ეკომეგობრული შენობების ფასი
გააზიარე:
ალბათ მიგვიხვდით, რომ ეს სტატია საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულებას კი არ ეხება, არამედ იმას, რა სიკეთის მოტანა შეუძლია თანამედროვე კონსტრუქციებს, რომლებშიც ეკოლოგიურად სუფთა გარემო და უმაღლესი დონის საცხოვრებელი პირობებია. ასეთ შენობებზე ბოლო დროს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ. XXI საუკუნეში ადამიანებს მხოლოდ ჭერი არ აკმაყოფილებთ – შენობა კომფორტული უნდა იყოს, მასში ცხოვრება არ უნდა ვნებდეს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.
რაც უფრო მაღალი სტანდარტისაა შენობა, მით უფრო მეტს ველით მისგან: ის უნდა იყოს ნათელი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი, ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვის საშუალებას იძლეოდეს, მის გარშემო კი თვალს ახარებდეს სასიამოვნო სიმწვანე.
საიდან იწყება მეგობრობა
ეკომეგობრულ შენობებს მწვანე შენობებსაც უწოდებენ. რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას დავუძახებთ – მთავარია, რას ვგულისხმობთ მათ უპირატესობაზე საუბრისას.
ეკომეგობრულად მოიაზრება ნაგებობა, რომელშიც გამოყენებულია:
* მეორეული გადამუშავების (მინა, ლითონი) ან განახლებადი (ბამბუკი, რეზინა) საშენი მასალა;
* ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა – რას ნიშნავს ეს, მომდევნო თავში აგიხსნით;
* საღებავი, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს აქროლად ორგანულ ნივთიერებებს. ჭარბი შემცველობის პირობებში ეს ნივთიერებები ტოქსიკურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამაზეც ერთ-ერთ თავში ვისაუბრებთ;
* სახურავის გამწვანება. სახურავზე პატარა სუბტროპიკული კუნძულის მოწყობა ძალიან გონივრულია რამდენიმე მიზეზით: მშვენიერი დასასვენებელი ადგილია, ეფექტურად იყენებს წვიმის წყალს (საწვიმარი ღარების სისტემა ნაკლებად იტვირთება და მწყობრიდან იოლად აღარ გამოდის), დაბოლოს, შთანთქავს – ესე იგი, ჩვენამდე აღარ უშვებს – ჭარბ ულტრაიისფერ გამოსხივებას;
* შუშაბანდი. დიდი ფანჯრები, შუშის კედლები იძლევა ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას და ელექტროენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჭარბი გაშუშიანებაც არ არის კარგი – არაენერგოეფექტურია. შუშაბანდის გათბობას გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი ოთახებისას;
* განახლებადი ენერგიის წყარო. ამის საუკეთესო მაგალითია მზის პანელები, რომლებიც “მწვანე პოლიტიკის” მიმდევარ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ყველაზე მოხმარებად ენერგიის წყაროდ იქცა;
* წყლის ეფექტური მოხმარება, რაც, უპირველესად, მის მეორეულ გამოყენებას გულისხმობს. კერძოდ, შენობა აღჭურვილია სისტემით, რომელიც ნახმარ წყალს ფილტრავს და ხელახლა უშვებს ცირკულაციაში მეორეული საჭიროებებისთვის (მაგალითად, ტუალეტის ჩასარეცხად). მეტი ეკონომიურობისთვის სანიტარულ ტექნიკას აქვს თვითჩაკეტვის მექანიზმი.
იცოდით, რომ ეკომეგობრული შენობების ბინადრებს, ასევე მათ, ვისაც “მწვანე” ოფისში უწევთ მუშაობა, თავის ტკივილი, ასთმა და ალერგია გაცილებით იშვიათად აწუხებთ, ვიდრე ჩვეულებრივი, არაეკოლოგიური შენობების მობინადრეებს და თანამშრომლებს?
ნაკლები ენერგია, მეტი ეფექტი
ენერგოეფექტურობის არსი ენერგიის ეფექტური გამოყენებაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი დაზოგვა. ენერგოეფექტურია შენობა, რომელიც ენერგიის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს.
შენობა საამისოდ გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, კედლების სისქისას, საშენი მასალისას. ენერგიის ეფექტური გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია სახლის ბინადართა ქცევაც. ამაზეც გესაუბრებით, მანამდე კი შენობას დავუბრუნდეთ.
იმისთვის, რომ შენობამ სითბო ან სიგრილე დააკავოს, კედელი მეტისმეტად თხელი არ უნდა იყოს. შესაძლოა, შეგიმჩნევიათ, რომ ძველებურ, სქელკედლებიან შენობებში ზამთარში გათბობის გარეშეც თბილა, ხოლო ზაფხულში სასიამოვნოდ გრილა.
მნიშვნელობა აქვს მასალასაც, რომლისგანაც შენობაა ნაგები. ძველებური, ფოროვანი აგური დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ღუმლის მსგავსად ათბობს შენობის ჰაერს, ახალი ყაიდის, დაპრესილი ან ხელოვნური მასალის აგური, ისევე როგორც სამშენებლო ბლოკი, იოლად თბება და იოლად გრილდება. ასეთ სახლში სითბოს შეკავება ჭირს. სახლები, რომლებიც სინთეზური მასალისგანაა ნაშენები და თხელია, სითბოს და სიგრილეს ფაქტობრივად ვერ იჭერს. სამაგიეროდ, გაცილებით იაფია და შესაძლოა, ამიტომაც იყოს, რომ თხელკედლებიანი, ნაკლებსითბოდამჭერი მასალის შენობები ასე მომრავლდა.
მნიშვნელობა აქვს კარ-ფანჯარის ხარისხსაც. ლითონ-პლასტმასისა, თავისთავად ცხადია, უფრო ჰერმეტულად იხურება, ვიდრე ხისა, შესაბამისად, სითბოსაც და სიცივესაც უკეთესად აკავებს, თუმცა ხის კარ-ფანჯარასაც აქვს თავისი ღირსება: ბუნებრივი მასალა ოთახში უფრო ჯანსაღ გარემოს ქმნის.
ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად ასევე სასურველია შემდეგი წესების დაცვა:
* ე.წ. LED ნათურების გამოყენება, რომლებიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და უფრო მეტი გამძლეობითაც გამოირჩევა;
* სახურავის სხივამრეკლი მასალით გადახურვა. სასურველია, ფერიც ღია იყოს, რომ სხივებს ნაკლებად შთანთქავდეს. ამ შემთხვევაში ზაფხულში უფრო გრილი სახლი გექნებათ;
* ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მაცივარი, სარეცხი მანქანა...) გამოყენება, რომელსაც ენერგიის დაზოგვის მექანიზმი აქვს.
ბინადართა ქცევა ვახსენეთ. მას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ადამიანი შუქს აქრობს, როდესაც არ სჭირდება, ონკანს კეტავს, რომ წყალმა ფუჭად არ იდინოს – ყველაფერი ეს ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს.
კოდური სიტყვა VOC
VOC – ეს ინგლისური სიტყვათშეთანხმების აბრევიატურაა. Volatile Organic Compounds ორგანულ აქროლად ნაერთებს ნიშნავს. მაშასადამე, VOC-ის ქართული ეკვივალენტი იქნება ოან. ეს ნივთიერებები საკმაოდ ტოქსიკურია და მათი სიჭარბე ჯანმრთელობას ვნებს. დიდი რაოდენობით ოანი გამოიყოფა ბენზინის, ხის, ქვანახშირის წვისას. გარდა ამისა, ოანების სიჭარბით გამოირჩევა სიგარეტის კვამლი, გამხსნელები, საღებავები, სამშენებლო მასალა, წებო, ხის ზედაპირის დამცავი საშუალებები, საწმენდი და სადეზინფექციო ხსნარები, რეპელენტები, ჰაერის დეოდორანტები, პრინტერის მელანი, პესტიციდები.
ორგანული აქროლადი ნაერთები ჩვენს ორგანიზმში უმთავრესად ჰაერთან ერთად ხვდება ჩასუნთქვისას, თუმცა მათ ისეთი პროდუქტებიც შეიცავს, რომლებთანაც ხელით შეხება გვიწევს. შესაბამისად, ოანები ჩვენს სხეულში კანის საშუალებითაც აღწევს.
ოანების ხანმოკლე ზემოქმედების დროსაც კი არსებობს ჯანმრთელობის უსიამოვნო ცვლილებების რისკი. ესენია: თვალებისა და სასუნთქი გზების გაღიზიანება (თვალების სიწითლე, ხველა, ყელის ტკივილი), თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა (გაორება, დაბინდვა), მეხსიერების დაქვეითება.
თუ ოანების ხანმოკლე ზემოქმედებაც კი ესოდენ არასასურველ ეფექტს ახდენს, რა გასაკვირია, ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გაცილებით მძიმე გართულებები ვითარდებოდეს: თვალებისა და სასუნთქი გზების ძლიერი გაღიზიანება, რომელსაც ქრონიკული ხასიათი აქვს, გულისრევის შეგრძნება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუხვევა, ღვიძლის, თირკმელების და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ავთვისებიანი სიმსივნე.
ჯანსაღ შენობაში ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, მის ბინადართა ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, მაგრამ ამ სიტუაციისგან სარგებელს იღებს მთელი პლანეტა, რომელსაც ჭარბი ნახშირორჟანგის გამო სუნთქვა უჭირს.
ნახშირორჟანგი, რომელიც გარემოში სუნთქვის (ჟანგბადის წვის) შედეგად გამოიყოფა, სიჭარბისას ნეგატიურად მოქმედებს ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობაზე. დიდი მოცულობით ნახშირორჟანგს გამოყოფს ქარხნები, ტრანსპორტი, შენობა-ნაგებობები, სადაც ენერგიის წყაროდ ისეთ მასალას იყენებენ, რომელიც წვის შედეგად ნახშირორჟანგს აფრქვევს.
გარდა ამისა, ატმოსფეროში დაგროვილი ნახშირორჟანგი სითბოს აკავებს და დედამიწის გადახურებას უწყობს ხელს, ამიტომ მას გლობალური დათბობის მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ. მსოფლიოს მასშტაბით სწორედ ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციაა იმის ინდიკატორი, რამდენად მოწყვლადია დედამიწის ესა თუ ის არეალი კლიმატის ცვლილებისადმი, ბუნებრივი კატასტროფებისადმი.
წარმოიდგინეთ, რამდენ ნახშირორჟანგს დავზოგავთ ენერგოეფექტური ქცევით. ძნელი წარმოსადგენია? ციფრებს მოგაშველებთ: მსოფლიოში ნახშირორჟანგის ემისიის (გამოფრქვევის) 20% სამშენებლო სექტორზე მოდის. აქედან 80%-ის წყაროა ელექტროენერგია და გაზი, რომელიც გათბობა-გაგრილებისთვის გამოიყენება.
ინა ჟირარი