რუჯი: როგორ გადავურჩეთ დამწვრობას?

გააზიარე:

ზაფხული, მზე, ზღვა და იდეალური ნამზეური კარგი განწყობის საწინდარია, ამიტომ ბევრი მზადაა, ლამაზ რუჯს ჯანმრთელობაც კი შესწიროს მსხვერპლად. უსაფრთხო გარუჯვაზე და დამწვრობისას პირველ დახმარებაზე პლასტიკური ქირურგი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გვესაუბრა.

– დამწვრობის კლასიფიკაციაში გამყოფენ სოლარულ, ეგრეთ წოდებულ მზით დამწვრობას, რომელიც მზეზე დიდხანს ყოფნისას ვითარდება. ჩვენი კანი. მისი ანატომიური შენება არ არის მზად მზის ხანგრძლივი ზემოქმედებისთვის, განსაკუთრებით – გაზაფხულის მიწურულს, როდესაც ის ღია ფერისაა.
მონეტას ორი მხარე აქვს. მზის სხივები ჩვენს ორგანიზმს წყალივით სჭირდება D ვიტამინის გამოსამუშავებლად. მზის სხივების უკმარისობით შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგი მივიღოთ. ჯანმრთელობასა და სილამაზეს შორის ოქროს კვეთა კი დოზირებულ და ლიმიტირებულ მზეზე ყოფნაზე გადის, რა თქმა უნდა, დამცავი კრემებისა და ლოსიონების გამოყენებით.

ისტორია
– "ცისფერსისხლიანები" – ასე მოიხსენიებდნენ არისტოკრატებს იმ დროიდან, როდესაც რუჯი სირცხვილად მიიჩნეოდა. მზის გულზე მუშაობას მიუჩვეველ დიდგვაროვანთა თეთრ კანზე კარგად ჩანდა ლურჯად შეფერილი ვენური სისხლძარღვები, გლეხებს კი ნამზეურის გამო ვენები არ ეტყობოდათ. "არაფერია უფრო საშინელი, ვიდრე ასპირინისფერი კანი", – კოკო შანელის ამ ლეგენდარული ფრაზის შემდეგ დაიწყო მსოფლიოში ახალი ერა, რუჯი სასურველი და მოდური გახდა.

  • – რა კლინიკური სიმპტომებით გამოვლინდება მზით დამწვრობა?

– მზით დამწვრობა, როგორც წესი, იწვევს პირველი ხარისხის დაზიანებას, რომლის დროსაც კანის მთლიანობა არ არის დარღვეული, აღინიშნება მხოლოდ სიწითლე, სიმხურვალე და მტკივნეულობა. მზეზე უფრო მეტხანს ყოფნისას შესაძლოა განვითარდეს მეორე ხარისხის დამწვრობა და გაჩნდეს სითხით სავსე წვრილი, თხელკედლიანი ბუშტუკები. თუ ურჩი, რუჯზე შეყვარებული ადამიანის შვებულება მხოლოდ სამ დღეს გრძელდება, ის შესაძლოა მეორე ხარისხის დამწვრობით კვლავ გასარუჯად დაწვეს და მიიღოს კანის უფრო მძიმე დაზიანება. ასეთი სიმძიმის დამწვრობის შემდეგ კანზე ჩნდება პიგმენტური ლაქები, რომელთა მოშორება ძალიან ძნელია.

  • – არის თუ არა განსხვავება მთაში და ზღვაზე მიღებულ დამწვრობას შორის?

– რაც უფრო მეტად ვშორდებით ზღვის დონეს და ავდივართ მაღლა, მით უფრო დაუცველები ვხდებით. მაღალმთიან ადგილებში დამწვრობის განვითარებისთვის საჭირო დრო უფრო ნაკლებია, მზის გამოსხივების ინტენსივობა კი მეტი, ამიტომ ალპინისტები 38-39 გრადუსზეც კი იცვამენ ხელთათმანებს და სამოსით მაქსიმალურად იფარავენ სხეულს. გუდაურში მზით დამწვრობის მიღება ზამთრის სეზონზეც შეიძლება. ასე რომ, ადგილის შესაბამისად, ყველგან უნდა დავიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან და მაქსიმუმი მივიღოთ უქმე დღეებისგან.

როდის მივმართოთ ექიმს
– განურჩევლად მიზეზისა, განსხვავებენ დამწვრობის ოთხ ხარისხს, თუმცა მზით დამწვრობა ძირითადად I-II ხარისხისა გვხვდება. გაჭირდება იმ საგანგაშო სიმპტომების ჩამოთვლა, რომელთა გაჩენის დროსაც დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს, თუმცა არის რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი:
* ასაკი (ბავშვებთან ნებისმიერი ხარისხის დამწვრობა მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, მით უფრო მეტად, რაც უფრო მცირეა ასაკი)
* დამწვრობის ფართობი და სიღრმე – რაც უფრო დიდი და ღრმაა დამწვრობა, მით უფრო მეტად სჭორდება პაციენტს კომპეტენტურ პირთა დახმარება;
* თავბრუხვევა, ღებინება, თავის ტკივილი, ადინამია, გონების დაკარგვა – ეს იმ ნიშების ჩამონათვალია, რომლებიც საგანგაშოდ მიიჩნევა.

  • – რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მზით დამწვრობას?

– დამწვრობის დროს ხშირია ისეთი თანმხლები გართულებები, როგორიცაა გადახურება, მზის დაკვრა. ეს უკანასკნელი ვითარდება მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. თავის ძლიერი ტკივილი, სახის გაწითლება, თავბრუხვევა მზის დაკვრის პირველი ნიშნებია, რომლებსაც შემდეგ მოჰყვება გულისრევა და ზოგჯერ – ღებინებაც, მხედველობის დაბინდვა, ცხვირიდან სისხლდენა, მოგვიანებით – გონების დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება და პულსის გახშირება.
თუმცა ყველაზე საშიშ და არასასურველ გართულებად მიიჩნევა ბუშტუკების გახეთქვის შედეგად კანში ინფექციის შეჭრა, გავრცელება და პოლიორგანული უკმარისობის გამომწვევი სეფსისის განვითარება.

რუჯის სიყვარულით დამწვარი
– ზაფხულში ქალები გარუჯვის დაუძლეველი სურვილის გამო საოცრებებს სჩადიან. სწორედ ექვსი წლის წინ გაიჟღერა პირველად ლეღვის ნახარშმა. მას კანზე მოხვედრის შემდეგ მზის სხივების ზემოქმედების გარეშეც კი შესწევს დამწვრობის გამოწვევის უნარი და ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა ხარისხის დაზიანების მიღებაა შესაძლებებლი ლეღვის ნახარშისა და მზის სხივების კომბინაციით. მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა ტელევიზიით გაშუქდა, დაიწყო ბუმი. მოსახლეობა იგონებდა ახალ-ახალ საშუალებებს, ზოგი ფანჯრების საპრიალებელი სითხის ბოთლში ასხამდა და ტანზე ისხურებდა ნახარშს, ზოგი მაცივარში აცივებდა და ისე ისვამდა, რადგან ეგონა, რომ სხვამ დამწვრობა ცხელი ნახარშის გამო მიიღო და ა. შ. უცხოელ კოლეგებთან ამ თემაზე საუბარი მეუხერხულება კიდეც. არც კი ვიცი, როგორ ავუხსნა, რატომ უჩნდება ვინმეს XXI საუკუნეში რუჯისთვის ლეღვის ნახარშის გამოყენების სურვილი.

პრევენცია
– მაღალტექნოლოგიურ სამყაროში ცხოვრება ადამიანებს ცოტა დროს უტოვებს საკუთარი თავისა და დასვენებისთვის, ამიტომაც საუკეთესო გზა, შევირგოთ შვებულება, დავიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან, დავისვენოთ მშვიდად და სამუშაოს შემართებით დავუბრუნდეთ. ამისთვის კი სულ რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა საჭირო:
* დღეს თითქმის ყველამ იცის, რომ ზღვაზე შუადღის შემდეგ მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე, ამიტომ 12:00-დან 18:00-მდე მიზანშეწონილი არ არის სანაპიროზე გასვლა.
* თავდაპირველად, სანამ კანი ღია ფერისაა, უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები – კრემები და ლოსიონები, რომლებსაც აქვთ მაღალი – 30 და მეტი – SPF (Sun protection factor) ინდექსი. რაც მთავარია, საცხი ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა გადავისვათ ტანზე.
* მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ბავშვები და მოხუცები.
* ქოლგის ქვეშ ყოფნა 100%-იან დაცვას არ ნიშნავს. საჭიროა, ვაკონტრიოლოთ ჩვენი ჩრდილის სიგრძე. მზით დამწვრობას მხოლოდ მზის სხივების პირდაირი ზემოქმედების დროს არ ვიღებთ – დამწვრობა შეიძლება მოგვაყენოს ქვიდან, ზღვიდან არეკლილმა მზის სხივმა. ამიტომ რაც უფრო გრძე¬ლია ჩვე¬ნი ჩრდი¬ლი, მით უფრო უსაფრ¬თხოა მზე, რაც უფრო მოკ-ლდე¬ბა ჩრდი¬ლი, მით უფრო ად¬ვი¬ლად ვიწ¬ვე-ბით.
* პლაჟზე გავიყოლოთ ქუდი, სასურველია თეთრი, რათა მან მზის სხივები აირეკლოს.

პირველი დახმარება
– შესაძლოა, პრევენციულმა ღონისძიებებმაც ვერ გვიხსნას დამწვრობისგან, ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვას. აქ არცოდნა არცოდვა არ არის.
ვერიდოთ თვითშემოქმედებას და მივიღოთ:
* ტკივილგამაყუჩებელი – ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად;
* ბევრი რაოდენობით სითხე – რა თქმა უნდა, ალკოჰოლურ სასმელებს არ ვგულისხმობ;
წავისვათ აფთიაქში ნაყიდი (!) დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო.
თუ მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას. იქ ჩაგიტარებენ ინფუზიოთერაპიას (თუ ბევრი სითხე დაკარგეთ), დამწვარ მიდამოს სპეციალური ხსნარებით დაგიმუშავებენ, ჩამოგბანენ, რათა თავიდან აგაცილონ ინფიცირება და დააჩქარონ შეხორცებითი პროცესი.

ხალხური მეთოდები
– ძველად ჩვენი წინაპრები აკვირდებოდნენ და საკმაოდ გონივრულად იყენებდნენ მცენარეებს, მათ საკვებ და სამკურნალო თვისებებს, თუმცა XXI საუკუნემ მოგვცა შესაძლებლობა, მაღალგანვითარებული ფარმაკოლოგიური მედიკამენტებით ვისარგებლოთ, გამოვიყენოთ ნაცადი საშუალებები და ვაცადოთ მეცნიერებს, აკეთონ თავიანთი საქმე. გაუგებარია, რატომ უნდა წაისვა დამწვრობისას მაიონეზი, მაწონი, არაყი და სხვა, როცა შეგიძლია, მიმართო უკვე აპრობირებულ მეთოდებს და არ ეცადო, იყო მეცნიერებზე ჭკვიანი.
თუ სალაშქროდ წახვალთ, საველე პირობებში მიიღებთ დმწვრობას და სამკურნალო საშუალებები თან არ გექნებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაწონი – მის შემადგენლობაში შემავალი სითხე აორთქლდება, შეამცირებს სიმხურვალეს და დროებით შვებას მოგგვრით, თუმცა ცივილიზაციასთან დაბრუნებული აუცილებლად უნდა შეხვიდეთ აფთიაქში და დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო შეიძინოთ.

---

ზაფხული თავგადასავლების, აღმოჩენების, მოგზაურობის და უბრალოდ საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარების დროა. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სასიამოვნოდ გავატარებთ ამ დროს. ამიტომაც დავიცვათ თავი მზის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, თავიდან ავიცილოთ დამწვრობა და ეს დრო სიამოვნების მიღებას დავუთმოთ და არა დამწვრობის მკურნალობას.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: