როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი?

გააზიარე:

  

ყველას გაგვიგონია იმუნიტეტის გაძლიერების ესა თუ ის გზა. ზოგი ბოსტნეულის წვენს მიაწერს ჯადოსნურ თვისებებს, ზოგი – ბალახების ნაყენს. იმუნიტეტის გაძლიერების იდეა სინამდვილეში არც ისე ადვილი განსახორციელებელია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები იმის შესახებ, კერძოდ, რა და როგორ აძლიერებს იმუნიტეტს. გრძელდება კვლევები, რომლებიც იმუნურ სისტემაზე საკვების, ვარჯიშის, სტრესისა თუ სხვა ფაქტორების გავლენას სწავლობს.

ამ თემაზე პედიატრს, ბავშვთა ინფექციონისტს, ოჯახის ექიმს მაია ქაჩლიშვილს ვესაუბრეთ.

 

  •  რა ახდენს გავლენას იმუნურ სისტემაზე?

– იმუნურ სისტემაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე არსებობს სარწმუნო მონაცემები, ბევრი რამ კი ჯერაც შესწავლის საგანია. დავიწყოთ ასაკით. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად იცვლება იმუნური სისტემის მუშაობის ტემპი და ეფექტურობა. ბავშვებს, როგორც სხვა დანარჩენი, იმუნური სისტემაც უმწიფარი აქვთ. ამიტომ ემართებათ ინფექციური დაავადებები დიდებზე ხშირად. თავადაც შეამჩნევდით – ზრდასთან ერთად ეს დაავადებები უფრო და უფრო იშვიათდება, რაც იმუნიტეტის მომწიფების, სრულყოფის ნიშანია.

ჩვილი დედის რძიდან იღებს ანტისხეულებს.  თუმცა დედისგან მიღებული იმუნიტეტი პასიურია და ბავშვს დიდხანს ვერ იცავს. მომდევნო თვეებში მისი ორგანიზმი უკვე თავად "სწავლობს" ინფექციებთან ბრძოლას.

 

  • ეფექტური დაცვა

– აცრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან პატარას ვერც ჯანსაღი კვება დაიცავს, ვერც სუფთა ჰაერი. ამ ინფექციათა საწინააღმდეგო ანტისხეულები ორგანიზმში მხოლოდ ორი გზით შეიძლება გამომუშავდეს – ავადმყოფობის გადატანისა და ვაქცინაციიის შედეგად.  ამიტომ პროფილაქტიკური აცრები არ უნდა გამოვტოვოთ.

ხშირად რევაქცინაციას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არადა რევაქცინაციაც ისევე აუცილებელია, როგორც ვაქცინის პირველი დოზა. სხვაგვარად დაავადების მიმართ სრულყოფილი იმუნიტეტი ვერ ჩამოყალიბდება.

 

  • ხანდაზმული იმუნიტეტი

– მოწიფულ ასაკში იმუნიტეტი ყველაზე გამართულად მუშაობს, მერე კი, ასაკის მატების პირდაპირპროპორციულად, მისი აქტივობა, ბრძოლის უნარი ისევ იკლებს, ამიტომ 65 წლიდან ისევ ხშირდება რესპირატორული ინფექციები, გრიპი, პნევმონია... განსაკუთრებით იმატებს ინფექციურ დაავადებათა გართულების ალბათობა. ვარაუდობენ, რომ ეს შედეგია თიმუსის ატროფიისა, რომელიც T  უჯრედების შემცირებას იწვევს. სავარაუდოდ, ძვლის ტვინიც უფრო ნაკლებად წარმოქმნის ღეროვან უჯრედებს, რომელთაგან საბოლოოდ იმუნური უჯრედები ყალიბდება.

იმუნური სისტემის ფუნქციაა არა მხოლოდ უცხო აგენტებთან, არამედ სიმსივნურად გადაგვარებულ საკუთარ უჯრედებთან ბრძოლაც. ამიტომ სანამ იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ონკოლოგიური დაავადება არ გვემართება. ავთვისებიანი პროცესის განვითარება იმუნოდეფიციტის ნიშანია.

იმუნური სისტემის სისუსტე ავადმყოფობის მიმდინარეობის თავისებურებებსაც განაპირობებს. მაგალითად, ფილტვების ანთება მოხუცებთან ტემპერატურული რეაქციის გარეშე მიმდინარეობს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ხანდაზმულებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდებათ.

იმუნომოდულატორები

– იმუნური სისტემისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ცხოვრების წესს და სტრესულ სიტუაციებს. ცხოვრების წესში, უპირველესად, კვებას და ფიზიკურ აქტივობას ვგულისხმობ.

  • რომელი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს?

–არ არსებობს კვლევა, გაიდლაინი თუ სხვა ავტორიტეტული წყარო, რომელიც დაგვიმოწმებდა, რომ, მაგალითად, რომელიმე სახეობის ბოსტნეული იმუნიტეტს აძლიერებს. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკვების დეფიციტს განიცდიან, ინფექციური დაავადებებისადმი უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ. არსებობს მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი მიკრონუტრიენტის დეფიციტი – თუთიისა, რკინისა, ფოლიუმის მჟავასი, A, B6, C , E ვიტამინებისა – ცვლის ცხოველებში იმუნურ პასუხს. ამ მიმართულებით კველევები გრძელდება. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელია. საკვები უნდა იყოს ჯანსაღი, სრულფასოვანი, არ უნდა შეიცავდეს ნიტრატებს, პესტიციდებს, კონსერვანტებსა თუ სხვა მავნე დანამატებს. უნდა ვჭამოთ ხშირად, მცირე ულუფებით. ვერიდოთ სწრაფი კვების ობიექტებს, გაზიან სასმელებს, შებოლილ პროდუქტებს.

 

ვარჯიში

  • რა შეგიძლიათ გვითხრათ ფიზიკურ აქტიურობაზე?

–დასავლეთის ქვეყნებს სერიოზულად აშფოთებთ მოსახლეობის დაბალი ფიზიკური აქტიურობა. მაგალითად, კანადის ფიზიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის კვლევითი ინსტიტუტი გვამცნობს, რომ კანადელთა 58% უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევს, 48% ზომაზე მეტს იწონის, 15% კი ძალიან მსუქანია. ამ ფონზე კანადაში მკვეთრად იმატა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევებმა. ექსპერტთა შეფასებით, სიკვდილიანობის 20%-ის მიზეზი სწორედ უმოძრაობაა – ადინამიით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი კვდება. ზოგიერთ ქვეყანაში იმასაც წერენ, რომ ადინამია უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ვიდრე სიგარეტი. ამ საკითხს ყურადღება განსაკუთრებით ბავშვებთან უნდა მივაქციოთ.

თუმცა დღემდე არ არის დაზუსტებული, რა გზით  აძლიერებს ვარჯიში იმუნიტეტს. არსებობს რამდენიმე თეორია. ერთი მათგანის თანახმად, ფიზიკური აქტიურობა ფილტვებიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან ბაქტერიების გამოდევნას უწყობს ხელს. სხვა მოსაზრებით, ვარჯიში აჩქარებს ანტისხეულებისა და სისხლის თეთრი უჯრედების ცირკულაციას, რის გამოც ისინი გამომწვევს უფრო ადრე ამოიცნობენ და უფრო ეფექტურადაც უმკლავდებიან. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ვარჯიშის დროს ტემპერატურის ხანმოკლე მატება ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს. დაახლოებით ისევე, როგორც ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით კი ფიზიკური აქტიურობა ხელს უშლის სტრესის ჰორმონის გამომუშავებას. სტრესი, მოგეხსენებათ, ზრდის დაავადების რისკს. ამის კვალობაზე, სისხლში სტრესის ჰორმონის ნაკლებობა ავად გახდომის ალბათობას ამცირებს.

ასეა თუ ისე, ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. ცხადია, ზომიერი. გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა, პირიქით, თვითონვე უქადის საფრთხეს ჯანმრთელობას. ზომიერი ვარჯიში გულისხმობს კვირაში რამდენიმეჯერ ველოსიპედით სეირნობას, ყოველდღე 20-30 წუთის განმავლობაში ფეხით სიარულს და ა.შ.

 

რას გვიშავებს წამლები?

  • მოარული აზრის თანახმადიმუნიტეტს აქვეითებს სიცხის დამწევი პრეპარატები და ანტიბიოტიკებმართებულია ეს მოსაზრება?

– ცხელება სწორედ იმუნური სისტემის გამართული მუშაობის ნიშანია. მას შემდეგ, რაც ორგანიზმში უცხო აგენტი შეიჭრება, იმუნური სისტემა მასთან ბრძოლას იწყებს. ამ ბრძოლის ერთ–ერთი გამოხატულებაა ტემპერატურის მომატებაც. ამიტომ მაღალი ტემპერატურისა არ უნდა გვეშინოდეს და განსაზღვრულ ეტაპამდე მისი ხელოვნურად დაწევა არასწორია – ამით ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ხელს შევუშლით. ამიტომ არის, რომ 38.5-მდე სიცხის დამწევი არ ინიშნება, ესე იგი მანამდე, სანამ მაღალ ტემპერატურას ორგანიზმისთვის მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე ტემპერატურის დაქვეითებას. მეორე მხრივ, არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტიპირეტიული საშუალებები იმუნიტეტს აქვეითებს. თუმცა, ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 37 გრადუსზეც სიცხის დამწევი დავლიოთ.

გადაჭრით არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ იმუნიტეტს აქვეითებს ანტიბიოტიკები. ინფექციური დაავადების დროს ექიმი ანტიბიოტიკის დანიშვნას აყოვნებს არა იმუნური სისტემის დასუსტების, არამედ ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარების შიშით. ანტიმიკრობული რეზისტენტობა მეტად საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც ბაქტერიები ანტიბიოტიკის მიმართ შეუვალნი ხდებიან. გამოდის, რომ მათ წინააღმდეგ უიარაღოდ ვრჩებით. ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებაში, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღებასაც მიუძღვის ბრალი. ამიტომ მანამდე, სანამ ანტიბიოტიკი აუცილებელი არ გახდება, ექიმი ამ წამალს არ გამოგიწერთ.

  • რომელი წამალი აქვეითებს იმუნიტეტს?

– არსებობს მედიკამენტების ჯგუფი – იმუნოდეპრესანტები, რომლებიც იმურ სისტემას ასუსტებს. მათ ავტოიმუნური დაავადებებისა და ისეთი მდგომარეობების დროს გამოწერენ, როდესაც იმუნიტეტის დაქვეითება სურთ, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ამ შემთხვევაში მიზანი სწორედ იმუნიტეტის დათრგუნვაა. ზოგჯერ იმუნოდეპრესანტების გამოყენება გვიწევს განსაზღვრული ტიპის დერმატიტებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდაც. ასეთ დროს მათი იმუნოდამთრგუნველი მოქმედება, ბუნებრივია, არასასურველად მიიჩნევა.

  • უარყოფითი გავლენაცხადიაექნება მავნე ჩვევებსაც...

– ბუნებრივია, აქვს. მექანიზმი ამ შემთხვევაშიც უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თამბაქო, ნარკოტიკი, ჭარბი ალკოჰოლი, სტრესი, უძილობა იმუნურ სისტემაზეც დამანგრევლად მოქმედებს.

ასე რომ, იკვებეთ ჯანსაღად, იაქტიურეთ ფიზიკურად, ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, საკმარისი იძინეთ, მოერიეთ მავნე ჩვევებს, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაიცავით პირადი ჰიგიენა, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური აცრები და ჯანმრთელად ბრძანდებოდეთ.

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: