რა არის ეგზისტენციური კრიზისი?

გააზიარე:

ეგზისტენციურ კრიზისს უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ცხოვრების საზრისს, ამქვეყნად საკუთარ დანიშნულებას ვერ პოულობს. მას ხშირად ახლავს თან დეპრესია და, როგორც წესი, წინ უძღვის მნიშვნელოვანი ცვლილებები.


ეგზისტენციური კრიზისი მოსალოდნელია:
* ცხოვრების ახალ ფაზაში გადასვლის დროს, როდესაც რადიკალურად იცვლება გარემოებები, ჩვენი პოზიცია, სტატუსი, შესაძლებლობები, შემეცნება. მაგალითად:
. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ;
. ცხოვრების მეოთხედის გავლის შემდეგ;
. ცხოვრების ნახევრის გავლის შემდეგ;
. პენსიაზე გასვლის შემდეგ.


მახსოვს, როგორი დაბნეული ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, როგორ ვერ ვხვდებოდი: “სტუდენტი თუ აღარ ვარ, აბა, ვინ ვარ, ახლა რა უნდა ვაკეთო?” პატარა რამეებშიც კი მიჭირდა. მაგალითად, ამდენი წელი ჩემი ყოველკვირეული განრიგი ლექციებსა და საშინაო დავალებებზე იყო აწყობილი, სეზონები შუალედურ და საბოლოო გამოცდებად იყოფოდა, წელიწადი კი – სემესტრებად. და უცებ ნაცნობი, გასაგები სტრუქტურის გარეშე აღმოვჩნდი. მანამდე სათქმელადაც ისეთი ადვილი იყო: “რას აკეთებ, რას საქმიანობ? – ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ”. ამის შემდეგ კი რა მეპასუხა? გადაწყობას, ახალ გარემოებებზე ემოციურ და ინტელექტუალურ მორგებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა, სანამ პირველი სამსახური არ ვიპოვე ჩემი პროფესიით. აი, წლის სემესტრებად დაყოფას კი დღემდე ვერ გადავეჩვიე.


ჩემს კლიენტებთანაც ხშირად მიწევს ასაკსა და სოციალურ როლებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბარი. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების შუაწელს უახლოვდებიან, აცნობიერებენ, რომ “ყველაფერი წინ აღარ არის", გული სწყდებათ იმაზე, რაც ვერ მოასწრეს და სურვილი უჩნდებათ, ახლა მაინც დაიწყონ იმის კეთება, რაც “ყოველთვის უნდოდათ”. ეგრეთ წოდებული შუახნის კრიზისიც ეს არის. ის შეიძლება წარიმართოს კონსტრუქციულად, რაც ღირებულებათა გადაფასებას, ასაკის მიღებას, განახლებულ ხედვას გულისხმობს, ან შემაფერხებლად, როცა ადამიანი წარსულს ებღაუჭება, ახალგაზრდულად იქცევა – იწყებს უცნაურ სასიყვარულო რომანებს, ატანილია ძვირად ღირებული ნივთების შეძენის ვნებით, დაუსრულებლად იკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს და ა. შ.
* ოჯახში ან ურთიერთობებში მომხდარი ცვლილებების დროს – იცვლება როლები, სხვაგვარ შინაარსს იძენს ოჯახის ცნება, ირღვევა კავშირები, – თუნდაც პოზიტიური მოვლენის გამო, – რომლებიც აქამდე, ავად თუ კარგად, მუშაობდა.


ასეთი ცვლილებები შეიძლება იყოს:
. დაქორწინება;
. დაშორება;
. ბავშვის დაბადება;
. გაზრდილი შვილების სახლიდან წასვლა.


მახსოვს, ბავშვის დაბადების შემდეგ, პირველ თვეებში, როგორ გამიჭირდა იმის გააზრება, რომ ახლა დედა ვარ, რომ საკუთარ თავთან ერთად სხვა ადამიანზეც ვაგებ პასუხს, რომ მის საჭიროებებს ვერ გადავდებ და როგორ გამოვეთიშე ცოტა ხნით სამყაროს. მერე კი, როდესაც სამსახურში დასაბრუნებლად დავიწყე მომზადება, ხელახალი გადართვა დამჭირდა: ისე მივეჩვიე, რომ ჩემს ქმედებათა უმეტესობა პირველ რიგში სხვას უნდა მორგებოდა, უკან დაბრუნება გამიჭირდა. ადგილზე ვტრიალებდი: ხან ცუდი დედა მეგონა თავი, ხან შვილის გაჩენას ვნანობდი, ხან ვფიქრობდი, რომ ბავშვის მოვლის გარდა არაფერში ვივარგებდი. ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, ლატვიაში ფსიქოთერაპიულ ინტენსივზე რომ არ წავსულიყავი, სადაც ერთი კვირის განმავლობაში გავდიოდი ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიის გაძლიერებულ კურსს. ჩემმა თერაპიულმა ჯგუფმა დამიჭირა მხარი. იქ ბევრი დედა იყო, მათ შორის – ჩემზე უფროსებიც, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათაც ჰქონდათ მსგავსი ფიქრები და ემოციები (მახსოვს, ერთმა ქალბატონმა მითხრა, სანამ ჩემი შვილი სულ პატარა იყო, მქონდა განცდა, რომ, აი, აქ ვარ მე, ხოლო იქ, სადღაც – დანარჩენი სამყაროო), ეს გაივლიდა და ჩემი ახალი როლის დანარჩენ ცხოვრებაში ინტეგრირებას შევძლებდი.


* კარიერით უკმაყოფილების დროს, როდესაც ძველ სამსახურს ვტოვებთ ან სულაც პროფესიის შეცვლაზე ვფიქრობთ, როდესაც არ გვაკმაყოფილებს, მეტიც – გვტანჯავს არსებული სამსახური, როდესაც თვითრეალიზაციის გზებს ვეძებთ და თან ათასი გარემოების გათვალისწინება გვიწევს – ფინანსური ვალდებულებების, პასუხისმგებლობების...
გამიგონია, რომ სამსახური სამსახურია და მეტი არაფერი, რომ ფულს ვშოულობთ და მეტი რაღა გვინდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ, რომ სამუშაო ადგილზე უამრავ სოციალურ კონტაქტს ვამყარებთ, რომ შინ მისულებიც კი დღის განმავლობაში მომხდარზე ვწუხვართ – აღარ გაგვიკვირდება, რომ არასასურველი სამსახური ჩვენი ცხოვრების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც ადამიანი დიდ ძალისხმევას ახმარს განათლებას, საქმის აწყობას, როდესაც მისი პროფესია მისი იდენტობის განმსაზღვრელი ხდება. “ვინ ხარ? – რედაქტორი. შენ? – მე – პროგრამისტი”. და ეს პასუხები მხოლოდ იმას კი არ გამოხატავს, სად ვმუშაობ, არამედ იმას, როგორ ვხედავ ჩემს თავს, რამდენი დრო დავუთმე ამ პროფესიის დაუფლებას, რა მსხვერპლი გავიღე მისთვის, როგორი ღირებულებები მაქვს, რას ვახარჯავ ჩემი დროის უმეტეს ნაწილს... ძნელი გადასატანია, როდესაც ადამიანს იმედი უცრუვდება, მუშაობის მოტივაცია უქრება, ვეღარ ხედავს ამქვეყნად თავის დანიშნულებას და როლს.


* საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს. სხვა ადგილას, მით უმეტეს – სხვა ქვეყანაში გადასახლებისას პოლიტიკური სიტუაციის და კულტურული კონტექსტის რადიკალურმა ცვლილებამ შესაძლოა იდენტობის კრიზისი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის, რომ ბევრი ვერ ძლებს საზღვარგარეთ ან, თუ რჩება, მუდმივ დეპრესიას ებრძვის, რაც პირველ რიგში მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომ ვერ ეგუება ბევრი საბჭოთა კავშირის დაშლასაც.

როგორ ამოვიცნოთ
ეგისტენციურ კრიზისს ახასიათებს:
* მომატებული შფოთვა ცხოვრების საზრისსა და საკუთარ პასუხისმგებლობაზე დარდის გამო;
* მუდმივი სევდა ან სინანული – ხშირად გვეფიქრება იმაზე, რა გზა ავირჩიეთ და ვნანობთ, რომ მოვლენები სხვანაირად არ აეწყო, რომ ოდესღაც სწორი არჩევანი არ გავაკეთეთ;
* განცდა, რომ ცხოვრებამ წაგვლეკა, რომ ამდენ რამეს ვერ ვუმკლავდებით. ეგზისტენციური კრიზისი ცხოვრების სირთულეს უსვამს ხაზს, შეგვახსენებს ჩვენს მოკვდავობას, შეგვახსენებს, რომ სამყაროში ჩვენი არსებობა სასრულია.

საიდან გაჩნდა და როგორ მოვერიოთ
ეგზისტენციურ ფილოსოფიაში კრიზისის ცნება უკავშირდება ადამიანის მიერ იმის გაცნობიერებას, რომ მისი ცხოვრება განპირობებულია არჩევანით, რომელსაც თავად აკეთებს. ამ მოცემულობაში განსაზღვრული ქმედებისგან თავის შეკავებაც კი არჩევანია. ეს არის შფოთვა, რომელიც მოაქვს თავისუფლების და საკუთარ ბედზე პასუხსიმგებლობის გაცნობიერებას.
ნორვეგიელი ფილოფოსოფოსი პიტერ ზაპფე, ერთი მათგანი, ვინც ეგზისტენციალიზმის სათავეებთან იდგა, ამტკიცებდა, რომ ცხოვრება თავისთავად უაზროა. ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა, ამაში გასაკვირი არაფერია. ადამიანებს კი ცხოვრების უაზრობასთან გასამკლავებლად ოთხი გზა აქვთ:
* დაღუზება – გარკვეული ღირებულების ან იდეალის ჩამოყალიბება, რომელსაც ადამიანი მიემხრობა და რომლისკენაც თანმიმდევრულად მიმართავს ყურადღებას. დაღუზების პრინციპები გამოიხატება ისეთი ცნებებით, როგორიცაა ღმერთი, ეკლესია, სახელმწიფო, მორალი, საზოგადოება, ადამიანის უფლებები... იგულისხმება ღირებულებათა ნებისმიერი სისტემა, რომელიც ცხოვრების ზოგად ჩარჩოს ქმნის.
* იზოლაცია – ცნობიერებიდან ყველა შემაწუხებელი ან დესტრუქციული აზრისა და განცდის განდევნა;
* ყურადღების გადატანა – ფიქრი იდეებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, მათ ხორცშესხმაზე ზრუნვა, ნაცვლად საკუთარ თავში გამოკეტვისა და დარდისა;
* სუბლიმაცია – უარყოფითი აზრებისა და ქმედებების ნაცვლად ენერგიის დადებითი მიმართულებით წარმართვა, შემოქმედებითობა.
მოგვიანებით ეს მოსაზრებები სხვა ფილოსოფოსებმა და ფსიქოლოგებმა განავრცეს. წარმოიშვა მოსაზრება, რომ ეგზისტენციური კრიზისი თავისთავად კატასტროფა არ არის და შესაძლოა სასარგებლოც კი აღმოჩნდეს – ეს არის მგრძნობიარე, ღრმა შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანების ტვირთი, რომელიც მათ ცხოვრების გაცნობიერებაში ეხმარება. ამ პოზიციაზე დგანან ეგზისტენციური ფილოსოფიის ისეთი წამომადგენლები, როგორებიც არიან ედმუნდ ჰუსერლი, მარტინ ჰაიდეგერი და ჟან პოლ სარტრი. ისინი ზემოთ აღწერილ გზებში არ ეძებენ შვებას და მიაჩნიათ, რომ თუმცაღა არ არსებობს უნივერსალური ჭეშმარიტება, საყოველთაოდ მისაღები აზრი იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს ცხოვრება, ინდივიდუალურ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი მნიშვნელობის აღმოჩენა და თვითრეალიზაცია.


განსაკუთრებით საინტერესოა ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის ვიქტორ ფრანკლის მოძღვრება, რომელსაც მან ლოგოთერაპია უწოდა. ფრანკლს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლია, რამაც გავლენა მოახდინა მთელ მის მსოფლმხედველობაზე. პირადი და პროფესიული გამოცდილების საფუძველზე მან ჩამოაყალიბა თეორია, რომ ადამიანის არსებობის მთავარი მიზანია, იპოვოს საკუთარი დანიშნულება და რომ ეს გვაძლევს ძალას, ცხოვრების ურთულესი გამოწვევებიც კი გადავიტანოთ.
ეგზისტენციურ ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ შფოთვა არ არის საშიში. მას თავისთავად შობს ადამიანის თავისუფლება, გააკეთოს არჩევანი და იტვირთოს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებაზე.


ამრიგად, ჩვენ ყველას გვიწევს ოთხ ეგზისტენციურ შიშთან გამკლავება: სიკვდილის არსებობის შიშთან, იზოლაციის შიშთან, უმნიშვნელობის შიშსა და თავისუფლების შიშთან. ამ შიშებს არ უნდა გავექცეთ; უნდა ვიკვლიოთ და მივიღოთ, რათა მათ აღარ გვმართონ.. ადამიანს შეუძლია, შფოთვა ცვლილებებისთვის გამოიყენოს.
ეგზისტენციური ფსიქოლოგები მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია თვითრეალიზაცია და მზის ქვეშ საკუთარი ადგილის პოვნა. ანუ ყოველი ადამიანი უნდა შეეგუოს საკუთარ მოკვდავობას და მარტოობას როგორც მოცემულობას და თავისი ცხოვრების ინდივიდუალური მნიშვნელობა ჩამოაყალიბოს.


ეგზისტენციური ფილოსოფია ყურადღებას ადამიანის არსებობის ოთხ გამოვლენაზე ამახვილებს:
* ფიზიკურზე – როგორ ურთიერთობს ადამიანი გარემოსა და საკუთარ სხეულთან, რამდენად შეუძლია სხეულებრივი აღქმა, რამდენად შეუძლია, უსმინოს სხეულს და პატივი სცეს ფიზიკურ შესაძლებლობათა ზღვარს;
* სოციალურზე – საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაზე, სამყაროში არსებობის წესების ცოდნაზე, თუმცა, საბოლოოდ, ადამიანი ფუნდამენტურად მარტოა;
* ფსიქოლოგიურზე, რაც გულისხმობს ადამიანის უნარს, ააგოს საკუთარი, უნიკალური სამყარო. ეს გამოვლენა მოიცავს ადამიანის წარსულ გამოცდილებებსა და მომავალ შესაძლებლობებს, იდენტობას, თვითობას. ამავე დროს, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა მოითხოვს გარკვეულ დრეკადობას, აწმყოში არსებულ სიტუაციებზე ადეკვატურ რეაგირებას, ახალი გამოცდილებების მიღებას, წლობით ნაძერწი ყალიბებისა და მიღებული ქცევების მიღმა გასვლას.
* სულიერზე – ადამიანის კავშირზე შეუცნობელთან, მის იდეებზე, ღირებულებებზე, ფილოსოფიურ ხედვაზე. არსებობის სწორედ სულიერი გამოვლენაა, რომ გამუდმებით ვეძებთ პასუხს კითხვაზე, რა როლი გვაკისრია ამქვეყნად, რა ნაწილი ვართ სამყაროს დიდ თავსატეხში.


თუმცა ვამჩნევ, რომ ბოლო დროს ეგზისტენციურ მიდგომაშიც შეინიშნება ცვლილებები. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (ეგზისტენციური მიდგომის აღზევება გასული საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო, ხოლო პიკს 1960–იანებში მიაღწია), დასავლურ სამყაროში ინდივიდუალობისთვის ბრძოლა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორიც 50 წლის წინ იყო. ეგზისტენციური მიდგომები საგრძნობლად შერბილდა და აღარ ისახავს მიზნად ადამიანის როგორც განცალკევებული არსების გაძლიერებას. მეცნიერები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თემის, დიდი ოჯახის, ახლობლების მნიშვნელობას. მაგალითად, თუ ადრეული გეშტალტთერაპია უფრო “ეგოისტურ” განვითარებას უსვამდა ხაზს (ცნობილია გეშტალტთერაპიული მანტრა: “მე იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ შენი მოლოდინი გავამართლო. არც შენ დაბადებულხარ იმისთვის, რომ ჩემი მოლოდინი გაამართლო. თუ შევხვდებით, მშვენიერია, თუ ვერ შევხვდებით – ესეც"). ახლა დაიწყო დისკუსიები იმის შესახებ, რამხელა გავლენას ახდენს ადამიანზე არსებული ფონი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანთა მიერ გაბმულ კავშირებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რეალიზდეს როგორც ინდივიდი და, ამასთან, რეალიზდეს სხვასთან დაკავშირების გზით.


თანამედროვე გეშტალტთერაპიის მიზანიც ეს არის: დაამყაროს კლიენტსა და თერაპევტს შორის ახალი ურთიერთობა, რომელიც კლიენტს საშუალებას მისცემს, სხვასთან გაცნობიერებული, ჯანსაღი კონტაქტის მეშვეობით შინაგანად გაძლიერდეს. ეს ცვლილება ბევრ თანამედროვე მიმდინარეობაში შეინიშნება, ფსიქონალიტიკოსებიც კი აღარ არიან ნეიტრალური, სკამზე წამოსკუპებული ექსპერტები, რომლებიც ტახტზე წამოწოლილ პაციენტს უემოციოდ უსმენენ. გეგონება, ეგზისტენციურმა მიდგომამ სრული წრე გაიარა: ერთმანეთზე გადაჯაჭვულ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ ადამიანთა ჯგუფიდან მოხდა უკიდურესად ინდივიდუალური, რეალიზებული, მაგრამ ამავე დროს მარტოსული ინდივიდის აღზევება, ახლა კი კვლავ თემისკენ ხდება შემობრუნება, ოღონდ ეს თემი, ეს საზოგადოება, ეს ოჯახი და ეს მთლიანობა ამჯერად ჩვენი არჩეულია, ჩვენი ცნობიერად აღებული გეზია და არა თავს მოხვეული ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გაუაზრებლად გადაეცემა.


თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციური გამოწვევა ასეთია: როგორ ვიპოვოთ ბალანსი, რომ არც საკუთარი საჭიროებები უგულებელვყოთ და სხვებთანაც დავამყაროთ მნიშვნელოვანი კავშირები? მეტიც: როგორ დავამყაროთ კავშირები, რომლებიც საჭიროებათა გააზრება–დაკმაყოფილებაში დაგვეხმარება – ოჯახური, სამსახურებრივი, მეგობრული და სხვა? თანამედროვე თერაპევტი უფრო რბილია, რადგან თანამედროვე კლიენტს სხვა მოთხოვნები აქვს. მას აღარ სჭირდება უკიდეგანო თავისუფლება და მარტოობა, რომელიც ამ თავისუფლებას მოაქვს. მან აღიარა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის მნიშვნელობა, სხვებთან პერიოდული ერთიანობის განცდის მნიშვნელობა... ის ეძებს წონასწორობას შინაგანსა და გარეგანს შორის.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: