ნიკოლოზ კურტანიძე – “თუ ყოველ დილას კვლავ ვიბადები...”
გააზიარე:
წლები რომ გვემატება, დროის წარმავლობას უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობთ, ყოველი წუთი და წამი გვეძვირფასებაო, მითხრა “ავერსის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დიდი ოჯახის უხუცესმა წევრმა, პოეტმა ნიკოლოზ კურტანიძემ, რომელსაც ახლახან 75 წელი შეუსრულდა.
დროც აჩქარდა თითქოს... ფიქრისთვის, მომხდარის გააზრებისთვის, ადამიანური ურთიერთობისთვის სულ უფრო იშვიათად ვიცლით.
– ჩემი ბავშვობიდან უფრო ხალასი ურთიერთობები მახსოვს. ბუნებასთანაც თითქოს უფრო ახლოს ვიყავით, ერთმანეთსაც უფრო მეტად ვუფრთხილდებოდით, დედაშვილობის, მეგობრობის ფასიც ვიცოდით... შვილებიც, შვილიშვილებიც ამ სულისკვეთებით გავზარდეთ. დღეს კი, ტექნოლოგიურ ეპოქაში, თანდათან ყველაფერს გასდის ყავლი... მინდა, ამ თაობამაც იცოდეს ადამიანური ურთიერთობისა და დროის ფასი, თორემ ცხოვრება გაჭენებული ცხენივითაა – გავარდება და ვერც კი გაიგებ, როდის გამოგეცალა ხელიდან.
შრომისუნარიან ადამიანს შეუძლია, ერთ დღეში 100 კვ.მ. მიწა დაბაროს, ან 200 კვ.მ. მიწა გათოხნოს, ან 30 ნერგი დარგოს, ან სხვა სასარგებლო საქმე გააკეთოს, ან კიდევ დილიდან საღამომდე დომინო ითამაშოს ან ვიდეოთამაშში გაიყვანოს დრო... პირველ შემთხვევაში შრომის შედეგი დარჩება, მეორე შემთხვევაში – არაფერი. არადა მას, ვინც დროს გართობაში კლავს, ცხოვრებისადმი მეტი პრეტენზია აქვს.
წლებმა ფუჭად რომ არ ჩაიაროს, მეტი უნდა ვიფიქროთ ცხოვრებაზე, მეტად ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ავწონ–დავწონოთ ყოველი ნაბიჯი, გადავაფასოთ ყოველი წარმოდგენა... ფიქრის მოყვარული ადამიანი ყოველ დილით ხელახლა იბადება, ყოველი დღე მისთვის რაღაც ახლის დასაწყისია.
საქმესაც ფიქრი უყვარს – სანამ საზოგადოებისგან მოითხოვ რამეს, უნდა დაფიქრდე, თავად რა მიეცი საზოგადოებას.
“გთხოვ, ღმერთო, ისე მომკალი, ძლიერი დარჩეს ფესვი...”
მიაჩნია, რომ მთავარი ცხოვრებისეული გამოცდა ჩააბარა – კარგი შვილები გაზარდა და შვილიშვილებიც საამაყოები ეზრდებიან:
– ამქვეყნად ყველაზე მეტად ოჯახი მეამაყება. სამი შვილი და თერთმეტი შვილიშვილი მაჩუქა უფალმა. არაფერი დამიზოგავს მათი წარმატებისთვის... თუ ფესვი ღონიერია, ხეც ძლიერია. ადამიანის ფესვი ოჯახია.
ამბობს, რომ თავადაც სწორედ ოჯახმა, შვილების მზრუნველობამ, მეუღლის, ნუნუ ქავთარაძის, ჭირსა თუ ლხინში ერთგულებამ გადაალახვინა ყველა დაბრკოლება:
– ყოველ წარმატებას კაცი გვერდით მდგომებს – მეუღლეს, შვილებს, მშობლებს უნდა უმადლოდეს. მათი მხარდაჭერის გარეშე გამარჯვება ძნელიც არის და აზრსაც კარგავს.
“ჯერ ხომ სიბერე არ გამიგია,
ისე მივდივარ ბედის ბილიკზე”
– ცხოვრების გზაზე პრიორიტეტები თავისთავად ლაგდება. ჩემი აზრით, კაცის უმთავრესი დანიშნულება ოჯახის უზრუნველყოფაა. მცირე ასაკიდანვე ასე მიმაჩნდა, ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ სამთო ტექნიკუმში ჩავაბარე: იქ ყველაზე დიდი სტიპენდია იყო და ამ თანხით არათუ თავის რჩენას, ოჯახის დახმარებასაც ვახერხებდი – ზაფხულობით ყოველთვე თითო ტომარა ფქვილს ვყიდულობდი და შინ მიმქონდა.
მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ხუთი ძმიდან მეოთხე ვიყავი. მშობლები სულ შრომობდნენ და ჩვენც გვასწავლიდნენ, რომ სიზარმაცე დამღუპველია.
მომდევნო პრიორიტეტი სიმართლეა. ხომ გაგიგონიათ, მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო. სიმართლე პიროვნებად გაქცევს, ტყუილს კი ყველაფრის განადგურება შეუძლია. თუმცა არის პატარ-პატარა სიკეთის მატარებელი ტყუილებიც. მაგალითად, ავადმყოფს პირდაპირ ხომ ვერ ეტყვი, რომ მისი სიცოცხლე ილევა... გაუფრთხილდები, შეეცდები, უკანასკნელი დღეები გაულამაზო, თუნდაც სიმართლის დამალვის ფასად.
კიდევ ერთი პრიორიტეტია ცოდნა. გაუნათლებელ ადამიანს ანკესზე იოლად წამოაგებ. ძნელია, ბავშვს განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრო, როდესაც ხედავს, რომ ბევრი უვიცი მცოდნეზე უკეთ ცხოვრობს, მაგრამ პროფესიონალი ყოველთვის პატივსაცემი იქნება საზოგადოებისთვის.
დღეს განათლებულ ადამიანებს ერთიანი, მტკიცე ორიენტირების უქონლობა უქმნის უპერსპექტივობის განცდას. ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა კანონობდეს. ამის შემდეგ პოლიტიკაც და ეკონომიკაც სტაბილურ რელსებზე შედგება, განათლებაც დაფასდება და მცოდნე ხალხიც.
ოჯახისადმი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა და განათლება – თუ ამ ოთხ მტკიცე დედაბოძს დაეყრდნობი, ცხოვრება ადვილად ვერ წაგაქცევს.
“ცხოვრება დიდი ტანჯვაა, რასაც სიცოცხლე ჰქვია”
– ცხოვრება ხშირად თვითონვე გვიჩვენებს გეზს. მეც მუდამ იმას ვაკეთებდი, რაც იმწუთას სწორად მიმაჩნდა. სამთო ტექნიკუმიდან ელექტრობის შესწავლაზე გადავერთე, მერე კი ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს არა მარტო პრესტიჟული, არამედ საკმაოდ რთული პროფესიაც გახლდათ, სირთულეების ძიება და მათი დაძლევა კი მუდამ მიყვარდა.
ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ქუთაისის ავტომშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი, საიდანაც ვილნიუსში გამგზავნეს სასწავლებლად. ვინაიდან ელექტრონიკის შემსწავლელ კურსებზე სწავლა დაწყებული იყო, პროგრამირების შემსწავლელ კურსებზე ჩამრიცხეს. ასე რომ, ცხოვრებამ თვითონ შემიცვალა პროფესია და ქარხანაში პროგრამისტად დავბრუნდი. მერე თანდათან დავწინაურდი, ჯერ – გამოთვლითი ცენტრის წარმოების უფროსად, მერე – გამოთვლითი ცენტრის უფროსად, მაშასადამე, უფროსის მოადგილედ. ჩემი მიზანდასახულობა ქარხნის ადმინისტრაციას შეუმჩნეველი არ დარჩენია – 1976 წელს ჯერ საწარმო განყოფილების უფროსის მოადგილედ გადამიყვანეს, მერე კი დირექტორის მოადგილედ წარმოების ორგანიზაციის დარგში. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობისას კიდევ უფრო მკაფიოდ ვიგრძენი, რა მნიშვნელოვანია საზოგადოების პატივისცემის დამსახურება, კარგი სახელის დამკვიდრება... ხელმძღვანელობას არ სწავლობენ, ხელმძღვანელებად იბადებიან. ეს ნიჭია. ოღონდ მას მიზანდასახულობაც უნდა ერთვოდეს. თუ ეს თვისება თავად არ გაგაჩნია, ვერც სხვას დაუსახავ მიზანს.
მეამაყება, რომ პედაგოგიური გამოცდილებაც მაქვს –გამომთვლელ მანქანებზე დავიცავი დიპლომი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს ვუზიარებდი ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას.
გათვლები, რისკი და იღბალი
– ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობის გაგრძელება ვეღარ შევძელი და ბიზნესს მოვკიდე ხელი. ამ სფეროში გათვლაც მნიშვნელოვანია, რისკიც და იღბალიც, მაგრამ თუ შრომა გეზარება, ვერაფერი გიშველის. როდესაც ბიზნესი წამოვიწყე, ყოველ მეორეს ჯიბეში ფირმის ბეჭედი ედო და ბიზნესმენობას იჩემებდა. უმრავლესობა ნასესხები ფულით მიდიოდა რუსეთში, იქ დროსტარების მეტს არაფერს აკეთებდა და შინ ვალით ბრუნდებოდა... ეს მხოლოდ გაუნათლებლობის ბრალი არ არის, უყაირათობისა და უპასუხისმგებლობის ბრალია. ბიზნესი პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს.
ბევრი ფული ზოგჯერ ადამიანს ცვლის. შინაგანი კულტურა და ნებისყოფაა საჭირო, რომ ქონებამ თავბრუ არ დაგახვიოს. ფულიც ხან გაქვს, ხან – არა, ამიტომ უნდა ეცადო, ყოველთვის იმად დარჩე, ვინც ხარ და არ ეცადო თავის უკეთესად წარმოჩენას, სხვებზე უპირატესობის დემონსტრირებას.
პოეზია – ერთი სიცოცხლის სამი პირობა
ნიკოლოზ კურტანიძის შემოქმედება აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიებით აღინიშნა. დაჯილდოებულია საქართველოს მწერალთა კავშირის მადლიერების დიპლომით. ახლახან მიანიჭეს “კულტურის ამაგდარის” საპატიო წოდება.
იმ დღეებს იხსენებს, როცა ავადმყოფობის დროს სიკვდილს თვალებში ჩახედა – სწორედ მაშინ მიხვდა, რამდენი რამ რჩებოდა უთქმელი... სიყვარულსა და ტკივილზე სასაუბროდ ცხოვრებამ პოეზია უკარნახა. მოგვიანებით კი დარწმუნდა, რომ თუ სამი რამ: შრომა, სიყვარული, სიკეთე, – ცხოვრების წესად აქციე, სიკვდილიც ვერ შეგაშინებს.
– პროფესიონალიზმი – პროფესიონალიზმად, მაგრამ მუზაც თუ არ ეწვია პოეტს, სათქმელს თავს ვერ მოაბამს. მუზა კი დიდ გრძნობებს მოჰყავს. უნდა გაოცდე, განიცადო, საკუთარი ტკივილი გადალახო, სხვისი გაითავისო, რომ რამე მართლაც ღირებული შექმნა.
მთავარი სათქმელი სიყვარულია. თუ გიყვარს, ეს გრძნობა ლექსსაც დაგაწერინებს და მოთხრობასაც ამქვეყნად უმთავრესს უბრალო სიტყვებით გათქმევინებს.
ყველაფერში სიკეთის დანახვას უნდა ეცადო და თავადაც სიკეთეს ემსახურებოდე. შენი შემოქმედებაც მაშინ იქნება ცოცხალი და თბილი.
ყველგან სიკეთეს ვეძებ
– ჩემს ვაჟს, პაატას, უყვარს თქმა: მამაჩემისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო. მართლაც, არაერთხელ აღმოვჩენილვარ რთულ ვითარებაში, მაგრამ ვიცოდი, რომ გამოსავალი აუცილებლად უნდა მეპოვა და ვპოულობდი კიდეც. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერში შემიძლია ნათელი მხარის დანახვა. ოპერაცია რომ გადავიტანე, მთელი წელი არ შემეძლო მუშაობა. ვიფიქრე: კითხვას წინ რაღა უდგას, წინსვლა, განვითარება, ცოდნის გამდიდრება ხომ ამ მდგომარეობაშიც შეიძლება-მეთქი... ბევრს ვკითხულობდი, მერე თვითონაც დავიწყე წერა. როდესაც დავინახე, როგორ გაახარა ადამიანი ჩემ მიერ მიძღვნილმა ლექსმა, მივხვდი, რომ ტანჯვასა და წვალებაშიც შეიძლება იპოვო სიკეთის მარცვალი.
კომპანია “ავერსის” სახელით ვულოცავთ ბატონ ნიკოლოზს იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. დაე, კიდევ დიდხანს ყოფილიყოს დიდი ოჯახის საყრდენი, უამრავი ხალხის იმედი და მაგალითი, კეთილ საქმეთა წამომწყები.
თამარ ციბალაშვილი