მარიხუანა მედიცინის თვალთახედვით

გააზიარე:

შეულამაზებელი ფაქტები

უკანასკნელ ხანს კანაფის მოხმარებაზე კონტროლი მთელ მსოფლიოში შერბილდა და მისი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კანაფის პროდუქტების მიმართ საზოგადოების ლოიალურობამაც მოიმატა.
ამ თემის შესახებ მრავალი არაერთგვაროვანი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ქვეყნდება. იმის გასაგებად, რაზე მეტყველებს სამეცნიერო მონაცემები, რა გავლენას ახდენს მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ან მართლა შეუძლია თუ არა მისთვის სიკეთის მოტანა, ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიცე-რექტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე ხათუნა თოდაძე გვესაუბრა:

– ბოლო ხანს მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში იმატა ინტერესმა კანაფის პროდუქტების, განსაკუთრებით – მარიხუანას მიმართ.
კანაფის თვისებების შესასწავლად უამრავი კვლევა ტარდება. მარიხუანას ზემოქმედების შედეგებს აუცილებლად უნდა იცნობდეს საზოგადოება, განსაკუთრებით – ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები, რომლებსაც კანაფის მიმართ უფრო მაღალი სენსიტიურობა ახასიათებთ და მათი მშობლები და პედაგოგები, რომლებსაც მარიხუანას მავნე ზემოქმედების პრევენციაში წამყვანი როლი აკისრიათ.

  • – თავიდან დავიწყოთ. რა არის მარიხუანა?

– მარიხუანა მცენარე კანაფის გამომშრალი ფოთლების, ყლორტების, ყვავილებისა და თესლის ნარევია, რომელიც მრავალ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ნარკოტიკული ნივთიერება დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლით მცენარე განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდშია გაჯერებული. კანაფისგან იღებენ ჰაშიშსაც – სპეციალური ტექნოლოგიით გადამუშავებულ გამონაწვლილს, რომელსაც ზეთს ან სხვა ნივთიერებას ურევენ და ისე ინახავენ. საქართველოში ჰაშიში იშვიათად ხვდება. ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა მასში 40%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ბუნებრივ, არასელექტირებულ მარიხუანაში ის სულ 0,5-5%-ია, თუმცა ბოლო დროს დაიწყეს კანაფის ისეთი ჯიშების გამოყვანა, რომლებიც ტეტრაჰიდროკანაბინოლს 15-20%-ს და მეტსაც შეიცავს.
საქართველოში კანაფი ბუნებრივადაც იზრდება, მაგრამ ნარკოტიკული ნივთიერების კონცენტრაცია მასში საკმაოდ დაბალია. ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაშიც შემოაქვთ ჰიბრიდული ჯიშების თესლი. ჯიშების ჰიბრიდიზაცია განსაკუთრებით ინტენსიურად იმ ქვეყნებში მიმდინარეობს, სადაც მარიხუანა თავისუფლად იყიდება კოფი შოფებში. მიზეზი ის გახლავთ, რომ თუკი რამდენიმე ათეული წლის წინ ერთ ჯერზე კლიენტისთვის 30 გრამი მარიხუანას მიყიდვა იყო ნებადართული, დღეს ოდენობა ნარკოტიკის გვერდითი ეფექტების გამო 5 გრამამდეა შემცირებული, კლიენტი კი მეტს ითხოვს.

სამედიცინო სარგებელი

  • – რა სასარგებლო თვისებები აქვს კანაფს?

– კანაფი, როგორც გითხარით, არაერთ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ ჩვენთვის ორია საინტერესო: დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომელსაც ნარკოტიკული ზემოქმედება ახასიათებს და არანარკოტიკული კანაბიდიოლი – შედარებით ახალაღმოჩენილი ნივთიერება, რომელმაც მეცნიერთა ყურადღება შედარებით მცირე ხნის წინ მიიქცია და რომელზეც მედიცინა დიდ იმედებს ამყარებს.
ტეტრაჰიდროკანაბინოლი ეიფორიას იწვევს, განწყობას ამაღლებს. მას ეფექტურად იყენებენ ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით – გულისრევისა და ღებინების, შესამცირებლად. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი და სხვა კანაბინოიდები მადას ასტიმულირებს, ამიტომაცაა რეკომენდებული მათი გამოყენება შიდსის თანმხლები ანორექსიის სამკურნალოდ. დადასტურებულია მისი დადებითი ეფექტი დეპრესიისა და აპათიის დროს. კანაფის კომპონენტების სამკურნალო მიზნით გამოყენება შედეგიანი აღმოჩნდა გლაუკომის ზოგიერთი ფორმის, მრავლობითი სკლეროზისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროსაც. ვარაუდობენ, რომ მომავალში მას სხვა ნარკოტიკულ`ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდაც გამოიყენებენ.


კანაბიდიოლი პერსპექტიულად მიიჩნევა ბავშვთა ეპილეფსიის, დეპრესიის, ნევროზული რეესტრის დარღვევათა მკურნალობის კუთხით.
აქტიურად მუშაობენ კანაფის ე.წ. სამედიცინო ჯიშების სელექციაზე, რომლებშიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ნარკოტიკული ინგრედიენტის ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა, ხოლო არანარკოტიკული ინგრედიენტის კანაბიდიოლისა – გაზრდილი. ამასთან, სამედიცინო მარიხუანის მოხმარების არსი ის არის, რომ პაციენტმა ის დოზირებულად, ექიმის კონტროლით მიიღოს და მისი მავნე ეფექტები მაქსიმალურად აიცილოს თავიდან.


აქვე დავძენ, რომ, არსებული მონაცემების თანახმად, ჩვეულებრივი კანაფის სამკურნალო ეფექტი ჯერჯერობით ვერ გადაწონის მისი მოხმარებით გამოწვეულ ზიანს, ამიტომ მარიხუანას (და არა მისი კომპონენტების) გამოყენებას ჯერჯერობით არ გვირჩევენ ისეთი კომპეტენტური სამედიცინო ორგანიზაციები, როგორებიც არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.

სიამოვნება IQ -ს ხარჯზე

  • – მოდი, მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ. რითია კანაფი ჯანმრთელობისთვის საშიში?

– ჯანმრთელობაზე კანაფის უარყოფითი ზემოქმედება სხვადასხვანაირად მჟღავნდება, თანაც მოსალოდნელია არა მარტო რეგულარული, არამედ იშვიათი და ერთჯერადი მოხმარების შემთხვევაშიც კი. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი გავლენა მოზარდის თავის ტვინზე. არადა, ცნობილია, რომ ადამიანები უმეტესად სწორედ თინეიჯერობის წლებში სინჯავენ კანაფს. მის შესასწავლად ევროპასა თუ აშშ-ში არაერთი გრძელვადიანი კვლევა ჩატარდა. ზოგიერთი 30 წელიც კი გრძელდებოდა. ერთმანეთს ადარებდნენ დაახლოებით თანაბარი მონაცემების, მსგავს სოციალურ პირობებში მცხოვრებ ადამიანთა ორ ჯგუფს: მარიხუანას მომხმარებლებს და არამომხმარებლებს. დადგინდა, რომ მას, ვინც მარიხუანას მოხმარება მოზარდ ასაკში დაიწყო, ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) არამომხმარებელთან შედარებით საშუალოდ 8 ერთეულით დაბალი ჰქონდა. ვინც რამდენიმე წლის შემდეგ თქვა უარი მარიხუანაზე, მისმა ინტელექტის კოეფიციენტმა მოიმატა, მაგრამ არამომხმარებლებისას ვერ დაეწია, რაც აისახა კიდეც მათ განათლებასა და კარიერაზე.


ინტელექტის დაბალი განვითარების მიზეზი ის გახლავთ, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი ზემოქმედებს კანაბინოიდურ რეცეპტორებზე. ეს რეცეპტორები თავის ტვინში მდებარეობს და პასუხს აგებს დასწავლაზე, მეხსიერებაზე, ყურადღებაზე. მათი დაზიანებისას სისტემის ფუნქცია ირღვევა.

ფსიქიკური დაავადებების ჩამრთველი
– შიზოფრენიასა და კანაფის მოხმარებას შორის კავშირს ძირითადად ჰაშიშის მაგალითზე მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდნენ. არსებობდა უამრავი თეორია. ზოგიერთი იმ მოსაზრებას ემხრობოდა, რომ ჰაშიში შიზოფრენიისა და ფსიქიკური რეესტრის სხვა დაავადებების მხოლოდ გამშვები მექანიზმი კი არა, გამომწვევიც იყო. ახლა კვლევის უფრო მეტი საშუალებაა, ტარდება ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანების გენეტიკური ანალიზი და უკვე დამტკიცებულია, რომ როდესაც ადამიანს ფსიქიკური დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილება, მემკვიდრეობითი განწყობა აღენიშნება, მარიხუანას მოხმარება ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს. ალბათობა კიდევ უფრო იმატებს, როდესაც მომხმარებელი ბავშვი, მოზარდი ან ახალგაზრდაა.


მარიხუანა რომ ფსიქიკურ ცვლილებებს იწვევს, მომხმარებელმაც იცის: სტანდარტულ თრობას მოსდევს ეიფორია – კეთილდღეობის შეგრძნება და გუნება-განწყობილების უმიზეზო აწევა; აღქმის ფუნქციის დარღვევა: მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი, ტაქტილური შეგრძნებების გამძაფრება; ფსიქიკური ასოციაციების სიჭარბე, არათანმიმდევრულობა და ხტომა; აზროვნებისა და მეხსიერების ფუნქციების შეცვლა. ამ ცვლილებათა მაგალითად გამოდგება ატიპური თრობა: მარიხუანას მოწევის შემდეგ ადამიანს შესალოა დაეუფლოს შიში, ეჭვი, გამოამჟღავნოს პარანოიდული რეაქცია – მოეჩვენოს, თითქოს დევნიან და უთვალთვალებენ. მსუბუქი ატიპური თრობისას უმეტესობა მალევე აცნობიერებს, რომ ეს, სლენგზე თუ ვიტყვით, “იზმენაა”, რომელიც უმეტესად თრობასთან ერთად გაივლის, თუმცა შეიძლება, პანიკურ მდგომარეობაშიც გადაიზარდოს, მძიმე ატიპური თრობისას კი გამორიცხული არ არის, ეს მდგომარეობა გახანგრძლივდეს და ფსიქიკური დაავადების მანიფესტირებად მოგვევლინოს. აღსანიშნავია, რომ ჯანმოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით მოიმატა მარიხუანათი გამოწვეული მწვავე ფსიქიკური მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვა, რაც კანაფში ტეტრაჰიდროკანაბინოლის მომატებულ კონცენტრაციას და ნარკოტიკის ადრინდელზე გაცილებით ფართო ხელმისაწვდომობას უკავშირებენ.

არაადეკვატურობა
– მარიხუანაც და ჰაშიშიც ფსიქოდელიური ანუ ჰალუცინოგენური ნარკოტიკების ჯგუფს მიეკუთვნება. მათი მიღებისას პათოლოგიურად იცვლება გარემოსა და საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის აღქმა, ირღვევა ხანმოკლე მეხსიერება, კოორდინაცია, მეტყველება, განსჯა და ემოციური რეაგირება. ცალკეულ ინდივიდზე კანაფის ზემოქმედება დამოკიდებულია თავად ამ ინდივიდის ორგანიზმის სპეციფიკურობაზე, მიღებული ნარკოტიკული ნივთიერების დოზაზე, მოხმარების სიხშირესა და ხანგრძლივობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კანაფით თრობისთვის აგრესია არ არის დამახასიათებელი, მისი ზემოქმედების ქვეშ ადამიანი ზოგჯერ არაადეკვატურად იქცევა, მაგალითად, შესაძლოა გაიქცეს, თითქოს მისდევენო, ან, პირიქით, თავს დაესხას ვინმეს, საკუთარ თავს ან გარშემო მყოფებს ზიანი მიაყენოს.
განსაკუთრებით სახიფათოა კანაფით თრობისას სატრანსპორტო საშუალების მართვა და ისეთი საქმიანობის შესრულება, რომელიც სწრაფ რეაქციებსა და მოძრაობის სიზუსტეს მოითხოვს, ვინაიდან ტეტრაჰიდროკანაბინოლი არღვევს მანძილისა და დროის აღქმას, კოორდინაციას, რეაქციების სიჩქარეს და ფაქიზი მოძრაობების სიზუსტეს. მაგალითად, ადამიანს წუთი შესაძლოა საათად მოეჩვენოს, ახლომდებარე საგანი – შორეულად, პატარა გუბე კი – დიდად. ბუნებრივია, ის სათანადოდ ვერ აფასებს შემხვედრი მანქანის სიჩქარეს და სიშორეს, ამიტომ თრობის დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებიც რიცხვი საკმაოდ დიდია.

  • – მარიხუანას მომხმარებლები ამბობენ, რომ ისინი გაცილებით ნაკლებსაშიშები არიან, ვიდრე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები...

– ალკოჰოლური თრობის დროს ზოგი საკმაოდ აგრესიულია, ხშირად ძალადობს კიდეც, მით უმეტეს – ის, ვისაც ატიპური ან პათოლოგიური ტიპის თრობა ახასიათებს, მარიხუანას მოწევისას კი უმეტესობა – ვიმეორებ: უმეტესობა და არა ყველა – გულკეთილი, გულჩვილი, მხიარული ხდება, მაგრამ შესაძლოა, განვითარდეს კანაფით ატიპური თრობა, რომლის დროსაც მოსალოდნელია შიში, შფოთვა, პანიკური რეაქცია, ბოდვითი აზრები, ილუზიები, ჰალუცინაციები, ცნობიერების პათოლოგიური შეცვლა. ამ დროს ადამიანი სახიფათოა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემო მყოფებისთვისაც.

შებოლილი ფილტვები
– ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მარიხუანა, ისევე როგორც ნებისმიერი მოსაწევი ბალახი, მათ შორის – თამბაქოც, ფილტვებში ნამწვისა და ორგანული ნაერთების დალექვას, სასუნთქი სისტემის ქსოვილების დაზიანებას იწვევს. მარიხუანას ხშირმა მოწევამ შესაძლოა ზედა სასუნთქი გზების დაავადებამდე, ემფიზემამდე, ქრონიკულ ბრონქიტამდე, განსაზღვრულ შემთხვევებში – სიმსივნემდეც კი მიგვიყვანოს. ფილტვებისთვის განსაკუთრებით საშიშია თამბაქოსთან შერეული მარიხუანა, რომელსაც ხშირად ეწევიან.

დამოკიდებულება

  • – მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ მარიხუანა დამოკიდებულებას არ იწვევს.

– მარიხუანა დამოკიდებულებას ნამდვილად იწვევს და ეს ბოლოდროინდელმა კვლევებმაც დაადასტურა, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც ჰიბრიდული ჯიშები მასობრივად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. უბრალოდ, მარიხუანაზე დამოკიდებულება უფრო ნელა ყალიბდება, ვიდრე ზოგიერთ სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე. მაგალითად, მორფიუმის ან ჰეროინის ყოველდღიური მოხმარებისას ორი კვირის თავზე უკვე აღკვეთის ნიშნები იჩენს თავს, სტანდარტული (არამაღალკონცენტრირებული) მარიხუანათი კი ამ მდგომარეობამდე მისასვლელად თვეები და ზოგჯერ წლებია საჭირო – გააჩნია ადამიანის ორგანიზმს, მის ფსიქიკას, მოხმარების სიხშირეს, რეგულარულობას, მოხმარებული ნივთიერების რაობას და სხვა.

  • – როგორ მიდის ადამიანი მარიხუანაზე დამოკიდებულებამდე?

– თავდაპირველად, წესისამებრ, ყალიბდება ჯგუფური ფსიქიკური დამოკიდებულება: მარიხუანას მიმართ ლტოლვა ადამიანს უჩნდება იმ სიტუაციაში, რომელშიც მიჩვეული იყო მოწევას, მათთან ერთად, ვის წრეშიც ეწეოდა ხოლმე. არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში წლობით არ ეწევიან, მაგრამ ჰოლანდიაში რომ მოხვდებიან, აუცილებლად მიდიან მოსაწევად.
მომდევნო ეტაპია ინდივიდუალური ფსიქიკური დამოკიდებულება, როცა ადამიანისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, ეყოლება თუ არა პარტნიორი და მოხვდება თუ არა შესაფერის სიტუაციაში. ის ეწევა ფსიქიკური კომფორტისთვის. თავდაპირველად – იშვიათად, მერე და მერე – ხშირად და თანდათან უფრო ძლიერი კანაფის შოვნასაც ცდილობს. დასასრულ, ყალიბდება ფიზიკური დამოკიდებულებაც, რაც აღკვეთის სინდრომით (ლომკით) გამოიხატება, თუმცა მარიხუანას აღკვეთის სინდრომის სურათში წამყვანი ადგილი მაინც ფსიქიკურ ლტოლვას უკავია.

  • – არის თუ არა მარიხუანა სხვა, მძიმე ნარკოტიკების კარიბჭე?

– კვლევათა შედეგები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ნამდვილად არის, მაგრამ დადგენილია, რომ ასეთივე კარიბჭეა ალკოჰოლი და სიგარეტიც. ფართო მკითხველისთვის უკეთ გასაგებად ასე შეიძლება ითქვას: ადამიანებს, რომლებიც ეტანებიან მარიხუანას, თამბაქოს ან/და ალკოჰოლიან სასმელებს, მძიმე ნარკოტიკებისკენ ლტოლვის გაჩენის მეტი ალბათობა აქვთ, განსაკუთრებით – ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებისადმი გენეტიკური ან ფსიქოსოციალური განწყობის ფონზე.

ცხოვრება მოტივაციის გარეშე
– წლობით მარიხუანას რეგულარული მოხმარების შედეგად ყალიბდება ამოტივაციური სინდრომი: ადამიანი ყველაფრის მიმართ კარგავს ინტერესს, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ეჩვენება, შრომის აღარც ინტელექტუალური რესურსი აქვს და აღარც ფიზიკური. მარიხუანასაც უმთავრესად იმისთვის იყენებს, რომ გამოცოცხლდეს და არსებობისთვის აუცილებელი ელემენტარული ქმედებები შეასრულოს.

  • – შეუძლია თუ არა ამ ეტაპზე მკურნალობას შედეგის გამოღება?

– მკურნალობას ნებისმიერ ეტაპზე აქვს შედეგი, მაგრამ რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უკეთესია. ადამიანი, რომელიც 5-6 წელია რეგულარულად ეწევა მარიხუანას, რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს, ატყობს, რომ უწინდებურად სხარტი გონება აღარ აქვს და ვეღარც ისეთი ენერგიული და შემოქმედებითად ნაყოფიერია, როგორც წინათ. მკურნალობის მიზანი კოგნიტიური ფუნქციების აღგენა, ადამიანისთვის ცხოვრების ხალისისა და შემოქმედებითი მოტივაციის დაბრუნებაა.
სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებმაც დამოკიდებულების გამო იმკურნალეს, სხვადასხვა ვითარებაში, განსაკუთრებით კი სტრესის ფონზე, ადვილად უბრუნდებიან ნარკოტიკსა თუ ალკოჰოლს. რეციდივი ამ დაავადებების წესია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პაციენტი, არ დანებდეს, გავააზრებინოთ, რომ მარიხუანას მწეველს ხელი მოეცარება სწავლაში, მუშაობაში, ცხოვრებაში...

მამხილებელი ნიშნები

  • – როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ადამიანი მარიხუანას მომხმარებელი?

– მარიხუანას მოხმარებაზე ხშირად მიგვითითებს არაადეკვატური ქცევა, არაადეკვატური განწყობა, განსაკუთრებით – სიტუაციისთვის შეუსაბამო მხიარულება, თავშეუკავებელი სიცილი ან, პირიქით, უსაფუძვლო შიში, შფოთვა, ეჭვიანობა, გარემოსადმი უნდობლობა. ზოჯერ ეს ურთიერთსაპირისპირო სიმპტომები ერთმანეთს ენაცვლება. სხვა დამახასიათებელი ნიშნებია დაუნაწევრებელი მეტყველება, ბევრი ლაპარაკი, კოორდინაციის დარღვევა, სკლერების სიწითლე, პულსისა და არტერიული წნევის ზომიერი მატება. მარიხუანას მომხმარებლებს გამოარჩევთ საკვების, განსაკუთრებით – ტკბილეულის, უზომო მიღება, თრობის დასრულების შემდეგ ძილიანობა, მოთენთილობა, უგუნებობა, თავის ტკივილი. შესაძლოა უპოვოთ მარიხუანას მოსაწევი აქსესუარები, მათ შორის – კუსტარულად დამზადებული.

რჩევები

  • – თუ მარიხუანას მწეველი ვერ ახერხებს გადაჩვევას, როგორ შეიძლება, ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოს?

– შეძლებისდაგვარად, შეზღუდოს ოდენობა, მოწევის სიხშირე, თრობის დროს არავითარ შემთხვევაში არ მიუჯდეს საჭეს, არ იქონიოს საქმე ისეთ ტექნიკურ საშუალებებთან, რომლებიც რეაქციის ან მოქმედების სიზუსტეს მოითხოვს.
არამც და არამც არ შეიძლება მარიხუანას მოწევა ორსულობისას – ეს დედისთვისაც საშიშია და ნაყოფისთვისაც. ტეტრაჰიდროკანაბინოლი ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს და დედის მიერ მიღებული ნარკოტიკი ბავშვის ორგანიზმშიც ხვდება, აზიანებს მას, აფერხებს მის ზრდა– განვითარებას. ასევე დაუშვებელია მარიხუანას მოხმარება ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

  • – როგორ დავძლიოთ დამოკიდებულება ან როგორ დავეხმაროთ სხვას?

– ჟურნალის ფურცლებიდან ძნელია მსგავსი რჩევების მიცემა. ნივთიერების მავნედ მოხმარების შემთხვევაში პირველი ნაბიჯი, რომელიც ადამიანს პრობლემის გადაჭრისკენ წაიყვანს, პრობლემის აღიარებაა. ამაში შესაძლოა დაეხმარონ მეგობრები, ოჯახის წევრები. განსაკუთრებულ სიფაქიზეს მოითხოვს ამ საკითხზე მოზარდთან საუბარი. უფროსთან ურთიერთობისას მას უნდა ამოძრავებდეს არა შიში, არამედ ნდობა, რომელიც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად დიდი ხნის დაკარგულია. ამ შემთხვევაში საჭიროა ურთიერთობის აღდგენაზე ზრუნვა ან საქმეში ისეთი ადამიანის ჩართვა, რომელიც მოზარდისთვის ავტორიტეტია ან შეუძლია, მასკარგი მაგალითი მისცეს. ზოგჯერ შედეგიანია მშობლის წინასწარი კონსულტირება ექიმთან ან ფსიქოლოგთან.
პრობლემის აღიარების შემდეგ ყველაზე სწორი ნაბიჯი სპეციალისტთან – ნარკოლოგთან ან ამ მიმართულების ფსიქოლოგთან – კონსულტირებაა. ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელს სპეციალური სამკურნალო კურსის გავლა მოუწევს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: