ყველაფერი გრძნობათა ორგანოების შესახებ

გააზიარე:

 

 

 

გრძნობათა ჰარმონია

მხედველობა

სმენა

გემოვნების გემო

შეხების მაგია

გრძნობათა ჰარმონია

რამდენი გრძნობა გვაქვს? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც არ გაუციათ. არისტოტელეს სკოლის მიმდევრები ამტკიცებენ, სამყაროს ხუთი გრძნობით აღვიქვამთო, თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავთ. ამ უკანასკნელთ ასეთი არგუმენტი მოჰყავთ: ხუთი გრძნობიდან რომელი უზრუნველყოფს მარტივი ნევროლოგიური ტესტის გავლას, როდესაც თვალდახუჭულ ადამიანს ხელი ცხვირის წვერთან მიაქვს? დაგვეთანხმებით, ამ დროს არც მხედველობა მოქმედებს, არც სმენა, ყნოსვა, შეხება თუ გემოვნება. ან რომელი გრძნობა განაპირობებს გემით მგზავრობისას თავბრუხვევას და გულისრევას? ამის საფუძველზე ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანს არა ხუთი, არამედ გაცილებით მეტი გრძნობა აქვს. ყველაზე რადიკალურები ოცდაცამეტამდე გრძნობას ითვლიან. მეცნიერთა მეორე ჯგუფი კი პრობლემას სულ სხვა კუთხით უყურებს. მათი აზრით, ადამიანს სულ სამი გრძნობა აქვს: სინათლის, მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების აღმქმელი. თუ განხილვაში ხელოვანი ჩაერთო, უთუოდ მეექვსე გრძნობასაც ახსენებს, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.
ერთი სიტყვით, რაოდენობაზე შეიძლება ვიდავოთ. მაგრამ არავინ დავობს იმაზე, რომ გრძნობები ჩვენი ფიზიკური, ფსიქიკური თუ სოციალური კეთილდღეობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. ის, რის გარეშეც შეუძლებელია ადამიანებად (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) ვიწოდებოდეთ.
მთავარ თემაში სწორედ გრძნობებზე და გრძნობათა ორგანოებზე ვისაუბრებთ. ბუნებრივია, კლასიკურ კლასიფიკაციას მივყვებით და ხუთ ძირითად გრძნობას – მხედველობას, ყნოსვას, გემოვნებას, სმენასა და შეხებას – გაგაცნობთ.

გრძნობების ანატომია


ყველა გრძნობას წარმოშობის, განვითარებისა და აღქმის მსგავსი სისტემა აქვს. გარეგანი ფაქტორი ამა თუ იმ რეცეპტორის (კონკრეტული ფაქტორის აღმქმელი სპეციალიზებული სტრუქტურის) სტიმულაციას იწვევს. სწორედ ამ სტიმულიდან იწყება შეგრძნება. თუმცა ამ დროს თავად ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რაიმე დაინახა, იყნოსა თუ მოისმინა. მანამდე დიდი გზაა და ეს გზა ყოველთვის ტვინამდე მიდის. დიახ, სწორედ თავის ტვინი არქმევს ყველაფერს სახელს და განსაზღვრავს მომხდარს. თუმცა ტვინს სპეციფიკური ენა აქვს. წითელი ფერი თუ მოცარტის სიმფონია მისთვის სრულიად გაუგებარია. გრძნობათა აღქმის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ასეთი ინფორმაციის ტვინის ენაზე თარგმნას უკავია. გრძნობის ყველა ორგანოს საკუთარი “თარჯიმანი” ჰყავს: თვალს – ბადურა, ყურს – ლოკოკინა... ეს სტრუქტურები გარედან მომდინარე ინფორმაციას (ბგერას, სინათლეს, სუნს...) ნერვულ იმპულსებად გარდაქმნიან. იმპულსი ამა თუ იმ ნერვის საშუალებით თავის ტვინამდე მიდის და სწორედ ამ დროს ვხედავთ, გვესმის, ვგრძნობთ ტექსტურასა თუ ტემპერატურას, სუნსა თუ გემოს. ასე რომ, არ ვიცრუებთ, თუ ვიტყვით, რომ ტვინი ხედავს, ტვინს ესმის, ტვინი შეიგრძნობს...

რატომ არ ვდავობთ გემოვნებაზე


საინტერესოა, ყველა ერთნაირად ვხედავთ თუ არა ერთსა და იმავე ფერს, ან ერთნაირად აღვიქვამთ თუ არა სუნს. იქნებ აზრთა სხვადასხვაობა იმის ბრალია, რომ ტვინი ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვანაირად გვაწვდის? თქვენც ზუსტად იმავეს გრძნობთ ვარდის დაყნოსვისას, რასაც მე? საინტერესო კითხვა, თუმცა მასზე ვერავინ გიპასუხებთ. კიდევ უფრო საინტერესოა, რამდენად რეალურ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენი გრძნობათა ორგანოები სამყაროზე. სამყაროს ჩვენეული აღქმა ხომ სუბიექტურია და შესაძლოა, რადიკალურადაც კი განსხვავდებოდეს ობიექტური რეალობისგან. დაუკვირდით, მზის სხივების მხოლოდ გარკვეული სიგრძის მქონე ტალღებს ვხედავთ, ხმაც მხოლოდ გარკვეული სიხშირის ფარგლებში გვესმის. გამოდის, სამყარო არის არა ისეთი, როგორიც არის, არამედ ისეთი, როგორადაც აღვიქვამთ. იქნებ სამყარო სინამდვილეში სულ სხვანაირია, იქნებ ტვინი და, საერთოდ, მთელი სხეული გვატყუებენ? შესაძლოა, თუმცა ყველას ერთნაირად გვატყუებენ.
ამ საკითხებზე ფიქრი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ზუსტ პასუხს დასმულ კითხვებზე ალბათ ვერასდროს მივიღებთ. ერთი რამ ცხადია: ადამიანის ორგანიზმი საოცრებაა.

მგრძნობიარე გრძნობები


გრძნობები ყველაზე მგრძნობიარენი ასაკის მიმართ არიან. ბერდებიან გრძნობათა ორგანოებიც და, როგორც ჩანს, ტვინიც; იმისთვის, რომ რამე შევიგრძნოთ, გარეგანი სტიმულაციის განსაზღვრული დონეა საჭირო. შეგრძნების მინიმალურ დონეს სენსორულ ზღურბლს ვუწოდებთ. ასაკთან ერთად ეს ზღურბლი მაღლა იწევს. შესაბამისად, გრძნობის აღსაქმელად უფრო ძლიერი და ინტენსიური სტიმულაციაა საჭირო. დაბერება ყველა გრძნობაზე ახდენს გავლენას, თუმცა ასაკის კვალი ყველაზე ღრმად სმენასა და მხედველობას აჩნდება. ბუნებრივია, გრძნობათა ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც, თუნდაც ავადმყოფობა. ქვემოთ ამ ფაქტორებზეც ვისაუბრებთ და ზოგიერთი პრობლემის თავიდან აცილების გზებსაც მიმოვიხილავთ.

მხედველობა

თვალი, ურთულესი ოპტიკური სისტემა, ფოტოაპარატს მოგვაგონებს – სხივებს გარდატეხს, აფოკუსებს და ანალიზატორისკენ გზავნის. თუმცა გაცილებით მაღალორგანიზებული და დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური აპარატი, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა და სხვა ოპტიკურ სისტემებზე გაცილებით დიდ მიზანსაც ემსახურება. ეს ის ორგანოა, ურომლისოდაც ჩვენთვის უცხო იქნებოდა ცნებები: ფერი, სინათლე, სილამაზე...


მხედველობას ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობად მიიჩნევენ. მეცნიერთა შეფასებით, გარემოდან მომდინარე ინფორმაციის 80%-ს სწორედ მისი მეშვეობით აღვიქვამთ.
მხედველობა გავლენას ახდენს სხვა გრძნობებზეც. ხშირად, “ცვლის” კიდეც მათგან მომდინარე ინფორმაციას. ეს განსაკუთრებით გემოვნებას ეხება. დასტურად საინტერესო ექსპერიმენტს მოვიშველიებ, რომლის დროსაც პროფესიონალ სომელიეებს დეგუსტაციისთვის წითლად შეღებილი თეთრი ღვინო შესთავაზეს. ათიდან ცხრა პროფესიონალი ვერ მიხვდა, რომ სინამდვილეში არა წითელ, არამედ თეთრ ღვინოს სვამდა. ასე რომ, თუ საჭირო გახდა, მხედველობას ჩვენი "დაბრმავებაც" შეუძლია. აღარაფერს ვამბობ ერთი ნახვით შეყვარებასა და პირველი შთაბეჭდილების მაგიაზე, რომელიც უდიდესწილად სწორედ მხედველობითი ინფორმაციით არის ნასაზრდოები. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მხედველობადაქვეითებული ადამიანები დანაკლისს ზოგჯერ სმენით, გემოვნებით, შეხებითა და ყნოსვით აკომპენსირებენ. ტვინი თითქოს ერთგვარად გადაეწყობა, რომ შეძლებისდაგვარად უკეთ მოახერხოს გარემოსთან ადაპტირება.

როგორ ვხედავთ


ეს საპასუხისმგებლო მისია ყველასთვის კარგად ნაცნობ წყვილ ორგანოს აკისრია. იმისთვის, რომ დავინახოთ, ინფორმაცია ჯერ თვალმა უნდა დაამუშაოს, მერე კი ტვინმა გადაამუშაოს. სინათლის სხივი თავდაპირველად რქოვანას ხვდება. ეს თვალის გამჭვირვალე ზედაპირული გარსია, საიდანაც სინათლემ თვალის შიგნით უნდა შეაღწიოს. შიგნით შესაღწევი სხივების რაოდენობას გუგა (ფერადი გარსის ცენტრში არსებული ხვრელი) აკონტროლებს. მეტისმეტ სინათლეზე გუგა ვიწროვდება, სიბნელეში კი, პირიქით, ფართოვდება. ამ პროცესს წარმართავს ფერადი გარსია. რომელიც კუნთოვანი წარმონაქმნია და გარდა იმისა, რომ თვალს ფერს აძლევს, გუგის მოძრაობასაც არეგულირებს. შემდეგ სცენაზე გამჭვირვალე სტრუქტურა – ბროლი გამოდის. მას თვალში შეჭრილი სხივების იმგვარად გარდატეხა ევალება, რომ ისინი ბადურაზე მოხვდნენ. ბადურა კი მხედველობითი ინფორმაციის აღქმის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს – სხივების ელექტრულ იმპულსად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ნერვულ იმპულსად დაშიფრული ინფორმაცია მხედველობის ნერვს თავის ტვინამდე მიაქვს, სადაც აღიქმება კიდეც დანახული ობიექტი.
ამ ჯაჭვში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება მხედველობაზე ახდენს გავლენას და დროებით, ზოგჯერ კი სამუდამოდ არღვევს მწყობრ მექანიზმს.
მოდი, გავიგოთ, როგორ მოვუფრთხლდეთ თვალებს და შევინარჩუნოთ მხედველობა.

დამაბრმავებელი სინათლე


სინათლის აღმქმელი ორგანოს მთავარი მტერი სინათლეა. უფრო სწორად, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება. ეს თვალისთვის უხილავი სხივებია, რომელთა სიჭარბე სხვა საგნების დანახვის უნარს გვართმევს. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ მაკულის დეგენერაციას, რომელიც მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზია. ულტრაიისფერი გამოსხივება ასევე ზრდის კატარაქტის განვითარების ალბათობას – სტატისტიკური მონაცემებით, კატარაქტის შემთხვევათა მეხუთედი სწორედ მისი ზემოქმედების შედეგია. მანათობელ სხეულს უკავშირდება თვალის სხვა პათოლოგიებიც – ფოტოკერატიტი, ფტერიგიუმი, ქუთუთოების ირგვლივი კანის კიბო.


ვის ემუქრება ეს პათოლოგიები? – ყველას, ბავშვების ჩათვლით. რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ მზეზე, მით უფრო მაღალია რისკი. პრობლემების გაჩენის ალბათობა ერთიორად იმატებს, თუ ბადურა გაქვთ დაავადებული, თვალის ოპერაცია გადაიტანეთ ან იღებთ განსაზღვრულ მედიკამენტებს: ტეტრაციკლინს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, დიურეტიკებს, ტრანკვილიზატორებს – ისინი ზრდიან თვალის მგრძნობელობას სინათლის მიმართ.
ულტრაიისფერი გამოსხივება არაერთი წყაროდან მოდის. მას ასხივებს ნიადაგი, წყალი, თოვლი, ქვიშა და სხვა მკვეთრად განათებული ზედაპირები. ერთი სიტყვით, თუ მხედველობის შენარჩუნება გსურთ, ულტრაიისფერ სხივებს უნდა მოერიდოთ.

სისტემური პრობლემების ანარეკლი


თვალებს სულის სარკეს უწოდებენ. მათში ბევრი ადამიანის შინაგანი სამყაროს ანარეკლს ხედავს. ჩვენ უფრო პროზაულ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. საქმე ის არის, რომ თვალებზე შესაძლოა შინაგან ორგანოებში მიმდინარე პროცესებიც აისახოს. ამის საუკეთესო მაგალითი არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტია. ორივე მათგანი უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე, რადგან ბადურაზე განლაგებულ სისხლძარღვებს აზიანებს. დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემაა. გარდა ამისა, "ტკბილი დაავადება" ხუთჯერ ზრდის კატარაქტის და ორჯერ – გლაუკომის განვითარების რისკს.

თვალისჩინივით ვუფრთხილდებით


როცა ადამიანი სათუთად ეპყრობა სხვა ადამიანს თუ რაიმე ნივთს, ამბობენ, თვალისჩინივით უფრთხილდებაო. დიახ, მხედველობა დიდ ყურადღებას მოითხოვს. ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, თუ რატომ. მხედველობის შენარჩუნებაში შემდეგი წესების დაცვა დაგეხმარებათ:

  • იკვებეთ ჯანსაღად. ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, განსაკუთრებით – მწვანეფოთლოვანს. სასარგებლოა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზი: თინუსი, ორაგული, პალტუსი.
  • აკონტროლეთ წნევა. ეს არამხოლოდ გულისთვის არის სასარგებლო – მხედველობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.
  • ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა. ჭარბი წონა და სიმსუქნე შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია, დიაბეტი კი, თავის მხრივ, თვალის დაავადებების ალბათობას ზრდის.
  • ფიზიკურად იაქტიურეთ. ვარჯიში ხელს უშლის დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას, სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას, რაც, სხვა სიკეთეებთან ერთად, მხედველობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.
  • არ მოწიოთ. თამბაქოს წევა მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის, გლაუკომის, დიაბეტური რეტინოპათიისა და კატარაქტის განვითარების ალბათობას ზრდის. ზიანდება მხედველობის ნერვიც. მწეველებს ორჯერ დიდი აქვთ მშრალი თვალის სინდრომის განვითარების ალბათობაც.
  • გამოიკვლიეთ ოჯახური ისტორია. თვალის ზოგიერთი დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა, ამიტომ მათ შესახებ უნდა იცოდეთ. ამ შემთხვევაში მეტად მოუფრთხილდებით მხედველობას და შესაძლოა, ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებაც შეძლოთ.
  • არ დაგავიწყდეთ სათვალე. ის ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვის უნიკალური საშუალებაა, ოღონდ – თუ სწორად შეარჩევთ. მისი ლინზები კარგად უნდა აკავებდეს ულტრაიისფერ სხივებს.

ულტრაიისფერი დაცვა ოპტიკურ სათვალეს და კონტაქტურ ლინზებსაც შეუძლია, ოღონდ ამისთვის რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.
აარჩიეთ ლინზები, რომლებიც:

  • ამცირებს სიკაშკაშეს;
  • აკავებს ულტრაიისფერი სხივების 99-100%-ს;
  • არ ცვლის ფერებს.

მწარმოებლები ყოველთვის არ მიუთითებენ სხივების ფილტრაციის უნარზე, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ ისეთი ნაწარმი შეიძინოთ, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია ახლავს. სანაპიროზე თუ თხილამურებით სრიალის დროს კი უფრო მეტად დამუქებული მზის სათვალე გაიკეთეთ, რადგან თოვლი და წყალი, როგორც უკვე ვთქვით, მზის სხივებს ირეკლავს და ასეთ ადგილებში თვალის დაზიანების რისკი უფრო მაღალია.
სათვალე ბავშვებსაც სჭირდებათ. მათ ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების კიდევ უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ, რადგან მათ თვალებს ჯერ არ გააჩნიათ თავდაცვის სათანადო მექანიზმი.
ბავშვისთვის სათვალის არჩევისას:

  • შეამოწმეთ, კარგად მოერგო თუ არა;
  • აარჩიეთ მისი სტილის შესაფერისი მოდელი;
  • ეცადეთ, ლინზა საკმარისად დიდი იყოს.
  • სწორად მოიხმარეთ ლინზები. თუ კონტაქტურ ლინზებს ხმარობთ, დაიცავით მათი მოვლისა და ჰიგიენის ყველა წესი თვალის ინფექციების თავიდნ ასაცილებლად. ლინზების გაკეთებისა და მოხსნის წინ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები, თავად ლინზები ინსტრუქციის მიხედვით გაასუფთავეთ და გამოცვალეთ, როდესაც ამის დრო მოვა.
  • მზეზე დაიხურეთ ქუდი. ფართო ფარფლები ულტრაიისფერი გამოსხივების დაახლოებით ნახევარს შთანთქავს და ხელს უშლის იმ სხივების თვალებში მოხვედრას, რომლებსაც სათვალის ზემოდან და გვერდებიდან აღწევს.
  • ერიდეთ თვალის ტრავმას. დაიცავით უსაფრთხოების წესები სპორტის ზოგიერთი სახეობით დატვირთვის, ქარხანაში თუ მშენებლობაზე მუშაობის, რემონტისა თუ საფრთხის შემცველი სხვა საქმიანობის დროს.
  • დაასვენეთ თვალები. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის დროს არ დაგავიწყდეთ დროდადრო თვალების დახამხამება. დაიმახსოვრეთ მარტივი ფორმულა: 20-20-20 – 20 წუთში ერთხელ 20 წამით გაიხედეთ დაახლოებით 20 ფუტზე (ერთი ფუტი 30.5 სმ-ს შეესაბამება).


სმენა

ჩვენ გარშემო მრავალი ხმაა, სხეულზე კი – წყვილი უნიკალური ორგანო, რომელიც ამ კეთილხმოვანების აღქმაში გვეხმარება.
ყური სამი განყოფილებისგან შედგება: გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან. მათი შეთანხმებული მუშაობის შედეგად ტვინის სმენის ცენტრს სამყაროდან მომდინარე ხმები ეგზავნება. გარეთა ყური, რომელიც ყურის ნიჟარასა და ყურის არხს მოიცავს, ხმების კოლექტორია. ნადავლს ის სასმენი მილის საშუალებით შუა ყურში გზავნის. აქვეა ჯირკვლებიც, რომლებიც გოგირდს გამოიმუშავებს. გოგირდი ყურის დაცვას, ჭუჭყის მოცილებას და ინფექციის პრევენციას უზრუნველყოფს. შუა ყურში სამი პაწაწინა ძვალია, რომლებიც ბგერითი ტალღის რხევებს შიგნითა ყურს გადასცემს. შიგნითა ყურში კი მთავარი პროცესი – სიგნალის ნერვულ იმპულსად გარდაქმნა მიმდინარეობს. ნერვული იმპულსი სმენის ნერვის საშუალებით ტვინში იგზავნება, სადაც ბგერის აღქმა ხდება.
საინტერესოა, რომ ტვინი არა მხოლოდ ხმის სიმძლავრეს და ტიპს, არამედ ბგერების ბევრ სხვა მახასიათებელსაც აღიქვამს. მაგალითად, დროს, რომელიც ერთ ყურში ბგერის მოხვედრიდან მეორეში მოხვედრამდე გადის. სწორედ ამის წყალობით განასხვავებს ადამიანი ხმის მიმართულებას. ტვინში ჩვენ გარშემო არსებული ხმების შაბლონები ინახება. მათი დახმარებით ტვინი ადვილად ახერხებს გაგონილი ხმის იდენტიფიცირებას. სმენის დაქვეითების დროს კი ტვინში დამახინჯებული ინფორმაცია მიდის, რასაც ინტერპრეტაციის შეცდომა მოჰყვება.



სმენის დაქვეითება


სმენის დაქვეითება სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგჯერ ადამიანს ესმის ზოგიერთი ბგერა, ზოგჯერ კი ვერ აღიქვამს ვერც ერთ ხმას. სტატისტიკური მონაცემებით, ათასიდან სამი ბავშვი სმენის დაქვეითებით იბადება. ასე რომ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი დეფექტია. არც ის არის გამორიცხული, სმენის პრობლემებმა მომდევნო წლებში იჩინოს თავი. სმენაჩლუნგობის ალბათობა ერთიორად იმატებს ხანდაზმულ ასაკში.
სმენის დაქვეითების დროს პათოლოგიური პროცესი ყურის რომელიმე ნაწილში, სმენის ნერვში ან ტვინშია ლოკალიზებული. ამის მიხედვით განასხვავებენ სმენის დაქვეითების რამდენიმე ფორმას:

  • კონდუქტიურს. ამ დროს პრობლემა გარეთა ან შუა ყურშია, რის გამოც ბგერები შიგნითა ყურამდე ვერ აღწევს. სმენის დაქვეითების ეს ფორმა, როგორც წესი, მსუბუქი და დროებითია და ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.
  • ნეიროსენსორულს. ამ დროს პათოლოგიურ პროცესში ჩართულია შიგნითა ყური ან სმენის ნერვი. ბგერები დანიშნულების ადგილამდე აღწევს, მაგრამ ვერ ხერხდება იმპულსად მათი გარდაქმნა ან ტვინში გაგზავნა. ნეიროსენსორული დაზიანება მუდმივია, შეუქვცევადი და მეტყველების უნარზეც ახდენს გავლენას.
  • ცენტრალურს. ამ დროს სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს ტვინის სმენაზე პასუხისმგებელი უბანი. ეს სმენის დაქვეითების იშვიათი ფორმაა და ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

რა იწვევს სმენის დაქვეითებას?

  • თანდაყოლილი ანომალია
  • ყურის ინფექცია
  • მძიმე დაავადება, მაგალითად, მენინგიტი
  • თავის ტრავმა
  • მუსიკის მეტისმეტად ხმამაღლა მოსმენა, განსაკუთრებით – ყურსასმენებით
  • ძლიერი ხმაური
  • დაბერება


დავბერდი და არ მესმის


ასაკთან ერთად ყურის სტრუქტურა იცვლება, რაც მის ფუნქციაზეც აისახება. ბუნებრივია, ორივე ყური ზიანდება. მცირდება გარემოდან მომდინარე ხმების “დაჭერის” ფონური ხმის დროს მთავარი ხმის გაგონების უნარი. ხანდაზმულებთან გავრცელებული პრობლემაა ტინიტუსი: ადამიანს ყურში გამუდმებით ჩაესმის არანორმალური ხმა. ამის მიზეზი შესაძლოა გოგირდის დაგროვება ან რომელიმე ისეთი მედიკამენტი იყოს, რომელსაც ოტოტოქსიკური – ყურისთვის მავნე – ზემოქმედება ახასიათებს.
დაქვეითებული სმენა, სამწუხაროდ, აღარ აღდგება. ამ დროს გამოსავალი სასმენი აპარატის გამოყენებაა.

როგორ შევინარჩუნოთ სმენა


ქალა-ტვინის ტრავმა თუ თანდაყოლილი დეფექტი ჩვენი სურვილით არ ვითარდება და, ბუნებრივია, არც მათი პრევენციაა ჩვენს ხელთ. ვერც წლების მატებას შევაჩერებთ. მაგრამ არსებობს სმენის დაქვეითების გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის “ყოფნა-არყოფნა” დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული.
ხმაური სმენის დაქვეითების ერთადერთი მიზეზია, რომლის თავიდან აცილება შეგვიძლია. დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ ხმაური სმენაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს და თუ გვსურს, სმენა შევინარჩუნოთ, უნდა ვერიდოთ ხმაურს, რომელიც მეტისმეტად ძლიერი, მეტისმეტად ხანგრძლივი და მეტისმეტად ახლოა. ხმაურის ზემოქმედების შედეგად ზიანდება შიგნითა ყურში არსებული წამწამოვანი უჯრედები, როს შედეგადაც ვეღარ ხერხდება ხმის ელექტრულ იმპულსად გარდაქმნა. შიგნითა ყურის დაზიანება კი შეუქცევადი პროცესია. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი უჯრედი დაზიანდება და სმენაც სულ უფრო მეტად დაიკლებს. პირველ ხანებში სმენის დაქვეითება ნაკლებშესამჩნევია, რაც დეფექტის გამოვლენას ართულებს. იმ დროისთვის კი, როდესაც სმენის დაქვეითება აშკარა ხდება, პროცესი საკმაოდ შორს არის წასული. ამიტომ სმენაზე ზრუნვა მანამდე უნდა დაიწყოთ, მანამ სანამ ამის საჭიროებას იგრძნობთ. განგაშის ზარს უნდა შემოჰკრათ, თუ ხმაურის შემდეგ ყურებში წკრიალი, გრუხუნი ან შუილი ჩაგესმით, ხმები მოგუდულად ან დამახინჯებულად გესმით, არ გესმით თქვენგან ორიოდე ნაბიჯზე მყოფი ადამიანის ხმა.
მოდი, უფრო მეტი გავიგოთ გამაყრუებელი ხმების შესახებ.

მელომანთა საყურადღებოდ


სმენის დაქვითება, რომელიც წინათ თანდაყოლილი ან ხანდაზმულობასთან ასოცირებული პრობლემა იყო, ახალგაზრდებთან უფრო და უფრო გახშირდა. სამწუხარო ტენდენციას მარტივი ახსნა აქვს: ხმამაღალი მუსიკა და ყურსასმენები.
დიახ, ყურსასმენებით ნამდვილად უკეთ გაიგონებთ მუსიკას, მით უმეტეს, თუ ხალხმრავალ ადგილას ხართ და არც სხვების შეწუხება გსურთ. მაგრამ სწორედ ეს უპირატესობაა ყურსასმენების ნაკლიც და ის მიზეზიც, რომლის გამოც მედიცინის სამყარო მათ მიმართ სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.
კარგი ამბავი: სმენის დაქვეითების თავიდან აცილება 100%-ით არის შესაძლებელი, თუ ყურსასმენებს სწორად გამოიყენებთ. სწორად გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, ზომიერებას გულისხმობს:

  • გამოიყენეთ ფორმულა 60`60 – მუსიკის მოსმენის, ფილმის ყურებისა თუ ვიდეოთამაშით გართობის დროს მომართეთ მოწყობილობა მაქსიმალური სიმძლავრის 60%-ზე 60 წუთით.
  • ჰკითხეთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ესმით თუ არა ხმა თქვენი ყურსასმენიდან. თუ დადებითად გიპასუხეს, ესე იგი ხმის დაწევის დროა.
  • გამოიყენეთ დამცავი ყურსასმენები. არსებობს ყურსასმენები, რომლებიც თქვენ ირგვლივ არსებულ ხმებს ბლოკავს. ასე რომ, მუსიკის ხმამაღლა ჩართვა აღარ დაგჭირდებათ. თუმცა ეს კარგი გამოსავალია, მაგალითად, მუშაობის ან მეცადინეობის დროს. ქუჩაში კი ასეთი ყურსასმენების ტარება საფრთხის შემცველია.

მავნეა ისეთი ყურსასმენებიც, რომლებიც ყურს მთლიანად ფარავს, თუმცა ყურში მოსათავსებელ ანალოგებთან შედარებით ნაკლებად, ვინაიდან როცა ხმის წყარო ყურის არხშია მოთავსებული, ხმის სიმძლავრე 6-9 დეციბელით იმატებს.
დაბოლოს, გახსოვდეთ: ყურსასმენები სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მუსიკა გვიყვარს. ისე ნუ იზამთ, მუსიკის სიყვარულმა მუსიკის მოსმენა აუხდენელ ოცნებად გიქციოთ.


როდესაც პროფესია აყრუებს


სმენის პროფესიული დაქვეითება სამუშაოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა აშშ-ში. მხოლოდ ამ ქვეყანაში ხმაურის მავნე ზემოქმედებას ყოველ წელს დაახლოებით 22 მილიონი ადამიანი განიცდის, 30 მილიონს კი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ისეთ ქიმიურ ნივთიერებებთან უწევს შეხება, რომლებსაც ოტოტოქსიკური მოქმედება ახასიათებს. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ სმენის პროფესიული დაქვეითება საზოგადოებისთვის დიდი ეკონომიკური ტვირთია.


ამერიკისავე სტატისტიკის მიხედვით, სმენის დაქვეითება მესამე ყველაზე გავრცელებული ქრონიკული მდგომარეობაა მაღალი არტერიული წნევისა და ართრიტის შემდეგ.
რატომ არის პრევენცია მნიშვნელოვანი? პროფესიასთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება თითქმის ყოველთვის სამუდამოა და, შესაბამისად, უდიდეს გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, ართულებს საზოდოებაში ინტეგრაციას, იწვევს იზოლაციას, დეპრესიას, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას, გულის პრობლემებს. სმენაჩლუნგობა გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზეც. მეორე მხრივ, თავდაცვის თანამედროვე საშუალებების გამოყენების შედეგად სმენის დაქვეითების თავიდან აცილება თითქმის ყოველთვის შესაძლებელია. ამიტომ ენიჭება ასეთი დიდი მნიშვნელობა პრევენციას.


აშშ-ის შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის რეკომენდაციით, ხმაურის დასაშვები დონე არ აღემატება 85 დეციბელს 8 საათის განმავლობაში. უფრო გასაგები რომ იყოს, გეტყვით, რომ ჩვეულებრივი საუბარი 60 დბ-ს შეესაბამება, მაცივრის ხმა – 45 დბ-ს, მოტოციკლეტის ძრავის ხმა – 95 დბ-ს, ხოლო მპ3 პლეიერის მაქსიმალური ხმა – 105 დბ-ს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ ხართ თუ არა სამსახურში ხმაურის მავნე ზემოქმედების ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელმა უნდა მოგაწოდოთ. არსებობს სპეციალური სატელეფონო აპლიკაციებიც, რომლებიც ხმის სიხშირეს და სიმაღლეს ზომავს. ხმაურის დონის შემოწმება თავადაც შეგიძლიათ. მაგალითად, თუ ხელის გაწვდენაზე მყოფ თანამშრომელთან საუბრის დროს ხმის აწევა გიწევთ, ესე იგი თქვენ გარშემო საშიში ხმაურია.
სმენაზე გავლენას ახდენს ხმის ინტენსივობა, ხანგრძლივობა და დაშორება, ამიტომ თუ სამუშაო ადგილზე ხმაურის ზემოქმედებას განიცდით, ეცადეთ, შეასრულოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • რამდენადაც შესაძლებელია, მოერიდეთ, მოშორდით ხმის წყაროს.
  • მაქსიმალურად შეამცირეთ ხმის დონე.
  • შეამცირეთ ხმაურიან ადგილებში ყოფნის ხანგრძლივობა.
  • თქვენსა და ხმის წყაროს შორის ბარიერი დააყენეთ.
  • ეცადეთ, აარჩიოთ ნაკლებად ხმაურიანი მოწყობილობები და სათანადოდ მოუაროთ.
  • ყოველთვის ატარეთ ყურის დამცავი საშუალებები, გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქცია და სწორად გამოიყენეთ ისინი.
  • თუ ამ ყველაფერთან ერთად სამსახურში მუსიკის მოსმენაც გიყვართ, უსმინეთ უსაფრთხო დონეზე და მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ხმაური არ არის.
  • ეცადეთ, გამოიყენოთ ნაკლებად ტოქსიკური ან არატოქსიკური ქიმიკატები.
  • ტოქსიკურ ნივთიერებებთან შეხებისას ჩაიცვით სპეციალური ტანსაცმელი.

 

 

 

ვის მივმართოთ და როდის


სმენის დაქვეითებაზე ეჭვის შემთხვევაში აუდიოლოგს უნდა მიმართოთ. ეს ის ექიმია, რომელიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემების მართვაზეა სპეციალიზებული.
სმენის დაქვეითების მკურნალობა გამომწვევ მიზეზზე, დაქვეითების ტიპზე, პრობლემის სიმძიმესა და პაციენტის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობა, სასმენი აპარატის გამოყენება ან კოხლეარული იმპლანტაცია.


სასმენი აპარატი ერთგვარი პაწაწინა ხმის გამაძლიერებელია, კოხლეარული იმპლანტი კი ძალიან პატარა ელექტრომოწყობილობაა, რომელიც ქირურუგიული გზით ინერგება შიგნითა ყურში. ის საკუთარ თავზე იღებს დაზიანებული უჯრედების ფუნქციას და ხმებს ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის.
რაც უფრო ადრე გამოვლინდება პრობლემა და დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი იქნება გამოსავალი.
განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებთან გვმართებს, რომ სმენის დაქვეითებამ მეტყველების განვითარებას არ შეუშალოს ხელი. დეფქტის ადრეული გამოვლენის მიზნით სამშობიარო სახლებში ახალშობილთა სმენის სკრინინგი ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ახალშობილს უმოწმებენ სმენას. კვლევა უფასო და სრულიად უსაფრთხოა. პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში უფრო ნატიფი და დეტალური გამოკვლევა ინიშნება.

 

 

ვუვლით ყურს


ყური განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს. ერთდერთი, რაც სმენის ორგანოს სჭირდება, რეგულარული ბანაა. ასე რომ, ბანაობის დროს არც ყურები დაივიწყოთ. დაიბანეთ ისინი საპნითა და წყლით.
დაუშვებელია ყურში უცხო სხეულის მოხვედრა – ეს მეტად ფაქიზი ორგანოა და ადვილად ზიანდება. ყურის ჩხირის გამოყენებაც კი არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, ყურის არხი დააზიანოს, მისი მთლიანობა დაარღვიოს და გამოდევნის ნაცვლად გოგირდი უფრო ღრმად შეიტანოს მილში.

რისი სუნი აქვს გემოს
(ყნოსვა და გემოვნება)

იცოდით, რომ გემოს აღქმაში საკუთრივ გემოვნებაზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ყნოსვა ასრულებს? რომ საჭმლისა თუ სასმლის მრავალი მახასიათებელი სწორედ ყნოსვით ანალიზდება, გემოს დარღვევებზე მომჩივნებს კი სინამდვილეში უმეტესად ყნოსვის პრობლემები აქვთ? სავარაუდოდ, არა, თუმცა გაჭედილი ცხვირი საკვებს გემოს რომ უკარგავს, ალბათ თავადაც შეგიმჩნევიათ. ერთი სიტყვით, ყნოსვა და გემოვნება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, უერთმანეთოდ კი ძალიან უჭირთ.

 

 

სუნის სუნი


ვერავინ შემოგვედავება, თუ ვიტყვით, რომ ყნოსვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოს აღქმაზე. სხვადასხვა არომატი სხვადასხვა განწყობას გვიქმნის, სხვადასხვა მოგონებას აღვიძებს და, არცთუ იშვიათად, პირადი ურთიერთობების ბედსაც განსაზღვრავს.
ყნოსვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც. სუნის აღქმის უნარის დაქვეითება კვებით ქცევებზე, ფიზიკურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე აისახება.
ყნოსვის უნარს სპეციალიზებულ სენსორულ უჯრედებს – ყნოსვით ნეირონებს უნდა ვუმადლოდეთ. ისინი ღრმად არიან მოთავსებულნი ცხვირში და პირდაპირი კავშირი აქვთ თავის ტვინთან, რომელსაც უგზავნიან კიდეც გარე სამყაროდან მიღებულ სუნიან ინფორმაციას.


საიდან და როგორ მოდის ჩვენამდე თავად ეს ინფორმაცია? დილის ყავის არომატს თუ ხანძრის მომასწავებელი კვამლის სუნს პაწაწინა მოლეკულების საშუალებით შევიგრძნობთ. ამ მოლეკულებს ჩვენ გარშემო არსებული საგნები გამოყოფს, ჩვენ კი მათ ჰაერთან ერთად შევისუნთქავთ. ცხვირში მოხვედრილი მოლეკულები ზემოხსენებულ სპეციალიზებულ სენსორულ უჯრედებს ასტიმულირებენ.
აქ ცოტა ხნით უნდა შევჩერდეთ. სუნსა და ჩვენს სხეულს შორის კავშირი რეცეპტორების საშუალებით მყარდება. ეს უჯრედის სტრუქტურაა, რომელსაც არჩევითად უკავშირდება გარემოდან მოსული “სუნიანი” მოლეკულა. ადამიანი 10 000-დან 100 მილიარდამდე (!) სუნს აღიქვამს. თუმცა სუნის აღმქმელ ყველა უჯრედს მხოლოდ ერთი ტიპის რეცეპტორი აქვს, გარემოში კი გაცილებით მეტი სუნია, ვიდრე სუნის რეცეპტორი – ჩვენს ცხვირში. მაშ, როგორ აღვიქვამთ ამდენ სუნს? საქმე ის არის, რომ ყოველი მოლეკულა რეცეპტორების სხვადასხვა კომბინაციას ასტიმულირებს. ტვინი ამ კომბინაციას აღრიცხავს როგორც კონკრეტული საგნის სუნს. შედეგად ტვინში ამ საგნის სუნზე უნიკალური წარმოდგენა იქმნება.


თითოეულ ჩვენგანს კონკრეტული სუნის საპასუხოდ შესაძლოა უჯრედთა სხვადასხვა კომბინაცია გაუაქტიურდეს, ამიტომ, არ არის გამორციხული, სუნის აღქმის მიხედვით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განვსხვავდებოდეთ.
სუნის აღმწერი ინფორმაცია ტვინის სხვადასხვა უბანს ეგზავნება და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ახდენს გავლენას – მეხსიერებაზე, განწყობაზე, ემოციებზე. საუკუნეების განმავლობაში არომატულ მცენარეებს სამკურნალო მიზნითაც იყენებდნენ, განსაკუთრებით – ინდოეთში, ჩინეთსა და ეგვიპტეში. არსებობს ცალკე მიმართულებაც – არომათერაპია, რომელიც მცენარეებისგან მიღებული ეთერზეთების სურნელით ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. არომათერაპიის კეთილსმყოფელი ზემოქმედების დამადასტურებელი სამეცნიერო მონაცემები მწირია, თუმცა ფაქტია, მათ გარკვეული გავლენა აქვთ. ახლა ამ გავლენის მასშტაბი და ზემოქმედების მექანიზმია დასადგენი.

 

 

ყნოსვაზე მეტი


მაშასადამე, იმისთვის, რომ ყნოსვის პროცესი დაიწყოს, საჭიროა, სუნმა სენსორულ ნეირონებამდე მიაღწიოს. ეს ორი გზით ხდება – ნესტოების ან პირის ღრუს გავლით. პირველ შემთხვევაში სუნიან მოლეკულებს გარემოდან შევისუნთქავთ, მეორე გზა კი კვების პროცესში აქტიურდება. დიახ, სუნის გარეშე მხოლოდ ხუთ ძირითად გემოს ამოვიცნობდით – ტკბილს, მლაშეს, მწარეს, მჟავესა და ცხარეს. ჩვენ კი ჭამის დროს გაცილებით მეტ გემოს აღვიქვამთ. რატომ? იმიტომ, რომ ტვინს ინფორმაცია არა მხოლოდ გემოვნების, არამედ ყნოსვის რეცეპტორებისგანაც ეგზავნება. ღეჭვის დროს გამოთავისუფლებული არომატები პირის ღრუდან ყელსა და ცხვირში გადადის და იქ მდებარე ყნოსვაზე პასუხისმგებელ უჯრედებსაც ასტიმულირებს. ამიტომ, როცა ცხვირგაჭედილები მივირთმევთ, საკვებს არც ისე მიმზიდველი, ხატოვნად თუ ვიტყვით, გადღაბნილი გემო აქვს.
ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ საკვებმა გემო დაკარგა, ექიმმა კი გითხრათ, გემოვნების კი არა, ყნოსვის პრობლემა გაქვთო.

 

 

ყნოსვის დარღვევა


ყნოსვის დარღვევა ორგვარად ვლინდება – ან სუსტდება`ქრება, ან იცვლება. პირველ შემთხვევას ჰიპოსმია (სუნის აღქმის უნარის დაქვეითება) ეწოდება, მეორეს – ანოსმია (ყნოსვის სრული უუნარობა).
იშვიათად ადამიანი ყნოსვის უნარის გარეშე იბადება. ეს თანდაყოლილი ანოსმიაა.
სუნის ნორმალური აღქმის გაუკუღმართებას კი ექიმები პაროსმიას უწოდებენ. ამ დროს ნაცნობი საგნის სუნი სხვანაირად გცემთ, ის, რაც ადრე სასიამოვნო გეჩვენებოდათ, ახლა ყარს და პირიქით.
არსებობს ყნოსვის გაუკუღმართებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ტერმინი – ფანტოსმია. ეს ერთგვარი ყნოსვითი ილუზიაა, როდესაც ადამიანს არარსებული სუნი სცემს.
ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა ხშირად დროებითია და გამომწვევი ფაქტორის აღმოფხვრის შემდეგ გაივლის, თუმცა შესაძლოა, დიდხანსაც გაგრძელდეს. მაგალითად, თავის ტვინის ტრავმა ან ვირუსი ყნოსვაში მონაწილე ნერვის დაზიანებას იწვევს, რაც სუნების აღქმის უნარს დიდი ხნით, ზოგჯერ სამუდამოდაც, გვიზღუდავს.
ჰიპოსმიის ყველაზე ხშირი მიზეზი სურდო და გაჭედილი ნესტოებია. ყნოსვაზე გავლენას ახდენს ცხვირში არსებული პოლიპიც (თუ ის ცხვირში მოცირკულირე ჰაერს ბლოკავს და, შესაბამისად, სუნის მოლეკულებს სენსორულ უჯრედებამდე მისასვლელ გზას უღობავს). ყნოსვის დარღვევის სხვა გავრცელებული მიზეზებია:

  • სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციები;
  • მწეველობა;
  • თავის ტვინის დაზიანება;
  • ჰორმონული დარღვევები;
  • სტომატოლოგიური პრობლემები;
  • ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების – ინსექტიციდების, გამხსნელების – ზემოქმედება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით – ანტიბიოტიკები და ანტიჰისტამინური პრეპარატები;
  • თავისა და კისრის მიდამოს დასხივება;
  • ნერვულ სისტემაზე მოქმედი დაავადებები – გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის, ალცჰაიმერის დაავადება.
  • ყნოსვაზე გავლენას ახდენს ასაკიც. წლების მატებასთან ერთად იკლებს ცხვირის მგრძნობელობა, უფრო სწორად, ტვინის მგრძნობელობა სუნის აღქმის მიმართ.

 

 

უსუნო განსაცდელი


ყნოსვის დაქვეითებასა თუ დაკარგვასთან ერთად საკვები ნაკლებად სასიამოვნო ხდება, კვების მიმართ ინტერესის დაკარგვა კი კვებით ჩვევებზე აისახება. შესაძლოა, მადა დაკარგოთ, ეს კი წონის კლებისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად გექცეთ.
ზოგი პირიქით იქცევა – საკვებისგან საიმოვნების მისაღებად მეტს ჭამს და შედეგად ყნოსვის პრობლემებთან ერთად ჭარბ წონასთანაც უწევს ბრძოლა.
გავრცელებული “გამოსავალია” კერძისთვის მეტი მარილისა და შაქრის მოყრაც, რაც ადამიანს დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამიზნედ აქცევს.
მძიმე შემთხვევებში ყნოსვის დაკარგვას დეპრესიამდე მივყავართ.


საკვებისგან სიამოვნების მიღებას ვიღა ჩივის, როცა შეიძლება, ყნოსვის დაქვეითების გამო ავის მომასწავებელი (მაგალითად, ხანძრის) სუნიც ვერ ვიგრძნოთ!
ამერიკაში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან ერთი ადამიანი ვერ გრძნობს კვამლის სუნს, 15% კი ბუნებრივი აირის სუნს. 70 წელს გადაცილებულებს შორის ეს მონაცემები – 20% და 31%-ია. სტატისტიკური მონაცემებით, ყნოსვის დაქვეითება უფრო მამაკაცებთანაა გავრცელებული და ხშირად გემოვნების პრობლემებიც ახლავს თან.
დაბოლოს: გაგიკვირდებათ, მაგრამ, როგორც ექიმები ამბობენ, ადამიანების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ ყნოსვა აქვს დარღვეული.

 

 

ვის მივმართოთ და როდის


ყნოსვის დარღვევას ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი მკურნალობს. არსებობს ყნოსვის დაქვეითების გამოვლენის სხვადასხვა მეთოდი. ზოგი მათგანი ავლენს სუნის უმცირეს დონეს, რომლის აღქმაც კონკრეტულ ადამიანს შეუძლია. კიდევ ერთი ტესტი ასეთია: პაციენტს სხვადასხვა სუნს აყნოსებენ და სთხოვენ დაასახელოს, რისი სუნი იგრძნო.
ექიმს მიმართეთ, თუ გეჩვენებათ, რომ საკვებმა გემო`სუნი დაკარგა ან არ აქვს ის სუნი, რომელსაც ელით. ექიმის მთავარი მიზანი პრობლემის მიზეზის გამოვლენაა. ამის შესაბამისად იგეგმება მკურნალობა და განისაზღვრება პროგნოზიც. პრობლემა ზოგჯერ, როგორც ითქვა, მარტივად გვარდება დამაბრკოლებელი ფაქტორის, მაგალითად, პოლიპის მოცილების შედეგად. არსებობს ყნოსვითი ვარჯიშებიც, რომლებიც სუნის აღქმის შესაძლებლობას ზრდის – სავარაუდოდ, ან ახალი რეცეპტორების ზრდას ასტიმულირებს, ან ტვინს სუნის დაბალ ზღურბლზე რეაგირებას ასწავლის. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ კვლევის საგანია. თანამედროვე მედიცინა ყნოსვის ხანგრძლივი დაქვეითების საწინააღმდეგოდ, სამწუხაროდ, არც ისე ბევრს გვთავაზობს.

 

 

გემოვნების გემო


რა სჯობია ცხელ-ცხელ ხაჭაპურს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი გემო ბავშვობას, სოფლის სახლს, ბებოს ხელებს და ათას სხვა სასიამოვნო მოგონებას უკავშირდება… გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში, როდესაც საყვარელ კერძს შევექცევით? რამდენი სტრუქტურა, უჯრედი, ორგანო მუშაობს შეთანხმებულად, ამ ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციის განსახორციელებლად? მოდი, დავფიქრდეთ.


საჭმლის მონელების რთულ პროცესზე ამჯერად არაფერს ვიტყვი; ვინაიდან გრძნობის ორგანოებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ის განვიხილოთ, როგორ მუშაობს გემოვნება.
გემოს უმცირესი მოლეკულები განაპირობებს, რომლებიც ღეჭვისა თუ სმის პროცესში გამოიყოფა. ეს მოლეკულები სპეციფიკურ სენსორულ უჯრედებს ასტიმულირებს, რომლებიც, ყნოსვის რეცეპტორებისგან განსხვავებით, არა ცხვირში, არამედ პირის ღრუსა და ყელში მდებარეობს, განსაკუთრებით მრავლად კი – ენაზე. ინფორმაციის აღქმის გზა ტრადიციულია: რეცეპტორი, ნერვი, ტვინი.


უკვე ვახსენეთ, რომ სიტკბო, სიმჟავე, სიცხარე, სიმლაშე და სიმწარე მთავარი გემოვნური მახასიათებლებია. გემოვნების რეცეპტორი, სულ მცირე, ერთ მათგანს აღიქვამს. თუმცა, როგორც უნდა მოინდომოს, ამაზე მეტი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლია. აღნიშნული მახასიათებლები საკვების სრულყოფილ აღქმას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს. სწორედ აქ ჩნდებიან “დამხმარეები”. ორგანიზმში ასეთი ჯარისკაცების მთელი ჯარია. სხვა ნერვული უჯრედები ქიმიოსენსორული მექანიზმებით (რომლებშიც ძირითადად თვალის, ცხვირის, პირისა და ყელის ლორწოვანზე განლაგებული ათასობით ნერვული დაბოლოება მონაწილეობს) გვაწვდის ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის, მაგალითად, მენთოლისგან მომდინარე სიცივე ან ქავილისა და წვის შეგრძნება წიწაკის შეჭმის შემდეგ. საკვების ტემპერატურისა და ტექსტურის შეგრძნებაში სხვა სპეციალიზებული ნერვები გვეხმარება. ამ ინფორმაციას ამდიდრებს საკვების მიერ გამოყოფილი სუნის აღქმა (მის შესახებ უკვე ვისაუბრეთ). ამას დავუმატოთ წარსული გამოცდილება, იმავე საკვებთან დაკავშირებული გრძნობები, მოგონებები, ემოციები… ამ გზავნილების მიხედვით თავის ტვინი ხვდება, ვაშლს მივირთმევთ თუ ხაჭაპურს, ცივსა თუ ცხელს, რბილსა თუ მაგარს, გემრიელს თუ უგემურს.

 

 

უგემოვნო


გემოვნება ბევრს ღალატობს. ამჯერად – პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად, ამერიკაში გემოს აღქმის დაქვეითების გამო ექიმს ყოველწლიურად 200 000 ადამიანი აკითხავს. გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის 15%-ს ყნოსვის ან გემოვნების პრობლემა აქვს, მაგრამ ექიმამდე არ მიდის. როგორც ითქვა, გემოვნება და ყნოსვა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია დ არ არის გამორიცხული, თქვენი ჩივილი არა გემოვნების, არამედ ყნოსვის დარღვევის ბრალი იყოს.
ყველაზე გავრცელებული პრობლემა ე.წ. გემოვნების ფანტომური აღქმაა. ეს არის უსიამოვნო გემო, მაშინ როდესაც პირის ღრუში რეალურად არაფერია. ჰიპოგევზია გემოვნების დაქვეითებაა. ამ დროს ადამიანს ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი გემოვნური თვისების აღქმის უნარი უმცირდება, აგევზიის დროს კი ზოგიერთი გემოს შეგრძნება საერთოდ დაკარგულია.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ გემოვნების ჭეშმარიტი დაკარგვა ძალიან იშვიათია.
დისგევზია პირის ღრუში უსიამოვნო, მძაღე, მლაშე ან მეტალის გემოს აღნიშნავს. ზოგჯერ მას თან სდევს პირის ღრუს წვის მტკივნეული შეგრძნება. ეს შეგრძნება უმეტესად შუახნის და ხანდაზმულ ქალებთან გვხვდება.


გემოვნების პრობლემებს უმეტესად იგივე პათოლოგიები იწვევს, რომლებიც ყნოსვის დარღვევას: ზედა სასუნთქი გზებისა და შუა ყურის ინფექციები, სხივური თერაპია, თავის ტვინის დაზიანება, წამლების ან ქიმიკატების ზემოქმედება, ცხვირზე, ყურსა და ყელზე ჩატარებული ოპერაციები, სიბრძნის კბილის ამოკვეთა, სტომატოლოგიური დაავადებები.
გემოს აღქმის უნარის გამოკვლევისთვის ოტორინოლარინგოლოგს უნდა მიმართოთ. დაგჭირდებათ ყურების, ცხვირისა და ყელის გამოკვლევა და სტომატოლოგის კონსულტაციაც.
მკურნალობის შედეგი პრობლემის მიზეზზეა დამოკიდებული. თუ მიზეზი მედიკამენტი ან გაციებაა, წამლის შეცვლა ან გამოჯანმრთელება გემოვნებასაც დააბრუნებს. უფრო სერიოზული დაავადებებისა და მდგომარეობების დროს გემოვნების დაქვეითებამ შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
გემოვნების დაქვეითება, ყნოსვის დაქვეითების მსგავსად, უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას – შესაძლოა ვერ შეამჩნიოთ გაფუჭებული საკვები ან ინგრედიენტი, რომელზეც ალერგია გაქვთ, ამიტომ გემოვნების პრობლემების დროს ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.

შეხების მაგია

ახლა, როდესაც ამ სიტყვებს კითხულობთ, ცალი ხელით ჟურნალს ეხებით, მეორეში კი შესაძლოა მობილური ან ყავის ფინჯანი გეჭიროთ... ამ ყველაფერს შეხების საშუალებით აღიქვამთ. თუმცა ეს იმდენად თავისთავადი პროცესია, რომ თითქმის არასოდეს ვუკვირდებით, მანამდე მაინც, სანამ, აი, ასეთ ტექსტს არ წავაწყდებით.

ხუთ გრძნობაზე საუბრისას შეხებას ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, მაშინ როდესაც ის ჩვენი სხეულისა და გარე სამყაროს დამაკავშირებელი მთავარი რგოლი და ყოველდღიური გამოცდილების ფუნდამენტური ნაწილია. ტკივილი, ზეწოლა, დაჭიმულობა, ტემპერატურა, ტექსტურა, ვიბრაცია, ქავილი – ყველა ეს ცნება სწორედ შეხების საშუალებით აღმოვაჩინეთ.
შეხების გამორთვა არ შეგვიძლია – ის არც თვალია, რომ დავხუჭოთ და არც ყური, ხელები რომ ავიფაროთ. ლექსიკონში ისეთი სიტყვაც კი არ მოგვეპოვება, რომელიც შეხების არარსებობას აღნიშნავს (აქვე ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამგვარი სიბრმავე, გნებავთ, სიყრუე, ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება).
მართალია, შეხების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით, ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელია.

 

 

 

ვეხებით კანს, ხვდება ტვინი


შეხების შეგრძნება კანის დამსხურებაა. ჩვენი სხეულის ეს უდიდესი ორგანო, ფაქტობრივად, დახუნძლულია სხვადასხვა ტიპის სენსორული რეცეპტორებით. რეცეპტორები კანში სხვადასხვა სიღრმეზე მდებარეობს, ზოგან – მჭიდროდ, ზოგან – ფაშრად. ზოგი სწრაფად ადაპტირებადია, ზოგი – ნელა. სწორედ ადაპტაციის წყალობით ვერ აღვიქვამთ, მაგალითად, ტანსაცმლის ზეწოლას ჩვენს სხეულზე.
თერმორეცეპტორები – სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მათი ფუნქცია ტემპერატურის აღქმაა. თერმორეცეპტორები მთელ სხეულზეა განაწილებული. განსაკუთრებით დიდი ნაწილი სახესა და ყურებზეა განლაგებული, ამიტომ ცხვირი და ყური ზამთრის სუსხიან დღეებში ყველაზე ადვილად იყინება.
ნოციცეპტორების ფუნქცია ტკივილის აღქმაა. ორგანიზმში ამ ფუნქციის შემსრულებელი 3 მილიონზე მეტი რეცეპტორია – კანში, კუნთებში, ძვლებზე, სისხლძარღვებსა და შინაგან ორგანოებზე. მართალია, მათი გააქტიურება არ არის სასიამოვნო, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ტკივილის უნარის გამორთვა გაცილებით დიდ პრობლემებს წარმოშობს, ვიდრე თავად ტკივილი.


პროპრიორეცეპტორები – ისინი აღიქვამენ სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთისა და გარემოსადმი მდებარეობას. შესაბამისად, უდიდეს როლს ასრულებენ მოძრაობაში, დგომაში, სხეულის პოზის შენარჩუნებაში.
მექანორეცეპტორები აღიქვამენ დაჭიმულობას, ვიბრაციას, ტექსტურას.
რეცეპტორები და ნერვული დაბოლოებები ქმნიან რთულ სომატოსენსორულ სისტემას, რომელიც არის კიდეც პასუხისმგებელი შეხების შეგრძნებაზე. მართალია, ყველა რეცეპტორს სპეფიციკური ფუნქცია აქვს, მაგრამ იზოლირებულად თითქმის არასდროს მოქმედებს. მაგალითად, როდესაც ყავას სვამთ, თერმორეცეპტორის საშუალებით იგებთ, რომ ფინჯანი ცხელია, მექანორეცეპტორები ჭიქის სიგლუვის თაობაზე გაწვდით ინფორმაციას, მიგახვედრებთ, რომ თითები ფინჯანზე გაქვთ შემოხვეული, პროპრიორეცეპტორების საშუალებით კი იმას იგებთ, როგორ არის თითები განლაგებული ერთმანეთისა და სხეულის სხვა ნაწილების მიმართ. თუ ფინჯანი მეტისმეტად ცხელი აღმოჩნდა, საქმეში ტკივილის აღმქმელი რეცეპტორებიც ჩაერთვებიან. და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინფორმაციისა, რომელსაც სომატოსენსორული სისტემა ჭიქის ხელში ჭერისას ტვინისკენ გზავნის.

 

 

 

შეხების პრიზმაში


თუ ადამიანს შეხების რეცეპტორების განაწილების მიხედვით დავხატავთ, მეტისმეტად არაპროპორციული სურათი გამოგვივა: ვეებერთელა ხელი, ფართო სახე, უზარმაზარი ტუჩები და ენა, პაწაწინა მხრები, თეძოები, გულმკერდი… არადა, ასე უცნაურად უკვე "ჩაგვხატეს". სად? თავის ტვინში. იქ სადაც შეხების რეცეპტორებიდან წამოსული ინფორმაცია მუშავდება. შეხების ყველა ზონას ტვინის განსაზღვრული უბანი შეესაბამება. დიდი ნაწილები ნიშნავს, რომ ამ ადგილებში უხვად არის განლაგებული შეხების რეცეპტორები, ზურგი, გულმკერდი და თეძოები კი ამ რეცეპტორებს თითქმის მოკლებულია... მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ტვინის სენსორული აღქმის ის უბნები, რომლებშიც ინფორმაცია ყველაზე ხშირად მიდის, ფართოვდება. მაგალითად, მევიოლინეს, რომელიც უფრო მეტად მარცხენა ხელს იყენებს, ტვინში ამ ხელიდან წამოსული იმპულსების აღმქმელი უბანი უფრო ფართო ექნება.

 

 

 

გრძნობებს აყოლილი


როგორც ითქვა, შეხების შესახებ ბევრი რამ მეცნიერებისთვისაც უცნობია. კვლევა-ძიება ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. შეხების მკვლევართა შორისაა მეცნიერი დევიდ ლინდენი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ საინტერესო წიგნიც გამოსცა ასეთი სათაურით: "შეხება – მეცნიერება ხელის, გულისა და გონების შესახებ". მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანის ტვინს სენსორული ინფორმაციის აღქმის ორი გზა აქვს. პირველს მწყობრში მოჰყავს მონაცემები ვიბრაციაზე, წნევაზე, ადგილმდებარეობაზე, ტექსტურაზე. მეორე სოციალურ და ემოციურ ინფორმაციას ამუშავებს და სხვადასხვა ტიპის შეხების ემოციურ შემადგენელს განსაზღვრავს, ეს ემოციური შემადგენელი კი შეხების ფიზიკურ გამოცდილებას ცვლის.
ამრიგად, ერთი სისტემა მშრალ ფაქტებს გვაწვდის. მეორე კი “რომანტიკოსია”. რა უემოციოდად უნდა მიგაჩნდეთ თავი, ემოციები მაინც ახდენს გავლენას თქვენზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო დასტური სწორედ შეხებაა. მაგალითად, მხარზე ხელის დადება, იმის მიხედვით, ვინ აკეთებს ამას: მეგობარი, პარტნიორი, ხელმძღვანელი თუ ადამიანი, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა გაქვთ, – სხვადასხვაგვარად აღიქმება. არადა, კანი ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავე სტიმულ იღებს.
სწორედ ამ “ორმაგი” აღქმის გამოა, რომ თავის ტვინის ზოგიერთი დაზიანების დროს ტკივილის ფიზიკური შეგრძნება გამიჯნულია მისი ემოციური ნაწილისგან. წამლებით, მაგალითად, მორფინით, და მედიტაციური საშუალებებით სწორედ მეორე სისტემის მოდიფიცირებაა შესაძლებელი.

 

 

 

ასაკი


ასაკთან ერთად შეხების შეგრძნებაც სუსტდება. 18 წლიდან ყოველწლიურად ტაქტილური გრძნობის ერთ პროცენტს ვკარგავთ. ხანდაზმულებში გავრცელებული პრობლემის, დაცემის, მიზეზი ისიც ყოფილა, რომ ამ ასაკშ ადამიანი ლანჩებიდან ნაკლებ ტაქტილურ ინფორმაციას იღებს. ამის გათვალისწინებით, მოხუცებს დაცემის პრევენციის ერთ–ერთ გზად ფეხშიშველა სიარულს სთავაზობენ.

 

 

 

ვეხებით, მაშასადამე ვურთიერთობთ


მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ შეხება ის დუღაბია, რომელიც სოციალურ კავშირებს კრავს. ის გავლენას ახდენს ურთიერთობის წამოწყებაზე, მიმდინარეობასა და შედეგზე. ერთი ცნობილი ექსპერიმენტის დროს მონაწილეები უცნობ ადამიანებს ხვდებოდნენ, რომელთაგან ზოგს ხელში ცივი სასმელი ეჭირა, ზოგს კი ცხელი. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს შემხვედრთა დახასიათებას სთხოვდნენ. აღმოჩნდა, რომ მას, ვისაც ცხელი სასმელი ეჭირა, უფრო თბილ პიროვნებად აღიქვამდნენ. საინტერესო ის არის, რომ შეფასების დროს ექსპერიმენტის მონაწილეებს არ გამოუყენებიათ ცნებები: “კეთილი”, “ბოროტი”, “ჭკვიანი”, “სულელი”, “ლამაზი”, “უშნო” და სხვა. მათ შემხვედრები მხოლოდ ორ კატეგორიად – თბილ და ცივ ადამიანებად დაყვეს.
შეხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. შედეგი ძალიან ცუდია, როდესაც ახალშობილი შეხების საშუალებით დაბადებისთანავე არ ამყარებს კავშირს გარე სამყაროსთან: იმუნური სისტემა სწორად ვერ ვითარდება, პრობლემები იჩენს თავს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. აღარაფერს ვამბობ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ცხადია, კოლოსალურია მშობლის შეხების როლი. სწორედ ამიტომ აწვენენ ახალშობილს დაბადებისთანავე მშობლის მკერდზე, განვითარებულ ქვეყნებში კი დროდადრო დღენაკლულებიც გამოჰყავთ ინკუბატორიდან (ცხადია, თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა) და მშობელს ხელში აჭერინებენ. ასე რომ, გახსოვდეთ, თქვენი პატარა ყოველ შეხებაზე უფრო და უფრო უკეთ აღიქვამს სამყაროს. არ მოაკლოთ მას მოფერება, კოცნა, ჩახუტება, მშობლის სითბო.

მოამზადა გვანცა გოგოლაძემ

გააზიარე: