რა არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა?
გააზიარე:
ადამიანი წუთში 12-16-ჯერ ჩაისუნთქავს, მაგრამ ეს იმდენად შეუმჩნეველად ხდება, ხანდახან გვავიწყდება კიდეც, რომ ვსუნთქავთ – ჩვენ ხომ ამისთვის ძალისხმევა არ გვჭირდება, ჩვენი სხეული ამას ავტომატურად აკეთებს.
სამაგიეროდ, როცა სუნთქვა ირღვევა, მაშინვე ვგრძნობთ, რადგან ჟანგბადი, რომელსაც ატმოსფეროდან ჩავისუნთქავთ, ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ოდესმე სუნთქვა გაგძნელებიათ, გეცოდინებათ, რა მტანჯველია ეს შეგრძნება.
გვინდა, სუნთქვის მწვავე უკმარისობაზე გესაუბროთ, რომელსაც უამრავი რამ იწვევს და რომელსაც, თავის მხრივ, შეუქცევადი დარღვევების გამოწვევაც შეუძლია.
სუნთქვის მნიშვნელობა
რა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობამ? ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ორგანიზმში სუნთქვის დროს და რა მნიშვნელობა აქვს ჟანგბადით ქსოვილების ადეკვატურ მომარაგებას.
ყველამ იცის, რომ ადამიანი ჩაისუნთქავს ჟანგბადით მდიდარ ჰაერს და ამოისუნთქავს ნახშირორჟანგით მდიდარს, ამიტომ მრავალი ჩვენგანი ამბობს "ჰაერს" და გულისხმობს ჟანგბადს. სინამდვილეში ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი აირი ატმოსფერული ჰაერის მხოლოდ 21 პროცენტს შეადგენს. ყველაზე მეტი ჰაერში აზოტია (78%), თუმცა ორგანიზმი მხოლოდ ჟანგბადს ითვისებს.
სუნთქვის პროცესი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ფაზებისგან შედგება. ადამიანი ჩაისუნთქავს ჟანგბადს, რომელიც სასუნთქი გზების გავლით აღწევს ფილტვებამდე. სწორედ ფილტვის პატარა ელასტიკურ ბუშტუკებში, ალვეოლებში, მიმდინარეობს აირთა ცვლა. ამ პროცესს ალვეოლების გარშემო არსებული უხვი კაპილარული ქსელი უზრუნველყოფს. ალვეოლებიდან ჟანგბადის მოლეკულები კაპილარებში გადადის და სისხლთან ერთად მიემართება გულისკენ, საიდანაც მთელ სხეულში ვრცელდება, კაპილარებიდან ალვეოლებში კი გადადის ნახშირორჟანგი და ამოსუნთქვისას ორგანიზმიდან გამოიდევნება.
ამ ერთი შეხედვით მარტივ მექანიზმში ჩართულია სასუნთქი კუნთებიც, რომელთა რიტმული შეკუმშვა-მოდუნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესში.
რა არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა
სუნთქვის მწვავე უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც ფილტვის ალვეოლებში დარღვეულია აირთა ცვლა, ესე იგი, ალვეოლებიდან კაპილარებში ვერ გადადის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი ან გაძნელებულია ორგანიზმში გამოთავისუფლებული ნახშირორჟანგის კაპილარებიდან ალვეოლებში გადმოსვლა და ატმოსფეროში გამოდევნა. ეს პროცესები, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების დარღვევას და ქსოვილების დაზიანებას იწვევს.
სიტყვა “მწვავე” კი იმას ნიშნავს, რომ პროცესი სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
როდის ვითარდება
სუნთქვის მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს როგორც გარეგანმა ტრავმამ, ისე ორგანიზმშივე მიმდინარე პათოლოგიურმა პროცესმაც, მაგალითად:
* სასუნთქი გზების მექანიკურმა დახშობამ ან შევიწროებამ, რომელიც ფილტვებისკენ ჟანგბადის გადაადგილებას გააძნელებს. სუნთქვის მწვავე უკმარისობა შესაძლოა განვითარდეს ასთმის ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების დროს.
* ტრავმის შედეგად ნეკნების, ხერხემლის, თავის ტვინის დაზიანებამ (სწორედ ტვინში მდებარეობს სუნთქვის ცენტრი, რომლის დაზიანებისას ავტომატურად ითრგუნება სუნთქვის პროცესი).
* მწვავე რესპირატორულმა დისტრესსინდრომმა – ფილტვში/ფილტვებში სითხის ჩადგომამ. ის შესაძლოა განვითარდეს ტრავმის, პნევმონიის (ფილტვის ქსოვილის ანთების), პანკრეატიტის (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების), სეფსისის (ინფექციის შედეგად ორგანოთა სისტემური დაზიანების), ტვინის მძიმე დაზიანების, თამბაქოს კვამლით ან სხვა მავნე აირებით ფილტვის დაზიანების დროს;
* ნარკოტიკის ზედოზირებამ ან ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ;
* ინსულტმა – ამ დროს ტვინის სისხლით მომარაგება ირღვევა, რამაც შესაძლოა ქსოვილების დაზიანება და კვდომაც კი გამოიწვიოს;
* იმ ნერვებისა და კუნთების დაზიანებამ, რომლებიც სუნთქვის პროცესშია ჩართული. ამგვარი დაზიანების გამომწვევი პათოლოგიების რიცხვშია ამიოტროფული სკლეროზი, კუნთოვანი დისტროფია, ხერხემლის ტრავმა, ინსულტი.
როგორ ვლინდება
სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები დამოკიდებულია თანდართულ პათოლოგიებზე და სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ოდენობაზე.
სისხლში ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობის დროს მოსალოდნელია:
* სუნთქვის გახშირება – წუთში ოცამდე და მეტად (დამოკიდებულია სუნთქვის უკმარისობის ხარისხზე);
* გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია.
სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობის შემთხვევაში კი უნდა ველოდეთ:
* სუნთქვის გაძნელებას;
* კანის ციანოზურ (მოლურჯო) შეფერილობას.
ფილტვის მწვავე უკმარისობის და ჟანგბადის ოდენობის შემცირების დროს მოსალოდნელია:
* მოუსვენრობა;
* შფოთვა;
* სისუსტე და ძილიანობა;
* გონების დაკარგვა;
* სწრაფი და ზერელე სუნთქვა;
* გულისცემის აჩქარება;
* გულის რიტმის დაღვევა (არითმია);
* ძლიერი ოფლიანობა.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
სუნთქვის მწვავე უკმარისობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღდგეს ორგანიზმის ჟანგბადით ადეკვატური მომარაგება, რათა უჟანგბადობისგან ქსოვილებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს, განასაკუთრებით კი თავის ტვინს, რომელიც, როგორც გითხარით, ყველაზე მგრძნობიარეა ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ. ამისთვის პაციენტს მეყსეულად აწვდიან ჟანგბადს, მერე კი, როცა სუნთქვა დასტაბილურდება და პირველი საშიშროება ჩაივლის, მიზეზის ძებნას და მკურნალობას იწყებენ. ამისთვის საჭიროა:
* პაციენტის ავადმყოფობის სამედიცინო ისტორიის გაცნობა;
* პაციენტის დათვალიერება;
* გასინჯვა – გულისა და ფილტვის მოსმენა ფონენდოსკოპით ფილტვის ხმიანობის, გულის ტონებისა და რიტმის შესაფასებლად;
* სპეციალური ხელსაწყოთი, პულსოქსიმეტრით, სისხლის ჟანგბადით გაჯერების ხარისხის განსაზღვრა;
* არტერიულ სისხლში აირების: ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის – დონის განსაზღვრა.
წესისამებრ, ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფიაც ფილტვში არსებული პათოლოგიური ცვლილებების გამოსავლენად.
სუნთქვის უკმარისობის შედეგად განვითარებული არითმიის დროს საჭიროა ელექტროკარდიოგრაფია – გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა.
ზედა სასუნთქი გზების მექანიკური დახშობისას ან შევიწროებსას შესაძლოა საჭირო გახდეს ტრაქეოსტომია – განაკვეთის გაკეთება ტრაქეის არეში, მილის ჩადგმა და ჟანგბადის ამ გზით მიწოდება ფილტვებში.
თუ ჟანგბადის მიწოდების შედეგად სისხლში ამ აირის დონემ არ მოიმატა ან ადამიანს თვითონ არ შეუძლია სუნთქვა, ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაჰყავთ – სპეციალური აპარატი ფილტვებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს აწვდის.
მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტია სითხითა და საკვები ნივთიერებებით ორგანიზმის მომარაგება, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიდენა მთელ სხეულში, მაგრამ მიღებული სითხის მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს ნიშნულს, რომლის ათვისებაც შეუძლია ორგანიზმს – ჭარბი სითხე შესაძლოა ფილტვებში შეგუბდეს და სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს.
მიზეზის კვალობაზე, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობაც, მაგალითად:
* ანტიბიოტიკოთერაპია პნევმონიის არსებობისას;
* ანტიკოაგულანტების გამოყენება თრომბის არსებობისას თრომბული მასის დასაშლელად;
* საინჰალაციო საშუალებების გამოყენება სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
გულმკერდის ტრავმის შედეგად განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს დგამენ სადრენაჟო მილს ჩაღვრილი სისხლისა და ზედმეტი აირის გამოსადევნად.
პროგნოზი
პროგნოზი დამოკიდებულია მიზეზზე და იმაზე, რამდენ ხანს განიცდიდა ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას: უჟანგბადობის პირობებში განსაზღვრული ხნის შემდეგ უჯრედები კვდომას იწყებს, რაც შეუქცევადი პროცესია. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტვინის ქსოვილი, რომელიც 4-6 წუთში კვდება, ტვინის კვდომა კი სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობაა. თუ დროულად მოხდა სამედიცინო ჩარევა (გადაუდებელი სამედიცინო დახმარება), აღდგა ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება და ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, პროგნოზი კეთილსაიმედოა, ოღონდ გამოჯანმრთელების შემდეგ თავი უნდა არიდოთ სუნთქვის უკმარისობის განვითარების რისკფაქტორებს: თამბაქოს, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, მავნე აირებს, სტრესს.
მარიამ ჯანიაშვილი