სუნი როგორც სიმპტომი

გააზიარე:

 

 

 

როგორ მოვიქცეთ ჰალიტოზის დროს

რა აჩენს სუნს საშოს მიდამოში

შარდის უჩვეულო სუნის მიზეზები

რას გვეუბნება განავლის სუნი

 

ალბათ გული აგიჩუყდებათ, თუ თქვენი პატარა  ძილის წინ ჩაგეხუტებათ და გეტყვით: დედიკო, შენი სუნი მიყვარსო. თქვენც ხომ დღემდე გახსოვთ დედის სუნი... დიახ, ყველა ადამიანს ინდივიდუალური სუნი აქვს. საკუთარ სუნს, როგორც წესი, ვერ ვგრძნობთ, მაგრამ გარშემო მყოფები ამჩნევენ და იმახსოვრებენ.

ჩვენი სუნი ისეთივე უნიკალურია, როგორიც თითის ანაბეჭდები. ეს ერთგვარი ყნოსვითი “პასპორტია”, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს და ზოგჯერ, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ცხოვრების თანამგზავრის არჩევაშიც კი გვეხმარება.

ადამიანის ინდივიდუალური სუნი არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – კვებასა და ჰიგიენაზე, მაგრამ, განურჩევლად იმისა, რას მიირთმევთ და როგორ იცავთ ჰიგიენის წესებს, გენეტიკურად განსაზღვრული არომატული იდენტობა არ იცვლება. ასე ამბობს კვლევა, რომელიც ფილადელფიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. დიახ, თითის ანაბეჭდები შემთხვევით არ მიხსენებია. თუ სუნიც ასეთივე უნიკალურია, მომავალში ის შესაძლოა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებადაც იქცეს.

არსებობს სხვა სუნებიც: კანის, ოფლის, შარდის, განავლის. ეს ნაკლებად მიმზიდველი თემაა, მაგრამ მეტად საყურადღებო, ვინაიდან სუნის ცვლილება შესაძლოა ავადმყოფობაზე მიუთითებდეს. რა უცვლის სუნს ოფლს, შარდს, განავალს, ამონასუნთქ ჰაერსა თუ საშოს? როდის ავადმყოფობის ნიშანია სუნი და როდის – ინდივიდუალური თავისებურება? როდის მივმართოთ ექიმს და რას ველოდოთ? მთავარ თემაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით.

ავადმყოფობის სუნი მცემს 

პირსა თუ იღლიებში უსიამოვნო სუნი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს ნებისმიერ ასაკში. მაგრამ ზოგჯერ სხეულის სუნი ავადმყოფობის სიგნალია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მეტადრე მაშინ, როდესაც ჰიგიენური პროცედურები პრობლემას ვერ შველის.

სუნთქვის დროს მხოლოდ ნახშირორჟანგს არ ამოვისუნთქავთ – ამონასუნთქი ჰაერი შეიცავს ინფორმაციას ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, მიღებულ მედიკამენტებსა და საკვებზეც. იგივე ითქმის შარდსა და განავალზე – ისინი ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებათა ინდიკატორები არიან. ნაერთები, რომლებიც სისხლს გადააქვს, შესაძლოა საოფლე ჯირკვლების საშუალებითაც გამოიყოს და ოფლს მისცეს დამახასიათებელი სუნი, რომელიც კანზე, იღლიებში, საზარდულის მიდამოში იგრძნობა. ოფლთან ერთად მყრალი ნივთიერებები სტრესის დროსაც გამოიყოფა. თუმცა ყველაფერს სტრესსა და შინაგან ორგანოთა დაავადებებს ნუ დავაბრალებთ – თუ პირადი ჰიგიენა დაივიწყეთ, უსიამოვნო სუნი თქვენი მუდმივი თანამგზავრი იქნება. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ისეც ხდება, რომ დაავადება სუნს უცვლის ყველაფერს – კანს, ოფლს, შარდს, ამონასუნთქ ჰაერს. ასეა, მაგალითად, ფენილკეტონურიის დროს. ეს იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის ამინმჟავა ფენილალანინის დამშლელ ფერმენტს. შედეგად ორგანიზმში ფენილალანინი გროვდება. ფენილალანინის სიჭარბის გამო კანი (ოფლი), შარდი და ამონასუნთქი ჰაერი ობის, შმორის სუნს იღებს.

ზოგიერთი დაავადების დროს სხეულის სუნს იმდენად დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს, რომ ეს დაავადების სახელწოდებაზეც აისახება. მაგალითად, არსებობს გენეტიკური დაავადება – ტრიმეთილამინურია, რომელსაც უფრო ხშირად თევზის სუნის სინდრომის სახელით მოიხსენიებენ. ამ დროს ადამიანს სხეულზე დამპალი თევზის მძაფრი, მყრალი სუნი ასდის. პრობლემის მიზეზი ნივთიერება ტრიმეთილამინია. უფრო სწორად, მისი დამშლელი ფერმენტის დეფიციტი, რომლის გამოც ეს მყრალი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება და უხვად გამოიყოფა შარდთან, ოფლსა და ამონასუნთქ ჰაერთან ერთად.

ისევ მომავლის მედიცინის შესახებ

ვინაიდან სუნს ზოგჯერ დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, მეცნიერები ელექტრონული "ცხვირის" შექმნას ცდილობენ, რომელიც სპეციფიკური სუნის თანხლებით მიმდინარე დაავადებებს ამოიცნობს. კვლევები ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა ლაბორატორიაში უკვე შეუძლიათ სხვადასხვა ნაერთის სუნის ანალიზი. გაწვრთნეს ძაღლებიც, რომლებიც ამონასუნთქის ნიმუშებში ზოგიერთი დაავადების ამოცნობას ახერხებენ, თუმცა მედიცინაში ამ მეთოდების დანერგვა მომავლის საქმეა. "ხელოვნურ ჭკვიან ცხვირამდე" კი ბუნებრივის იმედად ვრჩებით.

ასეა თუ ისე, გახსოვდეთ: სუნის ყოველგვარი ცვლილება ავადმყოფობაზე არ მიუთითებს, მაგრამ გადამოწმება საჭიროა.

ოფლის სუნი

უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოფლიანობაა. ვარჯიშის დროს, სიცხეში, მღელვარებისას სხეული გვეცვარება და ზოგჯერ ჩვენდა უნებურად არასასიამოვნო სუნს ვაფრქვევთ. მეტად უხერხული მდგომარეობაა, მაგრამ არა საგანგაშო – ოფლის გამოყოფა ბუნებრივი, მეტიც, აუცილებელი პროცესია. უამისოდ სხეული გადახურდება და ნამდვილად არ დაადგება კარგი დღე.

როგორ მოვიქცეთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს? გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და ის არა ოფლთან, არამედ მის სუნთან ბრძოლას გულისხმობს.

ვებრძვით სუნს

უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ოფლს სუნი არ აქვს. სიმყრალეს ის მას შემდეგ აფრქვევს, რაც კანზე მოკალათებული ბაქტერიები შეერევა. ისღა დაგვრჩენია, ბაქტერიები კანიდან მოვიშოროთ და პრობლემაც მოგვარდება.

მათთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება კი წყალია. ახალდაბანილ სხეულს, რომც გაოფლიანდეს, სუნი არ აუვა მანამდე, სანამ კანზე ხელახლა არ მოკალათდებიან ბაქტერიები და საოფლე ჯირკვლების გამონაყოფს არ "გაამდიდრებენ".

ამრიგად, სისუფთავე ოფლის უსიამოვნო სუნისგან თავის დაცვის მთავარი საშუალებაა. იბანეთ ხშირად, ზაფხულობით – დღეში ერთხელ მაინც, ვინაიდან სიცხეში ტენიანობა იმატებს და ჰაერს ოფლის შთანთქმის უნარი აღარ შესწევს. ნურც ჰიგიენის სხვა წესებს დაივიწყებთ:

* ეცადეთ, ატაროთ სუფთა, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

* გაოფლიანებული სხეული მშრალი პირსახოცით საგულდაგულოდ გაიმშრალეთ.

* გამოიყენეთ დეოდორანტი (ის ოფლის სუნს აქრობს) ან ანტიპერსპირანტი (ის ოფლის გამოყოფას აფერხებს). მოარული აზრის მიუხედავად, მათი მავნე ზემოქმედება ჯერჯერობით სარწმუნო კვლევებით არ დადასტურებულა.

* ერიდეთ ოფლის სუნის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, თუ უკვე გაოფლიანდით – უარეს შედეგს მიიღებთ. ნურც სუნამოთი ეცდებით სუნის შენიღბვას.

* სვით ბევრი წყალი.

* სიცხეში ჩაიცვით თავისუფალი, ღია ფერის სამოსი.

სხვა მიზეზები

თუ ადამიანი ზედმიწევნით იცავს ჰიგიენის ყველა წესს, მაგრამ ოფლის სუნს მაინც ვერ აღწევს თავს, მიზეზი ორგანიზმში უნდა ვეძებოთ. ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, მენოპაუზა, პარკინსონის დაავადება, აკრომეგალია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ინფექცია, რომელიმე მედიკამენტი – ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

ისეც ხდება, რომ ჭარბი ოფლიანობის მიზეზს ვერ პოულობენ. ამ დროს ამბობენ, რომ საქმე გვაქვს პირველად ჰიპერჰიდროზთან. ეს უკანასკნელი ჰიპერჰიდროზის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ საკმაო უხერხულობას წარმოშობს და შესაძლოა, სოციალურ პრობლემებსაც დაუდოს სათავე, მეტადრე – მოზარდებთან.

 

როგორ მოვიქცეთ ჰალიტოზის დროს

ალბათ გული აგიჩუყდებათ, თუ თქვენი პატარა ძილის წინ ჩაგეხუტებათ და გეტყვით: დედიკო, შენი სუნი მიყვარსო. თქვენც ხომ დღემდე გახსოვთ დედის სუნი... დიახ, ყველა ადამიანს ინდივიდუალური სუნი აქვს. საკუთარ სუნს, როგორც წესი, ვერ ვგრძნობთ, მაგრამ გარშემო მყოფები ამჩნევენ და იმახსოვრებენ.

ჩვენი სუნი ისეთივე უნიკალურია, როგორიც თითის ანაბეჭდები. ეს ერთგვარი ყნოსვითი “პასპორტია”, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს და ზოგჯერ, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ცხოვრების თანამგზავრის არჩევაშიც კი გვეხმარება.
ადამიანის ინდივიდუალური სუნი არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – კვებასა და ჰიგიენაზე, მაგრამ, განურჩევლად იმისა, რას მიირთმევთ და როგორ იცავთ ჰიგიენის წესებს, გენეტიკურად განსაზღვრული არომატული იდენტობა არ იცვლება. ასე ამბობს კვლევა, რომელიც ფილადელფიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. დიახ, თითის ანაბეჭდები შემთხვევით არ მიხსენებია. თუ სუნიც ასეთივე უნიკალურია, მომავალში ის შესაძლოა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებადაც იქცეს.


არსებობს სხვა სუნებიც: კანის, ოფლის, შარდის, განავლის. ეს ნაკლებად მიმზიდველი თემაა, მაგრამ მეტად საყურადღებო, ვინაიდან სუნის ცვლილება შესაძლოა ავადმყოფობაზე მიუთითებდეს. რა უცვლის სუნს ოფლს, შარდს, განავალს, ამონასუნთქ ჰაერსა თუ საშოს? როდის ავადმყოფობის ნიშანია სუნი და როდის – ინდივიდუალური თავისებურება? როდის მივმართოთ ექიმს და რას ველოდოთ? მთავარ თემაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით.

  • ავადმყოფობის სუნი მცემს

პირსა თუ იღლიებში უსიამოვნო სუნი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს ნებისმიერ ასაკში. მაგრამ ზოგჯერ სხეულის სუნი ავადმყოფობის სიგნალია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მეტადრე მაშინ, როდესაც ჰიგიენური პროცედურები პრობლემას ვერ შველის.
სუნთქვის დროს მხოლოდ ნახშირორჟანგს არ ამოვისუნთქავთ – ამონასუნთქი ჰაერი შეიცავს ინფორმაციას ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, მიღებულ მედიკამენტებსა და საკვებზეც. იგივე ითქმის შარდსა და განავალზე – ისინი ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებათა ინდიკატორები არიან. ნაერთები, რომლებიც სისხლს გადააქვს, შესაძლოა საოფლე ჯირკვლების საშუალებითაც გამოიყოს და ოფლს მისცეს დამახასიათებელი სუნი, რომელიც კანზე, იღლიებში, საზარდულის მიდამოში იგრძნობა. ოფლთან ერთად მყრალი ნივთიერებები სტრესის დროსაც გამოიყოფა. თუმცა ყველაფერს სტრესსა და შინაგან ორგანოთა დაავადებებს ნუ დავაბრალებთ – თუ პირადი ჰიგიენა დაივიწყეთ, უსიამოვნო სუნი თქვენი მუდმივი თანამგზავრი იქნება. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.


ისეც ხდება, რომ დაავადება სუნს უცვლის ყველაფერს – კანს, ოფლს, შარდს, ამონასუნთქ ჰაერს. ასეა, მაგალითად, ფენილკეტონურიის დროს. ეს იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის ამინმჟავა ფენილალანინის დამშლელ ფერმენტს. შედეგად ორგანიზმში ფენილალანინი გროვდება. ფენილალანინის სიჭარბის გამო კანი (ოფლი), შარდი და ამონასუნთქი ჰაერი ობის, შმორის სუნს იღებს.
ზოგიერთი დაავადების დროს სხეულის სუნს იმდენად დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს, რომ ეს დაავადების სახელწოდებაზეც აისახება. მაგალითად, არსებობს გენეტიკური დაავადება – ტრიმეთილამინურია, რომელსაც უფრო ხშირად თევზის სუნის სინდრომის სახელით მოიხსენიებენ. ამ დროს ადამიანს სხეულზე დამპალი თევზის მძაფრი, მყრალი სუნი ასდის. პრობლემის მიზეზი ნივთიერება ტრიმეთილამინია. უფრო სწორად, მისი დამშლელი ფერმენტის დეფიციტი, რომლის გამოც ეს მყრალი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება და უხვად გამოიყოფა შარდთან, ოფლსა და ამონასუნთქ ჰაერთან ერთად.

  • ისევ მომავლის მედიცინის შესახებ

ვინაიდან სუნს ზოგჯერ დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, მეცნიერები ელექტრონული "ცხვირის" შექმნას ცდილობენ, რომელიც სპეციფიკური სუნის თანხლებით მიმდინარე დაავადებებს ამოიცნობს. კვლევები ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა ლაბორატორიაში უკვე შეუძლიათ სხვადასხვა ნაერთის სუნის ანალიზი. გაწვრთნეს ძაღლებიც, რომლებიც ამონასუნთქის ნიმუშებში ზოგიერთი დაავადების ამოცნობას ახერხებენ, თუმცა მედიცინაში ამ მეთოდების დანერგვა მომავლის საქმეა. "ხელოვნურ ჭკვიან ცხვირამდე" კი ბუნებრივის იმედად ვრჩებით.
ასეა თუ ისე, გახსოვდეთ: სუნის ყოველგვარი ცვლილება ავადმყოფობაზე არ მიუთითებს, მაგრამ გადამოწმება საჭიროა.


* * * * *

  • ოფლის სუნი

უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოფლიანობაა. ვარჯიშის დროს, სიცხეში, მღელვარებისას სხეული გვეცვარება და ზოგჯერ ჩვენდა უნებურად არასასიამოვნო სუნს ვაფრქვევთ. მეტად უხერხული მდგომარეობაა, მაგრამ არა საგანგაშო – ოფლის გამოყოფა ბუნებრივი, მეტიც, აუცილებელი პროცესია. უამისოდ სხეული გადახურდება და ნამდვილად არ დაადგება კარგი დღე.
როგორ მოვიქცეთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს? გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და ის არა ოფლთან, არამედ მის სუნთან ბრძოლას გულისხმობს.

  • ვებრძვით სუნს

უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ოფლს სუნი არ აქვს. სიმყრალეს ის მას შემდეგ აფრქვევს, რაც კანზე მოკალათებული ბაქტერიები შეერევა. ისღა დაგვრჩენია, ბაქტერიები კანიდან მოვიშოროთ და პრობლემაც მოგვარდება.
მათთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება კი წყალია. ახალდაბანილ სხეულს, რომც გაოფლიანდეს, სუნი არ აუვა მანამდე, სანამ კანზე ხელახლა არ მოკალათდებიან ბაქტერიები და საოფლე ჯირკვლების გამონაყოფს არ "გაამდიდრებენ".
ამრიგად, სისუფთავე ოფლის უსიამოვნო სუნისგან თავის დაცვის მთავარი საშუალებაა. იბანეთ ხშირად, ზაფხულობით – დღეში ერთხელ მაინც, ვინაიდან სიცხეში ტენიანობა იმატებს და ჰაერს ოფლის შთანთქმის უნარი აღარ შესწევს. ნურც ჰიგიენის სხვა წესებს დაივიწყებთ:

  • ეცადეთ, ატაროთ სუფთა, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
  • გაოფლიანებული სხეული მშრალი პირსახოცით საგულდაგულოდ გაიმშრალეთ.
  • გამოიყენეთ დეოდორანტი (ის ოფლის სუნს აქრობს) ან ანტიპერსპირანტი (ის ოფლის გამოყოფას აფერხებს). მოარული აზრის მიუხედავად, მათი მავნე ზემოქმედება ჯერჯერობით სარწმუნო კვლევებით არ დადასტურებულა.
  • ერიდეთ ოფლის სუნის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, თუ უკვე გაოფლიანდით – უარეს შედეგს მიიღებთ. ნურც სუნამოთი ეცდებით სუნის შენიღბვას.
  • სვით ბევრი წყალი.
  • სიცხეში ჩაიცვით თავისუფალი, ღია ფერის სამოსი.

სხვა მიზეზები
თუ ადამიანი ზედმიწევნით იცავს ჰიგიენის ყველა წესს, მაგრამ ოფლის სუნს მაინც ვერ აღწევს თავს, მიზეზი ორგანიზმში უნდა ვეძებოთ. ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, მენოპაუზა, პარკინსონის დაავადება, აკრომეგალია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ინფექცია, რომელიმე მედიკამენტი – ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.
ისეც ხდება, რომ ჭარბი ოფლიანობის მიზეზს ვერ პოულობენ. ამ დროს ამბობენ, რომ საქმე გვაქვს პირველად ჰიპერჰიდროზთან. ეს უკანასკნელი ჰიპერჰიდროზის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ საკმაო უხერხულობას წარმოშობს და შესაძლოა, სოციალურ პრობლემებსაც დაუდოს სათავე, მეტადრე – მოზარდებთან.

  • როგორ მოვიქცეთ

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას ჰიპერჰიდროზთან საბრძოლველად ფართო არსენალი აქვს: მედიკამენტები, იონოფორეზი, კიურეტაჟი, ბოტულინოტოქსინის ინექცია, სიმპათექტომია... ეს საშუალებები სხვადასხვა მექანიზმით აჩერებს ჰიპერჰიდროზს. განსხვავებულია მათი ეფექტის ხანგრძლივობაც: ზოგი დროებითია, ზოგი – სამუდამო. მკურნალობის გზა ექიმთან ერთად უნდა შეარჩიოთ. ცხადია, უნდა დაიცვათ ჰიგიენის წესებიც.

  • სამიზნე – პირის ღრუ

პირის ღრუდან ამომავალ უსიამოვნო სუნს მედიკოსები ჰალიტოზს უწოდებენ. ეს მდგომარეობა საკმაოდ გავრცელებულია – დედამიწის მოსახლეობის მეოთხედს აწუხებს და სტომატოლოგთან ვიზიტის მიზეზთა ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს კბილების დაშლისა და ღრძილების დაავადებების შემდეგ.
ჰალიტოზი სოციალურ პრობლემებსაც წარმოშობს, ამიტომ მისი მიზეზებისა და მასთან ბრძოლის წესების ცოდნა არ გვაწყენს.

  • მაინც რა იწვევს?

ჰალიტოზი უმეტესად პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის ან კბილებისა და ღრძილების დაავადების შედეგია, ამიტომ მასთან ბრძოლისას მთავარი ამოცანა პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაა, თუმცა ზოგჯერ უსიამოვნო სუნს ვერც პირის ღრუს საგულდაგულო მოვლა შველის და ვერც სტომატოლოგიური პროცედურები. დიახ, არ არის გამორიცხული, ჰალიტოზის მიღმა რომელიმე შინაგანი სნეულება იმალებოდეს.

  • სუნის ანატომია

უსიამოვნო სუნს ამ შემთხვევაშიც ბაქტერიებს უნდა ვუმადლოდეთ. ისინი კბილებსა და ენაზე არიან მოკალათებულნი და საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობენ თავს, ელოდებიან საკვების ნარჩენებს და ხელსაყრელ პირობებში (მაგალითად, პირის ღრუს გამოშრობისას) მათ დაშლას იწყებენ. ლპობის პროცესში წარმოქმნილ ბაქტერიათა ცხოველქმედების პროდუქტებს კი მეტად უსიამოვნო სუნი აქვს.
თუმცა პირის ღრუში ბაქტერიებისა და საკვების ნარჩენების არსებობა დაავადების ნიშანი არ გახლავთ. მეტიც – სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა. უფრო მართებულად თუ ვიტყვით, შეუძლებელია, პირის ღრუში მათი მოხვედრა აღვკვეთოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა – სწორედ ეს უწყობს ხელს მიკრობების განეიტრალებას და საკვების ნარჩენების მოშორებას.

  • როცა უსიამოვნო სუნი ნორმაა

რაც უნდა ზედმიწევნით დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა, უსიამოვნო სუნს ყოველთვის მაინც ვერ გაექცევით. ე.წ. ფიზიოლოგიური ჰალიტოზი ფაქტობრივად გარდაუვალია დილაობით, შიმშილობის დროს ან ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ.
საქმე ის არის, რომ პირის ღრუს სასიამოვნო სუნის ერთ-ერთი გარანტი ნერწყვია – სწორედ ის ჩამობანს საკვების ნარჩენებსა თუ ბაქტერიებს. ძილის დროს სანერწყვე ჯირკვლების მუშაობა მცირდება. პირის ღრუს სიმშრალე ბაქტერიებს ხელ-ფეხს უხსნის და საშუალებას აძლევს, შეერთდნენ, მეტაბოლიზმის პროცესში გოგირდის ნაერთები წარმოქმნან. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით ცუდი სუნი აქვს – ლაყე კვერცხის ან ხახვის მსგავსი. ნერწყვი შეიცავს ფერმენტებსაც, რომლებიც საკვების გადამუშავებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც კარიესსა და ინფექციებს ებრძვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ მიზეზთა გამო პირის ღრუ გამოშრა, უსიამოვნო სუნიც გარანტირებულია. სწორედ ეს უდევს საფუძვლად დილაობით უსიამოვნო სუნს, განსაკუთრებით – თუ პირღიას გძინავთ. თუმცა ეს პათოლოგიად არ ითვლება – კბილების გამოხეხვა, საუზმე და უსიამოვნო სუნიც გაქრება.


ე.წ. “დილის პირის ღრუ" შესაძლოა შიმშილის შედეგიც იყოს. თუნდაც კბილები გამოიხეხოთ, თუ საუზმე გამოტოვეთ, უსიამოვნო სუნის გაჩენის ალბათობა იმატებს.
უსიამოვნო სუნს ზოგიერთი საკვებიც იწვევს: ხახვი, ნიორი, სანელებლები და სხვა. ისინი კუჭ-ნაწლავიდან შეიწოვება, სისხლის მეშვეობით ფილტვებში ხვდება და ამონასუნთქი ჰაერით ვრცელდება.

  • როგორ მოვიქცეთ

ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ჰალიტოზის მართვის მთავარი სტრატეგია პირის ღრუს ჰიგიენას ეფუძნება.

  • აუცილებელია კბილების გამოხეხვა დღეში, სულ მცირე, ორჯერ – დილით და ძილის წინ, ფთორის შემცველი კბილის პასტით. პროცესი ორი წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. გამოხეხვის ტექნიკაც მნიშვნელოვანია – კბილების წინა, ქვედა და უკანა ზედაპირებთან ერთად უნდა გაიწმინდოთ ენაც.
  • გამოიყენეთ კბილის საწმენდი ძაფი. ის ხელს უწყობს ბაქტერიების, საკვების ნარჩენებისა და კბილის ნადების მოცილებას იმ ადგილებიდან, რომლებსაც კბილის ჯაგრისი ვერ უდგება.
  • თუ მოსახსნელ პროთეზს, ფიქსატორს ან კაპას ხმარობთ, პირში ჩადებამდე საგულდაგულოდ გაწმინდეთ.
  • სვით ბევრი წყალი, რომ პირის ღრუს გამოშრობა თავიდან აიცილოთ.
  • მიიღეთ ნაკლები კოფეინი – ის პირის ღრუს გამოშრობას უწყობს ხელს.
  • პირის ღრუს სუნის კონტროლში უშაქრო საღეჭი რეზინიც დაგეხმარებათ.
  • პირის ღრუს სავლების, მათეთრებლის, მადეზოდორირებელი სპრეის გამოყენებამდე გაესაუბრეთ სტომატოლოგს. გახსოვდეთ, ეს საშუალებები მმხოლოდ დროებით აქრობს სუნს.
  • პირის ღრუს სწორი ჰიგიენა სტომატოლოგთან პერიოდულ ვიზიტსაც გულისხმობს. მაშინაც კი, როდესაც ერთი შეხედვით არაფერს უჩივით, წელიწადში ერთი-ორჯერ დანტისტის მონახულება აუცილებელია პრობლემების დროულად აღმოსაჩენად და კბილებზე ნადებისა თუ ბაქტერიების დაგროვების თავიდან ასაცილებლად.

როცა ჰიგიენა საქმეს ვერ შველის
თუ ამ წესებს იცავთ, მაგრამ უსიამოვნო სუნი მაინც არ ქრება, ჯანმრთელობის პრობლემაა სავარაუდო. ჰალიტოზის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • სტომატოლოგიური დაავადება – კბილის დაზიანებული ზედაპირი, ღრუები, პათოლოგიური ჯიბეები, რომელიც სტომატოლოგიური დაავადებების დროს წარმოიქმნება, ბაქტერიებს დამატებით თავშესაფარს აძლევს. მიმალულ მიკრობებს ვერც კბილების გამოხეხვა აშორებს და ვერც სავლები. ამიტომ კბილების დაავადება ჰალიტოზის ნომერ პირველი მიზეზია. თავად ამ დაავადების განვითარებას კი არასათანადო ჰიგიენა უწყობს ხელს – პირის ღრუში მობინადრე ბაქტერიები, რომელთა ევაკუაცია დროულად არ ხდება, დროთა განმავლობაში კბილების შლიან და ღრძილებს აზიანებენ. სასიამოვნო სუნით ვერც ერთი ეს მდგომარეობა ვერ დაიკვეხნის.
  • ინფექცია – ბაქტერიები იკვებებიან ლორწოთი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლის დროს გამოიმუშავებს, ამიტომ ყელის, პირის, ცხვირის, დანამატი წიაღების, ნუშურების ინფექციური დაავადება ჰალიტოზის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. თუ სუნი ენის უკანა მხრიდან ამოდის, სავარაუდოა პოსტნაზალური წვეთი. ამ დროს ცხვირიდან გამონადენი ყელში ჩადის, ენაზე ხვდება და უსიამოვნო სუნს იწვევს. მიზეზი შესაძლოა იყოს ტონზილების ინფექციაც, რომლის დროსაც ნუშურა ჯირკვლებში ჩირქოვანი უბნები ყალიბდება.
  • პირის ღრუს სიმშრალე – როგორც ითქვა, ნერწყვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, პირის ღრუს სიმშრალე (ქსეროსტომია) კი ჰალიტოზის წინამორბედია. პირის ღრუს გამოშრობას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი, ალკოჰოლი, თამბაქო, დიდი რაოდენობით კოფეინი, ხვრინვა, ზოგიერთი დაავადება. ქსეროსტომია ხშირია იმ პროფესიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბევრ ლაპარაკს მოითხოვს, ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირის ღრუს მუდმივი დატენიანება.
  • მწეველობა – თამბაქო ტოვებს დამახასიათებელ სუნს, ხელს უწყობს პირის ღრუს გამოშრობას და ზრდის ღრძილების დაზიანების რისკს.
  • ქრონიკული დაავადებები – მართალია, უსიამოვნო სუნის მიზეზი უმეტესად პირის ღრუშია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ჰალიტოზის მიღმა გასტროეზოფაგური რეფლუქსი, დიაბეტი, თირკმელების უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, ინფექციური პათოლოგია, ჰორმონული ცვლილება იდგეს.
  • დიეტა – თუ კვების რაციონიდან ნახშირწყლები ამოიღეთ, დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს და მიესალმეთ ჰალიტოზს. როდესაც ორგანიზმს მთავარი საწვავი – ნახშირწყლები აკლია, ენერგიის მისაღებად ცხიმის წვას იწყებს. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება კეტონური სხეულები, რომლებსაც მძაფრი და დამახასიათებელი სუნი აქვს.
  • მედიკამენტები – ზოგიერთი მათგანი ნერწყვის გამოყოფას ამცირებს და ამით ხელს უწყობს ჰალიტოზის განვითარებას, სხვები კი დაშლის შემდეგ ფილტვებით გამოიყოფა და ამონასუნთქ ჰაერს დამახასიათებელ სუნს აძლევს. მაგალითად, ჰალიტოზის ალბათობას ზრდის სტენოკარდიის სამკურნალო ნიტრატები, ქიმიოთერაპიული საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება.
  • ცუდი სუნი შესაძლოა ცხვირის ღრუში უცხო სხეულის არსებობითაც იყოს გამოწვეული. განსაკუთრებული სიფრთხილე ამ მხრივ ბავშვებთან გმართებთ.

როგორ მოვიქცეთ
ჰალიტოზის დროს მოქმედების გეგმა ასეთია: პირველი ნაბიჯი სტომატოლოგთან ვიზიტია. ის პირის ღრუს დაათვალიერებს, პრობლემას გამოვლენს და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ. თუ პირის ღრუში დამნაშავეს ვერ მიაგნო ან მკურნალობის შემდეგ უსიამოვნო სუნი არ გაქრა, სხვა ორგანოს დაავადების გამოსარიცხად თერაპევტთან მისვლა მოგიწევთ. მომდევნო ნაბიჯები ამ ვიზიტის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ქალების საზრუნავი

საშოდან უსიამოვნო სუნი არცთუ იშვიათი მოვლენაა, სირცხვილის, თვითშეფასების დაქვეითების თუ სხვა ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზად იქცევა და ქალს მოსვენებას უკარგავს. უსიამოვნო სუნი ზოგჯერ არასათანადო ჰიგიენაზე მიუთითებს, ზოგჯერ კი დაავადების ბრალია. ხშირად ქალები ამ უხერხულობის მოგვარებას ისეთი მეთოდებით ცდილობენ, რომლებიც არც უსაფრთხოა, არც სასარგებლო და არც ეფექტური, პირიქით, შესაძლოა უსიამოვნო სუნის დამატებით მიზეზად იქცეს, ამიტომ, მოდი, ერთად გავეცნოთ სუნის მიზეზებს და მასთან ბრძოლის მართებულ მეთოდებს.

  • ინდივიდუალური სუნი

საშოს, ისევე როგორც კანს, პირის ღრუსა თუ სხეულის სხვა ნაწილებს, დამახასიათებელი სუნი აქვს. ეს სუნი უდიდესწილად ფერომონების დამსახურებაა. ფერომონები აქროლადი ნივთიერებებია, რომლებიც ადამიანის სექსუალურ მიმზიდველობას განაპირობებს. მათი გამოყოფა საპირისპირო სქესს სქესობრივი აქტიურობის სიგნალს უგზავნის.
საშოს სუნზე უდიდეს გავლენას ახდენს მიკროორგანიზმები. საშოში მილიარდობით ბაქტერია ცხოვრობს. მათი შემადგენლობა ყოველდღიურად იცვლება. ეს სუნის ცვლილებასაც იწვევს, რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა.
ნორმაში საშოს მსუბუქი მჟავე სუნი აქვს – მისი PH 3.8-დან 4.5-მდე მერყეობს. მჟავა გარემო საშოს მავნე ბაქტერიებისგან იცავს. თუ რაიმე მიზეზით საშოს რთული ქიმიური შემადგენლობა დაირღვა, სცენაზე მავნე ბაქტერიები გამოდიან, რასაც ინფექცია და, ამის კვალობაზე, უსიამოვნო სუნი მოჰყვება.
საშოს სუნზე გავლენას ახდენს კვების რაციონი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ფაქტორები. სუნი იცვლება ორსულობის, მენსტრუალური ციკლის, მენოპაუზის დროს მომხდარი ჰორმონული ძვრების შედეგადაც.

  • სუნი როგორც დაავადების ნიშანი

თევზის სუნი – ბაქტერიული ვაგინოზი რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული ვაგინალური ინფექციაა, რომელიც საშოს დამახასიათებელ, თევზის მსგავს სუნს აძლევს. შესაძლოა, მას თან ახლდეს ქავილი, წვა, გამონაყარი, თუმცა უმეტესად სუნი ერთადერთი სიმპტომია. დაავადებას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. მისი განვითარების რისკს კი ამცირებს პირადი ჰიგიენის დაცვა. ჰიგიენის წესებს ქვემოთ გაგაცნობთ.


თევზის სუნი ახასიათებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადება ტრიქომონიაზსაც. ამ დროს ჩნდება ვაგინალური გამონადენი – თეთრი, ყვითელი, ნაცრისფერი ან მწვანე. მას ან ახლავს ქავილი, სისხლდენა, მოშარდვის ხშირი სურვილი, წვა შარდვისა და სქესობრივი კავშირის დროს. საბედნიეროდ, დაავადება ადვილად ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას.
ტკბილი ან ლუდისმაგვარი სუნი – საშოს სოკოვან ინფექციას მოტკბო სუნი აქვს, რომელიც თაფლს მოგვაგონებს. არც ის არის გამორიცხული, საცვლის მიღმა ლუდის, ფქვილის ან პურის სუნი იგრძნოთ. სუნების ასეთი “მენიუც” სოკოვან ინფექციაზე მიუთითებს. უცნაურ სუნს, როგორც წესი, თან სდევს ინტენსიური ქავილი, გამონაყარი, სიმშრალის შეგრძნება. დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება, შესაძლოა, ხაჭოსმაგვარი გამონადენიც გაჩნდეს. სოკოვან ინფექციას სპეციალური მედიკამენტებით მკურნალობენ, ზოგადი ჰიგიენის წესები კი ამ მიკრობებთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

  • კიდევ რა ცვლის ვაგინალურ სუნს?

ვაგინალური სუნი ინტენსიური ხდება მენსტრუაციის პერიოდში. არც ის არის გამორიცხული, ამ დღეებში მეტალის სუნი იგრძნოთ. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ჯანმრთელობის პრობლემაზე იშვიათად მიუთითებს. რა იწვევს ასეთ სუნს? სისხლი. მოგეხსენებათ, ის რკინას შეიცავს, ამიტომ მეტალის სუნი ყველაზე ხშირად მენსტრუაციის პერიოდში იგრძნობა.
ასეთი სუნის მიზეზად შესაძლოა იქცეს სქესობრივი კონტაქტიც, რომლის შემდეგაც ხშირია უმნიშვნელო სისხლდენა. ვაგინალური სეკრეტისა და სპერმის ურთიერთქმედება საშოს მჟავატუტოვან ბალანსს ცვლის და ასევე უწყობს ხელს დამახასიათებელი სუნის გაჩენას. ასე რომ, სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ვაგინალური სუნი შესაძლოა გაძლიერდეს – ეს დარღვევად არ მიიჩნევა. პრობლემას მარტივად მოაგვარებთ შხაპის მიღებით.
ექიმს უნდა მიმართოთ, როცა მეტალის სუნი მენსტრუაციის შემდეგაც რჩება ან არ არის დაკავშირებული ციკლთან, თან ახლავს ქავილი და გამონადენი.

  • რა გვგონია და რა არის

ის, რასაც ქალები ვაგინალურ სუნს უწოდებენ, შესაძლოა, საზარდულიდნ მოდიოდეს. ზოგჯერ პირველწყარო მართლაც საშოა, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, უსიამოვნო სუნის მიზეზი საზარდულის მიდამოს კანიც იყოს, რომელიც უმთავრესად არასათანადო ჰიგიენის გამო გამოსცემს უსიამოვნო სუნს.

  • ჰიგიენა

როგორც ითქვა, საშოს დამახასიათებელი სუნი აქვს, რომელიც ყოველგვარი დაავადების გარეშეც შეიძლება შევიგრძნოთ, ზოგჯერ – მეტად, ზოგჯერ – ნაკლებად. საჭიროა თუ არა ამ სუნთან ბრძოლა? ან როგორ ვებრძოლოთ? აფთიაქში შეხვდებით უამრავ საშუალებას, რომლებიც საშოს ბუნებრივი სუნის შენიღბვას ან გაქრობას გვპირდება. მაგრამ ამგვარი საშუალებები საშოს მჟავატუტოვან ბალანსს არღვევს, რაც, თავის მხრივ, ინფექციის და, მაშასადამე, უსიამოვნო სუნის განვითარების ალბათობას არათუ არ ამცირებს, პირიქით, ზრდის. სუნამოები და არომატული ტამპონები ასევე ცვლის საშოს ქიმიურ შემადგენლობას და ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას უწყობს ხელს. რეცხეთ საცვლები არაარომატული სარეცხი საშუალებით. ერიდეთ არომატულ ლუბრიკანტებს. გამოიყენეთ უსუნო საპონი. ნორმალური პH ბალანსის დარღვევას ხელს უწყობს საშოს შხაპიც, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფენ ექიმები. ბანაობისას მხოლოდ ვულვა უნდა დაიბანოთ. საშოში საპნის მოხვედრა ინფექციას გამოიწვევს.

კიდევ რა?

  • მიიღეთ შხაპი ვარჯიშის თუ სხვა მიზეზით გამოწვეული გაოფლიანების შემდეგ.
  • ჩაიბანეთ წინიდან უკუმიმართულებით – ეს ხელს შეუშლის ფეკალიების საშოში მოხვედრას.
  • სქესობრივი კონტაქტის შემდეგ მოშარდეთ და დაიბანეთ
  • გამოიცვალეთ საცვალი ყოველდღე და გაოფლიანებისა თუ გაჭუჭყიანების შემდეგ.
  • გამოიყენეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ აუცილებლობისას – ისინი საშოში მყოფ სასარგებლო ბაქტერიებს ხოცავენ, რაც სოკოებს უხსნის ხელ-ფეხს. სოკოვანი ინფექცია ხშირად სწორედ ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგია.
  • ბანაობის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ სუფთა მშრალი პირსახოცით. ეს განსაკუთრებით, სოკოვანი ინფექციის პრევენციისთვის არის საჭირო – ნესტიან გარემოში სოკო არაჩვეულებრივად მრავლდება. ამავე მიზეზით არ არის რეკომენდებული სველი საცუარო კოსტიუმით დიდხანს ყოფნა.
  • მენსტრუაციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა. საფენი ჩახურებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, გაოფლიანებისა და უსიამოვნო სუნის მიზეზად იქცევა. ამასთან, ტენიანობის მომატებამ შესაძლოა საშოს მიკრობული ბალანსი დაარღვიოს და ინფექციურ პროცესს დაუდოს სათავე, ამიტომ საფენი ხშირად უნდა იცვალოთ.
  • აარჩიეთ სწორი სამოსი და საცვალი. სამოსზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მან შესაძლოა ხელი შეუწყოს საშოს ირგვლივ ოფლის, კანის მკვდარი ქსოვილების, გამონადენის და სუნის სხვა წყაროების შენარჩუნებას. ჩაიცვით სამოსი, რომელიც სუნთქავს. საუკეთესოა ბამბის ქსოვილის ტანსაცმელი – ის იწოვს ნესტს და, ამგვარად, ხელს უშლის ბაქტერიების დაგროვებას და სუნის სხვა მიზეზების წარმოშობას.
  • არც კვების რაციონს მოაკლოთ ყურადღება – ტკბილეულის ჭარბი მიღება სოკოების გამრავლებას უწყობს ხელს, სათანადო რაოდენობის წყლის სმა კი იმის გარანტიაა, რომ ოფლს სუნი არ ექნება. ამასთან, ბევრი წყალი ბაქტერიების გამრავლების პრევენციასაც ახდენს. არსებობს მოსაზრება, რომ ვაგინალურ სუნს ცვლის ძლიერი სუნის მქონე პროდუქტები – ხახვი, კოფეინი... სხვა მოსაზრების თანახმად კი საშოდან უსიამოვნო სუნის გაქრობას შესაძლოა ხელი შეუწყოს საზამთრომ, ვაშლმა, ნიახურმა. თუმცა კვების რაციონისა და ვაგინალური სუნის ურთიერთკავშირზე საკმარისი მონაცენები ჯერ არ მოგვეპოვება.

დაბოლოს გახსოვდეთ: საშოს სუნის უეცარი ცვლილება, განსაკუთრებით ძლიერი და არასასიამოვნო ან უცნაური სუნი იმის ნიშანია, რომ ექიმთან მისვლის დროა.

შარდის სუნი

სპეციფიკური სუნი აქვს შარდსაც, თუმცა არც ისე მძაფრი. მოგეხსენებათ, შარდი ძირითადად წყლისგან შედგება, სუნს კი თირკმელების მიერ გამოყოფილი ნარჩენები აძლევს. სწორედ მათ რაგვარობასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული შარდის სუნი. შარდს, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს და მცირე რაოდენობით ნარჩენებს შეიცავს, სუნი პრაქტიკულად არ აქვს, მაღალკონცენტრირებული შარდისთვის (გამოიყოფა ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული გაუწყლოების დროს) კი ამიაკის მკვეთრი სუნია დამახასიათებელი. ასე რომ, თუ ჯანმრთელობას არ უჩივით და ბევრ სითხეს სვამთ, შარდის სუნი რბილი და ნაკლებად შესამჩნევი იქნება.
შარდის სუნის ცვლილება კი ავადმყოფობაზე მიუთითებს. მაგალითად, მყრალი სუნი ინფექციის ნიშანია, ტკბილი – შაქრიანი დიაბეტისა, შმორის სუნი კი ღვიძლისა და მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე დაავადებებს ახასიათებს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, ცვლილება საკვების ან მედიკამენტების ბრალი იყოს. მაგალითად, შარდის სუნს ამძაფრებს სატაცური, ვიტამინები, განსაკუთრებით – B6.
შარდს სუნს უცვლის:

  • შარდის ბუშტის ინფექცია;
  • შარდის ბუშტის ფისტულა;
  • ცუდად კონტროლირებული დიაბეტი;
  • კეტონურია;
  • ღვიძლის უკმარისობა;
  • გაუწყლოება.

ვის დავდოთ ბრალი


თუ შარდს უსიამოვნო სუნი აქვს, პირველი, რაც უნდა ვიეჭვოთ, საშარდე გზების ინფექციაა. ეს მთელ მსოფლიოში მეტად გავრცელებული პრობლემაა. ანთება შეიძლება საშარდე სისტემის ნებისმიერ უბანში განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად საშარდე ბუშტი ზარალდება.
ცისტიტს მიკრობები იწვევს, უმეტესად – ბაქტერიები. საზოგადოდ, ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს ორგანიზმი ადვილად იცილებს მოშარდვის საშუალებით, მაგრამ ზოგიერთი ბაქტერია მოუხელთებელი აღმოჩნდება, შარდის ბუშტის ან შარდსადენის კედელს ეწებება ან ძალიან სწრაფად მრავლდება და ორგანიზმში რჩება.
მიკრობები თავდაპირველად შარდსადენში ხვდებიან, მიუყვებიან მას და შარდის ბუშტს აღწევენ, იქ კი ინფექციის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო ხვდებათ და შედეგიც არ აყოვნებს.
არ არის გამორიცხული, მიკრობების მარბიელი ლაშქარი თირკმელსაც მისწვდეს.


მთავარი დამნაშავე ნაწლავის ჩხირია. ის ნაწლავებში ცხოვრობს, მაგრამ დროდადრო სხვა ორგანოებისკენაც უყვარს გასერინება.
ქალებისთვის ცისტიტი უფრო ნაცნობი პრობლემაა, ვიდრე მამაკაცებისთვის, ვინაიდან მათი შარდსადენი უფრო მოკლეა, ანუსთან ახლოს მდებარეობს და ბაქტერიებიც (უპირველესად – ნაწლავის ჩხირი) უფრო ადვილად გაივლიან ამ გზას. ხშირია ინფიცირება სქესობრივი კავშირის შემდეგ. რისკს ზრდის დიაფრაგმის გამოყენება. საშარდე გზების ინფექციის ალბათობა იმატებს მენოპაუზის დროსაც (თუმცა მისგან არც მამაკაცები არიან დაზღვეულნი).
სგი-ების სხვა რისკფაქტორებია:

  • საშარდე გზებზე ჩატარებული პროცედურები, განსაკუთრებით – კათეტერის ჩადგმა;
  • შარდის ბუშტის ან შარდსადენის ბლოკადა;
  • შარდსავალი გზების შევიწროება ან დახშობა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • პროსტატის გადიდება;
  • განავლის შეუკავებლობა;
  • ხანდაზმულობა;
  • შარდის ბუშტის მთლიანად დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება)
  • ხანგრძლივი უმოძრაობა.


როგორ ამოვიცნოთ


სადაც ბაქტერიებია, უსიამოვნო სუნიც იქვეა. საშარდე გზების ინფექცია შარდს მძაფრ სუნს აძლევს. შარდი ამ დროს მღვრიე ან სისხლიანია, შარდვას ტკივილი და წვა ახლავს თან; ავადმყოფი გრძნობს მოშარდვის დაუძლეველ სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ ახლახან მოშარდა; უჭირს შარდის ბუშტის დაცლა, ყოველი წვეთი აძლიერებს ტკივილს და წვას. ამ ყველაფერს შესაძლოა დაბალი ტემპერატურაც დაერთოს.
საინტერესო დეტალი: ხანდაზმულებთან საშარდე გზების ინფექციის დროს ხშირია ფსიქიკური ცვლილებები და გონების დაბინდვა. ზოგჯერ ეს ინფექციის ერთადერთი (!) ნიშანია.
ინფექციის დასადასტურებლად შარდის საერთო ანალიზი დაგჭირდებათ. შესაძლოა, კულტუროლოგიური კვლევაც დაგინიშნონ შარდში ბაქტერიების აღმოსაჩენად. კვლევის პასუხის მიხედვით შეირჩევა ანტიბიოტიკიც.


ანტიბიოტიკი ბაქტერიების მოქმედებას აჩერებს და ინფექციის თირკმელებამდე გავრცელებასაც უშლის ხელს. მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება სიმპტომების გაქრობისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიკრობი ორგანიზმში დარჩება, ძალას მოიკრებს და უფრო ძლიერად დაგატყდებათ თავს. მკურნალობასთან ერთად აუცილებლად უნდა სვათ ბევრი სითხე, ძირითადად – წყალი.
თუ ინფექცია ხშირად გაწუხებთ, მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც შარდის მჟავიანობას ზრდის – ასკორბინის მჟავა ან შტოშის წვენი. მათი ზემოქმედებით შარდში ბაქტერიების კონცენტრაცია მოიკლებს.
მართალია, ცისტიტი საკმაოდ შემაწუხებელი დაავადებაა, მაგრამ უმეტესად ადვილად ექვემდებარება მკურნალობას და გართულებების გარეშე უკუვითარდება. მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუარესდა, თავი იჩინა ახალმა სიმპტომებმა – ცხელებამ, წელის ტკივილმა, მუცლის ტკივილმა, ღებინებამ.

  • სახიფათო კავშირები

როცა შარდს მძაფრი, უსიამოვნო სუნი აქვს და პაციენტს ხშირად ემართება საშარდე გზების რთული ინფექცია, შარდის ბუშტის ფისტულის არსებობაა სავარაუდო. ამ დროს შარდის ბუშტსა და სხვა ორგანოს შორის ან კანზე ფისტულა ფორმირდება. შარდის ბუშტის ფისტულა ყველაზე ხშირად ნაწლავებში (ენტეროვეზიკალურად) ან საშოში (ვეზიკოვაგინალურად) იხსნება. საშოსა და შარდის ბუშტს შორის ფისტულა ხშირად ყალიბდება უროლოგიური და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ. შესაძლოა, იყოს ქალის სასქესო ორგანოების კიბოს შედეგიც. შარდისბუშტ-ნაწლავის ფისტულა კი ანთებითი დაავადების, მაგალითად, კრონის დაავადების ან დივერტიკულიტის, და ნაწლავის ავთვისებიანი დაავადების ნიშანია. ორივე ტიპის ფისტულა შეიძლება ჩამოყალიბდეს სხივური თერაპიის შემდეგაც.


ძალიან იშვიათად შარდისბუშტ-კანის ფისტულა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც შარდის ბუშტის გამოსასვლელი ბლოკირებულია. ასეთი ბლოკი, თავის მხრივ, ტრავმის ან ოპერაციის შედეგად ჩნდება.
დაავადების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, როგორც ითქვა, უსიამოვნო სუნის მქონე შარდია. შესაძლოა, შარდთან ერთად აირები ან განავალიც გამოიყოს. ამავე დროს, ვლინდება საშარდე გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი.
დაავადების დიაგნოსტიკისთვის კონტრასტულ რენტგენოლოგიურ კვლევად მიმართავენ. შესაძლოა, ექიმმა ცისტოსკოპიაც ჩაატაროს. ეს გახლავთ ინსტრუმენტული კვლევა, რომელიც შარდის ბუშტის დათვალიერების საშუალებას იძლევა. მკურნალობა უმეტესად ქირურგიულია. შარდის ბუშტის დაზიანებულ ნაწილს ამოკვეთენ, ფისტულას კი ჯანსაღი ქსოვილის საშუალებით ხურავენ. წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სრულად შეძლებს ქირურგი დაზიანებული უბნის ამოკვეთას. აუცილებელია ჯანსაღი ქსოვილის არსებობაც ფისტულის დახურვის მიზნით.

  • დიაბეტის სუნი

იყო დრო, როდესაც ექიმები დიაბეტის დასადასტურებლად შარდს გემოსაც კი უსინჯავდნენ (სუნთან ერთად მას გემოც ტკბილი აქვს). საბედნიეროდ, ახლა ამ მეთოდის იმედად აღარ ვართ, თუმცა “ტკბილი დაავადების“ პათოგენეზი არ შეცვლილა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის შარდს დღესაც ტკბილი სუნი ასდის. მიზეზი მარტივია: გაუკონტროლებელი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის დონე საშიშ იმაღლეს აღწევს. ორგანიზმი ზედმეტი გლუკოზის გამოძევებას შარდის საშუალებით ცდილობს, რაც ამ უკანასკნელს მოტკბო სუნს აძლევს.
დიაბეტთან დაკავშირებული კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელიც შარდს სუნს უცვლის დიაბეტური კეტოაციდოზია. დიაბეტური კეტოაციდოზი მეტად სერიოზული მდგომარეობაა და შესაძლოა სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე. ის, ძირითადად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ერთის დროს გვხვდება, თუმცა, არც ის არის გამორიცხული ტიპი ორის გართულებად მოგვევლინოს.
კეტოაციდოზის დროს ორგანიზმში კეტონური სხეულები გროვდება, რომლებიც საბოლოოდ შარდში ხვდება და მის სუნზეც ახდენს გავლენას. მედიცინის ენაზე ამ მდგომარეობას კეტონურია ეწოდება.


კეტონების დაგროვება იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი საწვავად ცხიმოვან მჟავებს იყენებს. ასე ხდება, როდესაც ორგანიზმს ძირითადი საწვავი – ნახშირწყლები აკლია. შესაძლოა გაგიკვირდეთ: დიაბეტს ხომ ნახშირწყლების დეფიციტი კი არა სიჭარბე ახასიათებსო? საქმე ის არის, რომ უკონტროლო დიაბეტის დროს ორგანიზმში ინსულინის ტოტალური დეფიციტი იქმნება. სწორედ ინსულინი მონაწილეობს გლუკოზის გარდაქმნაში. შესაბამისად, მისი დეფიციტი გლუკოზის დეფიციტს განაპირობებს (შაქარი ჭარბად არის, მაგრამ მისი ათვისება ვერ ხდება), ამიტომ სისხლში შაქრის სიჭარბის ფონზე ყალიბდება მისი დეფიციტისთვის დამახასიათებელი სურათი. იწყება ცხიმების წვა და შედეგად კეტონების დაგროვება. ვითარდება დიაბეტური კეტოაციდოზი.
შარდში კეტონები დიაბეტის გარეშეც შეიძლება დაგროვდეს, თუ ორგანიზმში ამა თუ იმ მიზეზით ნახშირწყლების დეფიციტი შეიქმნა. ასეთი რამ მოსალოდნელია შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • შიმშილი, კვების დეფიციტი ან ანორექსია;
  • ცილების მაღალი და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა;
  • ხანგრძლივი ღებინება (მაგალითად, ორსულობის პირველ ტრიმესტრში);
  • მძიმე დაავადებები – სეფსისი, დამწვრობა;
  • მაღალი ცხელება;
  • ჰიპერთირეოზი.

მაშასადამე, განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლოა დაგჭირდეთ ანალიზი, რომელიც შარდში კეტონების არსებობას ავლენს.
ამ ანალიზს, წესისამებრ, ატარებენ, როცა პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და გლუკოზის დონე სისხლში 250 მგ`დლ-ზე მაღალია ან უჩივის ღებინებას, გულისრევას, მუცლის ტკივილს. კეტონურიაზე ტესტირება ასევე მოწოდებულია პნევმონიის, ინფარქტის, ინსულტის, შეუჩერებელი ღებინების დროს.

  • სიროფი, რომელიც არ უნდა დალიოთ

ვალინოლეიცინურია ანუ ნეკერჩხლის სიროფის დაავადება – ასეთი უცნაური სახელწოდება აქვს გენეტიკურ დაავადებას, რომელიც ასევე უცვლის შარდს სუნს. ეს მემკვიდრეობითი, მეტად მძიმე დაავადებაა. ამ დროს პაციენტს არ შეუძლია განსაზღვრული ამინმჟავების – ლეიცინის, იზოლეიცინისა და ვალინის – გადამუშავება. შედეგად ამინმჟავები სისხლში გროვდება, იქიდან კი შარდში ხვდება. სწორედ ეს არის შარდის სუნის შეცვლის მიზეზიც. შარდს ამ დროს ნეკერჩხლის სიროფისთვის დამახასიათებელი ტკბილი სუნი ასდის. გარდა ამისა, ვალინოლეიცინურიის დროს მოსალოდნელია კვების დარღვევა, კომა, მივარდნილობა, სისუსტე, კრუნჩხვები, ღებინება.


მძიმე შემთხვევებში დაავადება თავის ტვინს აზიანებს. ისეც ხდება, რომ ავადმყოფობა მსუბუქად მიმდინარეობს ან სიმპტომები პერიოდულად იჩენს თავს, თუმცა მენტალური დარღვევები ყველაზე მსუბუქ შემთხვევებშიც შეიძლება განვითარდეს ხშირი ინფექციის, ცხელების, ხანგრძლივი უჭმელობის გამო.
ნებაზე მიშვებული დაავადება შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. მისი მართვის მთავარი პრინციპი სპეციფიკური დიეტაა (გამოირიცხება ამინმჟავების მიღება). დიეტა მთელი სიცოცხლე უნდა დაიცვათ, რათა თავიდან აიცილოთ ტვინის დაზიანება და სასიკვდილო გართულება.
სამწუხაროდ, სტრესულმა სიტუაციებმა და ავადმყოფობამ შესაძლოა მაინც გამოიწვიოს ამინმჟავების დაგროვება და ლეტალური შედეგი, ამიტომ აუცილებელია დაავადების მუდმივი კონტროლი, ანალიზების ხშირად ჩაბარება და დიეტოლოგსა თუ ექიმთან მჭიდრო თანამშრომლობა.
თუ ნეკერჩხლის სიროფის დაავადების ოჯახური ისტორია გაქვთ და ოჯახის შექმნას გეგმავთ, აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს მაშინაც, თუ თქვენი ახალშობილის შარდს ნეკერჩხლის სიროფის სუნი ასდის ან ბავშვს რომელიმე ზემოთ ნახსენები სიმპტომი შეატყვეთ.

  • ვიყოთ ყურადღებით

თუ შარდს უცნაური სუნი მიეცა, მაგრამ სხვა ნიშნები არ გამოვლენილა, თამამად შეგიძლიათ ერთი-ორი დღე მოცდა. კლინიკური ნიშნების არსებობისას კი ექიმთან დაუყონებლივ უნდა მიბრძანდეთ. ეს ნიშნებია:

  • ძლიერი წყურვილის შეგრძნება, რომელსაც ბევრი სითხეც ვერ გკლავთ – ეს კეტოაციდოზზე მიუთითებს;
  • მუცლის ტკივილი ან ღებინება –ესეც კეტოაციდოზს ახასიათებს;
  • დაღლილობის, დაბნეულობის, ნერვიულობის განცდა – კეტოაციდოზის ან მძიმე ინფექციის ნიშანია;
  • ცხელება, ძლიერი ტკივილი წელის, მუცლის ან სასქესო ორგანოების არეში – თირკმლის ინფექციის ნიშნებია;
  • სისხლი შარდში – ინფექციაზე მიუთითებს;
  • გულისრევა, ღებინება, კანისა და სკლერების სიყვითლე – ღვიძლის უკმარისობაა სავარაუდო.

უსიამოვნოზე მეტი

განავალს ნამდვილად არ აქვს სასიამოვნო სუნი, მაგრამ არც უნდა ყარდეს. მეტისმეტად მძაფრი ან უჩვეულო სუნი ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, მიზეზი საკვები ან მედიკამენტი იყოს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, დაავადებასთან გვქონდეს საქმე. მოდი, გავიგოთ, რომელი დაავადება უნდა ვიეჭვოთ ასეთ დროს.

  • თუ განავალი მყრალია

მყრალი განავალი ცელიაკიის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. ეს გახლავთ საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე დაავადება, რომელიც ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს. დაზიანების მიზეზი გლუტენია. ეს ცილა გვხვდება ხორბალში, შვრიაში, ჭვავში, ქერში და ამ მარცვლეულისგან მომზადებულ საკვებში. გლუტენის აუტანლობის დროს მისი შემცველი საკვების მიღება ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რომელსაც ნაწლავის ლორწოვანზე მიაქვს იერიში. ლორწოვანის დაზიანება, თავის მხრივ, შეწოვის დარღვევას იწვევს, რასაც მოჰყვება ცელიაკიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები: მუცლის ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა (ზოგჯერ – მუდმივი, ზოგჯერ – პერიოდული), ღებინება გულისრევა. განავალს აქვს მყრალი, უსიამოვნო სუნი, უხვად შეიცავს ცხიმს და ძნელად ირეცხება. ბავშვებთან ყურადღებას იპყრობს ზრდისა და განვითარების, სქესობრივი მომწიფების შეფერხება, წონის ცუდი მატება.
ცელიაკიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები საგრძნობლად ვარირებს, რის გამოც დიაგნოსტიკა ზოგჯერ ძალიან რთულდება. მაგალითად, ერთს ამ დროს შესაძლოა ყაბზობა აწუხებდეს, მეორეს – დიარეა, მესამე კი საერთოდ არ უჩიოდეს მონელების დარღვევას, თუმცა მყრალი განავალი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სახასიათო სიმპტომია.


სამწუხაროდ, ცელიაკია არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მდგომარეობის მართვა. თუ გლუტენზე უარს იტყვით, სიმპტომები ჩაცხრება და დაზიანებული ლორწოვანი აღდგება. უგლუტენო დიეტა, როგორც წესი, მდგომარეობის შემსუბუქების ერთადერთი გზაა. დიეტის გარეშე ავადმყოფობამ შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიღოს. ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი – არა მარტო საკვებისა, არამედ სასმლისა და მედიკამენტებისაც.
ზოგჯერ სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდებს ნიშნავენ.

  • სუნიანი ანთება

მყრალი განავალი პანკრეასის – კუჭქვეშა ჯირკვლის – ქრონიკული ანთების გამორიცხვასაც მოითხოვს. შეგახსენებთ: პანკრეასი საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს გამოიმუშავებს. ანთების დროს ეს პროცესი ირღვევა, რაც, ბუნებრივია, საჭმლის მონელების დარღვევას იწვევს. განავლის მყრალი სუნი სწორედ ამ ფერმენტების ნაკლებობის ბრალია.
ქრონიკული პანკრეატიტი სერიოზული დაავადებაა, რომელთანაც ხუმრობა არ ღირს. ის უმეტესად ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგია, ამიტომ ყველაზე ხშირად 30-40 წლის მამაკაცებთან გვხვდება. ქრონიკული პანკრეატიტის განვითარება ასევე მოსალოდნელია ნაღველკენჭოვანი დაავადების, ავტოიმუნური პათოლოგიის, ცისტური ფიბროზის, ფარისებრახლო ჯირკვლის გაძლიერებული აქტივობის, ზოგიერთი მედიკამენტის (თიაზიდის, აზატიოპრინის) მიღების ფონზე. ხდება ისეც, რომ დაავადების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.


ქრონიკული პანკრეატიტის მთავარი ნიშანი მუცლის ტკივილია. ის უმეტესად მუცლის ზედა ნაწილში შეიგრძნობა, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გასტანს და დროთა განმავლობაში მუდმივი ხდება, შესაძლოა გადაეცემოდეს წელს, ძლიერდება საკვების, ალკოჰოლის მიღების შემდეგ. მუცლის ტკივილს თან სდევს საჭმლის მონელების დარღვევით გამოწვეული სიმპტომები – წონის ქრონიკული კლება ნორმალური კვების ფონზე, დიარეა, გულისრევა-ღებინება, ფერმკრთალი ან ნარინჯისფერი განავალი, განავალში ცხიმის სიჭარბე და, რა თქმა უნდა, დამახასიათებელი მყრალი სუნი.
ნებაზე მიშვებული პანკრეატიტის მწვავე შეტევები ქრონიკულ დაავადებაში გადაიზრდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ მწვავე პანკრეატიტის ჩაცხრობას და მისი რისკფაქტორების აღმოფხვრას, რათა შემდეგ ქრონიკულმა პროცესმა ჯანმრთელობის სავალალო გართულებები არ გამოიწვიოს.
ქრონიკული პანკრეატიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიეტა. საკვებმა, ერთი მხრივ, არ უნდა გაამწვაოს დაავადება, მეორე მხრივ კი უნდა დაგეხმაროთ ადეკვატური წონის შენარჩუნებაში და საკვები ნივთიერებებითაც სათანადოდ მოგამარაგოთ. შესაძლოა, ექიმმა გამოგიწეროთ პანკრეასის ფერმენტებიც, რომელთა მიღება ყოველი კვების დროს მოგიწევთ. მკურნალობის სხვა საშუალებებია ინსულინის მიღება გლუკოზის კონტროლის მიზნით (შეგახსენებთ, ინსულინი პანკრეასში წარმოიქმნება), მძიმე შემთხვევებში კი ოპერაცია, რომლის დროსაც ჯირკვლის ნაწილს ან მთელ ჯირკვალს ამოკვეთენ.


დაავადებას ზოგჯერ (ძლიერი ტკივილის ან წონის ქრონიკული კლების შემთხვევაში) საავადმყოფოში მკურნალობენ. მკურნალობა გულისხმობს ტკივილის მოხსნას და სითხეების ინტრავენურ გადასხმას. ჩვეულებრივი გზით კვებაზე რამდენიმე ხნით უარს ამბობენ, რათა კუჭქვეშა ჯირკვლის დატვირთვა შემცირდეს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ნელ-ნელა იწყება პირიდან კვება.
პანკრეატიტი, როგორც უკვე გითხარით, არ არის ხელწამოსაკრავი რამ. მან შესაძლოა ინვალიდობა და გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს. ალკოჰოლის შეზღუდვით საგრძნობლად შეამცირებთ საშიში გართულების რისკს, ამიტომ პანკრეატიტის, თუნდაც მსუბუქის, დროს მავნე ჩვევებზე უარის თქმას გირჩევთ.

  • მოკლე ნაწლავის სინდრომი

მყრალი განავლის კიდევ ერთი საყურადღებო მიზეზი ე.წ. მოკლე ნაწლავის სინდრომია. ეს პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც წვრილი ნაწლავი თავიდანვე მცირე ზომისაა ან მისი ნაწილი ამოკვეთილია ქირურგიული გზით. ვინაიდან წვრილი ნაწლავიდან საკვებში შემავალი ნივთიერებების უმეტესობა შეიწოვება, მისი ნაწილის დაკარგვა შეწოვის პრობლემებს იწვევს.
განავალი ამ დროს ძალიან მყრალია, მოთეთრო და ცხიმიანი. ამ ცვლილებებს ერთვის დიარეა, წონის კლება, დეჰიდრატაცია, დაღლილობა.
როცა მოკლე ნაწლავის სინდრომი ქირურგიული ჩარევის შედეგია, დროთა განმავლობაში მდგომარეობა, უმეტესად, გამოსწორდება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, დამძიმდეს და გართულებები: ბაქტერიული ინფექცია, ნერვული დარღვევა (ვიტამინ B12-ის დეფიციტის შედეგად), შარდკენჭოვანი დაავადება, ოსტეომალაცია, – დაერთოს.


მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქება და ორგანიზმის საჭირო რაოდენობის საკვები ნივთიერებით მომარაგებაა. ინიშნება მაღალკალორიული დიეტა. შესაძლოა, გამოწერონ მედიკამენტებიც, რომლებიც ამცირებს ნაწლავის მოძრაობის ტემპს. ეს ხელს შეუწყობს ნაწლავებში საკვების მეტხანს დარჩენას და შეძლებისდაგვარად გააუმჯობესებს შეწოვის პროცესს. თუ ორგანიზმს საკვები ნივთიერებების ბინებრივი გზით ათვისება არ შეუძლია, ისინი ვენიდან შეჰყავთ.

  • კიდევ რა?

იმ დაავადებათა განხილვა, რომლებიც განავალს მყრალ სუნს აძლევს, უსასრულოდ შეიძლება. საქმე ის არის, რომ სიმყრალის სუნის უკან შესაძლოა იდგას ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც საჭმლის მონელებისა თუ შეწოვის დარღვევას იწვევს. მათ ტერმინი მალაბსორბცია აერთიანებს. გარდა უკვე ჩამოთვლილი პათოლოგიებისა, მალაბსორბცია შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ნაწლავის ანთებითმა დაავადებამ – კრონის დაავადებამ, წყლულოვანმა კოლიტმა, ნახშირწყლების აუტანლობამ, ლაქტოზის აუტანლობამ, კვებითმა ალერგიამ. ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს ვითარდება დიარეა ან ყაბზობა, შებერილობა, განავლის სიმყრალე. უსიამოვნო სუნი აქვს აირებსაც. დაავადების ნიშნები, როგორც წესი, კონკრეტული საკვების მიღების ფონზე იჩენს თავს.
  • ინფექციური დაავადებები – ნაწლავის ანთება ზოგჯერ მიკრობების ბრალია. ინფექციური გასტროენტერიტი (კუჭისა და ნაწლავის ანთება) შესაძლოა განვითარდეს ბაქტერიების (უმეტეასდ – ნაწლავის ჩხირის ან სალმონელას), ვირუსებისა და პარაზიტების აგრესიის პასუხად. ცხადია, ესეც განაპირობებს მყრალ სუნს. ამასთანავე, ამ დროს ხშირია დიარეა თხელი, წყლისებრი განავლით და მუცლის სპაზმები.
  • მედიკამენტები და დანამატები – კუჭ-ნაწლავის დისკომოფორტი ზოგჯერ მედიკამენტების ბრალია. უსიამოვნო სუნი ხშირია ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ და მანამდე გასტანს, სანამ ნაწლავის ნორმალური მიკრობიოტა არ აღდგება. უსიამოვნო სუნს უნდა ელოდოთ მაშინაც, თუ დიდი რაოდენობით ვიტამინები მიიღეთ.

ერთი სიტყვით, თუ განავალმა სუნი იცვალა, ექიმს მიმართეთ. მით უმეტეს – თუ ამას დაერთო სხვა სიმპტომებიც: ფერის ცვლილება, მუცლის ტკივილი, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა, ტემპერატურული რეაქცია...
ექიმი გკითხავთ, პირველად როდის შეამჩნიეთ ცვლილებები, უჩვეულო ფერი ხომ არ აქვს განავალს, ძნელად ხომ არ ირეცხება, როგორია თქვენი კვების რეჟიმი და რაციონი, საკვების შეცვლისას განავალიც ხომ არ იცვლის სუნს, რომელ მედიკამენტებს იღებთ, ხომ არ გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება ან რომელიმე დაავადების ოჯახური ისტორია... ბუნებრივია, მოგიწევთ განავლის ანალიზის ჩატარება. საჭიროებისამებრ, დაგინიშნავენ სხვა კვლევებსაც.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: