ორსულობა ტკივილის გარეშე

გააზიარე:

ორსულობის დროს სხეულის ამა თუ იმ ადგილას ხშირად იჩენს თავს ტკივილი. ის უმეტესად ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოხატულებაა და არც დედის, არც ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის, მაგრამ როდესაც ორსულს რამე სტკივა, მხოლოდ სტატისტიკის იმედად ვერ ვიქნებით.

ტკივილს ზოგჯერ უბრალო რამ შველის, მაგალითად, თავის ტკივილს – წყლის დალევა. ამიტომ ტკივილის გაყუჩების ხერხების ცოდნა ყველა მომავალ დედას გამოადგება. მით უმეტეს, ორსულობის დროს ნებადართული ტკივილგამაყუჩებლების სია მეტად მწირია.
ბუნებრივია, არც ის არის გამორიცხული, ტკივილი საშიში მდგომარეობის გამოხატულება იყოს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ეს მდგომარეობა რომ არ გამოგვეპაროს, უნდა შეგვეძლოს საგანგაშო ნიშნების ამოცნობა და ვიცოდეთ, როდის მივმართოთ ექიმს.

---

თავის ტკივილი
თავის ტკივილი ორსულობის თანმხლები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. მან შესაძლოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე იჩინოს თავი, მაგრამ ყველაზე ხშირად პირველ და მესამე ტრიმესტრებში შეინიშნება.

რა იწვევს
პირველ ტრიმესტრში ორგანიზმში იმატებს ჰორმონები და მოცირკულირე სისხლის მოცულობა. თავის ტკივილიც შესაძლოა სწორედ ამან გამოიწვიოს.
ტკივილი უფრო მაშინაა მოსალოდნელი, როცა:
* გაკლიათ ძილი;
* დაქვეითებული გაქვთ სისხლში გლუკოზის დონე;
* გაკლიათ სითხე;
* ხშირად იღლებით;
* განიცდით სტრესს.
ცალკე თემაა თავის ტკივილით მიმდინარე ქრონიკული დაავადებები. ამ შემთხვევაში ორსულის მდგომარეობა მკურნალმა ექიმმა და გინეკოლოგმა ერთობლივად უნდა მართონ. ასე ინიშნება წამალი, გრძელდება ან კორექტირდება ორსულობამდე არსებული მკურნალობის სქემა.
თავად ორსულობა კი ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობაზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს. მაგალითად, ზოგიერთ ქალთან შაკიკის შეტევებს აიშვიათებს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, გაამწვაოს დაავადება.

როგორ მოვიქცეთ
ვიდრე წამალს მიიღებდეთ, რჩევა ექიმს ჰკითხეთ. ორსულთათვის უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებლად პარაცეტამოლი მიიჩნევა. ყველა სხვა მედიკამენტი ექიმის შეხედულებისამებრ, რისკისა და პოტენციური სარგებლის შეჯერებით ინიშნება. თუმცა მედიკამენტურ თერაპიას არაერთი, უფრო ჯანსაღი ალტერნატივაც აქვს. მაგალითად:
* ყურადღება მიაქციეთ დგომის, ჯდომის, სიარულის მანერას, განსაკუთრებით – მესამე ტრიმესტრში. არ გაგიკვირდეთ – თავის ტკივილის მიზეზად შესაძლოა ტანდეგობის დამახასიათებელი ცვლილებაც იქცეს.
* ხშირად დაისვენეთ, არ გადაიტვირთოთ, არ გადაიღალოთ.
* ზომიერი ფიზიკური აქტიურობა ყოველდღიური რეჟიმის ნაწილად აქციეთ. განსაკუთრებით კარგია ფეხით სეირნობა.
* სვით ბევრი წყალი – თავის ტკივილი ხშირად ორგანიზმის გაუწყლოების ბრალია.
* თავის ტკივილს ზოგიერთი საკვები და სუნიც ამწვავებს – დააკვირდით და მოერიდეთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს, მეტადრე – თუ შაკიკი გაქვთ.
* მოიწესრიგეთ ძილი, მისი ხანგრძლივობა და მიმდინარეობა. უძილობა არაფრით არ შეიძლება! მნიშვნელობა ენიჭება ძილის პოზასაც. კომფორტული პოზის პოვნაში ორსულის ბალიში დაგეხმარებათ. ძილის წინ ერიდეთ მკვეთრ ემოციებს, კოფეინიან სასმელებს, საკვებს.
* თუ თავის ტკივილის მიზეზი სინუსებია, თვალებისა და ცხვირის გარშემო თბილი კომპრესი დაიდეთ.
* დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს შვებას მოგგვრით კისრის ცივი კომპრესი. კარგია ყინულის დადებაც.
* სისხლში შაქრის ოპტიმალურ დონეს შეინარჩუნებთ, თუ შეჭამთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდებით ტკბილეულს, საზოგადოდ, ეცდებით, ჯანსაღად იკვებოთ.
* მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ მხრებისა და კისრის მსუბუქი მასაჟიც.
* შვებას მოგგვრით ცხელი აბაზანა და შხაპი.

ექიმს მიმართეთ თუ:
* ტკივილი ზემომოყვანილი რეკომენდაციების შესრულების შემდეგაც არ შეგიმსუბუქდათ და მედიკამენტური დახმარება გჭირდებათ;
* თავის ტკივილს პარაცეტამოლიც ვერ აყუჩებს;
* თავის ტკივილი მზარდი ან მუდმივია;
* უჩვეულოა;
* თან სდევს მხედველობის დაბინდვა, ხელების, ფეხების ან სახის შეშუპება, კიდურების დაბუჟება, სისუსტე.

---

მუცლის ტკივილი
ორსულობის დროს მუცლის ტკივილს ბევრი რამ იწვევს. ზოგიერთი ფაქტორი უწყინარია, ზოგიერთი – ძალიან საშიში.
დავიწყოთ მუცლის ტკივილის იმ მიზეზებით, რომლებიც დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც უვნებელია.

ტკივილი მრგვალი იოგის არეში
მრგვალი იოგი საშვილოსნოს ფიქსაციაში მონაწილეობს. ქალის სხეულში ორი მრგვალი იოგია, რომლებიც საშვილოსნოდან იწყება და საზარდულისკენ მიემართება. საშვილოსნოს ზრდასთან ერთად იოგებიც იჭიმება, რაც მოძრაობის დროს დისკომფორტს ან მწვავე, გამჭოლ ტკივილს იწვევს. ასეთი ტკივილი, წესისამებრ, მეორე ტრიმესტრში იჩენს თავს.

შებერილობა და ყაბზობა
ორსულობისას ჰორმონ პროგესტერონის გავლენით იკლებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის ტემპი. საკვების გადაადგილების შენელება შებერილობისა და ყაბზობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, ამიტომ ეს ჩივილები მრავალ ორსულს აწუხებს.
წყლის სმა, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება, ფიზიკური აქტიურობა შეკრულობისა და მეტეორიზმის აღკვეთაში დაგეხმარებათ.

ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები
ასე ეწოდება ორსულობის გვიანდელ ვადებზე აღმოცენებულ საშვილოსნოს შეკუმშვებს. შეკუმშვები მუცლის გამაგრებას იწვევს და შესაძლოა, ტკივილის მიზეზადაც იქცეს. თუმცა არც დედას, არც ნაყოფს ეს საფრთხეს არ უქმნის.
ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები ორსულებს ხშირად მშობიარობის დასაწყისი ჰგონიათ. სინამდვილეში მათ მშობიარობასთან საერთო არაფერი აქვთ. მშობიარობის ტკივილები უფრო ძლიერია, უფრო ხანმოკლე ინტერვალებით აღმოცენდება და მეტხანს გრძელდება, ხელს უშლის ორსულს სუნთქვასა და საქმიანობაში. ამიტომ თუ შეკუმშვების ფონზე ჩვეული საქმის კეთება შეგიძლიათ, დიდი ალბათობით, ეს ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვებია.
შეკუმშვები შესაძლოა გაუწყლოებითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ წყლის სმა პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.


---
სერიოზული პრობლემები
საშვილოსნოსგარე ორსულობა
ორმოცდაათიდან ერთ შემთხვევაში ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს გარეთ იდებს ბინას, უმეტესად – ფალოპის მილში. ასე იწყება საშვილოსნოსგარე ორსულობა, რომელიც შესაძლოა მუცლის ძლიერი ტკივილითა და სისხლდენით დასრულდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ნიშნები ორსულობის მეექვსე-მეათე კვირას. ექტოპიური ორსულობის მაღალ რისკს წარმოშობს წარსულში გადატანილი საშვილოსნოსგარე ორსულობა, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს სპირალის არსებობა ჩასახვის დროს.

პლაცენტის აცლა
ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა – პლაცენტა საშვილოსნოს ნაყოფის დაბადებამდე სცილდება. მუცლის მუდმივი ძლიერი ტკივილი მისი ერთ-ერთი ნიშანია. მუცელი ამ დროს დაჭიმულია. შესაძლოა, გაჩნდეს სისხლიანი გამონადენი. მოსალოდნელია სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრაც. პლაცენტის აცლას წელის ტკივილიც ახასიათებს.

თვითნებითი აბორტი
ორსულობათა 15-20%, სამწუხაროდ, მუცლის მოშლით მთავრდება. სპონტანური აბორტი უმეტესად ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მე-13 კვირამდე ვითარდება. მისი სიმპტომებია წელის სუსტი ან ძლიერი ტკივილი, საშვილოსნოს შეკუმშვები, ყავისფერი ან ალისფერი გამონადენი საშოდან (გამონადენში შესაძლოა ერიოს საშვილოსნოს ქსოვილის ნაწილი ან კოლტი). ამასთან, უეცრად ქრება ორსულობისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები (მაგალითად, ტოქსიკოზი).

საშარდე გზების ინფექცია
რამდენადაც ადვილია საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა, იმდენადვე სერიოზული გართულება შეიძლება გამოიწვიოს ნებაზე მიშვებულმა ფორმამ. საშარდე გზების ინფექციას ახასიათებს ტკივილი, დისკომფორტი ან წვა შარდვის დროს, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ გრძნობთ წელის ან გვერდების ტკივილს, რომელსაც თან სდევს ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა, ღებინება... ეს ნიშნები ინფექციის თირკმელებამდე გავრცელებას მოასწავებს. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეეკლამფსია-ეკლამფსია
ეს ორსულობის თანმხლები სერიოზული პათოლოგიაა, რომლის დროსაც იმატებს არტერიული წნევა, შარდში ჩნდება ცილა. ის საფრთხეს უქადის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. პრეეკლამფსია-ეკლამფსიას ახასიათებს მუცლის ტკივილი (სხვათა შორის, თავისაც), ღებინება, გულისრევა, შეშუპება, კრუნჩხვები.
ექიმს მიმართეთ, თუ თავი იჩინა:
* მუდმივმა ძლიერმა ტკივილმა;
* მოვლითმა ტკივილმა;
* დაჭიმულობის შეგრძნებამ მუცლის ქვედა ნაწილში;
* სისხლდენამ;
* ცხელებამ;
* საშოდან გამონადენმა;
* დისკომფორტმა შარდვის დროს
* გონების დაბინდვამ;
* შემცივნებამ.

---
წელის ტკივილი
ორსულობის დროს გავრცელებული ამ ჩივილის შესახებ ჟურნალის წინა ნომერში დაწვრილებით ვისაუბრეთ, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდები. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ წელის ტკივილი უმეტესად ორსულობის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური გარდაქმნების შედეგია, მაგრამ ზოგჯერ ქრონიკული დაავადების გამწვავებაზე მიუთითებს და ქალის შრომისუნარიანობას საგრძნობლად ამცირებს.
წელის ტკივილის შესამსუბუქებლად შეასრულეთ შემდეგი რეკომენდაციები:
* ფიზიკურად იაქტიურეთ (თუ რაიმე მიზეზით არ გეკრძალებათ), რეგულარულად იარეთ ფეხით.
* ნუ ჩაიცვამთ ნურც მაღალქუსლიან, ნურც ბრტყელძირიან ფეხსაცმელს.
* იძინეთ გვერდზე (უფრო მეტად – მარცხენა გვერდზე) მწოლიარემ, ფეხებში ბალიში ამოიდეთ.
* ერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას, გადაღლას, მძიმე სანების აწევას.
* არ მოიხაროთ წელში ნივთის აღებისას.
* არ მოიმატოთ ბევრი.
* დაიდეთ მტკივან ადგილას ცივი ან ცხელი კომპრესი.

---
ტკივილი ქვედა კიდურებში
წონა, რომელსაც ორსულობის დროს იმატებთ, ქვედა კიდურებსაც ვნებს, ამიტომ ქრონიკული ვენური დაავადება ორსულობის თანმხლები გავრცელებული პრობლემაა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ჭარბი წონის ბრალი არ არის – ორსულობისას მიმდინარე სხვა ცვლილებებიც მძიმე გამოცდას უწყობს ვენურ სისტემას.
ასეა თუ ისე, ფეხების ტკივილი, შეშუპება, დაჭიმულობა, კრუნჩხვები ორსულებისთვის კარგად ნაცნობი სიმპტომებია. მათი გამოვლენის ალბათობა განსაკუთრებით იმატებს მესამე ტრიმესტრში, როდესაც ჰორმონულ თუ სხვა ცვლილებებს ნაყოფის ზრდაც ემატება. "დიდი პატარა" ქვედა კიდურებისკენ მიმავალ სისხლძარღვებსა და ნერვებს აწვება, სისხლის მიმოქცევას კიდევ უფრო აუარესებს და უსიამოვნო შეგრძნებების მიზეზად იქცევა. ქვედა კიდურების კრუნჩხვა, იგივე კრამპი, წესისამებრ, საღამოს და ღამით იჩენს თავს. ამავე პერიოდში აღმოცენდება სიმძიმის შეგრძნება და ტკივილიც, თუმცა არ არის გამორიცხული, ქვედა კიდურების პრობლემებმა სისხამ დილით იჩინოს თავი.

როგორ მოვიქცეთ
* ფიზიკურად იაქტიურეთ, რეგულარულად ივარჯიშეთ, იარეთ.
* დასვენების დროს ფეხები ზემოთ შემოაწყვეთ.
* გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.
* ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ან ბრტყელძირიან ფეხსაცმელს.
* თუ დიდხანს ჯდომა გიწევთ, საათში ერთხელ ათი წუთით წამოდექით და გაიარ-გამოიარეთ, ჯდომის დროს კი ფეხები ავარჯიშეთ.
* ატარეთ კომპრესიული წინდები.
* ზოგჯერ მდგომარეობას ამსუბუქებს ფეხების დაჭიმვა საწოლში დაწოლის წინ.
* ექიმს მიმართეთ, თუ ტკივილი ან შეშუპება ცალმხრივია – ეს შესაძლოა თრომბოზის ნიშანი იყოს.
როცა არამედიკამენტური მეთოდები უშედეგოა, დაისმის მედიკამენტური მკურნალობის საკითხი. წამლები მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე არ ინიშნება – ექიმი რამდენიმე კვლევას ჩაგიტარებთ. საჭიროების შემთხვევაში ანგიოლოგების არსენალში ორსულისთვის უსაფრთხო მედიკამენტებიც მოიპოვება.


---
ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში შესაძლოა სხვა ლოკალიზაციის ტკივილმაც იჩინოს თავი – კბილის ტკივილმა, გულის ტკივილმა და სხვა. ისინი ორსულობას ნაკლებად უკავშირდება. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ორსულობის პერიოდს ემთხვევა. მთავარი წესი, რომელიც ამ დროს უნდა დაიცვათ ასეთია: ნაბიჯიც არ გადადგათ უექიმოდ! მით უმეტეს, არ შეიძლება თვითნებურად მედიკამენტების მიღება. მრავალი წამალი, მცენარეულიც კი, ორსულობის დროს უკუნაჩვენებია, ექიმი კი უსაფრთხო და ეფექტურ ვარიანტს შეგირჩევთ.
არც ის არის გამორიცხული, ტკივილის გამო ოპერაცია ან სტაციონარული მკურნალობა დაგჭირდეთ. ასეთი საკითხები გინეკოლოგისა და სხვა პროფილის ექიმების თანამშრომლობის შედეგად წყდება.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: