ვირუსები ბაქტერიების წინააღმდეგ – ანტიბიოტიკების ალტერნატივა?

გააზიარე:

ადამიანთა ინფექციური დაავადებების განვითარებაში მთავარი დამნაშავეები ვირუსები და ბაქტერიები არიან. ბევრი ბაქტერიული შტამი ივითარებს რეზისტენტობას, მდგრადობას ანტიბიოტიკების მიმართ. ვინაიდან ანტიბიოტიკრეზისტენტული ბაქტერიების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, მკვლევრები აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებას.
პენსილვანიაში მდებარე პიტსბურგის უნივერსიტეტში მკვლევართა ჯგუფმა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოთქვა მოსაზრება სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისადმი ახალი მიდგომის ეფექტიანობის შესახებ.


ამ მიზნით მათ ბაქტერიოფაგები, იგივე ფაგები გამოიყენეს. ფაგები არიან ვირუსები, რომლებიც შერჩევითად აინფიცირებენ და ხოცავენ ბაქტერიების შტამებს. სხვადასხვა ფაგი სხვადასხვა შტამის წინააღმდეგაა ეფექტური.
ინფექციების სამკურნალოდ ბაქტერიოფაგების გამოყენება ფაგური თერაპიის სახელწოდებით არის ცნობილი და მისი ისტორია თითქმის 100 წელიწადს ითვლის. საქართველოში ეს მიმართულება 1934 წლიდან აქტიურად ვითარდებოდა თბილისში მოქმედი სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულების – ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. ფაგების მიმართ თავდაპირველი ინტერესი ერთხანს შენელდა, რისი მიზეზიც იმ დროისთვის არსებული სასწავლო რესურსების შეზღუდულობა იყო, მაგრამ ბოლო ხანს თერაპიაში მიღწეულმა წარმატებამ ის ხელახლა გააღვივა.


ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის გრემ ჰეტფულის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში: ფრთხილად შერჩეული ფაგების საშუალებით შესაძლებელი გახდა მძიმე ინფექციის მქონე 15 წლის გოგონას განკურნება, რომელსაც დატვირთული ავადმყოფობის ისტორია ჰქონდა. ის ავად იყო ცისტური ფიბროზით – უკურნებელი გენეტიკური დაავადებით, რომელიც იწვევს სქელი ლორწოს დაგროვებას ორგანოებში, მათ შორის – ფილტვებშიც, რაც ინფექციებისადმი მაღალ მიმღებლობას განაპირობებს. 2017 წელს ლონდონის Great Ormond Street Hospital-ში გოგონას ფილტვების ორმაგი გადანერგვა ჩაუტარდა. ოპერაციიდან მცირე ხნის შემდეგ შეამჩნიეს, რომ ჭრილობა გაწითლებული იყო და არ ხორცდებოდა. ექიმებმა დაადგინეს, რომ განვითარდა ღვიძლის ინფექცია და რამდენიმე კვანძი სხეულზე. ეს კვანძები შეიცავდა ბაქტერიებს, რომლებიც მთელ კანს ედებოდა და ჭრილობის შეხორცებასაც უშლიდა ხელს. იმავე ჰოსპიტალში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით იწვა მეორე ახალგაზრდა პაციენტიც, რომელსაც ასევე ფილტვების ორჯერადი გადანერგვა ჩაუტარდა. ორივე პაციენტს განუვითარდა მიკობაქტერიით გამოწვეული ინფექცია, რომელიც არ ემორჩილებოდა ანტიბიოტიკებით თერაპიას.


მეცნიერებმა საავადმყოფოს ექიმებთან ერთად დაიწყეს ისეთი ბაქტერიოფაგების ძებნა, რომლებიც ეფექტურად გაანადგურებდა ამ ბაქტერიას. პროფესორი ჰეტფული შეისწავლის ფაგებს ტუბერკულოზის განკურნების მიზნით, რომელსაც სწორედ მიკობაქტერია იწვევს და ძირითადად ფილტვებს აზიანებს. ამიტომაც დაუკავშირდნენ მათ ლონდონელი კოლეგები და შესაბამისი ფაგის მოსაძიებლად ორივე პაციენტის ინფექციის გამომწვევი ბაქტერიული შტამების ნიმუშები გაუგზავნეს.
პიტსბურგელმა მეცნიერებმა მიაგნეს სამ პოტენციურად ვარგის ბაქტერიოფაგს, რომელთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ეფექტური, დანარჩენი ორი კი გენომის შეცვლის გზით გააუმჯობესეს.
მეცნიერთა მიერ შექმნილი ფაგების ეფექტური და უსაფრთხო ნაზავი პაციენტებისთვის დღეში 2-ჯერ შეჰყავდათ. თითოეული დოზა ფაგის მილიარდ ნაწილაკს შეიცავდა.
მკურნალობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ ინფექცია თითქმის გაქრა.


ამგვარად, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ფაგების გენეტიკური კვლევა და სამიზნეზე მათი მოქმედების შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება ანტიბიოტიკური თერაპიის ეფექტური ალტერნატივის შემუშავებასა და დანერგვაში ანტიბიოტიკრეზისტენტული შტამების წინააღმდეგ.

სისხლის ახალი ტესტი ინფარქტისა და ინსულტის პროგნოზირებისთვის

გულის შეტევის სადიაგნოზო მარტივი სისხლის ანალიზით შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის დიდი სიზუსტით შეფასება მოხერხდეს. ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ბეილორის სამედიცინო კოლეჯში, კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქრისტი ბალენტაინმა და მისმა გუნდმა ახლახან აღმოაჩინეს ამ ანალიზის უფრო ინფორმაციული ვარიანტი – ტროპონინ I-ის მაღალმგრძნობიარე ტესტი, რომლითაც შესაძლებელია ინფარქტისა და ინსულტის პროგნოზირება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმპტომების გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე შუახნის ან უფრო ასაკოვან ჯანმრთელ პაციენტებში.


მკვლევრებმა შეისწავლეს 54-დან 74 წლამდე ასაკის 8121 ადამიანი, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადების ისტორია. საკვლევ პირთა 90%-ს ტროპონინის დონე მომატებული აღმოაჩნდა. პროფესორ ბალენტაინის აზრით, ადამიანები, რომლებსაც არ უდასტურდებათ გულის დაავადების არც ერთი ნიშანი და მომატებული აქვთ ტროპონინ I-ს დონე, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მომავალში ინფარქტის, კორონარული დაავადების, ინსულტის, გულის უკმარისობის განვითარებისკენ. 60 წლიდან პროგნოზული თვალსაზრისით გაცილებით საიმედოა ტროპონინის როგორც გულის დაზიანების ბიომარკერის კვლევა, ვიდრე მხოლოდ ისეთ რისკფაქტორებზე დაყრდნობა, როგორებიცაა არტერიული წნევის ან სისხლში ქოლესტეროლის დონის მაჩვენებლები.


ტროპონინი სპეციფიკური ცილაა, რომელსაც დაზიანებისას გამოყოფს გულის კუნთი. ნორმაში ტროპონინის დონე ისეთი დაბალია, რომ სისხლში არ განისაზღვრება, ამიტომ მისი აღმოჩენა გულის დაზიანებას მოწმობს. ინფარქტის დიაგნოსტიკისთვის სისხლში ამ ცილის ორ ფრაქციას იკვლევენ – ტროპონინ T-ს და ტროპონინ I-ს. პროფესორ ბალენტაინის აზრით, ამ ორი ტესტის ერთდროული ჩატარებით შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის დიდი სიზუსტით შეფასება. ტროპონინ I-ს მაღალმგრძნობიარე ტესტი სისხლში ამ ცილის მცირე კონცენტრაციის განსაზღვრის საშუალებასაც კი იძლევა.


ტროპონინ I-ს მაღალმგრძნობიარე ტესტი უკვე გამოიყენება ევროპაში მოსალოდნელი კარდიოვასკულური მოვლენების პროგნოზირებისთვის.
კვლევის თანახმად, ტესტი კიდევ უფრო ინფორმაციულია, როდესაც მის შედეგებს განიხილავენ კარდიოვასკულური რისკის შესაფასებელი კალკულატორის შედეგებთან ერთად. ამ კალკულატორით ფასდება ინფარქტის ან ინსულტის განვითარების ალბათობა მომავალი ათი წლის განმავლობაში.

რა აკავშირებს D ვიტამინს ასთმასთან

მერილენდის ქალაქ ბალტიმორში მდებარე ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარტარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის დაბალი დონე სასუნთქი გზების პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ქალაქის შენობებში ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ მსუქან ბავშვებს. ბალტიმორში, რომელიც ურბანული დასახლების ტიპური ნიმუშია, 9 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ 120 აფროამერიკელ ბავშვს, იკვლევდნენ კავშირს მათ სისხლში D ვიტამინის შემცველობას, ასთმის სიმპტომებს და მათ სახლებში ჰაერის დაბინძურების დონეს შორის. ყველა ბავშვს ჰქონდა ასთმა, მესამედს კი სიმსუქნეც.


ასთმა და მისი გართულებები განსაკუთრებით ხშირად აფროამერიკელ ბავშვებთან აღირიცხება. მათ ასევე ხშირად უდასტურდებათ D ვიტამინის დეფიციტი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს არასწორი კვებით და კანის შედარებით მუქი ფერით, რაც D ვიტამინის გამომუშავებას აფერხებს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 12-დან ერთ ამერიკელ ბავშვს, ჯამში – 6 მილიონზე მეტს, ასთმა აქვს. შენობა-ნაგებობებში ჰაერის დაბინძურება საგრძნობლად ზრდის ასთმის განვითარების ალბათობას, განსაკუთრებით – ქალაქელ ბავშვებში, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებენ.
ფაქტორებს, რომლებიც ურბანული დასახლებების მცხოვრებთა შორის ასთმის განვითარებას განაპირობებს: ჰაერის დაბინძურებას, სიმსუქნეს, არასრულფასოვან კვებას, გენეტიკას, – მეცნიერთა დასკვნით, ემატება D ვიტამინის დაბალი დონეც, რომელიც ასთმის მიმდინარეობაზე დაბინძურებული ჰაერის უარყოფით გავლენას ამძიმებს. დადგინდა, რომ ურბანულ დასახლებებში მცხოვრებ მსუქან ბავშვებს, რომლებსაც სისხლში D ვიტამინის დონე ნორმალური ჰქონდათ, უფრო ნაკლებად აწუხებდათ ასთმის სიმპტომები.


ამგვარად, სიმსუქნე, ისევე როგორც ჰაერის დაბინძურება, ასთმის მართვისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია, სისხლში D ვიტამინის დონის მოწესრიგებით კი შესაძლებელია ასთმის სიმპტომების შემსუბუქება და ამ ფაქტორების უარყოფითი გავლენის შემცირება.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: