ცხიმში ჩაძირული ღვიძლი

გააზიარე:

იცოდით, რომ ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ხუთასზე მეტ ფუნქციას ასრულებს? მათი უმეტესობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფუნქციების მოშლა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს ადამიანისთვის.
საგულისხმოა, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ყოველთვის აშკარა არ არის. მეტიც - ხშირად საკმაო ხნის განმავლობაში შეუმჩნეველია. გვინდა, ერთ ასეთ პათოლოგიაზე გესაუბროთ, რომელიც ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების სახელით არის ცნობილი და იმითაა საინტერესო, რომ ყველაზე ხშირად მას ესოდენ გავრცელებული სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი იწვევს.

მცირე ანატომიური ექსკურსი
ღვიძლი ადამიანის ყველაზე დიდი ჯირკვლოვანი ორგანოა, მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და ნეკნთა რკალშია მოქცეული. მისი ძირითადი ფუნქციებია ნაღვლის წარმოქმნა, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა და ენერგიად გარდაქმნა, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება, ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებების უვნებელყოფა, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებათა მარაგის შექმნა, ჰორმონების წარმოქმნა და გამოყოფა, ცილა ალბუმინის წარმოქმნა. შეიცავს იმუნურად აქტიურ უჯრედებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაშიც. ყოველივე ამასთან ერთად, ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც რეგენერაციის ანუ ხელახლა გაზრდის უნარი შესწევს: ნაწილის ამოკვეთის შემთხვევაში განსაზღვრული ხნის შემდეგ ის საწყის ზომას უბრუნდება.

დაავადების შესახებ
სტეატოზი ღვიძლის უჯრედებში, ჰეპატოციტებში, ცხიმის ანომალიური დაგროვებაა. ხშირად ის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით არის განპირობებული. ამ შემთხვევაში მას ღვიძლის ალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებას უწოდებენ. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება კი სტეატოზის ისეთი ფორმაა, რომლის განვითარებაშიც ალკოჰოლს ბრალი არ მიუძღვის.

პროგრესირებს თუ არა?
სტეატოზი უმეტესად არ პროგრესირებს, თუმცა ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მან პროგრესი განიცადა და საბოლოოდ ღვიძლის დაზიანებაც გამოიწვია.
გამოყოფენ დაავადების განვითარების ორ ეტაპს:
* სტეატოჰეპატოზს - გაცხიმოვნება შედარებით მცირეა, არ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, არ ზიანდება ღვიძლის უჯრედები;
* სტეატოჰეპატიტს - ღვიძლში ცხიმის ჩალაგებას ღვიძლის ქსოვილის ანთება და ჰეპატოციტების დაზიანებაც ახლავს თან. შესაძლოა, პროცესი გადაიზარდოს ღვიძლის ქსოვილის ფიბროზში (დანაწიბურება), ციროზში (დანაწიბურების ბოლო სტადია) და ღვიძლის კიბოც კი განვითარდეს. ასეთი რამ ასიდან 20 შემთხვევაშია მოსალოდნელი.

ვის ემუქრება
სტეატოზის უშუალო მიზეზი დაუდგენელია. არც ისაა ცნობილი, რატომ პროგრესირებს ის მხოლოდ ზოგიერთ ავადმყოფთან, მაგრამ საგულისხმოა მის განვითარებაში გენიტიკური განწყობის როლი. დაავადება სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის ფონზე იჩენს თავს. ცნობილია მისი განვითარების ხელშემწყობი უამრავი ფაქტორი. ასევე – ფაქტორები, რომელთა არსებობა დაავადების მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.
სტეატოზის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჭარბი წონა მიიჩნევა, განსაკუთრებით – მუცლის არეში – კონცენტრირებული ცხიმი. ყველაზე გავრცელებული მიზეზების ნუსხაში შედის შაქრიანი დიაბეტი ტიპი II და ინსულინრეზისტენტობაც (ეს ის მდგომარეობაა, როდესაც სისხლში ინსულინის ოდენობა ნორმალურია, მაგრამ დაქვეითებულია ორგანიზმის მგრძნობელობა მის მიმართ, ამიტომ გლუკოზის დონე მაღალი რჩება). საგულისხმო ფაქტორებია ქოლესტეროლისა და გლუკოზის მაღალი დონე.
სხვა რისკფაქტორებია:
* მეტაბოლური დარღვევები, მაგალითად, მეტაბოლური სინდრომი;
* პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
* ძილის აპნოე (ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც მძინარე ადამიანი დროდადრო სუნთქვას წყვეტს. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ეპიზოდი, რომელიც 10 წამზე მეტხანს გრძელდება);
* ჰიპოთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება);
* ჰიპოპიტუიტარიზმი (თავის ტვინში არსებული ჯირკვლის, ჰიპოფიზის, ფუნქციის დაქვეითება);
* საშუალო ან ხანდაზმული ასაკი;
* მაღალი არტერიული წნევა;
* წონის სწრაფი დაკლება;
* ზოგიერთი ინფექცია, მაგალითად, C ჰეპატიტი;
* ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები;
* ტოქსინები;
* ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.

როგორ ვლინდება
დაავადება შესაძლოა დიდხანს მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან ოდნავ გამოხატული სიმპტომებით, რომლებიც მოიცავს სისუსტეს, დაღლილობას, მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს ტკივილს. ამ დროს ღვიძლი გადიდებულია. თუ დაავადებამ პროგრესი განიცადა და სტეატოჰეპატიტსა და ციროზში გადაიზარდა, ჩამოყალიბდება ამ უკანასკნელთათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი:
* ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება);
* სისხლძარღვთა გაგანიერება;
* გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში);
* ელენთის გადიდება;
* პალმარული ერითემა (ხელისგულების შეწითლება);
* კანისა და თვალების თეთრი გარსის გამოხატული სიყვითლე.

დიაგნოსტიკა
უსიმპტომო მიმდინარეობის გამო ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებას ხშირად შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევისას აღმოაჩენენ.
ეჭვის გაჩენისას დიაგნოზის დადასტურებაში გვეხმარება ლაბორატორიული კვლევა, უწინარეს ყოვლისა, ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა) განსაზღვრა, რაც მდიდარ ინფორმაციას გვაწვდის ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, შემდეგ – სისხლის საერთო ანალიზი, ლიპიდური სპექტრის შესწავლა, რკინის ცვლის შესწავლა, ინსულინრეზისტენტობისა და გლუკოზის დონის განსაზღვრა.
ინფორმაციულია ინსტრუმენტული კვლევაც. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა საწყის გამოკვლევად მიიჩნევა დაავადებაზე ეჭვის გაჩენისას და გვაწვდის ინფორმაციას ღვიძლის სტრუქტურის შესახებ. შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიაც, თუმცა ისინი ნაკლებინფორმაციულია მოცემული დაავადების დროს. ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრისთვის მოწოდებულია ელასტოგრაფია.
როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევები სარწმუნო პასუხს ვერ იძლევა, ჯერი ღვიძლის ბიოფსიაზე მიდგება. ბიოფსია გულისხმობს ღვიძლიდან წვრილი ნემსით ქსოვილის აღებას და მიკროსკოპით მის შესწავლას დანაწიბურებისა და ანთების ნიშნების დასადგენად, თუმცა ინვაზიური მეთოდია და განსაზღვრულ სირთულეებსა და რისკებთანაა დაკავშირებული.

როგორ მკურნალობენ
ღვიძლის სტეატოზის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ჩარევის მთავარი მიზანი რისკფაქტორების თავიდან აცილებაა. აუცილებელია კვების მოწესრიგება, წონის კონტროლი, ფიზიკური აქტიურობა, ჰიპერგლიკემიისა და ლიპიდური სპექტრის რეგულირება. უარი უნდა თქვათ ალკოჰოლსა და ისეთ მედიკამენტებზე, რომლებმაც შესაძლოა ღვიძლი უფრო მეტად დააზიანოს. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ A და B ჰეპატიტის აცრაც. ციროზით გართულებულ შემთხვევებში ერთადერთი გამოსავალი ღვიძლის გადანერგვაა.

გართულებები
ღვიძლის არაალკოჰოლური დაავადების ძირითადი გართულებაა ციროზი, რომელიც ღვიძლის დანაწიბურების უკანასკნელ სტადიას წარმოადგენს. ციროზი ანთებითი პროცესის საპასუხოდ ვითარდება. ღვიძლი ცდილობს, შეაჩეროს ანთება, ამიტომ ფიბროზულ ქსოვილს წარმოქმნის. თუ ანთებითი პროცესი გაგრძელდა, ფიბროზი ღვიძლის უფრო და უფრო მეტ ნაწილს მოიცავს.
ციროზმა, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი), საყლაპავის ვენების შეშუპება და გაგანიერება (შესაბამისად, მათი გასკდომისა და სისხლდენის ალბათობაც). საგულისხმოა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია: ძილიანობა, დაბნეულობა, გაურკვეველი მეტყველება. მაღალია ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი.

შესაძლებელია თუ არა თავიდან აცილება
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით თქვენ შეგიძლიათ, საგრძნობლად შეამციროთ დაავადების განვითარების, ხოლო განვითარების შემთხვევაში – გართულების რისკი.
არჩევანი შეაჩერეთ ჯანსაღ საკვებზე – ხილსა და ბოსტნეულზე, მარცვლეულსა და ჯანსაღ ცხიმებზე. თუ ჭარბწონიანი ბრძანდებით, ერიდეთ მაღალკალორიულ საკვებს და მოუმატეთ ფიზიკურ აქტივობას, ხოლო თუ ნორმალური წონა გაქვთ, შეინარჩუნეთ იგი ჯანსაღი კვებითა და სწორი ფიზიკური აქტიურობით. თუ უკვე სცადეთ წონის დაკლება და არ გამოგივიდათ, დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს. ივარჯიშეთ, მეტი იმოძრავეთ. თუ მაღალი ქოლესტეროლი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმებს. მოარიდეთ ღვიძლი დამატებით მავნე ფაქტორებს: ნუ დალევთ ბევრს, ნუ მოსწე თამბაქოს.

პროგნოზი
თუ დიაგნოზი ადრეულ სტადიაში დაისვა და ექიმის ყველა რჩევა გათვალისწინებულ იქნა, პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროცესის პროგრესირებისას (1-2%-ში) 20 წელიწადში შესაძლოა ღვიძლის ციროზი განვითარდეს. თუ სტეატოზი სხვა დაავადებებთან, მაგალითად, შაქრიან დიაბეტთან, B და C ჰეპატიტებთან, ვილსონის დაავადებასთან არის ასოცირებული, ღვიძლის ციროზის განვითარება 8-10 წელიწადშიც კია მოსალოდნელი (10-12%). გარდა ამისა, სტეატოზი თავად არის გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების რისკფაქტორი, ამიტომ ჭარბი წონის მქონე ყველა ადამიანისთვის – და არამხოლოდ მათთვის – საუკეთესო გამოსავალი ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტივობაა.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: