როგორ ჩავიცვათ ზაფხულში, რომ სიცხემ არ შეგვაწუხოს?

გააზიარე:

ალბათ გგონიათ, რომ რაც უფრო ნაკლები აცვია ადამიანს, მით უფრო ნაკლებად სცხელა. სინამდვილეში სულაც არ არის ასე – მთავარი სამოსის რაოდენობა კი არა, რაგვარობაა.

მაინც როგორ ჩავიცვათ ზაფხულში, რომ სიცხემ არ შეგვაწუხოს? უპირველეს ყოვლისა, კომფორტულად. ცხადია, ამ სტატიაში მოდის უახლეს ტენდენციებს არ მიმოვიხილავთ, ასე რომ, სტილის შერჩევა თქვენთვის მოგვინდვია. ჩვენი პირველი რჩევა ასეთია: სამოსის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის თვისებებს. ცხადია, საუკეთესოა ბუნებრივი ქსოვილები, რომლებიც თხელია და სუნთქავს. ასეთია ბამბა, აბრეშუმი, აბრეშუმნარევი ბამბა, ტილო – ისინი იწოვენ ოფლს და კარგად ატარებენ ჰაერს. სინთეზური ქსოვილის სამოსში კი სხეული ხურდება და ოფლიანდება. თუ მზის გულზე გიწევთ ყოფნა, ღია ფერის სამოსი შეარჩიეთ – ის მზის სხივებს ირეკლავს, განსხვავებით მუქი სამოსისგან, რომელიც მზის სხივებს შთანთქავს და ხურდება. ერიდეთ ელასტიკურ ქსოვილებს – ისინი კანს ეკვრიან და აღიზიანებენ, ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში კი ქავილსა და სიწითლეს იწვევენ. ჩაიცვით თავისუფალი სამოსი – მჭიდრო ტანსაცმელი სისხლის მიმოქცევას ზღუდავს.

ნუ დაივიწყებთ ქუდს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცით, რომ დიდხანს მოგიწევთ მზეზე ყოფნა. უკეთესია ფარფლებიანი ქუდი და კეპი, რომლებიც მხოლოდ თავს კი არ იცავს გადახურებისგან, არამედ სახესაც დამწვრობისგან. უმჯობესია, ქუდიც ღია ფერის ბუნებრივი მასალისა იყოს.

 

  • როგორი სათვალე ჯობია?

მზის სათვალე ზაფხულის განუყრელი ატრიბუტია. მისი შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ჩარჩოს ფორმაა – ის უნდა მოგიხდეთ, ჰარმონიულად შეერწყას თქვენს ნაკვთებს, თუმცა კიდევ რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. მაგალითად, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი თვისებებისა, გამძლეობისა და ხილვადობისა.

ულტრაიისფერი სხივები თვალისთვის საშიშია – შესაძლოა, კატარაქტა, დამწვრობა ან სიმსივნე გამოიწვიოს, ამიტომ სათვალის შეძენისას შეამოწმეთ მისი დამცავი თვისებები. უმჯობესია, ლინზები ულტრაიისფერი სხივების 99%-ს, უკიდურეს შემთხვევაში, 95%-ს მაინც აკავებდეს. გაითვალისწინეთ ჩარჩოს ფორმაც – მზის სხივებმა ზემოდან ან გვერდებიდან რომ არ შემოაღწიოს, ლინზები თვალებსაც უნდა ფარავდეს და მათ ირგვლივ არსებულ მიდამოსაც. თუ ზღვაზე ან ტბაზე აპირებთ წასვლას, სათვალეს პოლარიზაციაც უნდა ჰქონდეს.

ყურადღებით შეარჩიეთ ზომაც. დიდი სათვალე სახიდან ჩამოგიცურდებათ, პატარა კი მოგიჭერთ და შესაძლოა, თავიც აგატკივოთ.

ორიოდე სიტყვას ჩარჩოს ფორმის შესახებაც დავამატებთ: ამბობენ, რომ მრგვალ სახეს კუთხოვანი სათვალე უხდება, კუთხოვანს, პირიქით, მრგვალი, ხოლო მოგრძოს – დიდი, სპორტული ან რეტრო სტილისა; ბრტყელი სახის პატრონებისთვის მუქი ჩარჩო და ლინზებია რეკომენდებული, რათა სახის კონტური უკეთ წარმოჩნდეს, თუმცა ღია ფერისასაც შეუძლია, სახეს ნათელი შესახედაობა მისცეს.

 

  • დამატებითი დაცვა

ზაფხულში გარეთ უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. მზე კი სახის კანს აშრობს, აბერებს და ანაოჭებს. თუ თავს არ გაუფრთხილდით, ასაკთან ერთად შესაძლოა სახეზე ლაქებიც გაგიჩნდეთ. დერმატოკოსმეტოლოგები გვირჩევენ, მზისგან დამცავი კრემის გარეშე შინიდან არ გავიდეთ. მაკიაჟის მოყვარულთათვის არსებობს დამცავი ფაქტორის შემცველი ტონალური კრემებიც, რომელთა გამოყენება დროს დაგაზოგვინებთ.

ცნობილია, რომ მზის სხივების ხანგრძლივი და ინტენსიური ზემოქმედება კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტიპის, მელანომის, განვითარების რისკფაქტორია, ამიტომ თუ წლის ცივ პერიოდში 15-30-ის ტოლი SPF ინდექსის მქონე კრემს იყენებდით, ზაფხულში უფრო ძლიერი დაცვა დაგჭირდებათ.

მზისგან დამცავი კრემების უმრავლესობა, წესისამებრ, მხოლოდ ბეტა სხივებისგან იცავს, ვინაიდან უმეტესად სწორედ ისინი იწვევენ კიბოსა და დამწვრობას, მაგრამ არც ალფა სხივების უგულებელყოფა შეიძლება – სიმსივნის განვითარებასა და ნაადრევ დაბერებაში მათაც მიუძღვით ბრალი, ამიტომ არჩევანი შეაჩერეთ კრემზე, რომელსაც აწერია “ფართო სპექტრის დაცვა” – ის ორივე ტიპის სხივებისგან დაგიცავთ.

მზისგან დამცავი ფაქტორი, SPF, სასურველია, 30 და მეტი იყოს. კრემი, რომლის SPF ინდექსი 15-ის ტოლია, ულტრაიისფერი სხივების 95%-ს აკავებს, 30-ის ტოლი SPF ინდექსის მქონე – 97%-ს, 50-ისა – 98%-ს, ხოლო 100-ისა – 99%-ს. კრემი, რომლის SPF 15-ზე ნაკლებია, იცავს მხოლოდ დამწვრობისგან და არა კანის კიბოსგან ან დაბერებისგან.

გახსოვდეთ: წყლის მიმართ რეზისტენტული არ ნიშნავს წყალგამძლეს. მზისგან დამცავი ვერც ერთი კრემი ვერ უძლებს წყლისა და ოფლის ინტენსიურ ზემოქმედებას, ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, მზისგან დამცავი საშუალება 2 საათში ერთხელ ხელახლა გადავისვათ, ხოლო ზღვაში ან აუზში ბანაობის შემდეგ – წყლიდან ამოსვლისთანავე.

 

  • უსაფრთხო ქცევა

დერმატოლოგები გვირჩევენ, მაქსიმალურად ვერიდოთ მზეზე ყოფნას დილის 10-დან ნაშუადღევის 4 საათამდე, როცა მზე ყველაზე მწველი და, შესაბამისად, ყველაზე საშიშია.

 

  • როგორ დავიცვათ პატარები?

ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მზის სხივების მიმართ, ამიტომ მათ უფრო მეტად სჭირდებათ დაცვა. თუ სათანადოდ ჩავაცმევთ, დავახურებთ ქუდს და წავუსვამთ მზისგან დამცავ კრემს, მათაც შეუძლიათ, თამამად ისეირნონ და ითამაშონ მზეზე.

6 თვემდე ასაკის ბავშვები ზედმიწევნით უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს – მათი კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ამიტომ მზისგან დამცავი კრემის წასმა არ შეიძლება. მზის სხივების აუცილებელი ულუფის მისაღებად ისინი დილის 10-ამდე ან ნაშუადღევის 4-ის შემდეგ უნდა გავასეირნოთ, როცა მზე საშიში აღარ არის. სამოსი მსუბუქი უნდა იყოს და მთელ ტანს ფარავდეს. აუცილებელია პანამაც, რომელიც სახესთან ერთად ყურებსა და კისერსაც დაიცავს. 6 თვის შემდეგ კი დამცავი კრემის გამოყენებაც შეგიძლიათ. ის შინიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე უნდა წაუსვათ პატარას და 2 საათში ერთხელ განაახლოთ.

მზისგან დამცავი საშუალებები სპრეის ფორმითაც გამოდის. ისინი არამც და არამც არ მიასხუროთ ბავშვს პირდაპირ სახეზე – ხელისგულზე დაისხურეთ და ხელით გადაუნაწილეთ პატარას კანზე.

გააზიარე: