ტყვიით სავსე გარემო
გააზიარე:
ტყვია – რას გეუბნებათ ეს სიტყვა? იცით თუ არა, რა საფრთხეს უქადის ეს ლითონი ადამიანის ჯანმრთელობას? გაგიგონიათ თუ არა რამე ტყვიით მოწამვლის შესახებ? დარწმუნებული ვარ, ეს თემა მრავალი თქვენგანისთვის უცხოა. არადა, პრობლემა მასშტაბურია.
სწორედ საზოგადოების ინფორმირებისთვის დაიგეგმა ოქტომბრის ბოლოს ტყვიით მოწამვლის პრევენციის საერთაშორისო კვირეული. დროა, უფრო მეტი შევიტყოთ ამ პრობლემასა და მასთან ბრძოლის გზებზე.
ტყვია ტოქსიკური ლითონია, რომელიც ბუნებაში დედამიწის ქერქში მოიპოვება. მისი ფართო მოხმარება გარემოს მასობრივ დაბინძურებას იწვევს და დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ის გავლენას ახდენს ფაქტობრივად ყველა – ნერვულ, ჰემატოლოგიურ, საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე სისტემებზე. მოზრდილებთან ტყვიით მოწამვლა იწვევს წნევის მომატებას, ნერვულ აშლილობას, გაღიზიანებას, სახსრებისა და კუნთების ტკივილს, ზოგჯერ – უნაყოფობასაც კი, აქვეითებს ყურადღების კონცენტრირების უნარს, ასუსტებს მეხსიერებას; ბავშვებთან მოსალოდნელია ანემია, მუცლის ძლიერი ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე და თავის ტვინის დაზიანება, ჰიპერაქტიურობა, კითხვისა და მეტყველების უნარების დაქვეითება, კოორდინაციის გაძნელება, ქცევის პრობლემები. აკადემიური მოსწრება იკლებს, ინტელექტის მაჩვენებლები უარესდება, ზრდა და განვითარება ფერხდება. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას მცირე რაოდენობს ტყვიაც კი ვნებს. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულებიც.
როგორ ვიწამლებით
თანამედროვე მსოფლიოში ტყვიის მთავარი წყარო საღებავებია. ამ საღებავებით ღებავენ სახლს, ავეჯს და, რაც მთავარია, სათამაშოებსაც კი. აქედან ტყვია ადვილად ხვდება მტვერში, მტვერთან ერთად კი მას ჩვენ ჩავისუნთქავთ.
საღებავები, საუბედუროდ, ტკბილია, ამიტომ ბავშვები სიამოვნებით ღეჭავენ – ეს ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის კიდევ ერთი გზაა.
ტყვია აღმოჩენილია სასმელ წყალშიც, სადაც ის ტყვიის შემცველი ნიადაგიდან ხვდება, თავად ნიადაგში კი ეს ლითონი ავტომობილის განონაბოლქვიდან აღწევს.
ტყვიას შეიცავს ძველი სახლების წყალგაყვანილობის მილებიც, ასე რომ, ეს საშიში ელემენტი ორგანიზმში შესაძლოა ამ გზითაც მოხვდეს.
ტყვიით მოწამვლა ხშირად კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. შესაბამისად, მოწამლულს არავინ მკურნალობს, ამიტომ აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საყოველთაო სკრიგნინგი ტარდება. საქართველოში ტყვიის მავნე გავლენის დამადასტურებელი კვლევა, სამწუხაროდ არ ჩატარებულა, მაგრამ სხვა ქვეყნების მონაცემები მოწმობს, რომ პრობლემა ძალზე აქტუალურია. მაგალითად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოკვლეული ყოველი ექვსი ბავშვიდან ერთს ტყვიით მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა. ჯანმრთელობისა და გარემოს გამოკვლევის მესამე ნაციონალური კონგრესის მასალების მიხედვით, აშშ-ში 930 ათასი სკოლამდელი ასაკის ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა დასაშვებ ნორმას (10 მგ`დლ-ს). 275 ათას მათგანთან ეს მაჩვენებელი 15 მგ`დლ იყო, 85 ათასთან კი – 20 მგ`დლ. 2013 წელს ტყვიით მოწამვლა 853 000 გარდაცვალებისა და 16,8 მილიონი ინვალიდობის მიზეზად იქცა. ყოველწლიურად მენტალური ფუნქციების დარღვევათა 600 000 ახალი შემთხვევა სწორედ ტყვიით მოწამვლას უკავშირდება. ჯანმოს შეფასებით, ტყვიით მოწამვლით გამოწვეული დაავადებები დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს შეადგენს. ტვირთი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში. ჯანმოსავე ინფორმაციით, ტყვიით მოწამვლის პრევენცია სავსებით შესაძლებელია, თუმცა მსოფლიოს აქამდე ჯერ გრძელი გზა აშორებს. ჯანმომ ტყვია იმ 10 ქიმიური ნივთიერების ნუსხაში შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდ შეშფოთებას იწვევს და სახელმწიფოთა მთავრობების თანმიმდევრულ ნაბიჯებს მოითხოვს. უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად ტყვიის შემცველი საღებავების აკრძალვა მიიჩნევა. თუმცა ამგვარი საღებავის გამოყენება სამედიცინო-სანიტარიულ პრობლემებს მრავალი წლის შემდეგაც იწვევს. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ტყვიაშემცველი საღებავები რამდენიმე ათეული წელია აკრძალეს, ძველი სახლები დღემდე დაავადების წყაროს წარმოადგენს (მაგალითად, დასავლეთის ზოგ ქვეყანაში საღებავების წარმოებაში 1970 წლიდან აღარ იყენებენ ტყვიას, მაგრამ ტყვიის შემცველი მტვერი ბავშვების ორგანიზმში მაინც ხვდება ძველი შენობებისა და ავეჯის ზედაპირიდან).
მსოფლიო ტყვიის წინააღმდეგ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაერომ საღებავებიდან ტყვიის ელიმინაციის გლობალური ალიანსი შექმნეს ალიანსი აერთიანებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს, გარემოს დაცვის სააგენტოს და პედიატრთა საერთაშორისო ასოციაციას. მისი მიზანია, 2020 წლამდე რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ამოიღონ ტყვია საღებავების წარმოებიდან.
ჯანმო და ალიანსი ეწევიან ტყვიით მოწამვლის პრევენციის საერთაშორისო კამპანიასაც. კვირეული ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს. მას ყოველწლიურად უერთდება საქართველოც. ბოლო დროს ტყვიის შემცველობაზე კონტროლის გამკაცრებამ და შეზღუდვამ აშკარა შედეგები გამოიღო და მოსახლეობის სისხლში ტყვიის შემცველობამ მნიშვნელოვნად იკლო. მიუხედავად ამისა, ტყვიით მოწამვლა მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებადი ქვეყნებისთვის.
საქართველოში შეზღუდულია ტყვიისა და მისი ნაერთების გამოყენება ისეთ მასალებსა და ნაკეთობებში, რომლებსაც საკვებთან აქვს კონტაქტი. ეს ელემენტი ამოღებულია კოსმეტიკური საშუალებების წარმოებიდანაც, ტყვიაშემცველი ბენზინისა და ტეტრაეთილტყვიის იმპორტი და გაყიდვა კი კანონით ისჯება.
მკურნალობა და პრევენცია
ტყვიით მოწამვლის მკურნალობა ქელატიურ თერაპიას გულისხმობს. ამ დროს ადამიანი იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ბოჭავს ტყვიას და შარდის საშუალებით ორგანიზმიდან გამოაძევებს. შესაძლოა დაგჭირდეთ ედტ (ეთილენდიამინტეტრააცეტილის მჟავას) თერაპია, რომელიც მძიმე ლითონებით ინტოქსიკაციის დროს გამოიყენება.
მძიმე შემთხვევებში დარღვევები შესაძლოა სათანადო მკურნალობითაც კი ვერ აღმოიფხვრას, ამიტომ გადამწყვეტი როლი პრევენციას ენიჭება:
- კვირაში ერთხელ მაინც სველი წესით დაალაგეთ ოთახები;
- სველი წესით გაასუფთავეთ ავეჯი და სხვა ზედაპირები, რომლებზეც შესაძლოა მტვერი იყოს დაგროვილი;
- ხშირად გარეცხეთ ბავშვის სათამაშოები;
- მიაჩვიეთ ბავშვი ხელების დაბანას, განსაკუთრებით – ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ
- მიაწოდეთ რკინით, კალციუმითა და ცილებით მდიდარი საკვები – ისინი ტყვიის მიმართ ორგანიზმის გამძლეობას ზრდიან;
- მოარიდეთ მეტისმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან ცხიმი ორგანიზმში ტყვიის დიდი ხნით შეკავებას უწყობს ხელს;
- თუ ძველი სანტექნიკა გაქვთ, რომელიც ტყვიის შემცველი მილებითაა აწყობილი, გამოყენებამდე ერთი წუთის განმავლობაში აცადეთ წყალს თავისუფლად დენა;
- ნუ გამოიყენებთ ონკანის ცხელ წყალს ბავშვის საკვების მოსამზადებლად;
- 6 თვიდან ბავშვს პერიოდულად ჩაუტარეთ შესაბამისი გამოკვლევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინდუსტრიულ რაიონში ან დედაქალაქში ცხოვრობთ;
- ნუ ასეირნებთ ბავშვს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში (ტყვიას მანქანის გამონაბოლქვიც შეიცავს), ერიდეთ ასეთ გარემოში თუნდაც მცირე ხნით ყოფნას;
- ორსულობის დროს კატეგორიულად იკრძალება ისეთ საწარმოში მუშაობა, სადაც მაღალია ტყვიით მოწამვლის რისკი.
თავისი წესები აქვს კედლებიდან ძველი საღებავების მოშორებასაც:
- ნუ მოაშორებთ კედელს ძველ საღებავს ზუმფარის ქაღალდით – ეს ჰაერში წვრილი ნაწილაკების დიდი რაოდენობით გამოფრქვევას გამოიწვევს;
- ჯობს, კედელს ზემოდან გადაუსვათ ახალი საღებავი ან დაფაროთ თაბაშირ-მუყაოსა თუ სხვა ტიპის კონსტურქციით;
- ამ სამუშაოების შესრულების დროს ჩაიცვით დახურული ტანსაცმელი;
- სამუშაო ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი და დაიბანეთ თავი;
- სამუშაო ტანსაცმელს ნუ გარეცხავთ სხვა ტანსაცმელთან ერთად;
- ნუ შეჭამთ იმ გარემოში, სადაც მუშაობდით.
გვანცა გოგოლაძე