როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს თვითკონტროლი?

გააზიარე:

ბავშვის ისტერიკა მშობლისთვის მძიმე ასატანია, არ აქვს მნიშვნელობა, სასურველ სათამაშოზე უარს მოჰყვება ის, ტორტის მესამე ულუფის აკრძალვას თუ ძილის დროის მოახლოებას. ისტერიკა თავად ბავშვის ფსიქიკაზეც უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ გამოუმუშაოს პატარას თვითკონტროლის გრძნობა და ასწავლოს იმპულსური მოქმედებისგან თავის შეკავება.
თვითკონტროლის გამომუშავებაში დახმარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც მშობელს შვილისთვის შეუძლია: ეს უნარი მომავალში მის გაწონასწორებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რაციონალური აზროვნება და გაწონასწორებული ბუნება კი ცხოვრებისეული წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.

რა საჭიროა თვითკონტროლი
თვითკონტროლის გამომუშავებით ბავშვი სწავლობს სიტუაციის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას და სტრესულ ფაქტორებზე ადეკვატური რეაქციის გამომჟღავნებას, შესაბამისად, კონცენტრირებას პოზიტიურზე და არა ნეგატიურზე.
მაგალითად, თუ სადილამდე ნაყინზე უარი უთხარით, ბავშვს იმედი ექნება, რომ ისტერიკით დაგათმობინებთ და თავისას გაიტანს. თვითკონტროლის გამომუშავების შედეგად კი ის გააცნობიერებს, რომ თუ პანიკას ატეხს, ნაყინის ჭამის შანსს საბოლოოდ გაუშვებს ხელიდან, ამიტომ მოთმინებით დაელოდება სადილის დასრულებას, რათა დაპირებული ტკბილეული მიიღოს და მშვიდად მიირთვას.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, ბავშვს საკუთარი ქცევის კონტროლი ასწავლოთ.

ორ წლამდე
ჩვილები და ორ წლამდე ასაკის პატარები ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან, როდესაც არ ძალუძთ იმის გაკეთება, რაც უნდათ, ბრაზს კი ისტერიკით გამოხატავენ. ამ ასაკის ბავშვებზე საუკეთესოდ მოქმედებს ყურადღების გადატანა. სცადეთ, გაართოთ მათი საყვარელი სათამაშოთი, გამოიყენოთ მოულოდნელობის ეფექტი.
როდესაც პატარა ორ წელს მიაღწევს, შეგიძლიათ, მცირე ტაიმ-აუტის ტექნიკა მოსინჯოთ. ეს ფსიქოლოგების მიერ აპრობირებული მეთოდია და ძალიან კარგად ეხმარება ბავშვს დამშვიდებაში. ტაიმ-აუტის ტექნიკა გულისხმობს, რომ როდესაც ბავშვი ისტერიკას ატეხს, გაიყვანოთ სამზარეულოში ან სხვა, განცალკევებულ ოთახში, დასვათ საკმზე და ცოტა ხნით მარტო დატოვოთ. ეცადეთ, მანამდე არ მიხვიდეთ მასთან, სანამ წივილს, კივილს და ფეხების ბაკუნს არ შეწყვეტს. თუ შეატყვეთ, რომ ვერ მშვიდდება, ორი წუთი დაელოდეთ და ააყენეთ.
თავდაპირველად გაუჭირდება, მაგრამ ნელ-ნელა ისწავლის დამშვიდებას და ეს თქვენთან ერთად მასაც ძალიან დაეხმარება.
ამ მეთოდის მთავარი კონცეფცია დასჯაში არ აგერიოთ. დასჯა არაფერ შუაშია – ტაიმ-აუტის ტექნიკა ბავშვს ასწავლის, დამოუკიდებლად მოიპოვოს სიმშვიდე, რაც ძალიან საჭირო ცხოვრებისეული უნარია.

3-დან 5 წლამდე
ამ ასაკის ბავშვს უკვე შეიძლება უთხრათ, რომ სანამ სკამზე იჯდება, დამშვიდდეს, წივილ-კივილი შეწყვიტოს და თავის საქციელს დაუფიქრდეს, ხოლო როდესაც ამას გააკეთებს, სკამიდან ადგომის ნებას დართავთ. ეს ბავშვებს ძალიან ეხმარება თვითკონტროლის გამომუშავებაში. არ დაგავიწყდეთ მისი შექება, როდესაც ისტერიკას შეწყვეტს და თავს დაიმშვიდებს. უთხარით, რომ ამაყობთ მისით, ვინაიდან ხასიათის ასეთი სიმტკიცე გამოიჩინა; რომ ძალიან დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ და მალე საერთოდ აღარ დაგჭირდებათ ტაიმ-აუტების გამოყენება.

6-დან 9 წლამდე
სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვი უკეთ გაიაზრებს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ამა თუ იმ საქციელს, აცნობიერებს, რომ შეუძლია გააკეთოს არჩევანი კარგ და ცუდ ქცევას შორის და იმაზეც ფიქრობს, რომელ მათგანს ექნება მისთვის სასიკეთო შედეგი. ამ პერიოდში უკვე შეგიძლიათ, მასაც ასწავლოთ თვითკონტროლის მარტივი ტექნიკა: როდესაც შეატყობს, რომ თავს ვეღარ იკავებს და მზადაა ისტერიკაში ჩავარდნისთვის, თავს ძალა დაატანოს და გონებაში ათამდე დაითვალოს, მერე კი გადაწყვიტოს, ღირს თუ არა შექმნილი სიტუაცია ნერვების მოშლად და პანიკის ატეხად.
ეს მეთოდი არა მხოლოდ ბავშვებს, ზრდასრულ ადამიანებსაც ძალიან ეხმარება, ასე რომ, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ბავშვი ამ უნარის გამომუშავებას, მით უფრო გაუადვილდება მომავალში სტრესულ სიტუაციებთან საკუთარი ძალებით გამკლავება.

10-დან 12 წლამდე
ამ ასაკის ბავშვი გაცილებით უკეთესად ერკვევა საკუთარ გრძნობებში. წაახალისეთ, რომ დაფიქრდეს და გაიაზროს, რა აკარგვინებს კონტროლს საკუთარ თავზე. აუხსენით, რომ ასეც ხდება: მოცემულ მომენტში სიტუაცია საშინელი გვეჩვენება, მაგრამ როცა დავმშვიდდებით და ცივი გონებით შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ საქმე არც ისე ცუდად ყოფილა, როგორც გვეგონა. დაარწმუნეთ, რა მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაფიქრდეს და აწონ-დაწონოს ვითარება, რათა მასზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და მყისიერი, ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებით საქმე არ გაიფუჭოს.
დაეხმარეთ იმის გააზრებაში, რომ კონკრეტული სიტუაცია კი არ აბრაზებს, არამედ ის, თავად რა დამოკიდებულება აქვს შექმნილი სიტუაციის მიმართ. აუხსენით, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი განწყობა და აუცილებლად შეაქეთ, როდესაც დაინახავთ, რომ თქვენს რჩევებს ითვალისწინებს და ქცევისა და ემოციების კონტროლს ცდილობს.

13-დან 17 წლამდე
ამ ასაკში მოზარდების უმეტესობა უნდა ახერხებდეს თავის ხელში აყვანას. ამ პერიოდში ეცადეთ, ხშირად შეახსენოთ, რომ ყოველთვის დაფიქრდეს გრძელვადიან შედეგებზე – იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს ხვალ თუ ზეგ მის ამა თუ იმ საქციელს. გაიაზროს, ღირს თუ არა შექმნილი სიტუაცია კარის გაჯახუნებად, ნერვების შლად, ყვირილად და დედ-მამისთვის გულის ტკენად. კარგად დაფიქრება მომავალში საქმის საბოდიშოდ გახდომასაც ააცილებს თავიდან. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, ჩამოართვით ისეთი პრივილეგიები, როგორიცაა გვიანობამდე ფხიზლად ყოფნა, ღამით მეგობართან დარჩენა, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ წასვლა. როდესაც თავის შეცდომას მიხვდება და შეეცდება, უკეთ აკონტროლოს თავი, პრივილეგიებიც დაუბრუნეთ.

როდესაც ბავშვი კონტროლს კარგავს
როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, ისტერიკაში ჩავარდნილი ბავშვის შემყურე, ნუ დაკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე და ნუ უყვირებთ – ეს ყველაზე უარესი მაგალითი იქნება მისთვის და, ფაქტობრივად, მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. იყავით მკაცრი და შედეგზე ორიენტირებული, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და გააფრთხილეთ ბავშვი, რომ მის უკონტროლო საქციელს აუცილებლად შესაბამისი შედეგი მოჰყვება.
თქვენი მთავარი მიზანია, აჩვენოთ, რომ ისტერიკა არ არის ეფექტური გზა სასურველი ნივთის მოსაპოვებლად ან, უბრალოდ, სურვილის ასასრულებლად. არ დანებდეთ, თუ მაღაზიაში პანიკა ატეხა, იატაკზე გაწვა და გარშემო მყოფთა გამკიცხავი მზერის ობიექტად გაქციათ – რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, აჩვენეთ ბავშვს, რომ ასეთი საქციელით მიზანს ვერ მიაღწევს. მშვიდად შესთავაზეთ ალტერნატიული ვარიანტები.
გახსოვდეთ, რომ საუკეთესო მაგალითი თქვენი შვილისთვის თქვენ თვითონ ხართ. მაგალითად, თუ ძალიან გეჩქარებათ, გასაღებს კი ვერ პოულობთ, ნუ დაიწყებთ ნივთების აქეთ-იქით სროლას და ბილწსიტყვაობას, მშვიდად გაგრძელეთ ძებნა, რათა დაანახოთ ბავშვს, რომ ამ დროს ზედმეტ ნერვების შლას აზრი არ აქვს და ამ გზით გასაღების პოვნის პროცესს ნამდვილად ვერ დააჩქარებთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: