პაპანაქება სიცხეში საკითხავი
გააზიარე:
მეცნიერები კვლევის შედეგებს იმოწმებენ და გლობალური დათბობით გვაშინებენ. პოლიტიკოსები საგონებელში არიან ჩავარდნილები – რას წარმოიდგენდნენ, რომ კლიმატის ცვლილება სახელმწიფოთაშორისი ვაჭრობის საგანი გახდებოდა! არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაფერს სკეპტიკურად ეკიდებიან – კლიმატის ცვლილება მითია, ვიღაცას სჭირდება ეს მითქმა-მოთქმაო. მაგრამ, როგორც არ უნდა ყველას სცხელა!
ცხელ -ცხელი ტალღები
გლობალური დათბობის ერთ-ერთი ყველაზე იოლად შესამჩნევი გამოვლენა თბური ტალღების პერიოდული შემოტევაა. ტალღები ყველაზე ხშირად ივლისსა და აგვისტოში გვიტევენ.
მათი ოფიციალური, საერთაშორისო დონეზე ერთხმად მიღებული განმარტება არ არსებობს, რადგან ის, რაც სკანდინავიის ქვეყნებისთვის უჩვეულოდ ცხელია, საბერძნეთისთვის ან იტალიისთვის შესაძლოა ნორმა იყოს. მაგალითად, თუ ოსლოში ივლისის მეორე ნახევარში ერთი კვირა 32 გრადუსი საშუალო ტემპერატურა შენარჩუნდა, შესაძლოა, მთავრობამ განგაშის ზარს შემოჰკრას და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდოს, სანტორინიზე კი იმავე ტემპერატურაზე დამსვენებლები თამამად გამოეფინებიან ხოლმე პლაჟზე.
თბური ტალღები საქართველოშიც დაფიქსირდა და სიცხისგან შეწუხებული ადამიანების რიცხვიც წლიდან წლამდე იზრდება.
მეცნიერთა უმეტესობა თბური ტალღების შემდეგ განმარტებას იშველიებს: “თბური ტალღები – ეს არის ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის შემოტევა რამდენიმე დღის, უმეტესად – 3-5 დღის განმავლობაში, რაც აღნიშნული გეოგრაფიული არეალისთვის აქამდე დამახასიათებელი არ ყოფილა”. ტემპერატურის სწორედ ასეთი, რამდენიმედღიანი ანომალიურად მაღალი მომატება აღირიცხება საქართველოში ბოლო ხანს, წესისამებრ – ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. ასე იყო ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში და იგივეა მოსალოდნელი წელსაც.
მეცნიერულად გაშიფრული ტალღები
შესაძლოა გეგონოთ, რომ ატმოსფეროს ტემპერატურის ცოდნა თბური ტალღის შესაფასებლად საკმარისია. არამც და არამც! ტალღის სიმძლავრის შეფასება ხდება თბური ინდექსით, რომლის ზედმიწევნით ზუსტად გამოსაანგარიშებლად თერთმეტი კომპონენტის კომბინირება მაინცაა საჭირო. ჰაერის ტემპერატურასთან ერთად გასათვალისწინებელია ტენიანობა, ქარის სიჩქარე, ცვრის შეწონა... ფორმულა კი საკმაოდ რთულია და პრაქტიკული თვალსაზრისით იმდენად მოუხერხებელი (თუ, რა თქმა უნდა, სპეციფიკური კვლევისთვის არ გვჭირდება), რომ მეცნიერები შეთანხმდნენ, ყოველდღიურად გამოიყენონ მხოლოდ ორი კომპონენტი: ტემპერატურა და ტენიანობა. მათი მეშვეობით აღიწერება რეალური ტემპერატურა – ის, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი შეიგრძნობს და არა ის, რომელსაც თერმომეტრი უჩვენებს.
ვის უფრო სცხელა
თბური ტალღების “წინასწარმეტყველება” შესაძლებელია. ყველაზე ზუსტი გათვლები რამდენიმე დღით ადრე კეთდება. ევროპის ქვეყნებში მოქმედი წესის თანახმად, წინასწარი შეტყობინების სამსახურმა ოპერატიულად უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა, რათა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება მოესწროს.
საქართველოში თბური ტალღების თაობაზე წინასწარ არ აფრთხილებენ, ევროპაში კი ეს სისტემა კარგად არის განვითარებული. 2003 წელს თბური ტალღების გამო აქ 35 000 ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ ამ კატასტროფის შემდეგ (დიახ, თბური ტალღები ბუნებრივ კატასსროფად არის შეფასებული) გადაწყვიტეს ევროპის სახელმწიფოებმა წინასწარი გაფრთხილების ქსელის ჩამოყალუბება და უკვე არსებულთა გაძლიერება.
გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული და ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების მატარებელი იყო.
არ არის გამორიცხული, ექსტემალურმა ტემპერატურამ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც მოუსწრაფოს სიცოცხლე, მაგრამ არსებობს ადამიანთა ისეთი ჯგუფებიც, რომელთათვისაც თბური ტალღები ყველაზე საშიშია. რისკის ჯგუფში შედიან: ხანდაზმულები, ქრონიკული ავადმყოფები, უსახლკაროები, ბავშვები (უმთავრესად – 5 წლამდე), ორსულები, ღია ცის ქვეშ მომუშავენი.
რატომ არიან ეს ჯგუფები ესოდენ მოწყვლადნი მაღალი ტემპერატურის მიმართ, ან, უბრალო ენით – რატომ ვერ უძლებენ სიცხეს?
მოხუცებს და ბავშვებს გარემოსადმი ადაპტაციის უნარი შესუსტებული აქვთ: სითბოს გაცემა-მიღების მექანიზმი მოხუცების ორგანიზმში უკვე გაცვეთილია, ბავშვებთან კი – ჯერ მოუმწიფებელი. გარდა ამისა, პატარა ბავშვებს ჩამოუყალიბებელი აქვთ თავდაცვის უნარ-ჩვევები: ავიწყდებათ წყლის სმა, ჩრდილში შეფარება, ქუდის დახურვა. ავადმყოფებს კი ხშირად ისეთი მედიკამენტის მიღება უხდებათ, რომელიც მათი სხეულის თბორეგულაციას არღვევს, ან სულაც ისეთი დაავადება აქვთ, რომელიც თვითონვე მიმდინარეობს თბორებულაციის დარღვევით (ძირითადად – გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში).
რაც შეეხება უსახლკაროებს და ღია ცის ქვეშ, მზისგულზე მომუშავე ადამიანებს, აქ ყველაფერი ცხადზე უცხადესია.
მუქარა, როგორც ასეთი
მაინც რა ემუქრება ჯანმრთელობას თბური ტალღების შემოტევის დროს?
არსებობს იმ პათოლოგიური მდგომარეობების მთელი ჩამონათვალი, რომლებიც ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის ფონზე იჩენს თავს. მათ შორისაა ე.წ. სწრაფად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობებიც: სითბური დაკვრა, სითბური გამოფიტვა და სითბური შოკი. ისინი შეიძლება თბური დაავადების სტადიებადაც მოვიაზროთ. ყველაზე მძიმე, ალბათ თვითონვე მიხვდით, აქედან სითბური შოკია.
გარდა ამისა, არსებობს ქრონიკული პათოლოგიები, რომლებიც თბური ტალღების ფონზე შესაძლოა გამწვავდეს და უყურადღებობის შემთხვევაში ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. ესენია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები: გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, სუნთქვის უკმარისობა და სხვა.
ბუღი ასდის ქალაქს
კიდევ ერთი მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებული აგრესიით უტევს თბური ტალღები, ქალაქის მოსახლეობაა. ყველაფერი ე.წ. თბური კუნძულის ეფექტის (Heat Island Effect) ბრალია. საქმე ის არის, რომ თანამდროვე ქალაქებში, სადაც მაღალი კორპუსებია წამოჭიმული, ხოლო ქუჩები მოასფალტებულია, უფრო ცხელა, ვიდრე სოფლად: ასფალტი და ცემენტი თურმე ისევე იწოვს სიცხეს, როგორც ღრუბელი – წყალს, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მისი უკანვე გამოშვება უჭირს, ვარვარდება და გარემოს ახურებს. სწორედ ასე იქმნება ქალაქში ცხელი კუნძულები, განსაკუთრებით – მის იმ ნაწილებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული, კორპუსები მიჯრით დგას და არასათანადო გამწვანებაა.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაც ნეგატიურ გავლენას ახდენს: მინარევების ნაწილაკები სითბოს აკავებს, ხელს უშლის ატმოსფეროში მის გაფრქვევას, რის გამოც ჰაერი უფრო მეტად იხუთება.
ყოველივე ამის შემდეგ ალბათ ადვილად წარმოიდგენთ, რა მძიმე დღეში არიან ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლები.
ვარაუდობენ, რომ თბური ტალღების რისკი მნიშვნელოვნად არის მომატებული საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქშიც: ზუგდიდში, ქობულეთში, ქუთაისსა და რუსთავში.
როგორ გავგრილდეთ
ასე რომ, თუ მეცნიერულ გათვლებს ვენდობით, წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტად დაგვცხება. გამოსავალი არსებობს. მარტივი წესების დაცვა საკმარისია, რომ პაპანაქება მშვიდობიანად გადავაგოროთ.
თბური ტალღების შემოტევისას მოიქეცით ასე:
. დარჩით შენობაში, სანამ მზე ჰორიზონტს არ მოეფარება. თუ აუცილებლად უნდა გახვიდეთ გარეთ, თხელი, ღია ფერის, ბამბის ან ჩალის ფარფლებიანი დაიხურეთ, ბოთლით წყალი გაიყოლეთ და ეცადეთ, ჩრდილ-ჩრდილ იაროთ,
. სვით დღეში, სულ მცირე, 2 ლიტრი წყალი. კოკა–კოლას და სხვა გაზიან სასმელებს ერიდეთ. არც ყავა და ჩაია ზაფხულობით საუკეთესო სასმელი, არც ტკბილი წვენები, თუნდაც ყინულივით ცივი,
. თუ შინ დარჩებით, ფანჯრები დაკეტეთ და ფარდები, დარაბები ან ჟალუზები ჩამოაფარეთ. გასაგრილებლად კონდიციონერი ჩართეთ. რომ არ გქონდეთ, ფანჯრის გაღებას მაინც არ გირჩევთ. თუ ძალიან დაგცხათ, მიიღეთ გრილი შხაპი, ფეხები გრილ წყალში ჩაყავით.
. თუ შუადღის სიცხემ ქუჩაში მოგისწროთ, შეეცადეთ, თავი რომელიმე კონდიციონერით აღჭურვილ შენობას შეაფაროთ – სუპერმარკეტს, ბანკს. უკიდურეს შემთხვევაში – მეტროს სადგურს. მშვენიერი თავშესაფარი იქნება შადრევნიანი პარკიც. შადრევნის აუზში გაგრილებისა ნუ მოგერიდებათ – სწორედ ასე ებრძვიან ზაფხულის სიცხეს ევროპაში.
. თუ გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის დაავადება გაქვთ, ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს და საეჭვო დისკომფორტის შემთხვევაში დროულად მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ინა ჟირარი