რა უნდა ვიცოდეთ ქალის ინტიმური ჰიგიენის შესახებ
გააზიარე:
ინტიმური ჰიგიენა თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილია. ინტიმური ადგილების სისუფთავე და რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმება ქალის ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა. ქალი ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ გამოეპაროს არავითარი ცვლილება, დისკომფორტი თუ ტკივილი სასქესო ორგანოების არეში და უჩვეულო სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად გაიაროს გინეკოლოგის კონსულტაცია, რადგან ვაგინალურმა ინფექციამ თუ სხვა სახის დარღვევამ შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს.
ქალს ინტიმური ადგილები მუდამ სუფთა რომ უნდა ჰქონდეს, ამაზე ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან სწორედ ჰიგიენის წესების დაუცველობაა ინფექციის მთავარი რისკფაქტორი. გინეკოლოგების ნაწილი რეკომენდაციას უწევს დღესდღეობით ფართოდ რეკლამირებულ ინტიმური ადგილების დასაბან საშუალებებს, რადგან ისინი სწორედ ამ მიდამოსთვისაა შექმნილი და, შესაბამისად, არ არღვევს მის მჟავატუტოვან ბალანსს, ნაწილს კი ეს საშუალებები სრულიად უსარგებლოდ, მეტიც – მავნედ მიაჩნია და ამტკიცებს, რომ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული საპონი და თბილი წყალი სავსებით საკმარისია ამ პროცედურის სრულფასოვნად ჩასატარებლად; საშოს გაწმენდის საკუთარი მექანიზმი აქვს და ყოველგვარი გარეგანი ჩარევა ზედმეტი და საზიანოა.
მჟავატუტოვანი ბალანსი (PH blance)
ქალის სასქესო ორგანოებში მობინადრე მიკროორგანიზმები ჩვეულებრივ პირობებში მშვიდობიანად თანაარსებობენ ერთმანეთთან. ამ მიკროორგანიზმებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ლაქტობაქტერიებს აკისრიათ – ისინი გამოიმუშავებენ რძემჟავას და უზრუნველყოფენ დამცავი ბარიერის შექმნას, რითაც ხელს უშლიან საშოში პათოლოგიური მიკროფლორისა და ვაგინალური ინფექციების განვითარებას. ასე რომ, საშოს მართლაც აქვს თვითგაწმენდის ფუნქცია, ის თვითონვე ანადგურებს მასში მოხვედრილ მავნე მიკრობებს.
მეორე მხრივ, ადამიანის კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5.5-ია, ხოლო საშოსი 3.8-დან 4.5-მდე მერყეობს, ამიტომ კანისთვის განკუთვნილი საპნით გენიტალიების დაბანა მართლაც არ არის სასურველი. არასწორად შერჩეული დასაბანი საშუალება საშოს მჟავატუტოვან ბალანსს არღვევს, გარემო ტუტიანდება, ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება და მავნე მიკრობები მრავლდებიან. ამგვარად, თვითონვე ვუქმნით საკუთარ თავს ბაქტერიული ვაგინოზის ან სხვა ინფექციის განვითარების საფრთხეს.
გარეგანი სასქესო ორგანოებისა (Vulva) და ვაგინალური (Vagina) ჰიგიენა
განურჩევლად იმისა, ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილ საშუალებებს ამჯობინებთ თუ საპონს, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი სასქესო ორგანოების დასაბანად და არა საშოსთვის. აქვე გეტყვით, რომ საშოს გამობანა საერთოდ არ სჭირდება, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ზედმეტი ჩარევა არღვევს მჟავატუტოვან ბალანსს, აღიზიანებს ლორწოვანს და ვაგინალურ ინფექციას იწვევს. საშოს გამობანა ვერც დაორსულებისგან დაგიცავთ, ეს მითია.
ინფექციის დროს მით უმეტეს არ შეიძლება საშოში წყლის ჭავლის შეშვება – შესაძლოა, მავნე მიკროორგანიზმებს რეპროდუქციული სისტემისკენ გაუკვალოთ გზა. ამ ტიპის პროცედურა მხოლოდ მაშინ ჩაიტარეთ, თუ მითითება გინეკოლოგმა მოგცათ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არჩევანი თქვენზეა: თუ გყავთ პირადი გინეკოლოგი, რომელსაც ანდობთ თქვენს ინტიმურ ჯანმრთელობას, გაესაუბრეთ და გაიგეთ მისი აზრი ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ნაწარმის შესახებ, ჰკითხეთ რჩევა და ამის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება.
მანამდე კი გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს.
ზოგადი ჰიგიენა
-
გარეგანი სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც უნდა დაიბანოთ. ჰიგიენური საშუალებების გამოყენება დღეში ერთხელ საკმარისია. დანარჩენ დროს დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით.
-
დაბანისას წყლის ჭავლი და ხელის მოძრაობა მიმართეთ წინიდან უკან, რათა უკანა ტანიდან ბაქტერიები სასქესო ორგანოებში არ გადმოიტანოთ. ასევე უნდა მოიქცეთ ტუალეტის ქაღალდის გამოყენების დროსაც.
-
დაბანის შემდეგ სასქესო ორგანოები უნდა შეიმშრალოთ ბუნებრივი ქსოვილის, რბილი და, რაც მთავარია, პირადი პირსახოცით. უხეშად ნუ გაიმშრალებთ ინტიმურ ადგილებს, რომ შემთხვევით ლორწოვანი არ დაიზიანოთ.
-
ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებებით უნდა დაიბანოთ მხოლოდ გარეგანი სასქესო ორგანოები და არა საშო.
-
ყოველდღიური საფენები უნდა გამოიცვალოთ დღეში, სულ მცირე, 4-5-ჯერ. რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო დიდია მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე.
-
თუ ისეთ ადგილას ხართ, რომ მთელი დღე ვერ ახერხებთ სასქესო ორგანოების დაბანას, საუკეთესო გამოსავალია სპეციალური სველი ხელსახოცებით გაწმენდა. ეს ხელსახოცები დერმატოლოგების მიერ უნდა იყოს შემოწმებული და არ შეიცავდეს ალკოჰოლსა თუ არომატიზატორებს. სასურველია, რეკომენდაცია მათ თქვენმა გინეკოლოგმა გაუწიოს. აქვე გახსოვდეთ: სველი ხელსახოცების გამოყენება მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაშია ნებადართული; მათი ყოველდღიური მოხმარება რეკომენდებული არ არის.
-
სველი საცვალი ტანზე დიდი ხნით არ დაიტოვოთ, გამოიცვალეთ, როგორც კი საშუალება მოგეცემათ. ხანგრძლივმა სისველემ შესაძლოა საშოში სოკოვანი ინფექციის განვითარებას შეუწყოს ხელი.
მენსტრუაციის პერიოდში
-
სასურველია, გარეგანი სასქესო ორგანოები საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ დაიბანოთ თბილი, გამდინარე წყლით, იდეალურ შემთხვევაში კი – ტუალეტში ყოველი შესვლის შემდეგ.
-
ნუ იცურავებთ ზღვასა თუ აუზში.
-
აბაზანის ნაცვლად მიიღეთ შხაპი – აბაზანის მიღებისას საშვილოსნოს ღრუში ინფექცია გაცილებით ადვილად ხვდება.
-
ერიდეთ სქესობრივ კავშირს, რადგან მენსტრუაციის პერიოდში ბაქტერიები უფრო ადვილად იჭრებიან საშოს ლორწოვან გარსში. სასურველია, სისხლდენის დასრულებას დაელოდოთ.
-
ტამპონს ხშირად ნუ გამოიყენებთ. გამოყენებისას გამოიცვალეთ 2-3 საათში ერთხელ. ტამპონით არ დაიძინოთ! ტამპონის ხშირი ცვლა აუცილებელია, რადგან, საშოში დიდხანს დატოვებულმა, შესაძლოა ტოქსიკური შოკის სინდრომს გაუწიოს პროვოცირება. ნუ გამოიყენებთ ტამპონს ინფექციის დროს – მდგომარეობას გაგიუარესებთ.
ინტიმურ კავშირამდე და კავშირის შემდეგ
-
სასურველია, ინტიმურ კავშირამდე პარტნიორებმა ინტიმური ადგილები თბილი წყლით, ყოველგვარი დასაბანი საშუალების გარეშე დაიბანოთ.
-
აუცილებელია, ინტიმური ადგილებისთვის ორივეს გქონდეთ საკუთარი პირსახოცი, რომელსაც არასოდეს გამოიყენებთ სხეულის სხვა ნაწილების გასამშრალებლად.
-
ინტიმური კავშირის შემდეგაც ასევე მოიქეცით – უბრალო წყლით დაიბანეთ აღნიშნული მიდამო, რადგან სასქესო ორგანოების სეკრეტი მიკრობებს გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის.
-
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ წყლის ჭავლით საშოს გამობანა დაუშვებელია! დაბანა გულისხმობს მხოლოდ გარეგანი ნაწილების ჩამობანას.
სწორად შერჩეული საცვალი
-
ინტიმური ჯანმრთელობის საწინდარია სწორად შერჩეული ტრუსიც. სასურველია, ის ბუნებრივი ქსოვილისა იყოს, რომელიც სისველეს ადვილად იწოვს, კანს სიმშრალეს უნარჩუნებს და, შესაბამისად, ბაქტერიებსაც ართმევს გამრავლების შანსს.
-
საცვალი სხეულზე იდეალურად უნდა გქონდეთ მომჯდარი. ზედმეტად მჭიდრო მოგიჭერთ და სისხლის ცირკულაციას შეაფერხებს, ზედმეტად მოშვებული კი დისკომფორტს შეგიქმნით.
-
სასურველია, ტრუსი დღეში ერთხელ გამოიცვალოთ და ჰიპოალერგიული საშუალებით გარეცხოთ.
-
საცვლები რეცხეთ სხვა სარეცხისგან განცალკევებით, უკიდურეს შემთხვევაში – მხოლოდ პიჟამასთან ერთად.
-
საშრობში გაშრობა და დაუთოება ბაქტერიებს საუკეთესოდ ანადგურებს.
-
ტრუსი, რომელსაც ყველაზე ხშირად ხმარობთ, სასურველია, წელიწადში ერთხელ ახლით შეცვალოთ.
-
ერიდეთ ტანგის ყოველდღიურ ტარებას. მართალია, მიმზიდველია, მაგრამ მისი წვრილი ზონარი ისე მჭიდროდ ეკვრის სასქესო ორგანოსა და ანუსს, რომ სისხლის მიმოქცევას არღვევს. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, ამ თხელმა ზონარმა სიარულისას ბაქტერიები ანუსიდან სასქესო ოგანოებისკენ გადმოიტანოს.
-
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ღამით ტრუსის გარეშე დაძინება ქალებისთვის სასარგებლოა – მთელი დღის განმავლობაში ჩახუთული ინტიმური მიდამო ნიავდება და სუნთქავს.