ქალები ალების ტყვეობაში

გააზიარე:

ავსტრიელმა სიმბოლისტმა გუსტავ კლიმტმა ცნობილ ტილოზე სიმბოლურად გამოსახა ქალის ცხოვრების სამი ეტაპი – უდარდელობა, სიმშვიდე და სასოწარკვეთილება. სამედიცინო კლასიფიკაცია ნაკლებრომანტიკულია, თუმცა მეცნიერულად უფრო ზუსტი: დაბადებიდან სქესობრივ მომწიფებამდე, სქესობრივი მომწიფებიდან მენოპაუზამდე და მენოპაუზიდან სიცოცხლის ბოლომდე.
მენოპაუზისკენ გარდამავალ პერიოდს თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები. ერთ-ერთი ტიპობრივი შეგრძნებაა უეცარი წამოხურება, რომელსაც ალებს ვუწოდებთ.
რას მოასწავებს ალები და როგორ მოვიქცეთ მათი დაწყებისას? სწორედ ამაზე გვესაუბრა კლინიკა “Test IMP-ს” გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი ეკატერინე ბახტაძე.

– ალები კლიმაქსურ პერიოდთან დაკავშირებული სიმპტომია. ქალი გრძნობს უეცარ წამოხურებას, უმთავრესად – სხეულის ზედა ნაწილებზე: ზურგზე, კისერზე, გულმკერდზე, სახეზე. წამოხურებას თან ახლავს გულის აჩქარება, ოფლიანობა. სიმპტომების სიმძაფრე, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. არც ყველა სიმპტომი შეინიშნება ყოველთვის. ზოგჯერ ალები ისე მსუბუქად მიმდინარეობს, რომ დისკომფორტს, ფაქტობრივად, არ იწვევს, ზოგჯერ კი მათ ერთვის სუნთქვის შეკვრა, უჰაერობის, მოგუდვის შეგრძნება.



რატომ ვითარდება.


– კლიმაქსი ქალის ორგანიზმისთვის დიდი გარდატეხის პერიოდია. დრო, როდესაც იწყება სასქესო ჰორმონების სრული დისბალანსი. სხეულში, რომელიც პროგესტერონისა და ესტროგენის დეფიციტს განიცდის, ითრგუნება საკვერცხის ფუნქცია, ეს კი ჰორმონულ უკმარისობას აძლიერებს. სწორედ ამ ჰორმონული ცვლილებების ფონზე ვლინდება უეცარი წამოხურების სიმპტომი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კლიმაქსურ პერიოდში ოთხიდან სამი ქალი ალებს უჩივის.

– რომელიმე სხვა მდგომარეობასაც ხომ არ ახასიათებს უეცარი წამოხურების შეგრძნება?


– ნებისმიერ დაავადებას, რომელიც ესტროგენ-პროგესტერონის დონის ცვლილებით მიმდინარეობს, შეიძლება თან ახლდეს უეცარი წამოხურება. იმავე ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ვეგეტატიური რეგულაციის მოშლა, ზოგჯერ ერთვის ენდოკრინული დარღვევებიც, და, შესაბამისად, ალები. თუმცა ტემპერატურის უეცარი მატება, ოფლიანობა ყველაზე ტიპობრივი და სპეციფიკურია მენოპაუზის პერიოდითვის.

თანმხლები სიმპტომები


– ალებს ხშირად თან ახლავს ოფლიანობა, გულის ფრიალი, სუნთქვის უკმარისობა. ქალები უჩივიან გულმკერდის ტკივილს, უსაფუძვლო შიშებს, შფოთვას. ხდებიან დეპრესიულები, საკუთარ თავში იკეტებიან, ერღვევათ ძილის რეჟიმი.
სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ ალების სამ კატეგორიას: მსუბუქს, როდესაც უეცარი სიცხის შეგრძნება დღეში დაახლოებით ათჯერ აღინიშნება, საშუალო სიმძიმისას – დაახლოებით ოცჯერ და მძიმეს – შეტევების რაოდენობა ოცს აღემატება.

SOS! საფრთხე ახლოსაა!

– როგორც ყოველგვარ ფუნქციურ დისბალანსს, ალებსაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები. უეცარი სიცხის შეგრძნების ერთი ეპიზოდიც კი უმძიმეს კვალს ტოვებს ქალის ორგანიზმზე. ძირითადი გართულებებია ფსიქოსოციალური დარღვევები, გულის იშემიური დაავადება. ხშირად ვითარდება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც საკმაოდ მდგრადია და ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. თუ ქალს აქვს თრომბებისადმი განწყობა და ვარიკოზული დაავადება, ალების შეტევას შესაძლოა თრომბოემბოლიური გართულებაც მოჰყვეს. არცთუ იშვიათია კალიუმის დეფიციტით განპირობებული ოსტეოპოროზი, მოძრაობის შეზღუდვა, რომლის მექანიზმს კვლავ ჰორმონულ დისბალანსამდე მივყავართ.



სირთულეები


– ჰორმონული ცვლილებებით გამოწვეული ალები, თან დართული ოფლიანობა, შფოთვა, სხეულის ზედა ნაწილის შეწითლება გარეშე თვალისთვის ადვილი შესამჩნევია, ამიტომ ქალები, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს, სტუმრად სიარულს და ხშირად სამსახურსაც კი ანებებენ თავს. ყოველდღიური ცხოვრების წესთან ერთად იცვლება მათი სექსუალური ცხოვრებაც. ჰორმონული ძვრების გამო ვითარდება საშოს სიმშრალე, შედეგად სქესობრივი აქტი ხდება მტკივნეული, უსიამოვნო, სუსტდება ლიბიდო და სქესობრივი ლტოლვა.



როდის მივმართოთ ექიმს


– ალების პირველივე შეტევისას მიმართეთ გინეკოლოგს. ექიმთან დროულად მისვლა ზრდის შანსს, გარდამავალ პერიოდს მინიმალური ზიანით დააღწიოთ თავი.
ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს ალები, მათთან დაკავშირებული პრობლემები, კლიმაქსური პერიოდი ქალმა ექიმის დაუხმარებლად უნდა გადალახოს. გარწმუნებთ: ექიმთან მისვლა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე გართულებები, რომელთა გამოც ქალები ხშირად ხდებიან კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და არცთუ იშვიათად ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტები.



როგორ ვებრძოლოთ


– მსოფლიოს გინეკოლოგთა ასოციაცია მკურნალობის ოქროს სტანდარტად ჩანაცვლებით თერაპიას მიიჩნევს. ჩანაცვლებითი თერაპია გულისხმობს დეფიციტური ჰორმონის, ესტროგენის, დონის შევსებას გარედან მიწოდებული ესტროგენით. არსებობს მცენარეული ფიტოესტროგენებიც, რომლებიც შესამჩნევად ამსუბუქებს უსიამოვნო სიმპტომებს: წამოხურებას, ოფლიანობას, ალებს, – და ზოგჯერ მათ გაქრობამდეც კი მივყავართ.
უნდა ითქვას, რომ მკურნალობა ხანგრძლივია და, იმავდროულად, ინდივიდუალური. ჰორმონოთერაპია, სულ მცირე, ექვსი თვე, სიმპტომების საბოლოო გაქრობამდე გრძელდება.
გვერდითი მოვლენების შიშით ქალები ხშირად გაურბიან ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას. მინდა, დავამშვიდო ისინი: როდესაც მედიკამენტები და მათი დოზები სწორადაა შერჩეული, არავითარი გართულება არ გემუქრებათ.


– როგორ აკეთებენ არჩევანს ჰორმონულ პრეპარატებსა და ფიტოესტროგენებს შორის?


– აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექიმის გადაწყვეტილებას. მან უნდა შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე, სიმპტომების ერთობლიობა, მათი გამოვლენის სიხშირე და ხანდაზმულობა.
თუ ცვლილებები ახალი დაწყებულია, ფიტოესტროგენებით მკურნალობას ვამჯობინებთ. საწყის ეტაპზე ბევრს ჰომეოპათიური მკურნალობაც უხდება. თუმცა ჩანაცვლებითი თერაპია ნამდვილად უკონკურენტოა. მისი სწორი გამოყენება საუკეთესო და საკმაოდ სწრაფ შედეგს გვაძლევს.
ჩანაცვლებითი თერაპიის დროს წამალი, მისი დოზა და მიღების სიხშირე აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს. მკურნალობის შეწყვეტასაც თავისი წესები აქვს: აკრძალულია პრეპარატის ერთბაშად მოხსნა; მიღება უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით, ხოლო თუ ალების შეტევა გამეორდა, მკურნალობა თავიდან უნდა დაიწყოს.
ხანგრძლივი ჰორმონული თერაპია არა მხოლოდ პაციენტებს – ექიმებსაც აშინებთ. ის მოითხოვს მუდმივ მეთვალყურეობას და დიდ სიფრთხილეს. ყველა ქალმა, რომელიც ასეთ თერაპიას იტარებს, უნდა გაიაროს მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა.



ხსნა ჩვენს ხელთაა


– სტატისტიკური მონაცემებით, ქალები, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან, ვარჯიშობენ, მოწესრიგებული აქვთ ძილის რეჟიმი, ყურადღებას აქცევენ წონას, უფრო ადვილად უმკლავდებიან ჰორმონული დისბალანსით გამოწვეულ დისკომფორტს, ალებსა და ოფლიანობას. კლიმაქსის პერიოდიც მათთვის უფრო მსუბუქად და უმტკივნეულოდ ჩაივლის. ცხოვრების ჯანსაღი წესი ხომ ძლიერი ორგანიზმის და მტკიცე იმუნიტეტის გარანტიაა.
თუმცა, ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ ამ ინტერვიუმ დაგაინტერესათ, რადგან ალების პერიოდული შემოტევა გაწუხებთ, სწორედ ახლაა დრო, უარი უთხრათ სიზარმაცეს და ახალი, ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოთ. ბევრი იარეთ ფეხით, ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ჩაერთეთ ფიზიკურ აქტივობებში, მიირთვით ჯანსაღი საკვები, ბევრი ბოსტნეული და ხილი, თავი დაანებეთ მოწევას, ერიდეთ ცხიმიან, მწარე, სანელებლებით შეზავებულ კერძებს, ალკოჰოლიან და კოფეინის შემცველ სასმელებს, სტრესულ გარემოს.

დაბოლოს...


– მინდა, ყველა ქალმა იცოდეს, რომ კლიმაქსური პერიოდი არ არის ახალგაზრდობის დასასრული და სიბერის დასაწყისი. ნუ შეუშინდებით ჩვენთვის მტკივნეულად აღსაქმელ წონის მატებას ან ნაოჭებს. ცხოვრება მშვენიერია და ეს მშვენიერება თქვენს ხელთაა. ცხოვრების წესის ცვლილებით და ექიმის მხარდაჭერით შეგვიძლია, ეს პერიოდი ყოველგვარი გართულების გარეშე ვმართოთ.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: