სტომა – ნაწლავის დასაცლელი ხელოვნური ხვრელი
გააზიარე:
საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას ნაწლავზე ადებენ სტომას, უბრალო ენით თუ ვიტყვით – აკეთებენ ხელოვნურ ხვრელს, რომელიც ორგანოს დაცლის საშუალებას აძლევს.
სტომა მუდმივიც შეიძლება იყოს და დროებითიც. მას სპეციფიკური მოვლა სჭირდება, სტომის მქონე პაციენტს კი ცხოვრების ახალ წესთან შეგუება უწევს.
ნაწლავის სტომის შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯაბა ბაბაევს ვესაუბრეთ.
– სტომა შინაგან ორგანოსა და მუცლის კედლის ზედაპირს შორის ქირურგიულად შექმნილი ხვრელია. ნაწლავის სტომის მიზანია, შიგთავსმა აღარ გაიაროს ანუსში და ხელოვნური გზით დატოვოს ნაწლავი.
– როდის შეიძლება დასჭირდეს პაციენტს სტომის დადება?
– სტომის დადება შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
- ანუსის ან მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი დეფექტი;
- კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბო და ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი, რომელიც ხშირად სიმსივნედ გადაგვარდება;
- დივერტიკულური დაავადება, რომლის დროსაც ნაწლავზე ჯიბეები წარმოიქმნება;
- ნაწლავის ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი);
- ნაწლავის ტრავმა;
- გაუვალობა;
- შეუკავებლობა.
დეტალები
– სტომა კეთდება ზოგადი ანესთეზიი ფონზე, ლაპაროსკოპიულად ან ღია წესით, ხშირად – ძირითადი დაავადების სამკურნალო ოპერაციის მსვლელობისას. მუცლის კედელზე კეთდება წრიული ჭრილობა და მასში ამოაქვთ ნაწლავის ნაწილი, უმეტესად ისე, რომ კანის ზედაპირიდან ამოწეული იყოს. ამით მცირდება ოპერაციის შემდეგ სხვადასხვა პრობლემის წარმოშობის რისკი.
წვრილი ნაწლავის სტომას ილეოსტომას უწოდებენ, ხოლო მისი შექმნის ქირურგიულ პროცედურას – ილეოსტომიას. ამ დროს მუცლის კედელზე მაგრდება თეძოს ნაწლავი – წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილი. მსხვილი ნაწლავი ან ამოიკვეთება, ან გაითიშება საჭმლის მონელების პროცესიდან. მასში ნაწლავის შიგთავსი ვეღარ მოხვდება. ილეოსტომა უმეტესად ჭიპის მარჯვნივ კეთდება.
მსხვილი ნაწლავის სტომას კოლოსტომა ეწოდება. კოლოსტომიის დროს მუცლის კედელზე გამოტანილია კოლინჯი, მსხვილი ნაწლავის ძირითადი ნაწილი, და საჭმლის მონელების პროცესიდან ითიშება ნაწლავის ის მონაკვეთი, რომელიც სტომის ქვემოთ მდებარეობს. კოლოსტომა უმეტესად კეთდება ჭიპის მარცხნივ.
სტომის დიამეტრი 2-დან 5 სმ-მდე მერყეობს. წესისამებრ, ის თავსდება მუცლის ქვედა ნაწილში, ბრტყელ ნაწილზე, ქამრის ხაზის ქვემოთ. თუმცა ჭარბწონიან პაციენტებს მუცლის ზედა ნაწილში ადებენ. ადგილი ისე უნდა შეირჩეს, რომ პაციენტი კარგად ხედავდეს და ადვილად უდგებოდეს ხვრელს. გასათვალისწინებელია სტომის მდებარეობა ჯდომისას, დგომისას, წოლისას, ყურადღება უნდა მიექცეს კანზე არსებულ ნაოჭებს, ნაწიბურებს, ქამრის ხაზს, შარვლის სიმაღლეს, მუცლის ფორმას.
– რა განასხვავებს ერთმანეთისგან დროებით და მუდმივ სტომას?
– დროებითი სტომა კეთდება, თუ ტრავმის, ინფექციის ან ოპერაციის შემდეგ მსხვილ ნაწლავს ან მის ნაწილს დრო სჭირდება დასასვენებლად ან აღსადგენად. მისი დადების ტექნიკა ასეთია: ნაწლავის დიამეტრი ნახევრად გაიკვეთება, ნაწლავი გადაიკეცება და ორივე სანათურის კიდე კანს მიეკერება. გამოჯანმრთელების შემდეგ სტომას ქირურგიულად დახურავენ და განავალი კვლავ ანუსში გაივლის.
დროებითი სტომის დიამეტრი მუდმივის დიამეტრზე ფართოა, რამაც შესაძლოა გაართულოს დამხმარე მოწყობილობების მიმაგრება.
თუ მსხვილი ნაწლავი და ანუსი ამოკვეთილი ან იმდენად დაზიანებულია, რომ მომავალში ვერ შეძლებს გამართულ ფუნქციობას, მუდმივ სტომას აკეთებენ. ამ შემთხვევაში კანზე ნაწლავის მხოლოდ ერთ ბოლოს აკერებენ.
რას ველოდეთ
– ოპერაციის შემდეგ განავალი სტომაში გადადის, მაგრამ ვინაიდან ნაწლავის დაბოლოებას არ აქვს კუნთი, ადამიანი მის მოქმედებას ვერ აკონტროლებს. განავალი გროვდება მოსახსნელ ჩანთაში – სტომის ჩანთაში, რომელიც კანზე მაგრდება. ის დამზადებულია წყალგაუმტარი პლასტმასისგან და არ ატარებს სუნს. ოპერაციის შემდეგ პირველ ხანებში განავალი თხევადია. დროთა განმავლობაში წვრილი ნაწლავი იწყებს ადაპტაციას და განავალი სქელდება, პასტის მსგავსი, ნახევრად ფორმირებული ხდება.
– როგორ იცვლება ამ ოპერაციის შემდეგ საჭმლის მონელება?
– წვრილი საწლავიდან ორგანიზმი შეიწოვს საკვებ ნივთიერებებს, მსხვილი ნაწლავიდან კი – წყალს, რის შედეგადაც განავალი მყარი ხდება, ამიტომ, იმის მიხედვით, ნაწლავის რა ნაწილი გამოითიშება საჭმლის მონელების პროცესიდან, შესაძლოა:
- განავალმა დაკარგოს სიმყარე და ფორმა;
- ორგანიზმმა შეიწოვოს ნაკლები წყალი და საკვები ნივთიერება;
- დაგროვდეს აირები, განვითარდეს დიარეა ან ყაბზობა (ეს პრობლემები დროთა განმავლობაში შესაძლოა თავისთავად გაქრეს, რადგან პაციენტი რაციონში თანდათან ამატებს საკვებს);
- წარმოიშვას ფანტომური სწორი ნაწლავი – ამ დროს პაციენტს უჩნდება შეგრძნება, რომ სწორი ნაწლავი ისევ აქვს და დაცლას სთხოვს;
- წარმოიქმნას ლორწო, რომელიც ანუსიდან გამოჟონავს.
გართულებები
– სტომამ შესაძლოა სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს.
ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირია სისხლდენა, სისხლის ნაკადის უკმარისობა და სტომის ქსოვილის ნეკროზი, რეტრაქცია ანუ სტომის ჩაწევა კანის დონის ქვემოთ, სტომის გამოცალკევება მის ირგვლივ მდებარე კანისგან.
ერთი თვის შემდეგ მოსალოდნელია თიაქარი (იშვიათად მასში შესაძლოა გაიჭედოს ნაწლავი), პროლაფსი – ნაწლავის გამოვარდნა სტომიდან (იშვიათად პროლაფსირებული ნაწლავი შესაძლოა სტომაში გაიჭედოს და სისხლის მიწოდება შეუწყდეს), რეტრაქცია, სტრიქტურა – სტომის შევიწროება, რაც ართულებს მასში ნაწლავის შიგთავსის გადასვლას.
შესაძლოა გაღიზიანდეს კანი სტომის ირგვლივ. გაღიზიანებას იწვევს არასწორად მორგებული ჩანთის გამო ნაწლავის შიგთავსის კანთან შეხება, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.
სხვა გართულებებია: დეჰიდრატაცია, ნუტრიენტების შეწოვის შეფერხება, გაუვალობა.
მეყსეულ რეაგირებას მოითხოვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
- სტომის ზომის, ფორმის, ფერის ან სუნის ცვლილება;
- ძლიერი ან შეუჩერებელი სისხლდენა სტომიდან ან მის ირგვლივ;
- სტომის ტრავმა ან ღრმა ჭრილობა;
- მოვლითი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც 2-3 საათზე მეტ ხანს გრძელდება;
- ძლიერი შეუკავებელი გულისრევა და ღებინება;
- სტომიდან აირების ან განავლის გამოყოფის შეჩერება 4-6 საათზე მეტი ხნით (მით უმეტეს, თუ ამას თან ახლავს ტკივილი და გულისრევა);
- მძიმე დიარეა ან წყლიანი გამონადენი სტომიდან, რამაც შესაძლოა დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
პაციენტების უმეტესობა უჩივის მხოლოდ მცირე უსიამოვნებებს: კანის გაღიზიანებას, სტომის მოწყობილობის დამაგრების სირთულეს. დროთა განმავლობაში შესაძლოა დასუსტდეს მუცლის კედელი სტომის ირგვლივ, ხვრელი გაიჭიმოს და მუცლის შიგთავსი სტომის გვერდით ამოიბურცოს. სტომის პროლაფსის (ნაწლავის გამოვარდნის) მართვა შესაძლებელია კარგი მოვლით, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება ოპერაციაც. სტომის ფუნქციობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს წონის დაკლებამ ან მომატებამ.
ცხოვრების წესი
– ბევრ პაციენტს აინტერესებს, მოუწევს თუ არა სტომის დადების შემდეგ დიეტაში ცვლილებების შეტანა.
– ოპერაციის შემდეგ უმეტესობა უბრუნდება ჩვეულებრივ კვებას, ჭამს და სვამს იმას, რაც მოსწონს, თუმცა ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ვურჩიოთ დიეტის შეცვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სტომის ოპერაციის ტიპის მიხედვით.
ოპერაციიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკომენდებულია:
* ჯანსაღი კვება, რომელიც ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით უზრუნველყოფს;
* დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად – საკმარისი სითხის მიღება;
* ბოჭკოთი მდიდარი საკვების შეზღუდვა – ასეთია უმი ხილი და ბოსტნეული, თესლეული, თხილეული, სიმინდი;
* ცხარე ან ძლიერ ცხიმიანი საკვების შეზღუდვა.
სასურველია, ახალი საკვები რაციონს ეტაპობრივად დაემატოს. ისევე, როგორც ოპერაციამდე, ზოგიერთი საკვები უფრო ხშირად გამოიწვევს ყაბზობას, დიარეას, აირების დაგროვებას, მყრალ განავალს. პაციენტი უნდა დააკვირდეს ამას. შეუძლია, დღიური აწარმოოს, რომელშიც ჩაიწერს, რას ჭამს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის საკვები მის მდგომარეიობაზე.
– რამდენ ხანში უბრუნდება პაციენტი ჩვეულ საქმიანობას?
– სტომის შემდეგ უმრავლესობა აქტიურ და სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებს, უბრუნდება იმ აქტივობებს, რომლებსაც ოპერაციამდე მისდევდა. სტომა აქვს ბევრ პროფესიონალ მოცეკვავეს და სპორტსმენს და პროფესიულ საქმიანობაში დიდად არ უშლის ხელს. თუმცა ოპერაციის შემდეგ საჭიროა განსაზღვრული დრო სტომასთან ადაპტაციისთვის. ამ ხნის განმავლობაში უმჯობესია დასვენება, მანქანის მართვისგან, მძიმე საგნების აწევისგან თავის შეკავება. ადაპტაციისთვის საჭირო დრო ინდივიდუალურია, საშუალოდ – 1-3 თვე. წვრილი ნაწლავის სტომას უფრო ხანგრძლივი მოვლა სჭირდება, რადგან მასში გამომავალი განავალი მდიდარია ფერმენტებით და კანს აღიზიანებს.
სტომის მქონე ადამიანს არ ეკრძალება ცურვა, მაგრამ კონტაქტური სპორტი და სიმძიმეების აწევა მისთვის საშიშია – შესაძლოა, სტომა დაზიანდეს. ენერგიული აქტივობის დროს შეიძლება სტომის ჩანთის ქამრით დამაგრება. სიცხეში, როდესაც კანი ოფლით სველდება, საჭიროა განავლის მიმღები ნაწილის უფრო ხშირი ცვლა.
როგორ მოვუაროთ
– მნიშვნელოვანია სტომის ირგვლივ კანის სიჯანსაღის შენარჩუნება, ექიმის რეკომენდაციების შესრულება, განავლის მიმღებისა და ჩანთის მოხსნის შემდეგ ამ მიდამოს ყურადღებით დათვალიერება, რათა არ გამოგვეპაროს შეშუპება, სიწითლე, გამონაყარი და გაღიზიანების სხვა ნიშნები. სტომა შხაპისა და აბაზანის მიღებას ხელს არ უშლის.
ნაწლავის მოქმედების სიხშირე და განავლის რაოდენობა დამოკიდებულია სტომის ტიპზე, დიეტასა და ოპერაციამდე ნაწლავის მოქმედების რეჟიმზე. შესაძლოა, პაციენტს ჩანთის დაცლა დღეში რამდენჯერმე დასჭირდეს, აპარატის მთლიანად მოცილება კი – კვირაში ორ-სამჯერ.
მარი აშუღაშვილი