არითმია
გააზიარე:
მოსვენებისას საკუთარ გულისცემას ვერ ვგრძნობთ, სირბილის, აღმართზე ასვლის, გამოცდის ჩაბარებისა თუ საყვარელი ადამიანის დანახვისას კი ყველას გვიგრძნია "საგულიდან ამოვარდნილი" გულის ფრიალი. ძლიერი სტრესის, ფიზიკური დატვირთვისა თუ ემოციის საპასუხოდ პულსიც ჩქარდება, ე.ი. გული უფრო აქტიურად იკუმშება და ორგანიზმში უფრო მეტ სისხლს გადაისვრის. გულისცემის გახშირების მიზანიც სწორედ ესაა.
თუმცა, რა უემოციოც არ უნდა იყოთ, გული მაინც ძგერს. ძგერს დღე-ღამეში 24 საათი, წელიწადში 365 დღე, შეუსვენებლად. თუ ძგერა შეწყვიტა, შეწყდება ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი.
მაშ, რა აიძულებს გულს, განუწყვეტლივ და რიტმულად შეიკუმშოს? რა მოხდება, თუ მისი შეკუმშვის რიტმი დაირღვა?
გული – ბუნებრივი ტუმბო
გული ძლიერი კუნთოვანი ტუმბოა. მისი ძირითადი ფუნქცია სისხლის სისხლძარღვებში გადატუმბვაა. ამას ის შეკუმშვისა და მოდუნების საშუალებით აკეთებს. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ გულის მუშაობის მექანიზმი, გავიხსენოთ მისი აგებულება.
გული ოთხი საკნისგან შედგება: მარჯვენა და მარცხენა წინაგულებისა და მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებისგან. მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის სამკარიანი სარქველია, მარჯვენა პარკუჭსა და ფილტვის არტერიას შორის – პულმონური, მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის – მიტრალური, მარცხენა წინაგულსა და აორტას შორის კი – აორტული. ეს სარქველები საჭიროებისამებრ იღება და იხურება, რაც სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით დენას უზრუნველყოფს.
გულმა თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, ოთხივე კამერა ორგანიზებულად უნდა შეიკუმშოს. თანმიმდევრობა ასეთია: ჯერ წინაგულები იკუმშება, რის შედეგადაც სისხლი წინაგულებსა და პარკუჭებს შორის არსებულ სარქველებს აწვება, აღებს და პარკუჭებში გადადის, ამ უკანასკნელთა შეკუმშვა კი პარკუჭებსა და მათგან გამომავალ სისხლძარღვებს შორის მდებარე სარქველებს აღებს და სისხლს დანარჩენი ორგანიზმისკენ სავალ გზას უხსნის.
გულის ელექტროსისტემა
მაშასადამე, გულის შეკუმშვაზეა დამოკიდებული მთელი სხეულის სისხლით მომარაგება. ნორმაში ის დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ჯერ (წუთში 60-90-ჯერ) ძგერს, რაც იმას ნიშნავს, რომ 70 წლის განმავლობაში ადამიანის გული საშუალოდ 2.5 მილიარდჯერ იკუმშება და დუნდება.
გულის შეკუმშვას მასში აღმოცენებული ელექტრული იმპულსები უზრუნველყოფს. მთელი ეს სისტემა ერთგვარ ელექტროგაყვანილობას მოგვაგონებს თავისი კვების წყაროთი, ელექტროსადენებით, ჩამრთველებით და ა.შ.
ელექტრული იმპულსი ე.წ. სინოატრიალურ კვანძში წარმოიქმნება. ამ კვანძს ხშირად ბუნებრივ კარდიოსტიმულატორსაც უწოდებენ, ვინაიდან სწორედ ის ახდენს იმპულსების ინიცირებას. ბუნებრივი კარდიოსტიმულატორი მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. წარმოქმნილი იმპულსი წინაგულებში ვრცელდება და მათ აგზნებას იწვევს, რის პასუხადაც წინაგულები იკუმშება და სისხლს პარკუჭებში გადაისვრის. შემდეგ იმპულსი წინაგულებისა და პარკუჭების საზღვარზე მდებარე სპეციალური უჯრედების გროვას – ატრიოვენტრიკულურ კვანძს აღწევს, აქედან კი ე.წ. ჰის-პურკინეის სისტემას გადაეცემა. ამგვარად, იმპულსები პარკუჭებსაც აღაგზნებს, რომელთა შეკუმშვის შედეგად სისხლი აორტასა და ფილტვის ვენაში ხვდება.
გულის სწორი მუშაობისთვის ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული ელექტრული იმპულსის გავრცელების გზა. ამ გზიდან ნებისმიერი გადახვევა შეკუმშვათა თანმიმდევრობის დარღვევას იწვევს, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
თუ სისტემა მოიშალა
გულის ელექტრულ სისტემაში არსებული პრობლემების შედეგად შესაძლოა:
* აღმოცენდეს ანომალიური (ზედმეტი) იმპულსი;
* დაიბლოკოს ან შენელდეს ელექტრული იმპულსის გავრცელება;
* ელექტრული იმპულსი ახალი, დამატებითი გზით გავრცელდეს.
იმპულსის აღმოცენების სიხშირისა თუ რეგულარულობის პათოლოგიურ ცვლილებას, მის სხვა ადგილას აღმოცენებას თუ არასათანადო გატარებას ტერმინი "არითმია" აერთიანებს.
ამრიგად, არითმია გულში იმპულსების ნორმალური გავრცელების ნებისმიერ დარღვევას გულისხმობს. იმპულსები ზოგჯერ სწრაფად აღმოცენდება, ზოგჯერ – ნელა, ზოგჯერ კი ქაოსურად. მათი აღმოცენების შესაბამისად იკუმშება გულიც. როდესაც გულის შეკუმშვის რიტმი დარღვეულია, ბუნებრივია, ის სათანადოდ ვეღარ ასრულებს ტუმბოს ფუნქციას, სისხლი ორგანიზმში ეფექტურად ვეღარ გადანაწილდება, შედეგად ზიანდება ორგანოები – ფილტვები, ტვინი და სხვ. მაშასადამე, არითმია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს.
მოუსვენარი რიტმი
ზრდასრული ადამიანის ნორმალური გულისცემა წუთში 60-დან 90-მდეა (ახალშობილისა -130-დან 160-მდე). წუთში 100-ზე მეტი ან 60-ზე ნაკლები შეკუმშვა დარღვევად მიიჩნევა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, სასმელი, ემოცია გულის რიტმს ცვლის და ეს სულაც არ ითვლება პათოლოგიად. პათოლოგიურ ცვლილებებს კი არაერთი მიზეზი აქვს. უწინარეს ყოვლისა, საკუთრივ გულის ან რომელიმე სხვა ორგანოს დაავადება. არც ის არის გამორიცხული, რომელიმე ტიპის არითმიის საწინააღმდეგოდ გამოყენებულმა მედიკამენტებმა სხვა ტიპის არითმია გამოიწვიოს.
დიახ, არითმიის რამდენიმე ტიპი არსებობს. მათ ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ – ბრადიარითმიებად და ტაქიარითმიებად. ბრადიარითმიის დროს გულის რიტმი შენელებულია, ტაქიარითმიის დროს კი – აჩქარებული.
არითმიების კლასიფიკაციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოკალიზაციას, მაშასადამე, იმას, სად, გულის რომელ უბანში აღმოცენდება პათოლოგიური იმპულსი. ამაზეა დამოკიდებული კლინიკური გამოვლენა და დარღვევის სიმძიმე.
რამდენადაც მრავალსახოვანია არითმია, იმდენადვე მრავალფეროვანია მისი გამოვლინება, მიმდინარეობა, პროგნოზი და გამოსავალი. ზოგჯერ არითმია თავისთავად გაივლის, ზოგჯერ კი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მძიმდება. ზოგ შემთხვევაში გულის რიტმის დარღვევა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი სერიოზულ ჩივილებს იწვევს. ზოგიერთი არითმია იმდენად უმნიშვნელოა, ფაქტობრივად არ ახდენს გავლენას გულის შეკუმშვათა საერთო სიხშირესა და რიტმზე, ზოგიერთს კი მთელი სისტემა გამოჰყავს მწყობრიდან. განსხვავებულია არითმიების პროგნოზიც – შესაძლოა, მკურნალობაც არ დასჭირდეს ან პირიქით – სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე.
მიზეზები
არითმიის მიზეზი უმეტესად აშკარაა, თუმცა ხდება ისეც, რომ დამნაშავეს ვერ პოულობენ.
არითმიის გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება:
* გულისმიერი ფაქტორები: გულის ანატომიის ცვლილება, გულისკენ მიმდინარე სისხლის ნაკადის შესუსტება, გულის ელექტრული სისტემის დაზიანება, გულის ქსოვილის გაუხეშება-დანაწიბურება (მოსალოდნელია, მაგალითად, ინფარქტის შემდეგ);
* ცვლილებები სისხლში:
. ფარისებრი ჯირკვლის ჰომონების მატება ან კლება (პირველი ტაქიკარდიას იწვევს, მეორე – ბრადიკარდიას);
* გაუწყლოება (ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს);
* გლუკოზის დონე სისხლში;
* კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის დონის დაქვეითება (ამ ნივთიერებების დისბალანსი ხშირია მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ);
* ზოგიერთი მედიკამენტი: არტერიული ჰიპერტენზიის, დეპრესიის, ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები, ანტიბიოტიკები, ალერგიისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები. როგორც უკვე ვთქვით, ხდება ისეც, რომ ერთი ტიპის არითმიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები სხვა ტიპის არითმიას იწვევს.
როდის იმატებს რისკი
სხვადასხვა ტიპის არითმიებს იდენტური რისკფაქტორები აქვს. მათ მიეკუთვნება:
* ასაკი. არითმიის ალბათობა ასაკთან ერთად იმატებს. ამის მთავარი მიზეზი გულის ქსოვილისა და მუშაობის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებია. ხანდაზმულებს უფრო ხშირად აქვთ გულის დაავადებები, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოშობს არითმიის რისკს. თუმცა ზოგიერთი ტიპის არითმია უფრო ბავშვებთან ან ახალგაზრდებთან გვხვდება, მათ შორის – ისეთი, რომელიც გულის თანდაყოლილი მანკის ან გამტარობის თანდაყოლილი დარღვევის დროს აღმოცენდება.
* გარემო. ზოგიერთი კვლევის თანახმად, გარემო ფაქტორები, განსაკუთრებით – ჰაერის დაბინძურება, მოკლევადიან პერსპექტივაში ზრდის არითმიის რისკს.
* გენეტიკა. არითმიის განვითარების ალბათობა უფრო დიდია, თუ ოჯახის რომელიმე წევრსაც ეს დიაგნოზი ჰქონდა. არითმიის რისკს ზრდის ზოგიერთი მემეკვიდრეობითი დაავადებაც.
* სხვა დაავადებები. დააავადებები, რომლებიც გულის დასუსტებას იწვევს, არითმიის წარმოშობის ალბათობასაც ზრდის. მათ მიეკუთვნება ანევრიზმა, ავტოიმუნური დაავადებები (განსაკუთრებით -რევმატოიდული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა), შაქრიანი დიაბეტი, ბულიმია და ანორექსია, თირკმელების დაავადება, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ჩონჩხკუნთოვანი დარღვევები, სეფსისი, ძილის აპნოე.
* რასა და ეთნიკური კუთვნილება. მაგალითად, მოციმციმე არითმია თეთრკანიანებს შორის უფროა გავრცელებული, თუმცა აფროამერიკელებს უფრო ხშირად უვითარდებათ გართულებები – ინსულტი, გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება.
* ცხოვრების წესი:
. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
* ნარკოტიკების მოხმარება;
* მოწევა (რაც უფრო ხანგრძლივია მწეველობის გამოცდილება, მით უფრო მაღალია არითმიის რისკი. დადგენილია, რომ ბავშვებში რისკის ერთ-ერთი ფაქტორი პასიური მწეველობაა არა მხოლოდ დაბადების შემდეგ, არამედ მუცლად ყოფნის პერიოდშიც კი).
* ფიზიკური აქტიურობა. ზომიერი ფიზიკური აქტიურობა საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებების, მათ შორის – არითმიის, განვითარების ალბათობას, გადაჭარბებული დატვირთვა კი გულისთვის თვითონვეა საშიში.
* სტრესი. არითმიის რისკი იმატებს სტრესრულ სიტუაციებში, პანიკური აშლილობის დროს.
* გულზე, ფილტვებზე ან საყლაპავ მილზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია.
ვინაიდან რისკფაქტორები საერთოა, მათი მოდიფიკაცია არაერთი ტიპის არითმიისგან დაგიცავთ. პრევენცია გულის დაავადებების თავიდან აცილებას თუ ზედმიწევნით კონტროლსაც გულისხმობს, რადგან არითმია ხშირად სწორედ ნებაზე მიშვებული გულის დაავადების გართულებაა.
ვისინჯავთ პულსს
ვინაიდან გულის რიტმის დარღვევა ზოგჯერ შეუმჩნეველია, მის გამოსავლენად საჭიროა არითმიის სკრინინგი, განსაკუთრებით – რისკფაქტორების არსებობისას.
არითმიის აღმოჩენა თვითგასინჯვითაც შესაძლებელია:
* საჩვენებელი და შუა თითი დაიდეთ მეორე ხელის მაჯაზე, ცერის გასწვრივ – აქ გადის სხივის არტერია და პულსი ადვილად შეიგრძნობა.
* ერთი წუთის განმავლობაში დაითვალეთ დარტყმების რაოდენობა და ყურადღება მიაქციეთ მათ რიტმულობას. არითმიულობა, წუთში 60-ზე ნაკლები ან 100-ზე მეტი დარტყმა პრობლემის ნიშანია.
დიაგნოსტიკა
არითმიის დიაგნოსტიკისთვის, მისი ტიპისა და მიზეზის განსაზღვრისთვის სხვადასხვა კვლევა ტარდება:
* ელექტროკარდიოგრაფია. ეს მარტივი, არაინვაზიური და უმტკივნეულო მეთოდია, რომელიც გულის ელექტრული აქტივობის შეფასების საშუალებას იძლევა, ამიტომ არითმიის დიაგნოსტიკაში მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
* დაკვირვება ჰოლტერის მონიტორით. ჰოლტერის მონიტორი პორტატიული მოწყობილობაა, რომელიც, ვიდრე პაციენტი ჩვეულებისამებრ საქმიანობს, 24 ან 48 საათის განმავლობაში აღრიცხავს გულის ელექტრულ აქტივობას.
* სტრესტესტი ან ტესტი ფიზიკურ დატვირთვაზე. მათ იმ არითმიების გამოსავლენად იყენებენ, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის დროს აღმოცენდება.
* ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა. ეს ინვაზიური პროცედურაა, რომლითაც გულის ელექტრული აქტივობა და არითმიის განვითარების ალბათობა ფასდება. კვლევის საფუძველზე ექიმი ვარაუდობს, ეფექტიანი იქნება თუ არა მედიკამენტური მკურნალობა.
* სისხლის ანალიზი. მისი მეშვეობით ამოწმებენ იმ ნივთიერებების დონეს, რომლებიც არითმიას იწვევს.
გულის ზომების, ფორმის, მუშაობის ეფექტიანობის შესაფასებლად რენტგენოლოგიური კვლევა და ექოკარდიოგრაფიაა მოწოდებული.
როგორ დავარეგულიროთ რიტმი
ცხოვრების წესის შეცვლა აუცილებელია. ინიშნება მედიკამენტებიც. ზოგიერთი მათგანი – იზოლირებულად, ზოგი – სხვა წამალთან ან ქირურგიულ მანიპულაციასთან ერთად.
ადენოზინი – საკმაოდ სწრაფად ანელებს ელექტრულ იმპულსებს. ამან შესაძლოა ერთგვარი დისკომფორტი, გულმკერდის არეში ტკივილი ან ჰაერის უკმარისობა გამოიწვიოს, მაგრამ უსიამოვნო ჩივილები მალევე გაივლის.
ატროპინი – გამოიყენება გულისცემის შენელების დროს. არ არის გამორიცხული, ყლაპვის გაძნელება გამოიწვიოს.
ბეტა ბლოკერები – მათ იყენებენ არითმიის განმეორების აღსაკვეთად და როგორც მაღალი არტერიული წნევის დროს. მათი გვერდითი ეფექტებია საჭმლის მონელების და ძილის დარღვევა, სქესობრივი დისფუნქცია. არ არის გამოირიცხული, ბეტა ბლოკერებმა დაამძიმოს გულის გამტარობის დარღვევის ზოგიერთი ფორმა.
სისხლის გამათხელებლები – ეს საშუალებები ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და ინსულტის განვითარებას, რომლის რისკიც არითმიის დროს საგრძნობლად იმატებს, თუმცა მათი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან ამ ჯგუფის წამლები სისხლდენის ალბათობას ზრდის.
კალციუმის არხის ბლოკერები – ინიშნება გულისცემის შესანელებლად. წესისამებრ, იყენებენ გულის ზედა კამერებიდან მომდინარე არითმიების დროს. გვერდითი ეფექტები: შეუძლია გამოიწვიოს პარკუჭების ფიბრილაცია, საჭმლის მონელების დარღვევა, ქვედა კიდურების შეშუპება, წნევის დაქვეითება.
დიგოქსინი – აკონტროლებს ორგანიზმში სისხლის გადატუმბვის სიჩქარეს. ინიშნება ტაქიარითმიების დროს, თუმცა მისი გამოყენების დროსაც სიფრთხილე მოითხოვება. ვინაიდან თვითონვე შეიძლება სხვა ტიპის არითმიის მიზეზად იქცეს.
კალიუმის არხის ბლოკერები – იწვევს გულის რიტმის შენელებას. გვერდითი ეფექტები: შესაძლოა დააქვეითოს წნევა ან პროვოცირება გაუწიოს სხვა ტიპის არითმიას.
ნატრიუმის არხის ბლოკერები – ბლოკავს ელექტრული იმპულსების გადაცემას. მათი გამოყენებისას გულის დაავადების მქონე პირებთან შესაძლოა მოიმატოს გულის უეცარი გაჩერების რისკმა.
პროცედურები
თუ მედიკამენტური თერაპია უეფექტო აღმოჩნდა, ექიმი შემოგთავაზებთ:
* კათეტერულ აბლაციას. ეს არის ინვაზიური პროცედურა, რომლის დროსაც არითმიის გამომწვევ ქსოვილს ანადგურებენ. გულში შეჰყავთ სპეციალური კათეტერი, რომელიც მის ელექტრულ აქტივობას ზომავს. პრობლემის წყაროს აღმოჩენის შემდეგ ხდება მისი უვნებელყოფა, აბლაცია. არსებობს აბლაციის ორი სახე – რადიოსიხშირული აბლაცია და კრიოაბლაცია. პირველ შემთხვევაში პრობლემური ზონის გასანადგურებლად სითბურ ენერგიას იყენებენ, კრიოაბლაციის დროს კი იმავე ეფექტს დაბალი ტემპერატურის საშუალებით იღებენ.
პროცედურა ასე ტარდება: ექიმი კანზე მცირე ზომის განაკვეთს აკეთებს, საიდანაც კათეტერი სისხლძარღვში შეჰყავს და რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით გულისკენ მიმართავს. კათეტერის ჩადგმის შემდეგ ექიმი გულზე მცირე ზომის ელექტროდებს ათავსებს. ელექტროდებს მონიტორი უერთდება, რომელიც კარდიოლოგს საშუალებას აძლევს, ანომალიური რიტმის გამომწვევი უბანი განსაზღვროს. პრობლემის კერის აღმოჩენის შემდეგ კი კათეტერისავე საშუალებით ტარდება მისი კრიო– ან ელექტრული აბლაცია.
* კარდიოვერსიას. ამ შემთხვევაში არითმიის აღსაკვეთად ელექტრული შოკი გამოიყენება. პროცედურა სპეციალური მოწყობილობით ტარდება.
კარდიოვერსიას უწოდებენ დეფიბრილაციას, როდესაც პროცედურა გადაუდებელ სიტუაციაში, მაგალითად, პოტენციურად სასიკვდილო პარკუჭოვანი ფიბრილაციის დროს ტარდება, თუმცა ის ასევე შეიძლება დაინიშნოს როგორც გეგმური პროცედურა, მაგალითად, მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ.
პროცედურას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. სხეულზე ელექტროდებს ათავსებენ, რომლებიც კარდიოვერსიის აპარატს უკავშირდება. როცა ყველაფერი მზადაა, ექიმი გულისკენ ერთ ან რამდენიმე დაბალენერგეტიკულ ელექტრულ შოკს გზავნის. შოკი მცირე ხნით მთლიანად აჩერებს გულის ელექტრულ აქტივობას, მერე კი გულს ნორმალურ რიტმში დაბრუნების საშუალებას აძლევს. კარდიოვერსიის დროს ტკივილის ვერ იგრძნობთ.
პროცედურამდე სისხლის გამათხელებლების მიღებაა რეკომენდებული, რომ თრომბების წარმოქმნა აღიკვეთოს. მედიკამენტებს დაგინიშნავენ პროცედურის შემდეგაც.
არსებობს მედიკამენტური კარდიოვერსიაც გადასაყლაპი ან ინტრავენურად შესაყვანი პრეპარატებით. მკურნალობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გასტანს. მედიკამენტური კარდიოვერსია, წესისამებრ, სტაციონარში ტარდება, სადაც გულის რიტმს საგულდაგულოდ აკვირდებიან, თუმცა არ არის გამორიცხული, მკურნალობა ბინაზე ჩატარდეს.
* კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციას. როცა არითმიის რისკი მაღალია, სხეულში დეფიბრილატორს დგამენ.
* კარდიოსტიმულატორს. კარდიოსტიმულატორი, იგივე პეისმეიკერი, მოწყობილობაა, რომელიც ასევე სხეულში ინერგება და:
* აჩქარებს შენელებულ გულის რიტმს;
* უზრუნველყოფს პარკუჭების ნორმალურ შეკუმშვას წინაგულების ციმციმის დროს;
* კოორდინაციას უწევს ზედა და ქვედა კამერებს შორის იმპულსების გადაცემას;
* აღკვეთს საშიში არითმიის განვითარებას.
კარდიოსტიმულატორს უმეტესად გულის ბლოკადის დროს იყენებენ.
სასურველია, შეგეძლოთ არითმიის ამოცნობა, რათა დროულად მიმართოთ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში საკუთარ თავს თუ სხვას შესაბამისი დახმარებაც გაუწიოთ.
მომდევნო გვერდებზე არითმიის ძირითად ფორმებს გაგაცნობთ.
მოციმციმე არითმია გულის რიტმის დარღვევით მიმდინარე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ევროპასა და ამერიკაში ის 9 მლნ ადამიანს აქვს. ევროპის ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა მოციმციმე არითმიით დაავადებულ თითოეულ პაციენტზე ყოველწლიურად 3000 ევროს ხარჯავს. ევროკავშირისთვის დაავადების საერთო ტვირთი 13.5 მილიარდია.
ნებაზე მიშვებული მოციმციმე არითმია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს აორმაგებს, ხოლო ინსულტის განვითარების ალბათობას ხუთჯერ ზრდის.
რა ხდება ციმციმის დროს
გულის უჯრედები, წესისამებრ, ერთდროულად იკუმშება და დუნდება, მაგრამ დაბერება, გულის დაავადებები, ინფექცია, გენეტიკა და ზოგიერთი სხვა ფაქტორი ამ ჰარმონიას არღვევს.
მოციმციმე არითმიის დროს პრობლემა წინაგულებშია, სადაც ელექტრული იმპულსი არარეგულარულად წარმოიქმნება. ეს იმიტომ, რომ სინუსური კვანძი რიტმს ვეღარ აკონტროლებს. ასინქრონული შეკუმშვის გამო პარკუჭი სისხლით საკმარისად ვეღარ ივსება და ფილტვებსა და დანარჩენ სხეულში ამ ჯადოსნურ სითხეს სათანადო რაოდენობით ვეღარ გადატუმბავს.
მიზეზები
არითმიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გულის ქსოვილის დაზიანებაა, რაც უმეტესად არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის იშემიური დაავადების შედეგია. მოციმციმე არითმია ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ანთებამ, გულის კედლის გასქელებამ ან გათხელებამ, სისხლის არასაკმარისმა ნაკადმა ან გულის ქსოვილში არანორმალური ცილების ან მინერალების დაგროვებამ.
როგორ ვლინდება
მოციმციმე არითმია შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და დარღვევა შემთხვევით აღმოაჩინონ, ზოგჯერ კი სიმპტომები უეცრად აღმოცენდება და უეცრადვე ქრება.
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
* საერთო სისუსტე;
* სწრაფი და არარეგულარული გულისცემა;
* თავბრუ;
* ქოშინი;
* მოხრჩობისა და შფოთვის შეგრძნება;
* ოფლიანობა;
* ტკივილი გულმკერდის არეში.
გულისცემის სიხშირე ამ დროს წუთში 100-ზე მეტია, არტერიული წნევა ნორმალურია ან დაქვეითებული.
სკრინინგი და პროფილაქტიკა
დაავადება ზოგჯერ, როგორც ითქვა, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ გასინჯვებს, დაავადების სკრინინგს.
სკრინინგი ერთიორად მნიშვნელოვანია 65 წელს გადაცილებულებთან და მათთან, ვისი ცხოვრებაც მოციმციმე არითმიის სხვა რისკფაქტორებითაა დატვირთული. მათ ექიმმა ყოველი ნახვის დროს უნდა გაუზომოს პულსი, თუნდაც პაციენტი მის აჩქარებას ვერ გრძნობდეს.
გართულებები
თრომბოზი. მოციმციმე არითმიის თანმხლები ერთ-ერთი მთავარი საფრთხე თრომბის წარმოქმნაა. თრომბი შესაძლოა დაიძრას, სისხლძარღვებს გაჰყვეს, ტვინში, ფილტვში, ნაწლავებში, თირკმელში ან ელენთაში გაიჭედოს და მათკენ მიმავალი სისხლის ნაკადი დაბლოკოს. მოციმციმე არითმია ასევე ზრდის ვენური თრომბოემბოლიზმის რისკს.
ინსულტი. მისი მიზეზი ემბოლის ტვინში მოხვედრაა. არ არის გამორიცხული, მოციმციმე არითმიის პირველი ნიშანი სწორედ ინსულტი იყოს. როგორც უკვე ვთქვით, მოციმციმე არითმია ხუთჯერ ზრდის ინსულტის განვითარების ალბათობას (რისკი განსაკუთრებით მაღალი აქვთ ქალებს), ამიტომ, თუ ადამიანს ინსულტი დაემართა და მისი სხვა მიზეზი არ ჩანს, რეკომენდებულია არითმიის გამორიცხვა.
კოგნიტიური დარღვევები, დემენცია. ზოგიერთი კვლევის თანახმად, შემეცნებითი უნარების დარღვევა, ალცჰაიმერის დაავადება უფრო ხშირად არითმიის მქონე პაციენტებს ემართებათ. ეს შესაძლოა ტვინისთვის სისხლის მიწოდების დარღვევის შედეგი იყოს.
ინფარქტი. ამ გართულების რისკი ერთიორად მაღალია ქალებსა და აფროამერიკელებთან, განსაკუთრებით – დააავადების გამოვლენის პირველ წელს.
გულის უკმარისობა. გულის მუშაობის დარღვევა, ბუნებრივია, მის ფუნქციაზეც აისახება. თუ პაციენტს გულის უკმარისობა უკვე ჰქონდა, მოციმციმე არითმია მის მდგომარეობას დაამძიმებს.
გულის უეცარი გაჩერება. ამ გართულების რისკი განსაკუთრებით მაშინ იმატებს, როცა ადამიანს მოციმციმე არითმიასთან ერთად გულის სხვა დაავადებაც აქვს.
როგორ შევაჩეროთ ციმციმი
ცხოვრების წესის შეცვლა მკურნალობის ეფექტიანობისა და გართულებათა პრევენციის აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა, მოციმციმე არითმიის დროს მოწოდებულია მედიკამენტური თერაპიაც – ბეტა ბლოკერები, სისხლის გამათხელებლები, კალციუმის არხის ბლოკერები, დიგოქსინი. წამალს ექიმის შეგირჩევთ.
თუ ცხოვრების წესის შეცვლამ და მედიკამენტურმა თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო, ექიმი აპარატულ ჩარევას ან ოპერაციას შემოგთავაზებთ. მოციმციმე არითმიის დროს უმეტესად კათეტერული აბლაცია და ელექტრული კარდიოვერსია ტარდება.
პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია – ამ რთული სამედიცინო სახელწოდების მიღმა არც ისე საშიში დაავადება იმალება. ლათინური სიტყვები მდგომარეობის არსს ასახავს: არითმიის ამ ფორმის დროს პათოლოგიური იმპულსი პარკუჭების ზემოთ (სუპრავენტრიკულურად) წარმოიქმნება, “პაროქსიზმული” კი ნიშნავს, რომ პრობლემა პერიოდულად გვახსენებს თავს.
რისკფაქტორები
პაროქსიზმულ სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიას (პსტ-ს) რისკის იგივე ფაქტორები აქვს, რაც სხვა არითმიებს:
* მავნე ჩვევები და გულის დაავადებები რიტმის ასეთი დარღვევის ალბათობასაც ზრდის.
* პსტ ხშირია საგულე პრეპარატების დიდი დოზებით მიღების შემდეგაც.
* პსტ-ს კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია ვოლფ-პარკისონ-უაიტის სინდრომი, რომელიც უმეტესად ახალგაზრდებსა და ბავშვებთან გვხვდება. მის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.
აბა, დამიჭირე
პსტ-ს უცნაური მიმდინარეობა ახასიათებს: სიმპტომები უეცრად აღმოცენდება, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება და უეცრადვე ქრება. შეტევებს შორის პაციენტი არაფერს უჩივის, შეტევის დროს კი შფოთავს, აწუხებს მოჭერის შეგრძნება, გრძნობს საკუთარ გულისცემას, პულსი აჩქარებული აქვს, ქოშინებს. ზოგჯერ ამ ნიშნებს ერთვის თავბრუხვევა, გულის წასვლა.
შეტევის დროს გასინჯვა ტაქიკარდიას ავლენს. გულისცემა წუთში 100-ზე მეტია, ზოგჯერ 250-საც კი აღწევს. შეტევებს შორის კი გულის რიტმი ნორმალურია.
შეტევის დროს ეკგ-ც აჩვენებს დარღვევას. ვინაიდან შეტევის "გამოჭერა" ძნელია, დიაგნოზის დასასმელად ხშირად 24-საათიანი ჰოლტერმონიტორინგი ტარდება, თუმცა პაროქსიზმი შესაძლოა ვერც ამ გზით დადასტურდეს. ზუსტი დიაგნოსტიკისთვის და მკურნალობის მეთოდის ასარჩევად შესაძლოა ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევაც ჩატარდეს.
ვუმკურნალოთ?
თუ სერიოზული ჩივილი ან გულის სხვა დაავადება არ გაქვთ, სვტ-ს მკურნალობა არ სჭირდება. მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა. შეტევის დროს კი აჩქარებული გულისცემის შესანელებლად
* შეიკავეთ სუნთქვა და გაიჭინთეთ, როგორც ნაწლავთა მოქმედების დროს (ვალსალვას მანევრი);
* დაჯექით, წინ გადაიხარეთ და დაახველეთ;
* სახეზე ყინულიანი წყალი ისხურეთ.
თუ სიმპტომებმა მაინც არ გაიარა, შეტევები ხშირად მეორდება ან ახალ-ახალი სიმპტომები იჩენს თავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ შეტევები ხშირად მეორდება ან გულის სხვა დაავადებაც გაქვთ, მკურნალობა მოგიწევთ. გულის აბლაცია, კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია ან მედიკამენტები სტანდარტული მეთოდებია. ექიმი თქვენთვის ყველაზე შესაფერისს შეგირჩევთ.
ეს გზა ტაქიკარდიამდე მიგვიყვანს
ზემოთ ვოლფ-პარკისონ-უაიტის (WPW) სინდრომი ვახსენეთ. ამ დროს პერიოდულად აღმოცენებული ტაქიკარდია გულში არსებული დამატებითი ელექტრული გზის ბრალია. WPW სინდრომი ბავშვებსა და ახალგაზრდებთან არითმიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
ელექტრული იმპულსები გულში, როგორც ითქვა, განსაზღვრულ გზას გადის. ეს ხელს უშლის დამატებითი ან ნაადრევი იმპულსის წარმოშობას და გულს რეგულარულად შეკუმშვის საშუალებას აძლევს. WPW სინდრომის დროს გულში ელექტრული იმპულსების გამტარი დამატებითი გზაც არსებობს. ეს გზაც დანიშნულების ადგილამდე მიდის. გამოდის, გულის კუნთს ორი მბრძანებელი ყავს და ორივე ერთსა და იმავე ბრძანებას აძლევს. სწორედ ამის შედეგია ტაქიკარდია – გულის კუნთი დამატებითი გზით მოსულ იმპულსებთან ერთად ძირითადი გზით მოსულთა საპასუხოდაც იკუმშება.
WPW სინდრომის მქონე პირთა უმეტესობას გულის სხვა პრობლემები არ აღენიშნება. ამასთან, ხშირია სინდრომის ოჯახური ისტორია.
ტაქიკარდიის შეტევის სიხშირე ინდივიდუალურია. ზოგიერთს სიცოცხლეში მხოლოდ რამდენიმეჯერ მოსდის, ზოგს კი – კვირაში ორჯერ ან უფრო ხშირად. კლინიკური გამოვლენა სინდრომს უმეტესად არ ახასიათებს, პრობლემას შემთხვევითი აღმოაჩენენ ხოლმე სხვა მიზნით ჩატარებული კვლევის დროს, თუმცა ისეც ხდება, რომ ტაქიკარდია თავბრუს, გულმკერდის არეში ტკივილს, ქოშინს, გულის წასვლას იწვევს.
მკურნალობა
ტაქიკარდიის კონტროლისა და პრევენციისთვის შესაძლოა ანტიარითმიული მედიკამენტები დაინიშნოს. არც ის არის გამორიცხული, პრობლემის ქირურგიული მკურნალობა გახდეს საჭირო, თუმცა ასე უმეტესად გულის სხვა დაავადების არსებობისას ხდება. განსაკუთრებით ეფექტურია კათეტერული აბლაცია. მისი შედეგიანობა 85-95%-ს აღწევს.
წინაგულებიდან ელექტრული იმპულსი პარკუჭებში ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს. პრობლემა შესაძლოა სწორედ ამ ეტაპზე აღმოცენდეს და პარკუჭების კუმშვითი აქტივობის შეცვლა ან უკონტროლო შეკუმშვა გამოიწვიოს. პარკუჭები კი გულის ის საკნებია, საიდანაც სისხლი მთელ ორგანიზმს მიეწოდება, ამიტომ მათი კუმშვითი აქტივობის დარღვევა ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქადის.
პარკუჭოვანი ტაქიკარდია ხშირად ინფარქტის ადრეული ან გვიანი გართულებაა. მისი განვითარება ასევე მოსალოდნელია კარდიომიოპათიის, გულის უკმარისობის, მიოკარდიტის, სარქვლოვანი დაავადების, გულზე ჩატარებული ოპერაციის ფონზე. ზოგჯერ არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შედეგიცაა. არც ის არის გამორიცხული, გულ-სისხლძარღვთა დაავადების არმქონე პირს დაემართოს.
პარკუჭოვანი ტაქიკარდია ზოგჯერ კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მაშინ იჩენს თავს, როცა გულის შეკუმშვის სიხშირე მეტისმეტად მაღალია ან შეტევა რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება. ასეთ დროს უეცრად ვითარდება:
* გულის ფრიალი;
* გულზე მოჭერის შეგრძნება
* სინკოპე;
* თავბრუ;
* ქოშინი.
უსიმპტომო მიმდინარეობა იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება საშიში არ არის. პარკუჭოვანი ტაქიკარდია შესაძლოა სიკვდილის მიზეზადაც იქცეს. ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ მისი ნიშნები, რათა საჭიროების შემთხვევაში ექიმს მიმართოთ.
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომების არსებობა-არარსებობასა და გულის დაზიანების ტიპზეა დამოკიდებული. არჩევანი მედიკამენტებსა და ოპერაციულ მკურნალობას შორის კეთდება. ოპერაციული მეთოდებია აბლაცია და კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაცია. ეს აპარატი ამოიცნობს გულისცემის სიცოცხლისთვის საშიშ გახშირებას, განმუხტავს ელექტრულ იმპულსს (მაშასადამე, დეფიბრილაციას ახდენს) და გულის რიტმს ნორმას უბრუნებს.
რატომ თრთის პარკუჭი
მიმდინარეობს ოპერაცია. უეცრად პაციენტს გული უჩერდება. სამედიცინო აპარატურა განგაშის სიგნალს გამოსცემს. ექიმები პაციენტის გულმკერდზე სასწრაფოდ ათავსებენ ორ ელექტრონულ "თათს", რომლებიდანაც თითქოს დენი გამოდის და ადამიანის სხეულს ჰაერში აგდებს. ერთი, ორი, შესაძლოა სამი განმუხტვა და... გულისცემა აღდგენილია.
ასეთი რამ კინოში არაერთხელ გვინახავს. რა პროცესია ასახული სცენარიში? პარკუჭების ფიბრილაცია. გულის რიტმის, პარკუჭების კუმშვითი აქტივობის კიდევ უფრო ვერაგი, სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა. ნებაზე მიშვებული პარკუჭოვანი ფიბრილაცია სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობაა. ის გახლავთ გულის გაჩერების ყველაზე ხშირი მიზეზი.
პარკუჭოვანი ფიბრილაციის დროს გულის პარკუჭის კუნთოვანი ბოჭკოები უკონტროლოდ თრთის. საშიში არითმია უმეტესად გულის სხვა დაავადების გართულებაა. პარკუჭოვანი ფიბრილაციის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტია. ფიბრილაციის მქონე პაციენტს ზოგჯერ გულის დაავადების ისტორია არ აქვს, მაგრამ მის ცხოვრებაში არის ამგვარი დაავადების რისკფაქტორები – თამბაქოს წევა, მაღალი წნევა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.
პარკუჭების უკონტროლო მოძრაობა თავის ტვინსა და კუნთებში ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს. ამის გამო ავადმყოფი შეტევის დროს შესაძლოა უეცრად წაიქცეს და გონება დაკარგოს. კოლაფსის შემდეგ, რამდენიმე წუთიდან 1 საათამდე პერიოდში, თავს იჩენს ტკივილი გულის არეში, თავბრუ, გულისრევა, ქოშინი.
როგორ მოვიქცეთ
პარკუჭოვან ფიბრილაციას სასწრაფო მკურნალობა სჭირდება. უამისოდ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომ თუ ვინმეს აღნიშნული სიმპტომები აქვს, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო, მის მოსვლამდე კი მოიქეცით ასე:
* ავადმყოფი ისე დააწვინეთ, რომ თავი, კისერი და ტანი ერთ სიბრტყეზე ჰქონდეს – სუნთქვა გაუადვილდება.
* დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. გულმკერდზე კომპრესია უნდა იყოს წუთში 100-120. ჩაზნექა უნდა მოხდეს მინიმუმ 5 სმ-ზე, მაგრამ არა უმეტეს 6 სმ-ისა. გააგრძელეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი, სანამ გულისცემა აღდგება ან სასწრაფო არ მოვა.
ვენტრიკულური ფიბრილაციის მკურნალობის არსი დეფიბრილაციაა. ის სპეციალური აპარატის – დეფიბრილატორის საშუალებით ხორციელდება. განმუხტვას შეუძლია, მეყსეულად აღადგინოს გულის ნორმალური რიტმი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის რაც შეიძლება მალე ჩატარდეს. ყოველი წუთი გადამწყვეტია.
მომავალში ამგვარი გართულების პრევენციისთვის მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება. ფიბრილაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციაა მოწოდებული.
აქამდე განხილული ყველა პათოლოგია გულის რიტმის აჩქარებას იწვევს, თუმცა გულისცემის შენელებაც პრობლემაა. ის თან ახლავს არითმიების სხვა ჯგუფს – ბრადიარითმიებს.
გულის რიტმის შენელებას ბრადიკარდია ეწოდება. მისი დიაგნოზი მაშინ ისმება, როდესაც გულისცემის სიხშირე წუთში 60-ზე ნაკლებია. ბრადიკარდიის მიზეზი გულში აღმოცენებული ელექტრული იმპულსების შენელება ან ბლოკირებაა. ბუნებრივია, გულის მარგი ქმედების კოეფიციენტის დაქვეითება ორგანიზმში სისხლის მიწოდების დეფიციტს გამოიწვევს და არაერთი ორგანოს მუშაობას შეუქმნის საფრთხეს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ბრადიკარდიის გართულებათა ჩამონათვალს გადავხედავთ. ნებაზე მიშვებული ბრადიკარდია გულის წასვლას, გულის უკმარისობას, ზოგჯერ კი გულის უეცარ გაჩერებას – უეცარ კარდიულ სიკვდილს იწვევს. თუმცა გულის რიტმის შენელება ყოველთვის ავადმყოფობის ნიშანი არ არის და, შესაბამისად, არც გართულებებს გვიქადის. მაგალითად, ახალგაზრდებთან ან ძლიერ ნავარჯიშებ სპორტსმენებთან ბრადიკარდია პრობლემად არ მიიჩნევა.
უჟანგბადობის კლინიკა
ბრადიკარდიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგია. გულის რიტმის შენელებაზე მიუთითებს თავბრუხვევა, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება ან გახშირება, უჰაერობა, ტკივილი გულმკერდის არეში, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.
რისკფაქტორები
ასაკი ბრადიკარდიის მთავარი რისკფაქტორია. გულის რიტმის შენელებასთან ასოცირებული პრობლემები უმეტესად ხანდაზმულებთან იჩენს თავს.
ხშირად ბრადიკარდია გულის დაავადებით გამოწვეული ქსოვილის დაზიანების შედეგია. შესაბამისად, ფაქტორები, რომლებიც ზრდის გულის დაავადების რისკს, ბრადიკარდიის რისკიფაქტორებსაც წარმოადგენს. ესენია მაღალი არტერიული წნევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, სტრესი, თამბაქოს წევა.
რა იწვევს
გულის მუშაობის შენელება არაერთმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს. უპირველესად, გულის ქსოვილის დაზიანებამ, რაც, თავის მხრივ, გულის დაავადების, ზოგჯერ კი დაბერების თანამდევი პროცესია. ბრადიკარდია გვხვდება გულის თანდაყოლილი მანკის, მიოკარდიტის, ჰიპოთირეოზის, ჰიპოთირეოზის, სისხლში კალიუმისა და კალციუმის დისბალანსის, რევმატიზმის, სისტემური წითელი მგლურას და სხვა სისტემური დაავადებების, ძილის ობსტრუქციული აპნოეს დროს. ზოგჯერ ბრადიკარდიით რთულდება გულზე ჩატარებული ოპერაცია, ზოგჯერ კი მას პროვოცირებას უწევს სხვა ტიპის არითმიისა თუ მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები.
სინუსური კვანძის პრობლემები
ბრადიკარდია ხშირად სინუსურ კვანძში იწყება. გულისცემა ნელდება იმიტომ, რომ სინუსური კვანძი:
* ჩვეულებრივზე ნელა განმუხტავს ელექტრულ იმპულსებს;
* ანელებს რომელიმე იმპულსს ან ნორმალური რიტმიდან აგდებს;
* განმუხტავს ელექტრულ იმპულსს, რომელიც წინაგულის შეკუმშვამდე იბლოკება.
ამ შემთხვევებში სინუსური კვანძის სისუსტეზე საუბრობენ, თუმცა ისიც შესაძლოა, კვანძის სისუსტის დროს გულისცემის სიხშირემ, პირიქით, მოიმატოს ან ერთმანეთს შეენაცვლოს ბრადიკარდიისა და ტაქიკარდიის ეპიზოდები.
სინდრომი უმეტესად 50 წელს გადაცილებულებთან იჩენს თავს. ხშირად გულის კუნთში ელექტრული გამტარი გზების დანაწიბურების შედეგია. შესაბამისად, დაკავშირებულია გულის იშემიურ დაავდებასთან. არტერიულ ჰიპერტენზიასთან, აორტისა და მიტრალური სარქვლის პრობლემებთან. ამასთან, მდგომარეობა იწვევს ან ამძიმებს გულის უკმარისობას. თუმცა არ არის გამორიცხული, არც ერთ აღნიშნულ დაავადებას სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომთან კავშირი არ ჰქონდეს. რაც შეეხება ბავშვებს, მათთან სინუსური კვანძის სისუსტის გავრცელებული მიზეზი გულზე გადატანილი ოპერაციაა.
რა ხდება ქვემოთ
ბრადიკარდიის კიდევ ერთი მიზეზი ატრიოვენტრიკულური (AV) ბლოკადაა. ამ დროს ელექტრული იმპულსები წინაგულში აღმოცენდება და ვრცელდება, თუმცა პარკუჭებს არ გადაეცემა.
გამოყოფენ AV ბლოკადის სამ ხარისხს:
* პირველი ხარისხი ყველაზე მარტივი ფორმაა. ამ დროს წინაგულიდან პარკუჭებამდე ყველა ელექტრული იმპულსი აღწევს, მაგრამ შენელებულად. ეს პროცესი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არც მკურნალობას მოითხოვს, თუ გამტარობის სხვა პრობლემებიც არ დაერთო.
* მეორე ხარისხის ბლოკადის შემთხვევაში პარკუჭებამდე ზოგი სიგნალი აღწევს, ზოგი კი არა. ზოგიერთი იმპულსის ამოვარდნა რიტმის შენელებას და რეგულარულობის დარღვევას იწვევს.
* მესამე ხარისხის (სრული) ბლოკადის დროს პარკუჭებამდე ვერ მიდის წინაგულიდან წამოსული ვერც ერთი იმპულსი.
როგორ ავაჩქაროთ გული
თუ ბრადიკარდია, მაგალითად, ჰიპოთირეოზის ან ობსტრუქციული ძილის აპნოეს შედეგია, ძირითადი დაავადების მკურნალობა გულის რიტმის მოწესრიგებასაც უზრინველყოფს.
როგორც ითქვა, ბრადიკარდია შესაძლოა გულის სხვა დაავადების მკურნალობის შედეგადაც განვითარდეს. ამ შემთხვევაში ექიმი მკურნალობის ალტერნატიულ გზას მოძებნის – შეცვლის მედიკამენტს ან შეამცირებს მის დოზას.
შესაძლოა, საჭირო გახდეს ბრადიკარდიის ქირურგიული მკურნალობა. ამ დროს კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია ხდება. ეს მოწყობილობა ლავიწის ქვეშ იმპლანტირდება, გულის რიტმს აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში გულისცემის სათანადო დონის მისაღწევად ელექტრული იმპულსების გენერირებას ახდენს.
მოამზადა გვანცა გოგოლაძემ