მემარჯვენე, ცაცია თუ ამბიდექსტრი?
გააზიარე:
თუ წერისას, მუშაობისას ან საყვარელი ჰობით თავის შექცევისას მარჯვენა და მარცხენა ხელს ერთნაირად ხმარობთ, ესე იგი ამბიდექსტრების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებით. ამბიდექსტრები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ორივე ხელის ერთნაირად გამოყენება შეუძლიათ, მაშასადამე, არ გააჩნიათ დომინანტი ხელი. მათ რიცხვს არ მიაკუთვნებენ ცაციებს, რომლებიც მიბაძვის, ცრურწმენისა თუ სტიგმების გამო თავს მარჯვენა ხელის გამოყენებას აიძულებენ. აი, მემარჯვენე კი შეიძლება ამბიდექსტრი გახდეს დომინანტ ხელზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ. ჭეშმარიტი ამბიდექსტრი მსოფლიოში 100-მხოლოდ ერთი ადამიანია.
მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები ამბიდექსტრები ხდებიან, თავის ტვინში უნდა ვეძებოთ, რადგან სწორედ ის აკონტროლებს ჩვენს ყოველ ქმედებას, იმასაც კი, როგორ დავიჭერთ ხელში კალამს. ჩვეულებრივი ადამიანის ორი ნახევარსფეროდან ერთი დომინანტია და გავლენას ახდენს მეორეზე. მემარჯვენეების შემთხვევაში დომინანტი მარცხენა ნახევარსფეროა, ხოლო ცაციებს და ამბიდექსტრებს ორივე ნახევარსფერო თანაბრად კარგად აქვთ განვითარებული, რაც მათ ბევრ პრობლემასთან ერთად უჩვეულო შესაძლებლობებითაც ასაჩუქრებს.
მითი თუ სინამდვილე
ალბათ გაგიგონიათ, როგორ აძალებდნენ მშობლები თუ მასწავლებლები პატარებს აუცილებლად მარჯვენა ხელით წერას. რატომ? რას აშავებდა მარცხენა? პასუხის გასაცემად კალენდარი შუა საუკუნეებზე გადავფურცლოთ. იმხანად ყველაფერი, რაც აუხსნელი და გაუგებარი იყო, დემონურ ძალებს, ჯადოქრებს და კუდიანებს მიეწერებოდა. სწორედ ჯადოქრობას სდებდნენ ბრალად მათ, ვისაც მარცხენა ხელის გამოყენება უფრო ემარჯვებოდა ან ორივე ხელს ერთნაირად ხმარობდა. ასეთ ადამიანებს ყველა ეჭვის თვალით უყურებდა. საუკუნეების შემდეგ, როდესაც ცივილიზებული კაცობრიობა კუდიანებისა და გრძნეულების არარსებობაში დარწმუნდა, ცაციების მიმართ ეჭვი გაქარწყლდა და 1968 წელს ლონდონში გაიხსნა მაღაზია “ყველაფერი ცაციებისთვის”. თუმცა, რა სამწუხაროც უნდა იყოს, აღნიშნული სტერეოტიპები დღესაც ცოცხლობს. მშობლების უმეტესობამ არც კი იცის, რატომ უკრძალავს შვილს მარცხენა ხელის გამოყენებას, უბრალოდ, გაუგონია, რომ ბავშვმა აუცილებლად მარჯვენით უნდა წეროს.
არასასურველი თანამგზავრები
რანდომიზებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც ორივე ხელით შეუძლიათ ჭამა, წერა, ბურთის სროლა და სხვა აქტივობების შესრულება, უფრო ხშირად ეჯახებიან მეტყველების, დასწავლისა და მენტალურ პრობლემებს. გარდა ამისა, მათ შორის გაცილებით ხშირად აღირიცხება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი – ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გონებაგაფანტულობა, მოუსვენრობა, უკონტროლო ქცევა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ თქვენი შვილი ამბიდექსტრია, აუცილებლად გაუჭირდება სასკოლო ცხოვრებასთან შეგუება ან მენტალური დარღვევა განუვითარდება. კვლევები მხოლოდ იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ბავშვები, რომლებიც ორივე ხელს ერთნაირად ხმარობენ, აღნიშნული სინდრომის რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
LRRTM1 – ეს არის გენი, რომლის არსებობა და მამის ხაზით გადაცემა ზრდის მემარცხენეობის ან ამბიდექსტრიის რისკს. გარდა ამისა, გენს კავშირი აქვს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებასთან – შიზოფრენიასთან. სამწუხაროა, მაგრამ ეს დაავადებაც მემარცხენეებს და ამბიდექსტრებს შორის უფრო ხშირია. შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს აღნიშნული კატეგორიის ადამიანების უეცარი განრისხება, ხშირი უგუნებობა, შფოთვა.
მონეტის ფერადი მხარე
ალბათ უკვე გადაწყვიტეთ, რომ ამბიდექსტრიას მხოლოდ უსიამოვნებები ახლავს თან. სასიამოვნოდ გაოცდებით იმ უნარების აღმოჩენისას, რომლებიც ორივე ხელის თანაბარ განვითარებას მოაქვს.
ადამიანის ყოველი ქმედების, აზროვნებისა და გარემოს შეცნობის საწყისებში ჩაღრმავებას ისევ და ისევ თავის ტვინთან და მისი მუშაობის მექანიზმთან მივყავართ. ადამიანების 80-90% მემარჯვენეა, რომლებსაც, როგორც აღვნიშნეთ, მარცხენა ნახევარსფერო უკეთესად აქვთ განვითარებული, მემარცხენეები და ამბიდექსტრები კი "მეგატვინის" გამო ბევრი საინტერესო, უჩვეულო და შესაძლოა მათთვის ჯერ კიდევ უცნობი უნარით არიან დაჯილდოებულნი. მაგალითად, თუ გაგიგონიათ სინესთეზია? დაფიქრდით, იქნებ თქვენს მეგობარს, ოჯახის წევრს ან უბრალო ნაცნობს უხსენებია "ფერადი ყნოსვა", "სინათლის გემო"? სწორედ სამყაროს განსხვავებულ აღქმას გულისხმობს სინესთეზია, რომელიც არა ჰალუცინაცია ან ბოდვა, არამედ რეალური გრძნობების კომპლექსია. სამყაროს შეცნობაში გრძნობის ორგანოები გვეხმარება: ენაზე განთავსებული რეცეპტორებით გემოს ვგრძნობთ, ყურებით ხმა გვესმის, თვალებით ვხედავთ, სინესთეზიის მქონე ადამიანები კი სამყაროს ერთდროულად გრძნობის რამდენიმე ორგანოს საშუალებით აღიქვამენ, ერთი მათგანის ამოქმედებისას უჩნებათ შეგრძნება, რომელიც ამ ორგანოსთვის დამახასიათებელი არ არის.
ორივე ხელის თანაბარი გამოყენების უნარი მომგებიანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სპორტი, ხელოვნება და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მედიცინაც კი. მაგალითად, ქირურგისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ამბიდექსტრიას, რადგან ამ სპეციალობის ადამიანი ერთნაირად ოსტატურად უნდა ხმარობდეს ორივე ხელს ინსტრუმენტებთან მუშაობისას, მეტადრე – ლაპაროსკოპიული აპარატის გამოყენებისას და, რაც მთავარია ნაკერებზე კვანძის დადებისას.
ორივე ხელს იყენებენ მხატვრები, მოქანდაკეები, მუსიკოსები. ახლახან მხატვრობაში გაჩნდა ახალი მიმართულება – ტრიბალოგია, რომელიც აბსტრაქტული ხაზებისა და ფიგურებისგან ნამუშევრების შექმნას გულისხმობს. ამ დროს მხატვრები ორივე ხელით მუშაობენ.
ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში კი არსებობს ამბიდექსტრიის სკოლა, სადაც ბავშვებს წერისას ორივე ხელის გამოყენებას ასწავლიან.
საბრძოლო უპირატესობა
იმ პერიოდში, როცა მეომრები ერთმანეთს ხმლითა და შუბით უსწორდებოდნენ, მემარჯვენეებს იარაღი, წესისამებრ, მარჯვენა ხელში ეჭირათ და შეტევისა და თავდაცვის ტაქტიკაც ამაზე იყო აგებული, ცაციები და ამბიდექსტრები კი იარაღს ორივე ხელით მარჯვედ ხმარობდნენ და, შესაბამისად, მეტოქეებთან საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ.
შოტლანდიაში არსებობს კერის კლანი, რომელშიც ცაცია ისე ხშირად იბადებოდა, რომ ზოგიერთი მკვლევარი სახელის წარმომავლობას გელურ სიტყვა Céarr-ს უკავშირებს, რაც სწორედ ცაციას ნიშნავს. კერის საგვარეულო სასახლეში სპირალური კიბე ტრადიციულის საპირისპირო მიმართულებითაა ნაგები, რათა ბრძოლისას იარაღიანი მარცხენა არა კედლის, არამედ მოაჯირის მხარეს მოხვედრილიყო.
ცნობილი სახეები
თუ სტატიის კითხვისას აღმოაჩინეთ, რომ ამბიდექსტრი ხართ და ამ უჩვეულო უნარის “არასასიამოვნო თანამგზავრებმა” დაგაფიქრათ, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს: ამბიდექსტრების სიაში თქვენთან ერთად ბევრი ცნობილი ადამიანია. ზოგიერთი მათგანი დაბადებიდანვე ორივე ხელს ხმარობდა, ზოგიერთი კი დომინანტი ხელით დაიბადა და გარკვეული მიზეზების გამო გახდა ამბიდექსტრი. ერთი მათგანია მშვენიერი “მონა ლიზას” ავტორი, იტალიელი მხატვარი ლეონარდო და ვინჩი, რომელმაც ბავშვობაში მარჯვენა ხელი დაიშავა, სანაცვლოდ მარცხენის გაწაფვა მოახერხა და მას შემდეგ ორივე ხელით ქმნიდა გენიალურ ნამუშევრებს. ბენჯამინ ფრანკლინიც იდეალურად ხმარობდა ორივე ხელს, თუმცა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მარცხენით მოაწერა. ამბიდექსტრების სიას ამშვენებენ პოლ მაკარტნი, ალბერტ აინშტაინი და სხვები.
ასე რომ, ნუ შეუშინდებით სტერეოტიპებს. თქვენთვის ყველა კარი ღიაა, უბრალოდ არ დანებდეთ და კარი მთელი ძალით შეაღეთ, რაც მთავარია, ორივე ხელით.
თამთა კაპანაძე