ოფისი ჩემი სახლია

გააზიარე:

სამსახურში ბევრი გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე შინ. კომფორტულ სამუშაო გარემოს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ის, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ნაყოფიერი მუშაობისთვის, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის წინაპირობაცაა.

ოფისის თანამშრომელმა სათანადოდ რომ გაართვას თავი მოვალეობას, კომპიუტერი და რბილი ბზრიალა სავარძელი არ ეყოფა.
მოდი, ვნახოთ, რა არის საჭირო ოფისში სრული კომფორტისთვის.

  • კარგი განათება

რას ნიშნავს კარგი განათება? ეს ისეთი განათებაა, რომლის ფონზეც ყველაზე კომფორტულად, მხედველობის დაუძაბავად ვმუშაობთ. თუმცა უფრო კონკრეტული კრიტერიუმებიც არსებობს: სინათლის მოცულობა და ხარისხი.

სინათლის მოცულობა ლუქსებში იზომება. კომპიუტერზე ხანგრძლივად სამუშაოდ 240 ლუქსი დაგჭირდებათ. მოსაცდელ ოთახში ადმინისტრირებისთვის 160-იც გეყოფათ. აი, თუ მხაზველობითი სამუშაო გაქვთ შესასრულებელი, 600-ლუქსიანი განათება უნდა გამოიყენოთ.
სანათი იმდენი უნდა იყოს, რამდენიც სინათლის საჭირო მოცულობას უზრუნველყოფს.
არსებობს ფლუოროსცენციული, ვოლფრამისა და ჰალოგენის სანათები. ოფისისთვის საუკეთესოა ფლუოროსცენციული ნათება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბუნებრივ სინათლესთან.
დიდი მნიშვნელობა აქვს სინათლის მიმართულებას: როგორ ეცემა სხივები სამუშაო მაგიდას, ეკრანს, რამდენად განათლებულია ფონი ეკრანის უკან, საიდან შემოდის სინათლე და ა.შ.

  • კომფორტული მუშაობისთვის

. თვალები რომ არ აგიჭრელდეთ, ეცადეთ, კომპიუტერთან სახით ფანჯრისკენ არ იჯდეთ – მხედველობის გადატანა განათებული ფანჯრიდან ეკრანზე და პირუკუ თვალებს სწრაფად ღლის. თუ სხვა გზა არ არის, ფანჯარაზე ფარდა ან ჟალუზი ჩამოაფარეთ.
. მუშაობა ძნელია, თუ კომპიუტერის ეკრანი ირეკლავს ფანჯრიდან შემოსულ სხივებს. ასე რომ არ მოხდეს, ფანჯარა არა თქვენს ზურგს უკან, არამედ გვერდით (იდეალურ შემთხვევაში, მარცხნივ) უნდა იყოს.
ოფისში სინათლეს შესაძლოა სხვა პრიალა ზედაპირიც: მაგიდა, კედლები, იატაკი – ირეკლავდეს. მხედველობისთვის ეს მეტად უსიამოვნოა. თუ საქმე მონიტორს ეხება, შეცვალეთ დაბალამრეკლავი ეკრანით. არსებობს სპეციალური დამცავი ფირფიტებიც, რომლებიც ეკრანზე მაგრდება, თუმცა დამატებით მოვლას მოითხოვს და გამოსახულების სრულფასოვან აღქმასაც უშლის ხელს.
საზოგადოდ კი, გახსოვდეთ, რომ სამუშაო ოთახში სინათლის არასწორი განაწილება, ისევე როგორც არასაკმარისი განათება ან მეტისმეტად ბდღვიალა შუქი, მხოლოდ მხედველობას კი არ ვნებს, არამედ ხერხემლის პრობლემებსაც აჩენს, რადგან ტექსტის კარგად დასანახად, როგორც წესი, განათებას კი არ ვასწორებთ, არამედ ვიხრებით და ასე, მოუხერხებელ პოზაში ვმუშაობთ.

  • ხმა თუ ხმაური?

უსიამოვნო ხმას ან ხმების ერთობლიობას ხმაურს ვუწოდებთ. ხმაური ყველგან შემაწუხებელია, მათ შორის – ოფისშიც.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმაურიანი ოფისის შენახვა კომპანიის მფლობელს მეტისმეტად ძვირი უჯდება. იცით, რატომ? ხმაურში თანამშრომლების პროდუქტიულობა იკლებს, ისინი ჯეროვნად ვეღარ აღიქვამენ ინფორმაციას და იძულებული ხდებიან, თანამოსაუბრეს გამეორება სთხოვონ. ასე იკარგება ძვირფასი დრო და კოლეგების მოთმინება.
ოფისში ხმაურის ორი წყაროა: შიდა (საოფისე აღჭურვილობა, მაგალითად, ტელეფონი, სკანერი, და თავად თანამშრომლები, რომლებიც, ბუნებრივია, მიდი-მოდიან და საუბრობენ) და გარე (ლიფტი, ტრანსპორტი). სტანდარტის თანახმად, გარე ხმაური ოფისში არ უნდა აღწევდეს. შიდა ხმაურის შესამცირებლად კი ასე მოიქეცით:

  • ხმაურიანი საოფისე აღჭურვილობა, მაგალითად, ქსეროქსის აპარატი, ცალკე ოთახში დადგით და უზრუნველყავით ამ ოთახის იზოლაცია (კედლები სპეციალური საიზოლაციო მასალით დაფარეთ).
  • იზოლაცია არც სამუშაო ოთახში იქნება ზედმეტი. ამისთვის შეიძლება იატაკზე ხალიჩის დაფენა, კედლებსა და ჭერზე სპეციალური პანელების მიკვრა. ეფექტური გზაა ოთახის გადატიხვრა, ოღონდ ისე, რომ ტიხრებმა ჰაერის ვენტილაციას ხელი არ შეუშალოს.
  • თანამშრომლებთან დისკუსიისთვის სხვა სივრცე, მაგალითად, შეხვედრების ოთახი გამოიყენეთ.
  • ტელეფონის ზარს ჩაუწიეთ, მაგრამ მთლად ნუ დაადუმებთ.

კომფორტული ტემპერატურა


დაგვეთანხმებით: მუშაობის დროს არც მეტისმეტად მაღალი ტემპერატურაა საისამოვნო, არც მეტისმეტად დაბალი. მადლობა ღმერთს, ოფისის პირობებში ტემპერატურის რეგულაცია შესაძლებელია. ოღონდ:

  • სამუშაო მაგიდა არ უნდა იდგეს კონდიციონერის პირდაპირ ან ქვემოთ, რომ ჰაერის ჭავლი პირდაპირ არ მოგხვდეთ.
  • იგივე ითქმის პაპანაქებაში ფანჯრიდან შემოჭრილ ცხელ ჰაერზეც. დროდადრო ფანჯრის გამოღება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუნდაც ოთახში იდეალური ვენტილაცია იყოს. ეცადეთ, ამ დროს ღია ფანჯარას მოერიდოთ.

არ არის სასურველი, სხეულის ზედა (თავის მიდამო) და ქვედა (ფეხები) ნაწილების ტემპერატურა მკვეთრად განსხვავდებოდეს. ასეთი კონტრასტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
დახურული სივრცის ვენტილაცია აუცილებელია. ჩახუთულ გარემოში ადამიანი ადვილად იღლება, რაც უარყოფითად აისახება შრომის ნაყოფიერებაზე. მაგრამ კონდიციონერი აუცილებლად ფილტრით უნდა იყოს აღჭურვილი. სხვაგვარად ჰაერში შესაძლოა საშიში მიკრობები – ლეგიონელები აღმოჩნდნენ. ლეგიონელებით გამოწვეული ინფექცია, წესისამებრ, ისეთ შენობებში ვრცელდება, სადაც ფილტრის გარეშე მომუშავე კონდიციონერებია დამონტაჟებული ან ცხელი წყლის მილები სათანადოდ არ არის იზოლირებული (საიზოლაციო მასალით დაფარული). ლეგიონელოზს გრიპის მსგავსი სიმპტომები: თავის ტივილი, ცხელება, ხველა, ცხვირცემინება, – ახასიათებს.


კიდევ ერთი საოფისე პრობლემა შენობის ავადმყოფობის სინდრომია (შიცკ Bუილდინგ შყნდრომე). ამ დროს ერთ ოფისში მომუშავე ადამიანების უმრავლესობას შენობაში ყოფნისას სტკივდება თავი, უღიზიანდება თვალები, ცხვირი და ყელი, ეწყება თავბრუხვევა და საერთო სისუსტე. საკმარისია, სამუშაო დღე დასრულდეს და ოფისიდან გავიდნენ, რომ ეს სიმპტომები უკვალოდ ქრება. მეცნიერთა ნაწილი ამ მდგომარეობას ფსიქოლოგიური სტრესით ხსნის, ხოლო ნაწილი – ჰაერის შემადგენლობით, მაგალითად, ნახშირორჟანგის, ოზონის მაღალი კონცენტრაციით.
სტრესი როგორც საოფისე ცხოვრების ნაწილი
დადებითი ემოციები მუშაობის პროცესს ნაყოფიერებას მატებს. დაძაბულობა, რომელსაც სტრესს ვუწოდებთ, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება შრომის უნარზე, თანამშრომლებთან ურთიერთობასა და ჯანმრთელობაზეც კი.
სამუშაო გარემოში სტრესის მიზეზია:

  • მონოტონური სამუშაო;
  • მეტისმეტად დიდი მოცულობის სამუშაო;
  • გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – უსაქმურობა (!);
  • ხანგრძლივი სამუშაო დღე, როდესაც ადამიანს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც უწევს ოფისში შეყოვნება;
  • აზრის გამოთქმის შეუძლებლობა;
  • ჩაგვრა, უთანასწორობა, უპატივცემულობა;
  • დაბოლოს – ის, რითაც დავიწყეთ: არაკომფორტული სამუშაო გარემო – ხმაური, ცუდი განათება, ცუდი ვენტილაცია.

სტრესის მიზეზებზე ბევრის თქმა შეიძლება. მრავლადაა რჩევებიც, რომლებიც ამ უსიამოვნო ემოციური მდგომარეობიდან თავის დაღწევაში დაგვეხმარება. ჩვენ მხოლოდ იმის ხაზგასმა გვინდა, რომ კომფორტული სამუშაო ატმოსფეროს შექმნა მხოლოდ ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებას არ ნიშნავს – ემოციური კომფორტი და ამაღლებული განწყობაც აუცილებელია. ასე რომ, თუ ხელქვეითებს და კოლეგებს გუნებას ვერ გამოვუკეთებთ, გაფუჭებას მაინც ვერიდოთ 

ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროსთვის ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, თუმცა ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ. თემას მომდევნო ნომრებში გავაგრძელებთ და მოგაწვდით პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც საოფისე გარემოში კომფორტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ინა ჟირარი

გააზიარე: