ვის ემუქრება გაყინული მხრის სახსარი?
გააზიარე:
ადჰეზიური კაფსულიტი, იგივე გაყინული მხრის სახსარი, მდგომარეობაა, რომლისთვისაც მხრის სახსრის ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვაა დამახასიათებელი.
მხრის სახსარი სამი: მხრის, ბეჭისა და ლავიწის, – ძვლის გაერთიანებით იქმნება, ქსოვილს კი, რომელიც გარს აკრავს სახსარს და ძვლების ერთიანობას უზრუნველყოფს, კაფსულას უწოდებენ. დროთა განმავლობაში, კაფსულის გასქელებისა და გამკვრივების კვალდაკვალ, ყალიბდება ნაწიბუროვანი ქსოვილი, სახსარში იკლებს სინოვიური (სახსრის მპოხავი) სითხის რაოდენობა და მოძრაობა იზღუდება, რასაც თან ახლავს შეშუპება და ტკივილი.
ადჰეზიური კაფსულიტის პირველი სიმპტომი სწორედ ტკივილია. ის, თავის მხრივ, მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. ნაკლები მოძრაობა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საბოლოოდ საქმე იქამდე მიდის, რომ ადამიანს ტანსაცმლის ჩაცმა და თმის დავარცხნაც კი უჭირს.
ვის ემუქრება
სახსრის ანთებისადმი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი პირები, რომლებსაც ჰორმონული დისბალანსი, დიაბეტი ან სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. ტრავმის, ავადმყოფობის ან გადატანილი ოპერაციის გამო ხანგრძლივი უმოქმედობა ხელს უწყობს სახსარში ანთების განვითარებას და ნაწიბურების ჩამოყალიბებას. ნაწიბუროვანი ქსოვილი მკვეთრად ზღუდავს სახსარში მოძრაობის დიაპაზონს.
ადჰეზიური კაფსულიტი და უმეტესად 40-დან 60 წლამდე და უმეტესად ქალებშია გავრცელებული. დიაბეტი მისი განვითარების საფრთხეს სამჯერ ზრდის.
რისკჯგუფში ასევე შედიან:
* ადამიანები, რომლებსაც დიდხანს უწევთ სამხრე ქამრების ტარება გადატანილი ოპერაციის ან ტრავმის გამო;
* ინსულტის ან ოპერაციის შემდეგ საწოლს მიჯაჭვული ადამიანები;
* ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მქონე პირები.
როგორ ადგენენ
თუ მხრის ტკივილს და მოძრაობის გაძნელებას გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც გასინჯვით შეაფასებს სახსრის მოძრაობის დიაპაზონს და სპეციფიკური მოძრაობების შესრულების უნარს (მაგალითად, როგორ სწვდებით ერთი ხელით მეორე მხარს).
ინფორმაციულია ინსტრუმენტული კვლევაც: მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება (MRI), მხრის სახსრის რენტგენოგრაფია (შესაძლოა, გამოავლინოს ართრიტი ან სხვა პათოლოგია), ართროგრამა (მხრის სახსარში სპეციალური ნივთიერება შეჰყავთ და მის სტრუქტურას ათვალიერებენ).
მკურნალობა
მკურნალობის გარეშე ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა შესაძლოა სამი წელიც კი გაგრძელდეს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად მიმართავენ მედიკამენტურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას, შინაურ მოვლას.
ფიზიოთერაპია
ეს გაყინული მხრის სახსრის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. მისი მიზანი მხრის სახსრის გაწელვა და მოძრაობის უნარის აღდგენაა. პროგრესს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დრო სჭირდება. საჭიროა სპეციალური სავარჯიშოების შესრულებაც, რომლებიც მარტივ მოძრაობათა ნაკრებია. თუ ექვსი თვის შემდეგ, მიუხედავად ყოველდღიური ვარჯიშისა, უკეთესობას ვერ ამჩნევთ, მკურნალობის სხვა მეთოდი უნდა შეგირჩიონ.
მედიკამენტები
ტკივილის სამკურნალოდ და ანთების ჩასაცხრობად შესაძლოა დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები – ასპირინი, იბუპროფენი, ნატრიუმის ნაპროქსენი. დახმარება შეუძლია სტეროიდების (მაგალითად, დექსამეტაზონის) შემცველი პრეპარატების ინექციებსაც.
შინაური მოვლა
ტკივილს ამცირებს დღეში რამდენჯერმე, 15 წუთით, სახსარზე ყინულის პარკის დადება. შეიძლება ვარჯიშიც, ოღონდ ფიზიოთერაპევტთან შეთანხმებით, რომელიც შეგირჩევთ სავარჯიშოების ტიპს, ვარჯიშის სიხშირეს და დატვირთვის ინტენსივობას.
ოპერაცია
ადამიანთა უმრავლესობა ადჰეზიურ კაფსულიტს უოპერაციოდ უმკლავდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.
თუ ფიზიოთერაპიამ მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა, ინიშნება ოპერაცია. ოპერაციის დროს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ სახსრის სრული დიაპაზონით მოძრაობა შეხორცებებისა და ნაწიბურების მოცილების საშუალებას იძლევა.
ოპერაციის ერთ-ერთი მეთოდი ართროსკოპიულია: მხრის სახსარში კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც შეჰყავთ კამერა – ართროსკოპი – და ნაწიბუროვან ქსოვილს აცილებენ.
თუ მხრის სახსრის “გაყინვა” ტრავმის შედეგია, ოპერაცია ყველაზე ეფექტიანი იქნება ტრავმიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ოპერაციის შემდეგ, წესისამებრ, საჭიროა ფიზიკური თერაპიის კურსი. პაციენტთა უმრავლესობას მოძრაობის სრული დიაპაზონი დაახლოებით სამ თვეში აღუდგება.
უნდა ითქვას, რომ ქირურგიული ჩარევა რამდენადმე სარისკოა და ზოგიერთს ტკივილი ან დაჭიმულობა მის შემდეგაც აღენიშნება.
გრძელვადიანი პროგნოზი
მკურნალობის გარეშე ავადმყოფთა უმრავლესობა დაახლოებით ორ წელიწადში გამოჯანმრთელდება. ფიზიკური და მედიკამენტური თერაპია პროგრესს აჩქარებს.
პრევენცია
მკურნალობის დროული დაწყება მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. მნიშვნელოვანია თანმხლები დაავადებების (მაგალითად, დიაბეტის) სათანადო მკურნალობაც.
მარიამ რამაზაშვილი