ექიმი, რომელიც დიაგნოზს თვალის ერთი შევლებით სვამდა - გიორგი (გოგი) მხეიძე
გააზიარე:
წინა ნომერში ქართული თერაპიული სკოლის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელზე, ლევან ანჯაფარიძეზე გაიმბეთ. მას ხშირად მოიხსენებენ ასევე უდიდეს თერაპევტთან გიორგი (გოგი) მხეიძესთან ერთად. გოგი მხეიძის თანამედროვეებს ვერ ამოეხსნათ მისი საოცარი ნიჭის საიდუმლო – ზოგიერთ დიაგნოზს ის გასინჯვისა და გამოკვლევის გარეშე, თვალის ერთი შევლებით სვამდა.
ხუტა პაჭკორიას ბევრი რამ ჰქონდა გაგონილი დიდ თერაპევტზე და ძალიან გაუხარდა, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მის გვერდით მუშაობა მოუწია. ბატონი ხუტა სიამოვნებით გვესაუბრა უფროსი კოლეგის შესახებ, გადმოგვცა მისი მოწაფის, აკადემიკოს ვაჟა გვანცელაძის მიერ გოგი მხეიძის დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნი და ავტორთანაც დაგვაკავშირა.
– გოგი ქუთაისში დაიბადა 1904 წლის 23 აპრილს, ცნობილი სტომატოლოგის ნოე მხეიძის ოჯახში. მამას პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და საქართველოში სტომატოლოგიისა და ოდონტოლოგიის პიონერი გახლდათ. დედა, ნადეჟდა მაჭავარიანი, სასულიერო პირის ოჯახიდან იყო და მუსიკას ასწავლიდა. ცოლ-ქმარმა ოთხივე შვილს: არჩილს, გიორგის, დავითსა და ბესარიონს, – საუკეთესო განათლება მისცა. არჩილი და გიორგი მამის კვალს გაჰყვნენ: არჩილი ფთიზიატრი გახდა, გიორგი – თერაპევტი.
საშუალო განათლება გოგი მხეიძემ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, 1930 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. ორდინატურა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე გაიარა მიხეილ წინამძღვრიშვილის ხელმძღვანელობით, რისთვისაც დიდად ემადლიერებოდა ბედს. ერთხანს რიონჰესის სამშენებლო უბანზე სამედიცინო პუნქტის ექიმად მუშაობდა, მერე – ექიმ-ორდინატორად ქუთაისის საავადმყოფოში. მალე, ნიკოლოზ ყიფშიძის მოთხოვნით, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის (ახლანდელი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის) პედიატრიული, სანიტარიულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტად დანიშნეს. გოგი ლევან ანჯაფარიძესთან ერთად ნიკოლოზის მოწაფე გახდა და დიდი სკოლა გაიარა მის გვერდით.
კათედრაზე გიორგი მხეიძე პედაგოგიურ, სამეცნიერო და სამკურნალო საქმიანობას შეუდგა და ბრწყინვალე კლინიცისტის სახელიც მოიხვეჭა. ამავე პერიოდში გამოსცა შინაგან სნეულებათა რამდენიმე სახელმძღვანელო ლევან ანჯაფარიძესთან ერთად. 1934-1935 წლებში ნიკოლოზ ყიფშიძემ გოგი ლენინგრადის კვების ინსტიტუტში მიავლინა, სადაც მან შეისწავლა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები და ისინი თავის კლინიკაში დანერგა. 1939 წელს საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკის შესახებ.
ახალგაზრდული შეცდომა
– გიორგი ყოველთვის გამოირჩეოდა დიპლომატიური ნიჭით, მაგრამ ერთხელ ბეწვზე გადარჩა. სტალინის დედას, კეკეს, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. ინსულინი ახალი შემოსული იყო და ბელადის დედისთვის თბილისში მას სერგო ორჯონიკიძე გზავნიდა რუსეთიდან. ნემსის გაკეთებას ექთანს არ ანდობდნენ – ლავრენტი ბერიას დავალებით, გოგი უკეთებდა. ბერია, იმხანად – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ყოველდღე იწვევდა კონსილიუმს კეკეს მდგომარეობის შესახებ. ერთ დღეს კონსილიუმის დაწყებას ხუთი წუთი აკლდა, როცა ლავრენტიმ დიდი თერაპევტი შალვა მიქელაძე მოისაკლისა. ეს უკანასკნელი დიდად არ ეხატებოდა გულზე, რადგან ფედერალისტური პარტიის წევრი იყო – ბოლშევიკების იდეური მოწინააღმდეგე, თანაც მის მიერ მოძულებული ევგენი მიქელაძის ნათესავი. “თავადიშვილი აგვიანებსო?” – გესლიანად იკითხა ლავრენტიმ. ექიმები, რომლებმაც იცოდნენ, რას ნიშნავდა პირველი მდივნის გაწყრომა, დაიზაფრნენ. უეცრად კარი შემოაღო ევროპულად, პეწიანად ჩაცმულ-დახურულმა შალვა მიქელაძემ, საათს დახედა – კონსილიუმის დაწყებამდე ჯერ მთელი წუთი იყო დარჩენილი – და კოლეგებს მშვიდად მიუჯდა გვერდით. გაღიზიანებულმა ბერიამ თათბირი გააგრძელა და ექიმებს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა თავს: კვებაც დაუწუნა, მკურნალობაც და... კეკეს იაფფასიანი ოდეკოლონის სუნის გამოც კი უსაყვედურა. გოგიმ თავის მართლება სცადა და გულუბრყვილოდ წამოსცდა: ახლა სადღაა ისეთი პარფიუმერია, ჩემს ბავშვობაში რომ იყოო. “იმ დროის” კარგად ხსენებისთვის ლავრენტიმ ისე გადახედა მხეიძეს, ყველას ეგონა, ამ სიტყვებს გადააყოლებდა. საბედნიეროდ, ბერიას გადაავიწყდა თუ გადაივიწყა ახალგაზრდა ექიმის რეპლიკა და გოგი მშვიდობით გადაურჩა ამ ამბავს.
ქალაქის დასალიერში
– 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე, გიორგი მხეიძე ჯარში გაიწვიეს და როგორც გამოცდილი თერაპევტი, ევაკოჰოსპიტლის სამედიცინო განყოფილების უფროსად დანიშნეს. იყო ჰოსპიტლის უფროსის მოადგილეც, ექიმ-ექსპერტადაც მუშაობდა ქალაქის სამხედრო კომისარიატში. ერთ დღეს მისი ქერჩში გაგზავნის ბრძანება მოვიდა და დიდი თერაპევტი ალბათ ცუდად ორგანიზებული სამხედრო მოქმედებების გამო დაღუპული 300 ათასამდე ქართველის ბედს გაიზიარებდა, შემთხვევით ეს ამბავი ზედა ეშელონებში რომ არ გაეგოთ და სასწრაფოდ უკან არ დაებრუნებინათ – ასეთ სპეციალისტს ვერ შეველევითო.
ომის შემდეგ გიორგი კათედრას დაუბრუნდა, ნიკოლოზ ყიფშიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში კი ჩაიბარა კიდეც ის და 18 წელი განაგებდა. კათედრას თავდაპირველად მიხეილის საავადმყოფოს პირველი სართული ეკავა, მოგვიანებით კი მერვე საავადმყოფოში გადაიტანეს, ქალაქის დასალიერში, სადაც არც მეტრო იყო და სხვა ტრანსპორტიც ძნელად დადიოდა. მიუხედავად ამისა, გიორგი მხეიძე პაციენტების მიღებას ვერ აუდიოდა. 120-საწოლიანი თერაპიული განყოფილება მუდამ სავსე იყო.
გოგიმ ახალგაზრდები შემოიკრიბა გარს და შესანიშნავი გუნდი შექმნა. მან ექიმთა მთელი თაობა გამოზარდა. მკურნალობის კარგი შედეგის გარანტიად სწორი დიაგნოზი მიაჩნდა. ექიმებს აფრთხილებდა, ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევის პასუხი კრიტიკულად შეეფასებინათ, უპირატესობა კლინიკური სურათისთვის მიენიჭებინათ. თავად ვირტუოზულად ფლობდა კლინიკური კვლევის მეთოდებს. ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდებშიც შესანიშნავად ერკვეოდა, მაგრამ ძუნწად იყენებდა – კარგი ექიმი ზედმეტ გამოკვლევას არ დანიშნავსო. ზედმიწევნით უფრთხილდებოდა კლინიკის ავტორიტეტს – ჩვენგან გასულმა დიაგნოზმა მსოფლიო რომ შემოიაროს, მასში ეჭვი არავის უნდა შეეპაროსო.
უზუსტესი დიაგნოზები
– ცნობილი იყო მისი შემოვლები. პროფესორი ელგუჯა ადამია ამბობდა: ვისი შემოვლა არ მინახავს: მიასნიკოვის, ტარეევის, – მაგრამ გოგი მხეიძისა ყველას სჯობდაო. პაციენტებისთვის მისი დანახვა ზეიმი იყო. მაღალს, წარმოსადეგს, სიარულიც მეფური ჰქონდა. პაციენტები აღმერთებდნენ, თუმცა თავად საოცრად თავმდაბალი და გულისხმიერი იყო. წლობით ახსოვდა ყველა პაციენტი, მათი დიაგნოზი, სახელი, მამის სახელი. ავადმყოფმა უნდა იგრძნოს, რომ გულთან მიგაქვს მისი ტკივილი – შეიძლება, წამალზე მეტად შენმა სიტყვამ უშველოსო.
შემოვლის საათები ყოველთვის წინასწარ იყო განსაზღვრული, ამიტომ ყველა ახალგაზრდა ექიმი უნდა დასწრებოდა. უზარმაზარ პალატებში, რომლებშიც ზოგჯერ ოცდაათი პაციენტიც კი იწვა, ასისტენტები, დოცენტები მეცადინეობას ატარებდნენ. გიორგი დიდად მჭევრმეტყველი ლექტორი არ ყოფილა, მაგრამ უშურველად უზიარებდა კოლეგებს პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც მათ აუცილებლად გამოადგებოდათ, ამიტომ მის ლექციებს სიამოვნებით ესწრებოდნენ ახალბედა თუ გამოცდილი ექიმები.
შემოვლას რომ დაიწყებდა, პაციენტის დანახვისთანავე იტყოდა დიაგნოზს, მერე კი დინჯად, აუჩქარებლად გასინჯავდა. ჯერ გულზე დაადებდა ხელს (ასეც დაუსვამს გულის მანკის, მიტრალური სტენოზის დიაგნოზი, რომელსაც კატის კრუტუნის მსგავსი ხმიანობა ახასიათებს). ხელით შემოხაზავდა პათოლოგიის საზღვრებს, რომლებსაც მერე რენტგენის სურათი ზედმიწევნით იმეორებდა. ჯარში ხშირად უწევდა გულის მანკის დიაგანოსტიკა და ერთხელაც არ შემცდარა. სხვისი შეცდომის განსჯისას კი სიტყვაძუნწი იყო. მასთან ყველას თამამად შეეძლო აზრის გამოთქმა.
მისი ამ საოცარი უნარის საილუსტრაციოდ უამრავ შემთხვევას იხსნებენ.
ერთ გოგონას მუცელი ასტკივდა და ქირურგთა კონსილიუმმა ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა. წესისამებრ, თერაპევტსაც სთხოვეს კონსულტაცია. გიორგიმ გასინჯა პაციენტი და დაასკვნა: არავითარი მწვავე მუცელი აქ არ არის, ფილტვის ანთებააო. უმკურნალა გოგონას და მოარჩინა.
ერთ ახალგაზრდა კაცს წითელი შარდი წამოუვიდა, მერე კი შარდვა საერთოდ ვეღარ შეძლო. კონსილიუმმა ამჯერადაც ოპერაცია მიიჩნია საჭიროდ, გიორგიმ კი კათეტერი მოითხოვა და პაციენტს ორ ლიტრამდე შეგუბებული შარდი გამოუღო.
ცნობილ პათანატომს თამარ დეკანოსიძეს მემუარებში ასეთი შემთხვევა მოჰყავს: ერთხელ გიორგის ქუჩაში ახალგაზრდა ქალის გვამი უნახავს და პროზექტურაში გაუგზავნია, მეორე დღეს კი თამარისთვის უკითხავს: ხომ ურემიით გარდაიცვალაო? ნამდვილად ასე იყო. “ისე გავოცდი, ვერც კი მოვახერხე მეკითხა, რის საფუძველზე დასვა ეს დიაგნოზი”, – წერს მოგონებების ავტორი.
საქმე და ისევ საქმე
– დიდ თერაპევტს ყველგან აფასებდნენ. რამდენიმე კლინიკურ ბაზაზე მუშაობდა: ცენტრალური კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ, მეოთხე კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურ, მერვე საავადმყოფოს კლინიკურ განყოფილებებში; შეთავსებით ასწავლიდა საშუალო სამედიცინო სასწავლებელში, იყო კვების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი და დირექტორის მოადგილე, ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე, სასაზღვრო ჯარების ჰოსპიტლის კონსულტანტი...
აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. კითხულობდა ლექციების ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზით. იყო საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს წევრი, მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გერონტოლოგიისა და გერიატრიის ამიერკავკასიის საპრობლემო კომისიის ჯგუფის წევრი, თსსუს სამეცნიერო პედაგოგიური საბჭოს წევრი...
ამ ყველაფერთან ერთად, ჟურნალ “ჯეჯილთან” თანამშრომლობასაც ასწრებდა.
გიორგი მხეიძეს ჯერ დამსახურებული ექიმის, მერე კი მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდებაც მიენიჭა.
მიაჩნდა, რომ ექიმის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საუკეთესო გზა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა იყო. თავისი პირველი სერიოზული ნაშრომი, რომელიც ლიმფოგრანულომატოზს ეხებოდა, 1931 წელს წარუდგინა საზოგადოებას. აღწერა ღვიძლის ექინოკოკის იშვიათი შემთხვევა, შეისწავლა ტიფოზური წყლულის დიაგნოსტიკა, ფილტვის აბსცესის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, კლიმაქსის საკითხები, აკვირდებოდა ღვიძლის დაავადებებზე ცილოვანი საკვების გავლენას... განიხილავდა დაავადებებს ასაკობრივ ჭრილში, სწავლობდა შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებულ ცვლილებებს...
მიუხედავად ამისა, პაციენტებს არასოდეს აკლებდა ყურადღებას.
ყველას მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. უყვარდა საორდინატოროში შევლა და ახალგაზრდებთან საუბარი. კარგი იუმორი ჰქონდა. ერთხელ, კითხვაზე, რამდენი სიცოცხლე გადაგირჩენიათო, მიუგო: რაც დანამდვილებით ვიცი, ერთიო. ჩემი ექიმობის გარიჟრაჟზე ერთ ოჯახში უმძიმეს ავადმყოფს ვერაფერი გავუგე და ექიმბაში მოუყვანეს. მან თხის გული გამოუწერა, მე კი დაჟინებით მოვითხოვე, ერთი დღეც მოეცათ. და მართლაც, საღამოს ის კაცი უკვე ფეხზე იდგა... ავადმყოფის რა მოგახსენოთ, თხა კი ნამდვილად გადავარჩინეო.
საუბრები ეკერმანთან
– გიორგი მხეიძის შესახებ პირველად ჩემი მასწავლებლისგან, ოქროპირ გოგიბერიძისგან გავიგე, მალე კი ბატონი გოგი პირადად გავიცანი – 1987-1992 წლებში სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე ერთმანეთის პირისპირ მდებარე კაბინეტები გვეკავა. ბატონი გოგი 80 წელს იყო გადაცილებული, მაგრამ საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მასთან საუბარი ჩემთვის დიდი სიამოვნება გახლდათ. გონიერებისა და დიპლომატიური ნიჭის გამო ერთმა ენაკვიმატმა ის კარდინალ რიშელიეს შეადარა, თუმცა ეს შედარება დიდად არ მოსწონდა. ერთხელ დიდ გერმანელ კლინიცისტზე, ადოლფ კუსმაულზე დავწერე სტატია და ვუთხარი, ძალიან ჰგავხართ-მეთქი. სურათი მომიტანეო. ერთი კვირის შემდეგ დამიბრუნა და მითხრა, მართალია, გადაჭარბებულია ამ გენიოს ექიმთან ჩემი შედარება, მაგრამ მაინც მადლიერი ვარო. მე კი ვფიქრობ, გიორგი მხეიძე კუსმაულზე დიდიც კი იყო. მეამაყება, რომ ასეთი ექიმის გვერდით მუშაობის პატივი მხვდა წილად. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ერთხელ შევბედე – ჩვენი ურთიერთობა გოეთეს ეკერმანთან საუბრებს მაგონებს-მეთქი. გაეცინა.
გოგის ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, სალომე კლიმიაშვილი. ისიც ექიმი, ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ორი ქალიშვილი ჰყავდათ – ელიკო და ნონა. ცოლის სიკვდილი გოგიმ მძიმედ გადაიტანა და ერთ წელიწადში თვითონაც მიჰყვა.
ცოტა ხნით ადრე მითხრა, ცხოვრებაში იმდენი განსაცდელი გადავიტანე, სიკვდილისა არ მეშინია, ამიტომ თავს ბედნიერად მივიჩნევო. ვერგილიუსის პოემის ნაწყვეტი მოიშველია ლათინურად (ბრწყინვალედ იცოდა ეს ენა და ანდაზების თქმაც უყვარდა): “ბედნიერია ის, ვინც შეიცნო საგანთ მიზეზი და გადალახა შიში”. ამ საუბრიდან მეორე დღეს ინსულტი დაემართა. ერთი კვირა იავადმყოფა და 1992 წლის 19 ოქტომბერს, 88 წლისა, ამ ქვეყანას გამოეთხოვა.
მარი აშუღაშვილი