დისმეტროფსია ანუ ელისი საოცრებათა ქვეყანაში
გააზიარე:
თუ ერთ მშვენიერ დღეს კურდღლის სოროში ამოყავი თავი და თავბრუდამხვევი თავგადასავლის გმირად იქეცი, შეგიძლია, მშვიდად გააგრძელო – როგორც ჩანს, სიზმრად ლუის კეროლის ფერად ზღაპარში მოხვდი. რეალური ცხოვრება კი ზღაპარს არ ჰგავს და მშვიდად ყოფნაც ძნელია, როდესაც დისმეტროფსიის დიაგნოზით გიწევს ცხოვრება.
“ელისი საოცრებათა ქვეყანაში” იშვიათი სინდრომია, რომლისთვისაც დამახასიათებელია დროებითი დეზორიენტაცია და გარე სამყაროს დამახინჯებული აღქმა. სინდრომი მოიცავს გრძნობის ყველა ორგანოს. შეტევის დროს ადამიანს თავისი სხეული უფრო დიდი ან პატარა ეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. იცვლება საგნების ზომაც. იკარგება დროის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ილუზია ვიზუალურია, მეცნიერები დამნაშავედ არა მხედველობის ორგანოს, არამედ თავის ტვინს მიიჩნევენ. სწორედ მასზეა დამოკიდებული თვალით დანახულის აღქმა და გააზრება. დამახასიათებელი გამოვლენის გამო ელისის სინდრომს დისმეტროფსიასაც უწოდებენ. ეს ბერძნული წარმოშობის ტერმინია და აღნიშნავს მხედველობით ილუზიებს, მათ შორის - საგნების ზომასა და ფორმის ცვლილებასთან დაკავირებულ ჰალუცინაციებს (დყს – ცუდი, მეტრონ – გაზომვა, ოპსია - მხედველობა).
- საიდან მოდის
ელისის სინდრომის დროს ცვლილებებია თავის ტვინის იმ უბანში, რომელიც იღებს ინფორმაციას დანახულისა და გაგონილის შესახებ. სწორედ ეს ცვლილებები ახდენს გავლენას საკუთარი სხეულისა და გარე სამყაროს აღქმაზე. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინისთვის ელისის სინდრომი ჯერ კიდევ უცნობი მიწაა, მეცნიერები თანხმდებიან მისი წარმოშობის ორ თეორიაზე: ვასკულარულსა და ელექტრულზე. ეს თეორიები გულისხმობს, რომ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას მოჰყვება პათოლოგიური, ზედმეტი ელექტრული ტალღების აღმოცენება, რომლებიც, თავის მხრივ, ვიზუალური აღქმისა და შეგრძნებების დარღვევას იწვევს. აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა მოხდეს თავის ტვინის როგორც ერთ, ისე რამდენიმე უბანში.
თავის ტკივილის დროს სამყარო ზოგჯერ უცნაური ხდება. ფერები იცვლება, საგნები ჩვენ გარშემო ტრიალებს, დრო ჩერდება. ძლიერი ტკივილის დროს კი თავი შესაძლოა გულივერივით დიდი ან ჭიანჭველასავით პატარა გვეგონოს. ძლიერი და, იმავდროულად, ქრონიკული თავის ტკივილი შაკიკს ახასიათებს. ხშირად სწორედ შაკიკის დროს ვლინდება ელისის სინდრომიც. შეტევა შეიძლება დაიწყოს როგორც აურით, ისე აურის გარეშე. აურა ის სიმპტომებია, რომლებიც ტკივილის მოახლოებაზე მიგვანიშნებს: უსიამოვნო ხმაური ყურებში ან მხედველობის დაბინდვა.
დისმეტროფსიის მიზეზებად ასევე მოიაზრებენ:
* სტრესს;
* ჰალუცინოგენურ მედიკამენტებს;
* ეპილეფსიას;
* ინსულტს;
* ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეულ ინფექციებს;
* თავის ტვინის სიმსივნეს.
- როგორ ამოვიცნოთ
ბავშვობაში ყველას გვიოცნებია საყვარელ ზღაპარში მოხვედრაზე, თუმცა ცოტას თუ ენდომება იმ ვიზუალური ილუზიების განცდა, რომლებსაც ლუის კეროლის ზღაპრის პერსონაჟი განიცდიდა. ალბათ გვახსოვს, როგორ დაპატარავდა ელისი ბოთლიდან ელექსირის დალევის შემდეგ და რა ვეებერთელა გახადა ნამცხვარმა.
აი, ელისის სინდრომის მქონე პირებს კი დროდადრო მართლაც ეუფლებათ ასეთი შეგრძნებები. გრძნობენ, როგორ “იზრდება” (მაკროფსია) ან “პატარავდება” (მიკროფსია) მათი სხეულის ნაწილები (ან სულაც მთელი სხეული), იცვლება მათ გარშემო არსებული საგნების ზომა და ფორმა, ყურში ხმამაღალი საუბარი ჩაესმით, დრო კი ჩერდება ან ნელა გადის.
ელისის სინდრომის თანმხლები კიდევ ერთი საინტერესო სიმპტომია ზოოფსია – ჰალუცინაციის ის ფორმა, როცა ადამიანი მის გარშემო მოსიარულე ცხოველებს “ ხედავს”. საბედნიეროდ, ჰალუცინაციის ეპიზოდი სულ რამდენიმე წუთი გრძელდება.
დამახინჯებული ილუზიები შეიძლება ზედიზედ რამდენიმე დღე, დღეში რამდენჯერმე განმეორდეს, მერე კი თვეებისა და წლების განმავლობაში აღარ შეგვახსენოს თავი. რაც უფრო იშვიათდება შეტევები და იზრდება მათ შორის დროის ხანგრძლივობა, მით უფრო დიდია სინდრომის მთლიანად გაქრობის შანსი.
მაკროფსია და მიკროფსია თავისთავად არ არის საშიში და რამდენიმე წუთში გაივლის. საშიშია ჰალუცინაციით გამოწვეული პანიკა, რომლის დროსაც ადამიანმა შეიძლება რამე დაუშავოს საკუთარ თავს ან გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით – თუ შეტევის დაწყებისას საჭესთან ზის.
ასეთი პაციენტებისთვის მთავარი ფსიქოსოციალური პრობლემა საზოგადოების მათდამი დამოკიდებულებაა. ისინი ხშირად მალავენ სინდრომს, იმის შიშით, რომ შეურაცხადებად ან მატყუარებად გამოაცხადებენ, თუმცა მარტივი ასახსნელი და აუცილებლად გასაგებია, რომ ეს სინდრომი არ მიკუთვნება ფსიქიატრიის სფეროს. პირველი: მას ახასიათებს პერიოდულობა - 10-30-წუთიანი ხანგრძლივობის შეტევა. მეორე: ეპიზოდის დროს ადამიანმა იცის, რომ ეს ილუზიაა და არ კარგავს რეალობის შეგრძნებას. თუმცა ბავშვობაში განვითარებულმა ელისის სინდრომმა შესაძლოა კვალი დააჩნიოს ფსიქიკას და ხანგრძლივი ჰალუცინაციები შემდგომ საფუძვლად დაედოს ისეთ ფსიქიკურ აშლილობას, როგორიცაა შიზოფრენია. ამიტომაც ფსიქოლოგები ხშირად მოგვიწოდებენ მშობლებს, შვილებს მათი ილუზიების დახატვა ვთხოვოთ – რას ხედავენ, რას გრძნობენ...
- ვის მივმართოთ დახმარებისთვის
თუ გაღვიძებისას რეალობას ვერ დაუბრუნდით და გეჩვენებათ, რომ საკუთარ ოთახში ვეღარ ეტევით, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ნევროლოგს – სპეციალისტს, რომელიც გამოიკვლევს თქვენს ნერვულ სისტემას, თავისა და ზურგის ტვინს. ექიმის ყველა კითხვას გულწრფელად უპასუხეთ და დაწვრილებით აღუწერეთ ყველა სიმპტომი, რომ თქვენი დახმარება შეძლოს.
გარდა გამოკითხვისა, ექიმი მოგთხოვთ:
● სისხლის საერთო ანალიზს, რომელიც გამოავლენს ეპშტეინ-ბარის ვირუსის არსებობა-არარსებობას;
● მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MღI), რომელიც დეტალურად გამოიკვლევს თავის ტვინს, მასში არსებულ წარმონაქმნს თუ სისხლძარღვოვან პრობლემას;
● ელექტროენცეფალოგრამას - თავის ტვინში წარმოქმნილი ელექტრული ტალღების აღრიცხვასა და შეფასებას.
- მკურნალობა
დისმეტროფსიის მკურნალობის გაწერილი გეგმა, სამწუხაროდ, არ არსებობს. თუ თქვენ ან თქვენი შვილი აღნიშნულ სიმპტომებს განიცდით, საუკეთესო გამოსავალი ექიმთან მისვლა და იმ დაავადების აღმოჩენაა, რომელსაც შეუძლია, ელისის სინდრომი გამოიწვიოს. ექიმთან ერთად “დამნაშავის” ამოცნობისა და მკურნალობის დაწყების შემდეგ ეპიზოდები ნელ-ნელა გაიშვიათდება და საბოლოდ გაივლის კიდეც. მაგალითად, თუ აღმოგაჩნდათ ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომელსაც ელისის სინდრომი დაერთო, ექიმი დაიწყებს ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობას და ამის ფონზე დისმეტროფსიაც უკვალოდ გაქრება.
იშვიათად, მაგრამ მაინც - ხდება, რომ ელისის სინდრომს იწვევს არა კონკრეტული დაავადება, არამედ სტრესი ან დატვირთვით გამოწვეული ძლიერი თავის ტკივილი. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმები გვირჩევენ, მივდიოთ იოგას, ვიკვებოთ ჯანსაღად და მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი.
ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ასეთია:
* ვჭამოთ ბევრი ხილი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, ცოტა ხორცი.
* დღის განმავლობაში ვჭამოთ 4-5-ჯერ, პატარ-პატარა ულუფებად. ვერიდოთ შიმშილს – მას შეუძლია, თავის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.
* არ მივიღოთ ალკოჰოლი და ბევრი ტკბილეული.
- ზღაპრის ბოლო კეთილია
პროგნოზი, როგორც წესი, დამოკიდებულია სინდრომის გამომწვევ ძირეულ დაავადებაზე, მის დროულ აღმოჩენასა და მკურნალობაზე. სირთულეს ხშირად წარმოშობს პაციენტის შიში, სიმპტომების გულწრფელად აღწერისას ფსიქიკურად დაავადებულად არ მიიჩნიონ. ნუ შეშინდებით! ექიმები თქვენსა და თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან, ისინი მუდამ მზად არიან თქვენს მოსასმენად და დასახმარებლად. დროული ვიზიტი, ექიმისადმი ნდობა და ადეკვატური მკურნალობა ყველა იმ უსიამოვნო შეგრძნებისგან გიხსნით, რომლებიც დისმეტროფსიას ახასიათებს. ნუ დაელოდებით სიმპტომების თავისთავად გაქრობას, მიაკითხეთ კომპეტენტურ სპეციალისტს და, ელისივით, თქვენც იპოვით შინ დასაბრუნებელ გზას.
თამთა კაპანაძე