რას ემალებიან ვამპირები?

გააზიარე:

შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს თვალი გავახილოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: რატომ არის დღისით სინათლე? რატომ არის, რომ მზე ანათებს და ათბობს? ეს ფილოსოფიური კითხვები მეცნიერებმა პრაგმატულ ჭრილში განიხილეს და სინათლის სხივის თავისებური (რაღა თქმა უნდა, მეცნიერული) ახსნა წარმოადგინეს.

  • მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა

მზის სხივი, საყოველთაოდ მიღებული განმარტების თანახმად, არის მზის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც რამდენიმე ფრაქციისგან შედგება: ინფრაწითლისგან, ხილულისა და ულტრაიისფერისგან. დედამიწისკენ დაძრული სხივი ატმოსფეროში იფილტრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი სიმძლავრით ვეღარ ზემოქმედებს ჩვენზე. მას კიდევ უფრო ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ ღრუბლები. მათში გავლისას ელექტრომაგნიტური გამოსხივება ნაკუწებად იფლითება და ატმოსფეროში მიმომიფანტება. ჩვენამდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილიღა აღწევს.
მზისგან გამოტყორცნილი სხივი დედამიწას თურმე სულ რაღაც 8.3 წუთში აღწევს. მისი სიჩქარე კი 300 000 კმ`წმ-ია!
უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ მზის გამოსხივება დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის მთავარი პირობაა. რომ არა მცენარეების მიერ ფოტოსინთეზის დროს შთანთქმული მზის ენერგია და მისი ტრანსფორმაციის შედეგად მიღებული ორგანული ნაერთები, ცოცხალი ორგანიზმები ვერ იარსებებდნენ და დედამიწაზე სიცოცხლე ჩაქრებოდა.
მზის გამოსხივება მრავალფეროვანია. დედამიწამდე აღწევს:

  • ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც ადამიანის თვალისთვის სრულიად უხილავია და სამი ფრაქციისგან შედგება. A ფრაქციის სხივები ყველაზე გრძელია, თუმცა, მოდი, განხილვა ყველაზე მოკლე სხივებით დავიწყოთ.
  • C ფრაქციის ულტრაიისფერი სხივების (UVC) სიგრძე სულ რაღაც 100-280 ნანომეტრია. მათ უდიდეს ნაწილს ატმოსფერო, კერძოდ, მისი ოზონის შრე შთანთქავს და ძალიან მცირე ნაწილი თუ აღწევს დედამიწის ზედაპირს. C ფრაქციას ჰერმიციდული ფუნქცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ზემოქმედებით მიკროორგანიზმები იხოცებიან, უფრო სწორად, ფუნქციას კარგავენ, "შეშდებიან". C ფრაქციის ულტრაიისფერი სხივების ამ თვისებას იყენებენ ჰერმიციდული ნათურების დასამზადებლად, რომლებიც წყლის, საკვებისა და ჰაერის გასაწმენდად გამოიყენება.
  • B სხივების სიგრძე 280-დან 315 ნმ-მდეა. მათი დიდი ნაწილიც ატმოსფეროში შთაინთქმება, თუმცა C სხივებზე გაცილებით მეტი აღწევს დედამიწის ზედაპირამდე. B სხივები ძალიან აგრესიულია: აზიანებს დნმ-ს და მათი ზემოქმედების შედეგია მზით დამწვრობა, – თუმცა მაინც აუცილებელია, რადგან კანში D ვიტამინის წარმოქმნას სწორედ ეს ფრაქცია განაპირობებს.
  • А სხივები ულტრაიისფერი გამოსხივების ყველაზე გრძელი ფრაქციაა. მათი სიგრძე 315-დან 400-მდე ნანომეტრს აღწევს. წლების განმავლობაში ისინი B და C სხივებზე ნაკლებაგრესიულად მიაჩნდათ, ამიტომაც აქტიურად იყენებდნენ კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში – გარუჯვის პროცესის გასააქტიურებლად და ფსორიაზის სამკურნალოდ. დღეს მეცნიერები უკვე ერთხნად აღიარებენ, რომ A ფრაქციის სხივების ჭარბი გამოყენება დნმ–ს დაზიანებას და კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
  • სილული გამოსხივება. მზის ხილული სხივების სიგრძე 380-დან 780 ნმ-მდე მერყეობს. ეს სწორედ ის სხივებია, რომელთა წყალობითაც ქვეყნიერების “უთვალაავ ფერს” ვხედავთ. ხილული სხივები მზის გამოსხივების ყველაზე მძლავრ ფრაქციას წარმოადგენს.
  • ინფრაწითელი გამოსხივება ყველაზე გრძელი სხივებისგან შედგება – მათი სიგრძე 700-დან 1000,000 ნანომეტრამდეა. ინფრაწითელი სხივებიც, ულტრაიისფერის მსგავსად, სამ – 1, B და C – ფრაქციებად იყოფა, რომლებსაც ზომაც სხვადასხვა აქვს.

ინფრაწითელ გამოსხივებას სხვაგვარად თბურ გამოსხივებასაც უწოდებენ. სწორედ მისი წყალობით – ინფრაწითელი სხივების შთანთქმის წყალობით – თბება დედამიწა. ინფრაწითელი სხივების წილი დედამიწის გათბობაში არც მეტი არც ნაკლები 49%-ია!
ინფრაწითელ გამოსხივებას მეცნიერები რაციონალურად იყენებენ. სწორედ მის მოქმედებაზეა დაფუძნებული ღამის ხედვის აპარატები, ლაზერის აპარატები, თერმული დეტექტორები...
აი, ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენა კი დიდად სახარბიელო არ არის. მაგალითად, თუ დიდი კონცენტრაციით იმოქმედა თვალის ბადურაზე, გარდაუვალ სიბრმავეს გამოიწვევს.

  • ფარმაკომიზეზები

არაერთი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ მზის პირდაპირ სხივებს დავემალოთ. კიდევ ერთი მიზეზი ისეთი მედიკამენტის მიღებაა, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების (უპირატესად A, ნაკლებად B ფრაქციის) გავლენით ორგანიზმში არასასურველ ცვლილებებს იწვევს. წამალი დასალევიც შეიძლება იყოს და ადგილობრივი მოქმედებისაც (კრემი, ლოსიონი, ჟელე...). აასეთი წამლისა და მზის პირდაპირი სხივების ურთიერთშეთანხმებული მოქმედების შედეგად ძირითადად ორი ტიპის პათოლოგიური ცვლილება იჩენს თავს:

  • ფოტოალერგია, რომელიც უმთავრესად კანზე გაჩენილი გამონაყარით ვლინდება. გამონაყარი დასხივებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში გამოეფინება უმთავრესად კანის შიშველ უბნებზე, თუმცა მოგვიანებით შესაძლოა დაფარულ კანზეც გაჩნდეს. ზემოქმედების მექანიზმი მარტივია: ულტრაიისფერი ფრაქცია გავლენას ახდენს მედიკამენტის ქიმიურ შემადგენლობაზე, რაც, თავის მხრივ, აგრესიულ დაცვას რთავს – წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც მზით გამოწვეულ სენსიბილიზაციაზე არიან პასუხისმგებელნი.


ფოტოტოქსიკურობა მზის სხივებისა და წამლის ურთიერთდაპირისპირების ძირითადი გამოხატულებაა. ტოქსიკური პროცესი რომ ჩაირთოს (მოწამვლის ნიშნები გაჩნდეს), აუცილებელია წამლის დალევა, ინექციით შეყვანა ან კანზე წასმა. ფიტოტოქსიკურობის ნიშნები რამდენიმე საათში ან დღეში იჩენს თავს და ისიც შესაძლებელია, მედიკამენტის შეწყვეტიდან რამდენიმე წელი კიდევ გასტანოს. ტოქსიკური რეაქციის მიზეზი ყველაზე ხშირად გახლავთ ამიოდარონი (კორდარონი, გულის საშუალება), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (იბუპროფენი და სხვა) და ტეტრაციკლინის ჯუგფის ანტიბიოტიკები.
გაითვალისწინეთ: ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები ყველასთან არ იჩენს თავს. ისიც შესაძლებელია, მზის სხივებით გამოწვეული ალერგიული და ტოქსიკური რეაქცია სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ განვითარდეს.


არის შემთხვევები, როდესაც მზის სხივებისა და კონკრეტული წამლის ურთიერთქმედებით ისეთი პროცესები იჩენს თავს, როგორიცაა ეგზემა, ჰერპესული გამონაყარი, ან სულაც შესაძლებელია ისეთი აუტოიმუნური დაავადების გამწვავება გამოიწვიოს, როგორიცაა წითელი მგლურა.
მსგავსი რეაქციებისგან თავის დასაზღვევად კი, არც მეტი არც ნაკლები, კანზე მზისგან დამცავი საშუალების წასმაა საჭირო.
რაც უფრო მაღალია მზისგან დამცავი ფაქტორის რიცხვითი მაჩვენებელი (30 UVF`SPF მაინც), მით უფრო მეტია გარანტია, რომ მედიკამენტის მიღების შემდეგ პათოლოგიური რეაქცია არ ჩაირთვება.


გთავაზობთ იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების შემდეგ ექიმები გვირჩევენ ვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.
ესენია:

  • ანტიბიოტიკები: დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ტრიმეთოპრიმი;
  • ანტიდეპრესანტები: დოქსეპინი;
  • სოკოს საწინააღმდეგო: გრიზეოფულვინი;
  • ანტიჰისტამინური: პრომეთაზინი, დიფენჰიდრამინი;
  • ანტიჰიპერტენზიული: თიაზიდები, დილთიაზემი;
  • ქოლესტეროლის საწინააღმდეგო: ატორვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატინი, სამვასტატინი;
  • მედიკამენტები ქიმიოთერაპიისთვის: დოქსორუბიცინი, ფლუტამიდი, მეტროტრექსატი;
  • შარდმდენები: ბუმეტადინი, ფუროსემიდი;
  • ნეიროლეპტიკები: ქლორპრომაზინი, ფლუფენაზინი, პერფენაზინი, ტრიორიდაზინი, თიოტიქსენი;
  • ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული: იბუპროფენი, კეტოპროფენი, ნაპროქსენი, პიროქსიკამი;
  • სულფანილამიდები: სულფადიაზინი, სულფამეტოქსაზოლი, სულფასალაზინი, სულფისოქსაზოლი.

XP სერიის ადამიანები


არსებობენ მზის სხივებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანები, რომლებიც დღისით შინიდან ცხვირსაც ვერ ყოფენ, თუ მთელი სხეული საიმედოდ არ დაიფარეს. ამ მდგომარეობას პიგმენტური ქსეროდერმა ეწოდება, შემოკლებით კი XP-დ (ლათინური სახელწოდების Xeroderma Pigmentosum აბრევიატურა) მოიხსენიებენ.
XP ადამიანებს მზის სხივები ძალიან ადვილად წვავს. კანი შრება და ლაქებით იფარება. მიუხედავად ამისა, დიაგნოზის დასმა ხშირად ჭირს და დაავადებას მაშინღა აღმოაჩენენ, როდესაც დაზიანებული კანის ავთვისებიანი გადაგვარება იწყება.
დაავადების მიზეზი დნმ-ს ისეთი დაზიანებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვეღარ აღიდგენს მზის სხივებისგან დაზიანებულ კანის უჯრედებს.
ეს გენეტიკური დარღვევა ადრეულ ბავშვობაშივე იჩენს თავს. ასეთ პატარებს “ღამის ბავშვებს” და “ბავშვ-ვამპირებს” უწოდებენ.
სამწუხაროდ, XP არ იკურნება. “ღამის ბავშვები” იძულებული არიან, მთელი დარჩენილი ცხოვრება დაემალონ მზეს.

ინა ჟირარი

გააზიარე: