როდის და როგორ ვესაუბროთ ბავშვს ფულზე?

გააზიარე:

ბავშვობაში ალბათ ყველას გქონიათ გოჭი-ყულაბა, რომელშიც მშობლებისა და ნათესავების ნაჩუქარ ფულს აგროვებდით. მე დღესაც მახსოვს ბედნიერების შეგრძნება, როდესაც ჩემი პირველი ყულაბა გავტეხე და შეგროვილი ფულით ფაიფურის თოჯინა ვიყიდე, რომელიც ძალიან მინდოდა.
ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების გაღვივება, გოჭი-ყულაბით დაწყებული, ბავშვისთვის სახარჯი ფულის ოდენობის განსაზღვრით დამთავრებული, აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვის განვითარებიდან და თქვენი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, დროულად დაწყებული საუბრები ფულის სწორად ხარჯვაზე მომავალში ბავშვს გაუადვილებს ფინანსების მართვას და თავიდან ააცილებს იმპულსურ შოპინგს.
ბავშვის ხასიათიდან გამომდინარე, ამ ჩვევის ჩამოყალიბებისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ხერხს მიმართოთ, მაგრამ არსებობს მთავარი პრინციპები, რომელთა ცოდნა დაგეხმარებათ, კარგად გაართვათ თავი ამ საპასუხისმგებლო საქმეს.

  • დაიწყეთ ადრე

მართალია, ფულის სწორად ხარჯვის სწავლა არასოდეს არ არის გვიან, მაგრამ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ბავშვის ამ საკითხში გათვითცნობიერებას, მით უფრო უკეთესად იქნება ის მომზადებული მომავალში ფინანსურ საკითხებთან შესაჭიდებლად. კონკრეტული ასაკის დასახელება რთულია, რადგან სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა ფინანსური მდგომარეობაა. შესაძლოა, რაღაც გიშლიდეთ ხელს ბავშვთან ამ საუბრის წამოწყებაში ან თქვენი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ელოდებოდეთ. თავად შეარჩიეთ საუკეთესო დრო ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად.

  • ისაუბრეთ ფულზე

ფინანსური საკითხების ღიად განხილვას შეუძლია, დიდად დაგვეხმაროს ბავშვისთვის ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ წუწუნს და ჩივილს უფულობის გამო – ასე ბავშვს დასტრესავთ. ასეთი საუბარი უფროსებს უმჯობესია ცალკე გქონდეთ. ბავშვის თანდასწრებით კი ხმამაღლა განიხილეთ საყიდლების სია, საჭიროების მიხედვით დაახარისხეთ ეს ნივთები, გაანაწილეთ ბიუჯეტი და ასე შემდეგ.
ბავშვისთვის ფულთან ურთიერთობის ჩვევის გასაღვივებლად ერთი დიალოგი არ გეყოფათ – ეს ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს.
თუ ოჯახში ფინანსებზე საუბრის საჭიროება წარმოიშვა, ისაუბრეთ ბავშვის თანდასწრებით, იმდენად ღიად, რამდენადაც მიიჩნევთ საჭიროდ და მისთვის სასარგებლოდ.

  • ჩართეთ ბავშვი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

მიაღებინეთ ბავშვს მონაწილეობა ფინანსური საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროიცესში. მაგალითად, ერთად ნახეთ, რაზეა ფასდაკლება სუპერმარკეტში და ამ ფასად რისი შეძენა იქნება ხელსაყრელი. შეგიძლიათ, თავად ბავშვს მიანდოთ იმის გადაწყვეტა, ერთი ძვირიანი სათამაშო იყიდოს თუ ორი იაფიანი. იქვე აუხსენით, რატომ უწევს ამ არჩევანის გაკეთება: რომ მისი სათამაშოსთვის გარკვეული თანხა გაქვთ გადადებული, რომელსაც ვერ გადააჭარბებთ.

  • აუხსენით ფასებს შორის განსხვავების მიზეზები

მისთვის გასაგები ენით აუხსენით პატარას, რატომ ღირს ზოგიერთი ნივთი სხვაზე ძვირი. ერთი და იგივე დანიშნულება აქვს, მაგრამ ერთი ძვირად ღირებული ბრენდის ნაწარმია და ამიტომ? ერთი ბიოპროდუქტია, ხოლო მეორე ხელოვნურ დანამატებს შეიცავს და ამიტომ? ერთი ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული და დიდხანს გაძლებს, ხოლო მეორე დაბალი ხარისხისაა და ამიტომ?

  • მიეცით კარგი მაგალითი

გარე სამყაროსადმი დამოკიდებულების უდიდესი მაგალითი ბავშვისთვის მშობელია. არც ფულისადმი დამოკიდებულებაა გამონაკლისი. ფულთან სწორი ურთიერთობის სწავლებისას თქვენ თვითონ უნდა მისცეთ შვილს კარგი მაგალითი. აჩვენეთ, ფულის როგორი ხარჯვაა მიღებული თქვენს ოჯახში და რას უნდა ელოდეს მაღაზიაში წასვლისას. მაგალითად:

  • საყიდლებზე წასვლამდე განსაზღვრეთ ბიუჯეტი და არ გადააჭარბოთ მას (იშვიათად შეიძლება გამონაკლისის დაშვება).
  • ბავშვის თანდასწრებით ისაუბრეთ ფულის შეგროვებაზე უნივერსიტეტისთვის, სკოლისთვის ან უბრალოდ არდადეგებისთვის.
  • ასწავლეთ ბავშვს, რომ როდესაც ნივთი ფუჭდება, ჯერ მისი შეკეთება სცადოს და მერეღა იფიქროს მის გადაგდებასა და ახლის შეძენაზე.
  • ერიდეთ შვილთან ერთად გასახალისებელ შოპინგს – ეს მას ფულისადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებს. თუ შოპინგთერაპია გჭირდებათ, ჯობს, ეს მარტომ ან მეგობართან ერთად გააკეთოთ.

როდესაც მშობელი ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე იქცევა ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების მაგალითად, ბავშვი ამას ზრდასრულობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ეს მისთვის ჩვეულებრივი დასწავლილი ჩვევა ხდება.

  • ჯიბის ფული

ჯიბის ფული (რამდენი, თავად გადაწყვეტთ) საუკეთესო ხერხია ბავშვისთვის იმის სასწავლებლად, რომ ფულს პასუხისმგებლობით მოეკიდოს. წინასწარ განსაზღვრეთ, რა შემთხვევაში დააჯილდოებთ ჯიბის ფულით, რასაკვირველია, დაბადების დღისა და დღესასწაულების გარდა – ამ დროს ბავშვი ფულს საჩუქრად იღებს, ხოლო ჯიბის ფული, სასურველია, კარგი ქცევის ჯილდოდ მიიღოს. თუ იმ ასაკშია, რომ სახარჯო ფული ყოველდღე სჭირდება და ვერ მოაკლებთ, კარგი ქცევისთვის შეგიძლიათ ოდნავ გაუზარდოთ თანხა.

  • ვხარჯავთ და ვაგროვებთ

ფულის დაგროვებაზე საუბრით ნუ შემოიფარგლებით – კარგი იქნება, თუ თავად ბავშვს მისცემთ დაგროვების საშუალებას. ფულის დაგროვების ჩვევის გამომუშავება მომავალში ძალიან გამოადგება, რათა იმპულსური შოპინგისა და ფლანგვის ცდუნებას გაუძლოს.
ბავშვთან ერთად მოიფიქრეთ, რისთვის დაიწყებს ფულის შეგროვებას: ხ-ბოხ-ისთვის, ახალი ველოსიპედისთვის, გასართობ ცენტრში წასასვლელად... ნებისმიერი რამისთვის, რაც მას ძალიან უნდა, მაგრამ ამჟამად ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გაქვთ.
სასურველი მიზნისთვის ფულის შეგროვებით ბავშვს მოთმინება და თვითკონტროლის უნარი განუვითარდება, დასასრულ კი იგრძნობს, რა სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ფულით ისრულებ საწადელს.


შეგიძლიათ, ბავშვს საკუთარი ანაბარი გაუსხსნათ – თქვენ მიერ მიცემული ფულის ნაწილს სახარჯოდ გამოიყენებს, ხოლო ნაწილს ანბარზე დააგროვებს. დიდ თანხებზე არ არის საუბარი – დაიწყეთ მცირედით, სიმბოლურით, რათა ბავშვმა ფულის დაფასება ისწავლოს.
ესაუბრეთ ღირებულებებზე
კიდევ ერთი კარგი ტაქტიკაა ბავშვისთვის ფულის საჭიროებისამებრ განაწილება და ცოტაოდენი თანხის შემოწირულობებისთვის გადადება. ასე ის დაზოგვასაც ისწავლის და საზოგადოებაში საკუთარ ადგილს და მნიშვნელობასაც დაინახავს. აუხსენით, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის მიერ თანხის შეწირვას. ესაუბრეთ შემოსავლების უთანასწორობაზე, აუხსენით, რომ დაბალი შემოსავალი საძრახისი არ არის. ესაუბრეთ პროფესიებზე, საკუთარი შემოსავლის მნიშვნელობაზე (ამით ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ).

  • პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია

სასურველია, ბავშვმა ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება მანამდე გამოიმუშაოს, სანამ იმ ასაკს მიაღწევს, რომ სესხის აღება ან თუნდაც მეგობრისგან სესხება შეძლოს. ამ ასაკში ძალიან ადვილია ისეთი ფულის ხარჯვა, რომელიც რეალურად შენი არ არის. მოზარდებს ძალიან უჭირთ ამ ცდუნების გაძლება. თუ ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული ფულის სწორად განაწილების ჩვევა, დიდი ალბათობით, ჯიბის ფულს მალევე გაფლანგავს, სახარჯო არ დარჩება და მეგობრებთან ერთად კლუბში გართობაზე ან კინოში წასვლაზე უარის თქმა მოუწევს, ამან კი, დიდი შანსია, სწორედ არარსებული ფულის ხარჯვისკენ უბიძგოს.

  • მიეცით შეცდომის უფლება

მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ამ გრძელ და რთულ გზაზე ბავშვი უამრავ შეცდომას დაუშვებს, მიეცით ამის უფლება – საკუთარ შეცდომებზე ხომ ყველაზე უკეთ ვსწავლობთ.
თუ საკუთარი შეცდომით ფინანსური ზარალი მოგაყენათ, რასაკვირველია, ამას უნდა მოჰყვეს გარკვეული შედეგებიც, რათა ბავშვმა საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს. ნუ მოექცევით მეტისმეტად მკაცრად და ერთბაშად ნუ წაართმევთ ყველა პრივილეგიას; მიეცით საშუალება, მდგომარეობა გაიაზროს და შემდგომში უფრო ჭკვიანურად მოიქცეს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: