ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

გააზიარე:

გიფიქრიათ ოდესმე, ტრავმის დროს რა აჩერებს სისხლდენას? ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი ამისთვის რამდენიმე მექანიზმს იყენებს. ერთი მათგანია სისხლძარღვის დაზიანებულ უბანში თრომბის წარმოქმნა. საჭირო დროს საჭირო ადგილას წარმოქმნილი თრომბი სისხლის დაკარგვისგან გვიცავს. ზოგჯერ კი თრომბული მასა ისეთ დროს წარმოიქმნება, როცა საერთოდ არ არის საჭირო, მეტიც – სისხლის მიმოქცევას აფერხებს და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ასეა, მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს, რომელიც დღესდღეობით კარდიოინტენსიურ განყოფილებაში პაციენტების მოთავსების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ამიტომაც გვინდა, ამ დაავადების შესახებ გესაუბროთ.

სასარგებლო თუ საშიში?
თრომბი სისხლის შედედების საბოლოო პროდუქტია. შეწებებული თრომბოციტები და სისხლის წითელი უჯრედები ცილა ფიბრინის ბადეში ექცევა და ყალიბდება თრომბი.
სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევისას თრომბის წარმოქმნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის ავსებს კედელში გაჩენილ ხვრელს და აჩერებს სისხლდენას. კედლის მთლიანობის აღდგენისთანავე კი თრომბული მასა იშლება.
თუმცა ხდება ისეც, რომ თრომბი სისხლძარღვში ყოველგვარი გარეგანი დაზიანების გარეშე წარმოიქმნება. ჩვეულებრივ, ამას საფუძვლად უდევს ავადმყოფობა, გენეტიკური ფაქტორები, ცხოვრების წესი, ზოგჯერ – ქირურგიული ჩარევაც. ასეთი თრომბი უფრო და უფრო იზრდება, ახშობს სისხლძარღვის სანათურს და აფერხებს ქსოვილებისკენ სისხლის დენას. უარეს შემთხვევაში ის შესაძლოა მოსწყდეს სისხლძარღვის კედელს და სისხლის ნაკადს რომელიმე ორგანოსკენ გაჰყვეს, დაახშოს მისი მომმარაგებელი სისხლძარღვი და ქსოვილების შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ფილტვის არტერიაში თრომბული მასის მოხვედრაა. ეს ყოველთვის მეორეული მოვლენაა და უმეტესად ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის გართულებას წარმოადგენს. ქვედა კიდურების ვენებში ამა თუ იმ მიზეზით წარმოქმნილი თრომბი სისხლის ნაკადთან ერთად ხვდება ფილტვის არტერიაში, ახშობს მის სანათურს და აფერხებს ფილტვის სისხლით მომარაგებას, რაც ამ ორგანოს დაზიანებას და სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითებას იწვევს.

რისკფაქტორები
თრომბოზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდის მისი განვითარების რისკს:
* დატვირთული მემკვიდრეობა – თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გქონიათ ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რისკი იმატებს;
* ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი;
* ცხოვრების უმოძრაო წესი;
* ხანგრძლივი უძრაობა, მაგალითად, ავადმყოფობის გამო წოლა, ფრენა თუ სახმელეთო ტრანსპორტით შორ მანძილზე მგზავრობა;
* სისხლის შემდედებელი სისტემის მკვეთრი გააქტიურება, რასაც მედიცინაში ჰიპერკოაგულოპათია ეწოდება. ის შესაძლოა ჰორმონული პრეპარატების, მაგალითად, კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბების) მიღებით იყოს გამოწვეული;
* ზოგიერთი დაავადება, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა სისტემისა (განსაკუთრებით – გულის უკმარისობა), კიბო (განსაკუთრებით – პანკრეასისა, საკვერცხისა და ფილტვისა, თუმცა ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნე მეტასტაზების განვითარების პერიოდში შეიძლება თრომბების ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს). რისკის ფაქტორია ქიმიოთერაპიაც;
* თამბაქოს წევა;
* ჭარბი წონა;
* ქირურგიული ოპერაცია;
* ორსულობა;
* 40 წელზე უფროსი ასაკი;
* ქვედა კიდურების ტრავმა.
იშვიათად ფილტვის არტერია შესაძლოა დაახშოს არა თრომბულმა მასამ, არამედ აირის ბუშტუკებმა, სიმსივნურმა ქსოვილმა, ცხიმმა ძვლის მოტეხილობისას, კოლაგენმა.

როგორ ვლინდება
დაავადების სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, ფილტვის რამდენად დიდ ნაწილს მოიცავს თრომბული მასები, ასევე – თრომბის ზომაზე და ფილტვების ან გულის თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობაზე.
უმეტესად გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, რომელიც, ჩვეულებრივ, უეცრად ვითარდება და ყოველთვის მძიმდება ფიზიკური დატვირთვისას. მას, შესაძლოა, თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი, რომელსაც გულის შეტევის დროს განვითარებულ ტკივილს ამსგავსებენ. ტკივილი იმატებს სუნთქვის, ხველების, ჭამის, მოძრაობის დროს (და საგულისხმოა, რომ შეჩერების, შესვენების შემდეგ არ ყუჩდება). დამახასიათებელი სიმპტომია ხველა, რომელსაც შესაძლოა სისხლიანი ნახველი მოჰყვეს.

სხვა ნიშნებია:
* ფეხის ტკივილი და შეშუპება, განსაკუთრებით – წვივის არეში;
* ციანოზური (მოლურჯო) ელფერის კანი;
* ცხელება;
* ჭარბი ოფლიანობა;
* სწრაფი და არარეგულარული გულისცემა;
* თავბრუხვევა, გონების დაკარგვა.

როდის მივმართოთ ექიმს
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია საკმაოდ არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა, ამიტომ თუ მოულოდნელად სუნთქვა გაგიჭირდათ ან გულმკერდის არეში ტკივილი იგრძენით, დაგეწყოთ ხველა, ნახველში კი სისხლი გამოჩნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დიაგნოსტიკა
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დიაგნოსტირება ყოველთვის არ არის ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავადმყოფს გულისა და ფილტვის თანმხლები დაავადება აქვს, ამიტომ დიაგნოზის სანდოობისთვის გასინჯვასთან ერთად საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევაც, რაც გულისხმობს:
* სისხლში ცილის, D-დიმერის განსაზღვრას. ეს უკანასკნელი თრომბის დაშლის შედეგად წარმოიქმნება, შესაბამისად, სისხლძარღვში მის არსებობაზე მიუთითებს, თუმცა სხვა შემთხვევებშიც შეიძლება მოიმატოს.
* სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის განსაზღვრას, რადგან სისხლძარღვის დახშობისას ფერხდება სისხლის ჟანგბადით გაჯერება.
* გულმკერდის რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ანგიოგრაფიით (სისხლძარღვებში შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება და ფილტვის არტერიებს ათვალიერებენ).
თუ ორსულად ხართ ან ექიმს მიაჩნია, რომ სხვა კვლევები სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, საუკეთესო არჩევანია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის კარდიოგრამა და გულის ულტრაბგერითი კვლევაც.

მკურნალობა
მკურნალობის მიზანი თრომბული მასის ზრდის და ახალი თრომბების ჩამოყალიბების თავიდან აცილებაა. ამისთვის სისხლის გამათხელებელი პრეპარატები ინიშნება. უკვე არსებულ თრომბებს ისინი, სამწუხაროდ, ვერ შლიან – ორგანიზმი ამას დროთა განმავლობაში თვითონვე აკეთებს.
სისხლის გამათხელებლებს გვერდითი ეფექტებიც აქვს, უმეტესად – შინაგანი სისხლდენა. კუჭ-ნაჭლავის ტრაქტიდან სისხლდენის თავიდან ასაცილებლად კუჭის დამცავი პრეპარატების მიღებაა საჭირო.
არსებობს თრომბის დამშლელი საშუალებებიც, რომლებსაც თრომბოლიზურს უწოდებენ და თრომბული მასის სწრაფად დასაშლელად იყენებენ.
ფილტვში დიდი ზომის თრომბული მასების არსებობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა – სპეციალური კათეტერით სისხლძარღვში შესვლა და თრომბის დაშლა.
თუ პაციენტისთვის სისხლის გამათხელებელი პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ან ასეთი პრეპარატებით მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, შეიძლება ქვედა ღრუ ვენაში სპეციალური ფილტრის ჩადგმა, რომელიც ხელს შეუშლის თრომბის ფილტვებისკენ გადაადგილებას.

შესაძლო გართულებები
ფილტვის არტერიის თრომბით დახშობის შედეგად არტერიასა და გულის მარჯვენა საკნებში იმატებს წნევა. გული იძულებული ხდება, უფრო ძლიერად შეიკუმშოს, რომ დაბლოკილ ფილტვის არტერიაში სისხლი გადატუმბოს. ეს საბოლოოდ ასუსტებს გულის კუნთს და გულის უკმარისობამდე მივყავართ.
ძალიან იშვიათია, მაგრამ მაინც მოსალოდნელი მცირე თრომბული მასებით ფილტვის არტერიის ემბოლიზაცია, რასაც მოჰყვება ფილტვის ქრონიკული ჰიპერტენზია, იგივე ფილტვის ქრონიკული თრომბოემბოლიური ჰიპერტენზია.

როგორ ავიცილოთ თავიდან
ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის პრევენცია, თავის მხრივ, თავიდან აგაცილებთ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაავადების რისკფაქტორების კორექცია ან, შეძლებისდაგვარად, აღმოფხვრა.
მნიშვნელოვანია სისხლის გამათხელებლების მიღება ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ, რადგან ის თრომბის ჩამოყალიბების ერთ-ერთი რისკფაქტორია, ასევე – მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტისა და კიბოთი გამოწვეული გართულებების დროს. აუცილებელია ქვედა კიდურების ელასტიკური სახვევების გამოყენება: მათი ზეწოლა სისხლის გადასროლაში ეხმარება კუნთებსა და ვენებს.
ეცადეთ, ხშირად შემოაწყოთ ფეხები შემაღლებულზე, განსაკუთრებით – ღამით, და ფიზიკურადაც იაქტიუროთ, განსაკუთრებით – ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. რაც უფრო მალე ამოძრავდებით, მით უფრო დიდია შანსი, თავიდან აიცილოთ თრომბოზი.

მოგზაურობისას
თრომბის ჩამოყალიბების რისკი მოგზაურობიდან მოგზაურობამდე იზრდება. თუ თქვენს ცხოვრებაში სხვა რისკფაქტორებიცაა, კარგი იქნება, გამგზავრებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რომელიც პრევენციის მეთოდებს შეგირჩევთ.
ეცადეთ, ბევრი სითხე მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გაუწყლოება და, შესაბამისად, თრომბის წარმოქმნის კიდევ ერთი რისკფაქტორი. ერიდეთ ალკოჰოლს, რადგან მას სითხე ორგანიზმიდან გამოაქვს.
ფრენისას ეცადეთ, საათში ერთხელ სალონში გაიარ-გამოიაროთ. თუ ავტომობილით მგზავრობთ, საათში ერთხელ გააჩერეთ და რამდენიმე წუთი ფეხით ისეირნეთ. შეგიძლიათ, რამდენჯერმე ჩაბუქნოთ. ჯდომისას 15-30 წუთში ერთხელ აამოძრავეთ კოჭები.
კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ექიმმა შესაძლოა კომპრესიული წინდებიც გირჩიოთ.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: