როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობა
გააზიარე:
რომანტიკულ კომედიებში ასეა: მთავარია, სიყვარული მოიპოვო, მერე კი ყველაფერი თავისთავად დალაგდება. შესაბამისად, ინტერნეტი, სოციალური მედია, ჟურნალ-გაზეთები სავსეა რჩევებით, ინსტრუქციებით, ტრენინგებით, ქოუჩინგებით იმის შესახებ, როგორ მოვაწონოთ თავი პარტნიორს. სინამდვილეში მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, როგორ მივიქციოთ პარტნიორის ყურადღება, რაც სინამდვილეში ერთი-ორი თვითდახმარების წიგნის შემდეგ ნებისმიერს ადვილად გამოუვა, არამედ – როგორ შევინარჩუნოთ ნამდვილი, ჯანსაღი, გამაძლიერებელი ურთიერთობა.
რა რჩევები არსებობს რომანტიკული ურთიერთობის შენარჩუნებისთვის? გაგიკვირდებათ და მათი უმეტესობა არა წყვილურ დინამიკას, არა პარტნიორისგან რამის მოლოდინსა თუ მოთხოვნას, არამედ საკუთარ თავზე მუშაობას გულისხმობს.
რას ნიშნავს ეს?
1. ემოციურად გაიზარდეთ
ადამიანების უმეტესობას დისფუნქციური, სხვებისა და საკუთარი თავისთვის დამაზიანებელი ქცევა ახასიათებს. უარყოფითი გამოცდილება, ახლობლებისგან სიყვარულისა და მხარდაჭერის ნაკლებობა, ბავშვობის ტრავმები, რთული გარემო პირობები (მაგალითად, პანდემია ან ომი) ემოციური სიმწიფის დეფიციტს განაპირობებს. მაგალითად, თუ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ტრავმული მოვლენა მოხდა, შესაძლოა, პარტნიორთან ემოციურად თავს ზედმეტად ვიცავდე, მეშინოდეს გულახდილი სიახლოვის, ვერ ვამყარებდე გამართულ კომუნიკაციას, მუდამ ვშფოთავდე ურთიერთობაზე, უმიზეზოდაც კი.
შესაბამისად, ისეთი ზოგადი რჩევები, როგორიცაა “გქონდეთ ჯანსაღი კომუნიკაცია”, არ მუშაობს, რადგან ჯანსაღი კომუნიკაციის უქონლობა, რომელიც ნამდვილად ძირავს ნებისმიერ ურთიერთობას, ცალკე მდგომი სიმპტომი კი არ გახლავთ, ჩვენს კონტროლს რომ ექვემდებარება და შესაბამისი რჩევის წაკითხვის შემდეგ ჯადოსნურად იცვლება, არამედ კომუნიკაციის მიუღებელი სტილი მოჰყვება ჩვენს ემოციურ პრობლემებს. ასეთია, მაგალითად, შიში, გულახდილად დავანახოთ პარტნიორს, ვინ ვართ, მუდამ ცუდის მოლოდინი, თავდაჯერების ნაკლებობა ან თუნდაც ოჯახში ჯანსაღი კომუნიკაციის მოდელის არარსებობა.
ამიტომ თუ გვინდა, ურთიერთობა შევინარჩუნოთ, ჯერ საკუთარ ტრავმებს, ემოციურ მოუმწიფებლობას, შიშებს, შფოთვას და დისფუნქციურ ქცევებს უნდა დავუთმოთ დრო. რაც უფრო მეტად გვეყვარება საკუთარი თავი, რაც უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით, რაც უფრო უკეთესად გვეცოდინება, რა გვინდა ცხოვრებაში, მით უფრო ჯანსაღი ურთიერთობა გვექნება.
2. მიიღეთ კონფლიქტი, როგორც მოცემულობა.
წლები გავატარე ისეთი პარტნიორის გვერდით, რომელთანაც თითქმის არასოდეს მიჩხუბია, ურთიერთობის ბოლო ორი წელი კი გამუდმებით ვჩხუბობდი. ემოციური განვითარების რომელიღაც ეტაპზე ჩამომიყალიბდა მცდარი მოლოდინი, რომ კარგი რომანტიკული ურთიერთობა კონფლიქტისგან დაცლილ ურთიერთობას ნიშნავს.
სინამდვილეში შეუძლებელია, ორი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ადამიანი ყოველთვის ყველაფერზე თანხმდებოდეს. კონფლიქტი ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორიც შეთანხმება და სიმშვიდე. ერთი მეორეს ცვლის. კონფლიქტის დროს გვეძლევა საშუალება, გამოვთქვათ ჩვენი წუხილი და ერთად დავძლიოთ გამოწვევა, უფრო გავძლიერდეთ. კონფლიქტის გარეშე შეუძლებელია ცვლილება. კონფლიქტის გარეშე შეუძლებელია ზრდა. კონფლიქტის გარეშე შეუძლებელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა.
რა ხდება, როდესაც კონფლიქტს მუდამ გავურბივართ?
ისევ ჩემს მაგალითს რომ დავუბრუნდე, აღმოჩნდა, რომ კონფლიქტის განმუხტვის უნარები არ მქონდა. შესაბამისად, ყველა ჩხუბს მეტისმეტად განვიცდიდი და შედეგად ემოციურ რესურს ვხარჯავდი არა კონფლიქტის დროს წამოჭრილი საკითხების მოგვარებაზე, არამედ თავად კონფლიქტის ფაქტის გამო დარდზე. მეგონა, ეს ჩემი ურთიერთობის გაუმართავობაზე, გაუარესებაზე მიუთითებდა და ნაცვლად იმისა, რომ დასკვნები გამომეტანა და კონკრეტულ ცვლილებებზე მემუშავა, ვცდილობდი, ყველაფერი ისე მომეგვარებინა, რომ კონფლიქტი მეტად აღარ მომხდარიყო.
კონფლიქტის თავიდან არიდება კი ნიშნავს, რომ ოღონდ პარტნიორი არ გავაღიზიანოთ და ყველაფერზე ვეთანხმებით. დროთა განმავლობაში გვიგროვდება უკმაყოფილების განცდა, გვგონია, რომ ვერ გვხედავენ და ვერ გვაფასებენ, მსხვერპლის როლში შევდივართ. ჩემი დაკვირვებით, მსხვერპლი ან საკუთარი ხმისა და ინდენტობის გარეშე რჩება და ტოქსიკურ ურთიერთობაში ამოყოფს თავს, ან ეს დაგროვილი ბრაზი, წყენა, გაღიზიანება ერთ დღესაც ერთბაშად იფეთქებს. ადამიანი გაიაზრებს ყველაფერს, რაზეც უარს ამბობდა, მისი დამოკიდებულება 180 გრადუსით ტრიალდება. ასეთი ადამიანი საკუთარ თავზე ეგოისტურად ცენტრირებული ხდება და მას ვეღარ ვცნობთ, რადგან მიჩვეული ვართ დამთმობ, რბილ პიროვნებას, რომელიც ჩვენ გვერგებოდა, ახლა კი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და ტკივილს გვაყენებს.
შესაბამისად, აუცილებელია, გადავამოწმოთ ჩვენი მოლოდინები იმის თაობაზე, რა არის კონფლიქტი, როდის მიუღებელია ჩხუბი, რადგან ძალადობას უახლოვდება და როდის ემოციების გამოხატვისა და უკმაყოფილების გაზიარების გზაა. ასევე, უნდა ვისწავლოთ კონფლიქტის დროს კომუნიკაცია და კონფლიქტის შემდგომ აღდგენა. სხვა მხრივ ან გავექცევით კონფლიქტს, რაც საზიანოა ურთიერთობისთვის, ან მუდამ კონფლიქტში ვიქნებით, რაც ასევე საზიანოა.
3. დააწესეთ ჯანსაღი ემოციური საზღვრები.
ორი ადამიანის თანაარსებობა მუდმივი საქანელაა ემოციურ`ფიზიკურ დაახლოებასა და დაშორებას შორის. ურთიერთობაში ყოფნა ერთდროულად ორ ამოცანას გულისხმობს: 1. ვიყოთ გახსნილი სითბოსა და სიახლოვისთვის, გავცეთ და მივიღოთ მზრუნველობა, ყურადღება, სიყვარული; 2. მივცეთ ერთმანეთს დამოუკიდებლად ყოფნისთვის საჭირო სივრცე.
იმ კლიენტების უმეტესობა, რომლებიც ურთიერთობის პრობლემებით მოდიან ჩემთან, საზღვრების დადგენის სირთულეს აწყდება. ზოგიერთი ზედმეტად ეწებება პარტნიორს, მის გარეშე ვერ ფუნქციონირებს, სურს, მუდამ ერთად იყვნენ, ყველაფერი ერთად აკეთონ, პარტნიორის გარეშე თავს უსუსურად გრძნობენ, თავადაც სულ პარტნიორის საჭიროებებზე არიან ორიენტირებულები და ყოველთვის მას აყენებენ პირველ ადგილზე. ასეთი კლიენტები პარტნიორს სიყვარულით ახრჩობენ, თავად კი ვერასოდეს გრძნობენ თავს მშვიდად, გამუდმებით ეშინიათ, არ მიატოვონ. ზოგიერთი პარტნიორის მხრივ სიცივეს, დისტანცირებას, ერთად გატარებული დროის სიმცირეს და ჩაკეტილობას უჩივის. ასეთმა პარტნიორმა არ იცის, როგორ მიიღოს სითბო, არ უყვარს საჩუქრები, თბილი სიტყვები, გულახდილი საუბრები.
როგორც ზედმეტად ღია, ისე ზედმეტად დახურული საზღვრები ანგრევს ურთიერთობას. არ არსებობს რეცეპტი, როდის, როგორ, რამდენად უნდა გავიხსნათ პარტნიორთან. თუ საზღვრები მოქნილია, პასუხობს გამოწვევას, აქ და ამჟამად აღმოცენებულ საჭიროებას, თუ ხდება მშვიდი კომუნიკაცია სივრცესა თუ სიახლოვეზე, ურთიერთობა გაცილებით ჰარმონიული და ჯანსაღია.
წყვილი არ არის ორი არასრული ადამიანის ერთობა, წყვილი ორი თვითმყოფადი პიროვნების გაცნობიერებული კონტაქტის შედეგია.
მაგალითად, მე აუცილებლად მჭირდება რომანტიკულ პარტნიორთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ამიტომ ჩემთვის კომფორტულია ისეთი პარტნიორი, რომელიც დღეში ერთხელ მაინც დამიკავშირდება, მოწერით იქნება ეს, დარეკვით თუ ნახვით. ამავე დროს, დღის განმავლობაში ჩემი იდენტობის სხვა ნაწილებიც აქტიურდება – დროს ვუთმობ სამსახურს, შვილს, ჰობის, მეგობრებს, ოჯახს. არ მაქვს მოთხოვნილება, პარტნიორი ყველა ჩემს საქმიანობაში იყოს ჩართული ან თუნდაც ინფორმირებული იყოს ყველაფერზე, რაც დღის განმავლობაში გადამხდება თავს. კომუნიკაციის მოლოდინიც მოქნილია – არის დღეები, როდესაც უფრო მოწყვლადი ვარ და მეტი სიახლოვე და მხარდაჭერა მჭირდება, არის დღეები, როდესაც სხვა საქმიანობაა წამყვანი და მჭირდება მეტი სივრცე. ასეთივე პროცესებს გადის პარტნიორი – ზოგჯერ შესაძლოა მეტად იყოს დაკავებული და კომუნიკაციის ინტენსივობამ იკლოს, ზოგჯერ – პირიქით.
4. იყავით ისეთ ადამიანთან, რომელსაც პატივს სცემთ.
საზღვრების დაწესება და მათ შესახებ კომუნიკაცია მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მეორე ადამიანის აზრს პატივს ვცემთ. ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლებელია, თუ არ ვაღიარებთ ჩვენი პარტნიორის როგორც ცალკე, ჩვენგან გამოყოფილი ადამიანის მნიშვნელობას. პარტნიორის პატივისცემა გულისხმობს მისი მსოფლმხედველობის, მისი რწმენისა და ღირებულებების, მისი პოზიციების დაფასებას, მისი სურვილების შემჩნევას, მისი როგორც პიროვნების აღქმას.
ძალიან ხშირად თავდაპირველად გვიყვარდება არა კონკრეტული ადამიანი, არამედ ჩვენი წარმოდგენა ამ ადამიანზე. გაცნობას დრო სჭირდება და, როგორც წესი, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო უკეთესად ვხვდებით, რამდენად გვიზიდავს ადამიანი, თუმცა, თუ მიდრეკილი ვართ საკუთარი პოზიციიდან სამყაროს აღქმისკენ, შესაძლოა, დრო გავიდეს, ჩვენ კი მაინც ვერ შევამჩნიოთ, რამდენად განსხვავდება ჩვენ მიერ წარმოსახული პიროვნება იმისგან, ვინც ჩვენ გვერდითაა. შედეგად შესაძლოა გაგვიჩნდეს ცრუ მოლოდინი, გავბრაზდეთ, როდესაც ის ისე არ იქცევა, როგორც გვინდა ან ვერ გავუგოთ, როდესაც მისი პოზიცია ჩვენი პოზიციისგან განსხვავდება. მაგალითად, მე სტრესის დროს მჭირდება სიახლოვე, დაყვავება, ხოლო პარტნიორს – განცალკევება და მარტო დარჩენა. თუ მე არ გამაჩნია მისი განსხვავებული საჭიროების დანახვის უნარი, სიტუაციას ჩემებურად განვმარტავ, ვიფიქრებ, რომ პარტნიორს არ ვჭირდები და უჩემოდ ყოფნა ურჩევნია. ამ დროს მე მთლიანად ჩემს წარმოდგენას ვეყრდნობი და არ ვუშვებ, რომ სხვას შესაძლოა ჩემგან განსხვავებული, მაგრამ საპირწონედ მნიშვნელოვანი პოზიცია ჰქონდეს.
ურთიერთობის დასაწყისში, როდესაც ჭარბობს ილუზიები და ვნება, ძნელი დასადგენია, მართლა გვიზიდავს ადამიანი თუ ეს დროებითი გატაცებაა. ეცადეთ, დააკვირდეთ, რამდენად მოგწონთ თქვენი პარტნიორი როგორც პიროვნება, ვნება რომ არ გაკავშირებდეთ, რამდენად ემეგობრებოდით, რამდენად მისაღებია თქვენთვის მისი ცხოვრებისეული ხედვა და თუ არ ეთანხმებით, რამდენად შეგიძლიათ, საკითხს მისი თვალითაც შეხედოთ.
თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, პარტნიორიც გვითვალისწინებდეს, მხარს გვიჭერდეს და მზად იყოს გულახდილი ურთიერთობისთვის.
დასკვნა
ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად სწრაფი რეცეპტების ძიებას თავი უნდა დავანებოთ და უფრო სიღრმისეულად დავაკვირდეთ საკუთარ თავსაც და პარტნიორსაც. ყოველი კონკრეტული სიტუაციისთვის ათასი რჩევა შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ მთავარი ის საფუძველია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ისე ვიყოთ ურთიერთობაში, რომ არც თავი დავკარგოთ და არც პარტნიორი დავჩაგროთ. ამისთვის ბევრი დრო უნდა დავუთმოთ თვითგანვითარებას, სიყვარულს, საჭიროების შემთხვევაში – ცვლილებებს. თუ საკუთარ თავს მივიღებთ, აღარც კონფლიქტის გადატანა გაგვიჭირდება, აღარც საზღვრების დაწესება და აღარც მეორე ადამიანის საზღვრების აღქმა.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე