საშვილოსნოს ყელის უკმარისობა - ორსულობის უჩინარი მტერი

გააზიარე:

უამრავი წყვილი მოუთმენლად ელის ორსულობას და მის ბედნიერ დასასრულს, თუმცა ის ყოველთვის არ დგება – ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას ბევრი რამ უშლის ხელს. ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი საშვილოსნოს ყელის უკმარისობაა. ამ დროს ვითარდება საშვილოსნოს ყელის სისუსტე და საშვილოსნო ნაყოფის ვადამდე შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს.

საშვილოსნოს ყელის უკმარისობა გულისხმობს საშვილოსნოს ყელის დარბილებას, გაფართოებას და დამოკლებას ორსულობის 37-ე კვირამდე, როცა ნაყოფი ჯერ კიდევ უმწიფარია. ყოველივე ამის მიზეზია საშვილოსნოსშიდა წნევის მომატება, რის შედეგადაც ნაყოფი და სანაყოფე წყლები საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირს აწვება და იწვევს ზემოხსენებულ მოვლენებს.
საშვილოსნოს ყელის უკმარისობას იშვიათად ახლავს თან ტკივილი, ამიტომ მას ორსულობის უჩინარ მტერს უწოდებენ. ეს მდგომარეობა იშვიათად არის იზოლირებული, უმეტესად დიდი და კომპლექსური პრობლემის – ნაადრევი მშობიარობის – ნაწილია.

  • საშვილოსნოს ყელი

საშვილოსნოს ყელი უმთავრესად ცილა კოლაგენისგან შედგება. მისი მხოლოდ 10% წარმოადგენს გლუვკუნთოვან ქსოვილს. სწორედ კოლაგენი განაპირობებს საშვილოსნოს ყელის სიმყარეს. საშვილოსნოს ყელის მომწიფება ორსულობის გვიანი პერიოდის ადრეული ფაზიდან იწყება. ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების დარღვევამ შესაძლოა ყელის ნაადრევი მომწიფება ან უკმარისობა, ნაადრევი მშობიარობა ან ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის უკმარისობის ერთ-ერთ მიზეზად ცილის სინთეზის შემცირება და დაშლის გაძლიერება მიიჩნევა.

  • როგორ მივაგნოთ მიზეზს

საშვილოსნოს ყელის სისუსტე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი პათოლოგია ემბრიონულ პერიოდში სასქესო ორგანოების განვითარების დარღვევითაა განპირობებული.
საზოგადოდ, მიზეზების მიხედვით გამოყოფენ საშვილოსნოს ყელის სისუსტეთა სამ დიდ კლასს: თანდაყოლილს (სტრუქტურულს), ტრავმის შემდგომს და ფუნქციურს.
თანდაყოლილი სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეული უკმარისობა (<1%) გენეტიკური ხასიათისაა და საკმაოდ იშვიათად გვხვდება.
პოსტტრავმული უკმარისობა, რომელიც სტრუქტურულზე გაცილებით ხშირად გვხვდება (70%), წინა მშობიარობის ან მშობიარობების დროს სამეანო მაშების ან ვაკუუმის გამოყენების, გინეკოლოგიური პროცედურების დროს საშვილოსნოს ყელის მექანიკური გაგანიერების, ლაცერაციის, საშვილოსნოს ყელზე სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარების (მაგალითად, დაზიანებული უბნების მოწვის ან მოყინვის) შედეგია.
საშვილოსნოს ყელის უკმარისობის შემთხვევათა 30% კი ფუნქციური ხასიათისაა. ისინი შედეგია ინფექციისა/ანთებისა, რომელიც სამშობიარო მოქმედების ნაადრევ გააქტიურებას იწვევს. შესაძლოა იგივე შედეგი მოჰყვეს სამეანო გართულებებსაც: ენდომეტრიუმის ანთებას/ინფექციას, პლაცენტურ სისხლდენას, საშვილოსნოს გადაჭიმვას მრავალწყლიანობის ან მრავალნაყოფიანი ორსულობის გამო.

  • როგორ გავიგოთ

ორსულთა უმრავლესობას სიმპტომები ან საერთოდ არ აღენიშნებათ, ან საკმაოდ მსუბუქად აქვთ გამოხატული. ტიპური ჩივილებია ტკივილი წელის არეში, სპაზმური ტკივილი მუცლის მიდამოში, სიმძიმის შეგრძნება მცირე მენჯის არეში, საშოდან გამონადენი, რომლის რაოდენობაც პროგრესულად იზრდება, ხოლო ფერი ვარდისფრამდე ან წითლამდე იცვლება.
ჩივილებთან ერთად გასათვალისწინებელია ულტრაბგერითი კრიტერიუმებიც, რომლებიც ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა: საშვილოსნოს ყელის სიგრძე; საშვილოსნოს ყელის არხის გაგანიერების ხარისხი; საშვილოსნოს ყელიდან სანაყოფე გარსების გამოსვლა.
საშვილოსნოს ყელის უკმარისობა მეორე ტრიმესტრის შუაში და მესამის დასაწყისში იჩენს თავს. შედეგი უკმარისობის ხარისხზეა დამოკიდებული.

  • როგორ ვიმკურნალოთ

საშვილოსნოს ყელის უკმარისობა მეანობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.
პრაქტიკოსი ექიმის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას: დროულად მოახდინოს დიაგნოსტიკა, შეარჩიოს როგორც მკურნალობის მეთოდი, ისე სერკლიაჟის (პესარის) დადებისა და მოხსნის ვადები.
პრობლემას აქტუალობას სძენს ისიც, რომ არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული ობიექტური დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, რომლებიც დაეხმარება ექიმს, დასვას დიაგნოზი ორსულობამდე ან ორსულობის დროს. ამ ეტაპზე დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა საშოსმხრივ ულტრაბგერით კვლევას ენიჭება.
არსებობს მკურნალობისადმი ორი მიდგომა – კონსერვატიული და ქირურგიული.
ქირურგიული მიდგომის მიზანია, მექანიკურად დაიკავოს, შეავიწროოს და ფორმა შეუნარჩუნოს საშვილოსნოს ყელს, რათა ნაყოფის გამოდევნა თავიდან აგვაცილოს.
ქირურგიული მიდგომა გულისხმობს საშვილოსნოს ყელის სერკლიაჟს – ცირკულარული ნაკერის დადებას საშვილოსნოს ყელზე ვაგინალური მიდგომით ან მუცელკვეთის გზით.
მუცელკვეთის გზით სერკლიაჟი უფრო ფართომასშტაბიანი ჩარევაა. ის ტარდება გართულებათა თავიდან ასაცილებლად, როდესაც ვაგინალური მიდგომით სერკლიაჟის დადებას ან მოხსნას რამე უშლის ხელს.
კონსერვატიული მეთოდი მოიცავს ჰორმონულ თერაპიასა და სამეანო პესარის დადებას.
კომბინირებული მიდგომა შესაძლოა მოიცავდეს ჰორმონული თერაპიას სერკლიაჟთან, ვაგინალურ პესართან ან ორივესთან ერთად.

  • ტყუპები

პროტოკოლებისა და რეკომენდაციების უმრავლესობა ერთნაყოფიანი ორსულობისთვის არის შემუშავებული. შედარებით მცირე რაოდენობის კვლევა არსებობს მრავალნაყოფიანი ორსულობის შესახებ. ზოგიერთ ავტორს მიაჩნია, რომ მრავალნაყოფიანი ორსულობისას სერკლიაჟის და პესარის დადების პოტენციური რისკი აღმატება სარგებელს და მკურნალობისადმი კონსერვატიულ მიდგომას – ჰორმონულ თერაპიას ამჯობინებს. ზოგიერთი ავტორი კი ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი პლაცენტებისა და სანაყოფე გარსების მქონე ტყუპებით ორსულობისას სერკლიაჟი და პესარი უფრო შედეგიანია, ვიდრე საერთო პლაცენტისა და სანაყოფე გარსების მქონე ტყუპებით ორსულობისას.

  • როდის ჩავერიოთ

საშვილოსნოს ყელზე ცირკულარული ნაკერი და/ან პესარი ორსულობის განსაზღვრულ ვადებზე იდება.
თუ პესარის ან ნაკერის დადებას პრევენციული მიზანი აქვს, პროცედურის ჩატარება ორსულობის მე-12-13 კვირიდან არის რეკომენდებული. სიმპტომების მქონე ორსულებს, რომლებსაც სამკურნალო მიზნით უტარდებათ პროცედურა, სერკლიაჟი და/ან პესარი ორსულობის 18-25 კვირის ვადაზე ედებათ. თუმცა, ჩივილებისა და სამეანო სიტუაციის გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა პროცედურის სხვა ვადებზე ჩატარებაც გადაწყვიტოს.

  • რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?

წარმატებული მკურნალობის შედეგად ორსულობა აღწევს ვადას. ამის შემდეგ ისმება პესარისა და`ან სერკლიაჟის მოხსნის საკითხი. მათი მოხსნა შეიძლება დროულად – დღევანდელი პროტოკოლების გათვალისწინებით, ორსულობის 37-ე კვირიდან, ან ნაადრევად – ორსულობის 37-ე კვირამდე, როცა მათი გამოყენებით გამოწვეული საფრთხე აღემატება პოტენციურ სარგებელს.

  • როდის არ უნდა ჩავერიოთ?

სერკლიაჟის / პესარის არდადების და/ან ნაადრევად მოხსნის ჩვენებებია:
* საშოსა და საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადების განვითარება ორსულობისას;
* საშვილოსნოს მტკივნეული შეკუმშვების აღმოცენება;
* სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა;
* საშოდან სისხლიანი გამონადენის გაჩენა;
* ნაადრევი სამშობიარო მოქმედების დაწყება და ზოგიერთი სხვა გართულება დედისა თუ ნაყოფის მხრივ, რომლებიც ორსულობის სასწრაფო დასრულებას მოითხოვს.

  • სერკლიაჟი

საშვილოსნოს ყელის უკმარისობის პრობლემა კაცობრიობისთვის XVII საუკუნიდანაა ცნობილი. 1955 წელს ინდოელმა ექიმმა ვითალ ნაგეშ შიროდკარმა მსოფლიოში პირველმა შეიმუშავა მკურნალობის ეფექტური პროცედურა – შიროდკარის სერკლიაჟი, რაც გულისხმობდა საშოსმხრივი მიდგომით საშვილოსნოს ყელის ზედა ნაწილზე ქისისებური ნაკერის დადებას, თუმცა პროცედურა დამატებით მანიპულაციას მოითხოვდა შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ეს კი მის ჩატარებას ართულებდა.
საშვილოსნოს ყელზე დადებული ნაკერი ავიწროებდა საშვილოსნოს ყელის გახსნილ არხს და ხელს უშლიდა მის შემდგომ დამოკლებას და გახსნას, რაც ორსულობას რამდენიმე კვირით მაინც ახანგრძლივებდა.
1957 წელს კი მსგავსი ტექნიკა შეიმუშავა ავსტრალიელმა ექიმმა იან მაკდონალდმა. მაკდონალდის ტექნიკა წინამორბედზე მოხერხებული იყო – საშვილოსნოს ყელს ნაკერი უფრო ქვემოთ ედებოდა, ვიდრე შიროდკარის სერკლიაჟის დროს, რაც გაცილებით ადვილი გახლდათ და არც დამატებით მანიპულაციებს მოითხოვდა.
თანამედროვე მეანობაში სერკლიაჟის დადების ოცამდე მეთოდი არსებობს, თუმცა ყველაზე მეტად ზემოხსენებული ორი პიონერის მეთოდებია გავრცელებული.

  • პესარი

პესარის ისტორია რამდენიმე ათას წელიწადს ითვლის. მის შესახებ პირველი ცნობები ეგვიპტურ ლიტერატურაში გვხვდება. ფართოდ იყენებდნენ ძველ საბერძნეთშიც. ეს იყო კვერცხისებური ფორმის სხეული (სიტყვა "პესარი" ლათინურად სწორედ ოვალურ ქვას ნიშნავს), რომელსაც ორსულის საშოში ათავსებდნენ მისი დგომის შესანარჩუნებლად. მისივე მეშვეობით მკურნალობდნენ შინაგანი სასქესო ორგანოების დაწევასა თუ გამოვარდნას.
საუკუნეების განმავლობაში პესარს ფორმა თითქმის არ უცვლია, თუმცა იცვლებოდა მასალა – არსებობდა ქვის, ხისა და შუშის, მეოცე საუკუნეში კი სილიკონის პესარი გაჩნდა. მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ იგი უვნებელია და აქვს ადაპტაციის იშვიათი უნარი, რომლის წყალობითაც ქალის სხეულის ნებისმიერ ინდივიდულაურ თავისებურებას ერგება.
ვაგინალური პესარი რბილი სილიკონის რგოლია, რომელიც საშოში იდგმება და მჭიდროდ შემოეკვრება საშვილოსნოს ყელს. ის ამცირებს ზეწოლას საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირზე და ცვლის საშვილოსნოს ყელის არხის მიმართულებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის ზომების შენარჩუნებას და ორსულობის ვადამდე მიყვანას.

  • სერკლიაჟი თუ პესარი?

ამრიგად, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მეანები მთელ მსოფლიოში იყენებენ შიროდკარისა და მაკდონალდის ქირურგიულ მიდგომებს.
მიუხედავად იმისა, რომ სერკლიაჟი მარტივი ოპერაციული ჩარევაა, მისი ეფექტურობა და სარგებლიანობა ჯერ კიდევ განხილვის საგანია.
მიუხედავად ამისა, სერკლიაჟი მნიშვნელოვანი პუნქტია საშვილოსნოს ყელის უკმარისობის მართვისას. მეანებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ეს მეთოდი იმ ქალების დასახმარებლად, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის უკმარისობით განპირობებული ნაადრევი მშობიარობა ემუქრებათ. მიუხედავად ნეონატოლოგიის მიღწევებისა, ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორსულობის გახანგრძლივება თუნდაც რამდენიმე კვირით, განსაკუთრებით – სიცოცხლისუნარიანობის ზღვარზე მყოფი ნაყოფისთვის.
სერკლიაჟი ქირურგიული მეთოდია და, რა თქმა უნდა, უფრო ტრავმულია ორგანიზმისთვის. არის შემთხვევები, როცა პესარის დადება შეუძლებელია ან შედეგი არ მოაქვს. ამ შემთხვევაში მკურნალობის ერთადერთ გზად სერკლიაჟი რჩება.


პრობლემის დიაგნოსტირება, ორსულის მდგომარეობის შეფასება და მკურნალობის სქემის შემუშავება მეან-გინეკოლოგის საქმეა. მანვე უნდა იზრუნოს ორსულის ინფორმირებაზე მისი მდგომარეობის, შესაძლო შედეგისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ, აუხსნას, რომ მოსვენებითი და წოლითი რეჟიმი კვლევებზე დაყრდნობით მხოლოდ პაციენტის კომფორტისთვის ინიშნება და ვერანაირად ვერ აუმჯობესებს შედეგს.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი კვლევა ადასტურებს როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მეთოდების დადებით ეფექტს საშვილოსნოს ყელის უკმარისობის დროს, ზემოთ აღწერილი მეთოდების ეფექტურობა და ორსულობის დასასრულზე მათი გავლენა ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. სპეციალისტთა შორის საერთო აზრი არ არსებობს. ასე რომ, მკურნალობის მეთოდის არჩევა მეან-გინეკოლოგისთვის რთული ამოცანაა. ის დამოკიდებულია ორსულის ინდივიდუალურ მონაცემებზე, ექიმის გამოცდილებასა და ცოდნაზე. შესაბამისად, მკურნალობის სქემაც ინდივიდუალური და მეცნიერული დასკვნებით განმტკიცებული უნდა იყოს.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: