ჰორმონული კონტრაცეპტივები – რჩევები მოზარდებს

გააზიარე:

დღეს ბევრს ლაპარაკობენ ოჯახის დაგეგმვაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაა. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კონტრაცეპტივები შობადობაზე ახდენდა გავლენას. დაკვირვებამ ნათელყო, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას არ აუარესებს. სამაგიეროდ, კონტრაცეპტივებზე უარის თქმა ხელოვნური აბორტის რიცხვის მატებას და მისი გართულებების (უნაყოფობის, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ტრავმული დაზიანების, მენსტრუალური ციკლის დარღვევის, დეპრესიის) გახშირებას  იწვევს. ამიტომ კონტრაცეფციული საშუალებების  სრულყოფა, ფართოდ დანერგვა და, რაც მთავარია, მათ შესახებ მოსახლეობისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება მედიკოსთა პრიორიტეტულ ამოცანად იქცა.

განსაკუთრებით აქტუალურია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ მართებული ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ხშირად საკუთარი შეხედულებისამებრ ან არაკომპეტენტური მეგობრების რჩევით იძენენ კონტრაცეპტივებს.

ამჟამად ჩასახვის საწინააღმდეგო მრავალი საშუალება არსებობს. მათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობაზე, კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებზე, გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა სალუქვაძე:

– კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (შემოკლებით – კოკ), რომლებსაც უმეტესად ჰორმონული კონტრაცეპტივების სახელწოდებით იხსენიებენ, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ოქროს სტანდარტია. თუ ქალი მიღების ყველა წესს დაიცავს, არასასურველი ორსულობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. სტატისტიკის თანახმად, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას წელიწადში ყოველი 1000 ქალიდან 60-80 ორსულდება. აქედან  მხოლოდ ერთი ორსულობაა გამოწვეული პრეპარატების არასაკმაო კონტრაცეფციული ეფექტით, დანარჩენი კოკ-ის არასწორი მიღების ბრალია. 

კოკ-ის მაღალი ეფექტურობა რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა რგოლზე ერთდროული ზემოქმედებით არის გამოწვეული. კონტრაცეფციული მოქმედების ძირითადი მექანიზმი  ოვულაციის ინჰიბირება ანუ დათრგუნვაა, რის შედეგადაც ფერხდება საკვერცხეში კვერცხუჯრედის  წარმოქმნა, ხოლო თუ განაყოფიერება მაინც მოხდა, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები ხელს უშლის კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელში იმპლანტაციას (ჩანერგვას). 

კოკ-ის კიდევ ერთი ეფექტი საშვილოსნოს მილების პერისტალტიკის დაქვეითება გახლავთ. ამის გამო კვერცხუჯრედი საშვილოსნოში  დაგვიანებით ხვდება, ხოლო ცერვიკალური არხის ლორწოს წებვადობა იმატებს, რის შედეგადაც სპერმატოზოიდებს საშვილოსნოსკენ სვლაში ხელი ეშლებათ.
კოკ-ები, პრაქტიკულად, ლიდერია ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ პრეპარატებს შორის, მაგრამ თუ მიღების წესების დარღვევის გამო ქალი მაინც დაორსულდა, ფეხმძიმობა ყოველგვარი გართულების გარეშე წარიმართება. დაორსულების შემთხვევაში ქალს ვურჩევთ, კონტრაცეპტივის მიღება შეწყვიტოს და ორსულობა შეინარჩუნოს.

პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის პირველი-მეხუთე დღიდან ან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტიდან (აბორტიდან) იმავე ხნის შემდეგ. თუ კოკ-ის მიღება პირველივე დღიდან არ დაიწყეთ, მაშინ პირველი ორი კვირის მანძილზე აუცილებელი ხდება დამატებითი კონტრაცეფციის, მაგალითად, კონდომის გამოყენება. ტაბლეტები სასურველია მიიღოთ თანმიმდევრულად, ერთსა და იმავე დროს, 3 კვირის განმავლობაში, 1 აბი დღეში. თუ ბლისტერზე  21 აბია,  მომდევნო 7 დღის მანძილზე შესვენებაა საჭირო, ხოლო თუ 28 აბია – მიღება პაუზის გარეშე უნდა გააგრძელოთ.

ყველაზე ტიპური შეცდომა, რომელსაც უშვებენ ქალები, ტაბლეტის გამოტოვებაა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია, გახსენებისთანავე მივიღოთ გამოტოვებული აბი და 2 კვირის მანძილზე დამატებით კონტრაცეფციას (მაგალითად, თავდაცვის ბარიერულ მეთოდს) მივმართოთ.
ჩასახვის შესაძლებლობა კოკ-ის მიღების შეწყვეტისთანავე აღდგება. ფერტილობა პოპულაციურ მნიშვნელობას (დაორსულების 85%-იანი ალბათობა 1 წლის მანძილზე) კოკ-ის მიღების შეწყვეტიდან დაახლოებით 4-6 თვის შემდეგ აღწევს.

ვინაიდან ფერტილობის აღსადგენად მეტწილად კოკ-ის შეწყვეტიდან 2-3 თვეა საჭირო, უმჯობესია, ამ ხნის მანძილზე ქალმა დაორსულებისგან თავი მაინც შეიკავოს.

პირველი 3-4 თვის მანძილზე, ადაპტაციის პერიოდში, ქალი შესაძლოა შეაწუხოს პერიოდულმა თავის ტკივილმა, გულისრევამ, თავბრუხვევამ, უგუნებობამ, მასტოდინიამ (მკერდის ტკივილმა). ამგვარი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია პრეპარატი ძილის წინ მივიღოთ, ხოლო თუ ჩამოთვლილმა სიმპტომებმა უფრო მეტხანს გაგრძელდა, შედარებით მცირედოზიან პრეპარატზე გადავიდეთ ან საერთოდ შევწყვიტოთ მათი მიღება.

კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში შესაძლოა გაჩნდეს სისხლიანი გამონადენი. ასეთ შემთხვევაში ტაბლეტის ერთსა და იმავე  დროს მიღებაა რეკომენდებული, თუმცა არ არის გამორიცხული, გამონადენის მიზეზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია იყოს ან პრობლემა ესტროგენების უფრო მაღალი დოზის შემცველ კოკ-ზე გადასვლით მოიხსნას. არცთუ იშვიათად სისხლიანი გამონადენის მიზეზია ტაბლეტის გამოტოვება, აგრეთვე – ღებინება ან დიარეა, რის გამოც პრეპარატის შეთვისების პროცესი ირღვევა.
ქალმა უთუოდ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, თუ აწუხებს: მუდმივი და ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ტკივილი მუცლის არეში, მკერდის ძვლის უკან ან ქვედა კიდურებში, სუნთქვის გაძნელება, კანის საფარველის სიყვითლე ან ქავილი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, არტერიული წნევის მუდმივი მომატება.

კოკ-ი ოვულაციის ანუ კვერცხუჯრედის მომწიფების დათრგუნვას იწვევს. შედეგად სისხლში ჰორმონების დონის სტაბილიზაცია მიიღწევა. ამავე დროს ქვეითდება ესტროგენების სტიმულაცია და მათი გავლენა სამიზნე ორგანოებზე, ყოველივე ეს კი პროლიფერაციული პროცესების შეფერხებას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს საკვერცხისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს. ასე, მაგალითად: კოკ-ის მიღების შემთხვევაში, გარდა კიბოსი (საკვერცხეების კიბოს განვითარების ალბათობა – 50%-ით, ხოლო საშვილოსნოს კიბოსი – 60%-ით მცირდება), საგრძნობლად იკლებს ზოგიერთი სხვა პათოლოგიის, კერძოდ: სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებების, საშვილოსნოს მიომის, საკვერცხეების კისტის, ოსტეოპოროზის ჩამოყალიბების რისკი. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები სამკურნალოდ რეკომენდებულია საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების, საკვერცხეების პოლიკისტოზის, წინარემენსტრუაციული სინდრომის, ენდომეტრიოზული ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის, ჰიპერანდროგენული გამოვლინებათა (ცხიმიანი კანის, აკნეს, ჭარბთმიანობის) დროს. გარდა ამისა, კოკ-ი არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს (ამცირებს მენსტრუაციული სისხლდენის ოდენობას, აწესრიგებს მენსტრუაციის დროს) და პოზიტიურად მოქმედებს რკინადეფიციტურ ანემიაზე.

დაავადებათა განვითარების რისკი კოკ-ის მიღებიდან 3-6 თვეში ვლინდება და ეს ეფექტი მიღების შეწყვეტიდან თითქმის 15 წლის მანძილზე გასტანს.
კოკ-ის მიღება დაუშვებელია აქტიურად მწეველი (15 ღერზე მეტი დღეში) ქალებისთვის, რომელთა ასაკი 35 წელზე მეტია, ასევე მათთვის, ვისაც აწუხებს: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული  დაავადებები, სარძევე ჯირკვლის კიბო, გულის მანკი, გულის იშემიური დაავადებები, ღრმა ვენების თრომბოზი, შაკიკი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია ან გადატანილი აქვს ინსულტი, ეპილეფსია.

გართულებებისგან თავის დასაცავად, გირჩევთ, კონტრაცეპტივის გამოყენებამდე გინეკოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია. დაიხსომეთ: ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შერჩევა ქალის ორგანიზმის თავისებურებათა გათვალისწინებით, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.
გინეკოლოგთან საკონტროლო ვიზიტი კოკ-ის მიღების დაწყებიდან 3 თვის შემდეგ არის აუცილებელი. ამ ვიზიტის დროს გაუსინჯავენ სარძევე ჯირკვალს, მუცლის ღრუს ორგანოებს (მათ შორის – ღვიძლს), გაუზომავენ არტერიულ წნევას, ჩაუტარებენ გინეკოლოგიურ გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევას, ხოლო თუ ქალი 35 წელს არის გადაცილებული, სისხლში გლუკოზის, ჰემოსტაზისა და ცხიმოვანი ცვლის მაჩვენებლებსაც გამოიკვლევენ.

გააზიარე: