა მიაქციოთ დაავადების ხანგრძლივობას – თუ ის ნორმაზე მეტხანს გაგრძელდა და სიმპტომები არათუ არ შემსუბუქდა, არამედ დამძიმდა კიდეც, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ის, უპირველეს ყოვლისა, რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ჩაგიტარებთ. დაგჭირდებათ სისხლის საერთო ანალიზიც და, ექიმის შეხედულებისამებრ, სხვა კვლევებიც.
დაავადება მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც. უკანასკნელ შემთხვევაში საქმე შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია 65 წელს გადაცილებულებთან, ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან, მწეველებთან, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებთან.
პნევმონიის მკურნალობა გამომწვევზეა დამოკიდებული, პროგნოზი კი – დაავადების სიმძიმეზე, პაციენტის საერთო მდგომარეობასა და თანმხლებ პათოლოგიებზე.
არ დაგავიწყდეთ
არ შეიძლება, სასუნთქი სისტემის ინფექციებზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ ტუბერკულოზი. კოხის მიკობაქტერიით გამოწვეული დაავადება, რომელიც, მიუხედავად ჟამთასვლისა, აქტუალობას არ კარგავს და დღესაც დიდ გამოწვევებს უყენებს მედიცინას. თუმცა ამ დაავადებაზე იმდენჯერ ვისაუბრეთ, ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმ სიმპტომებს შეგახსენებთ, რომელთა აღმოცენების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:
* ორ კვირაზე ხანგრძლივი ხველა ნახველით;
* სხეულის დაბალი ტემპერატურა;
* ოფლიანობა;
* უმადობა;
* წონის კლება;
* საერთო სისუსტე.
არც ის დაივიწყოთ, რომ ტუბერკულოზის დამარცხება შესაძლებელია. მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.