ნიკოლოზ ყიფშიძე: სიკეთით სავსე შეუპოვარი ექიმი

გააზიარე:

დიდ საქმეებს შეჭიდებული ადამიანები ყოველთვის აღძრავენ მოწიწებას თავდაუზოგავი შრომით, შეუპოვრობით, მიზნისკენ შეუჩერებელი სწრაფვით, ხოლო თუ კორიფე პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევა, ის ხალხის განსაკუთრებულ სიყვარულს იმკის. როდესაც ბატონი ხუტა (ჩვენი რუბრიკის შეუცვლელი სტუმარი, გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია) დიდი ქართველი ექიმისა და მეცნიერის ნიკოლოზ ყიფშიძის შესახებ მესაუბრა, დავრწმუნდი, რომ ის ნამდვილად იმსახურებდა გარშემო მყოფთა სიყვარულს და რომ მისი სახელი დამსახურებულად ეწოდა თბილისის ერთ-ერთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას – ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

– ნიკოლოზ ყიფშიძე გორში დაიბადა 1887 წლის 18 დეკემბერს. მამამისი ანდრია ფოსტის ხელმოკლე მოხელე იყო. დედა, ანა დავითაშვილი, საკმაოდ განათლებული ქალი, ოჯახს უვლიდა და სამ შვილს ზრდიდა: ივანეს, შემდგომ – სამთო ინჟინერსა და ცნობილ მეცნიერს, ანეტას და ნიკოლოზს.
უმცროსი ვაჟი მშობლებმა გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც 1902 წელს საუკეთესო მოსწრებით დაამთავრა. 14 წლის ბიჭი მონდომებით ემზადებოდა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში შესასვლელად – მეცადინეობაში დღესა და ღამეს ასწორებდა. მის შრომას ამაოდ არ ჩაუვლია – გამოცდის შედეგის მიხედვით მესამე კლასში ჩარიცხეს.
ვაჟთა პირველი გიმნაზია იმ დროს საქართველოში საუკეთესო სასწავლებლად მიიჩნეოდა. იქ სწავლობდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე ჯავახიშვილი...
ნიკოლოზი ძალიან მეგობრული, ბეჯითი, ნიჭიერი და ინიციატივიანი ყოფილა. უყვარდა მუსიკა. თავადაც უკრავდა გიტარასა და როიალზე. შემოიკრიბა რამდენიმე თავისნაირი ამხანაგი და სიმებიანი ორკესტრი დააარსა. მუსიკასაც წერდა. მისი ნაწარმოებები გამოცემულიც გახლავთ.

წარჩინებული შფოთისთავი
– 1908 წელს გიმნაზიას ოქროს მედლის რამდენიმე კანდიდატი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მედლის გაცემა შეეძლო. ვინაიდან ნიკოლოზს უმცროს კლასებშიც სხვებზე უკეთესი ნიშნები ჰქონდა, მედალი სწორედ მას გადასცეს.
კონკურსის შედეგად ნიკოლოზ ყიფშიძე პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში ჩაირიცხა, გიმნაზიის მედლის დამსახურებით კი სტიპენდია დაენიშნა, რომელიც სტუდენტობისას ძალიან ეხმარებოდა.
ნიკოლოზი სტუდენტობის პირველივე წლებიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც ორჯერ დააპატიმრეს, აკადემიიდან გარიცხეს და სტიპენდიაც ჩამოართვეს, თუმცა მეგობრების დახმარებით ციხესაც დააღწია თავი და სასწავლებელში აღდგენაც მოახერხა. იყო მემარცხენე გაზეთ “რეჩის” კორესპონდენტი, ლევ ტოლსტოისთან გამოსათხოვარ ცერემონიალზე წარგზავნილი სტუდენტთა სამკაციანი სამგლოვიარო დელეგაციის წევრი. მასვე მიანდეს მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა ივან პავლოვის ლექციის წინ მისი სამეცნიერო მოღვაწეობის 25-ე წლისთავზე.
მიუხედავად საზოგადოებრივად ასეთი აქტიური ცხოვრებისა, მედიცინისთვის არ უღალატია. იმ პერიოდში, როცა სტიპენდია არ ჰქონდა და დამხმარეც არავინ ეგულებოდა (მამა უკვე აღარ ჰყავდა), თან სწავლობდა და თან მუშაობდა. გიტარის გაკვეთილები ფრანგულის გაკვეთილებზე გაცვალა და ეს ენაც შეისწავლა. ციხეში ისე მოამზადა ყველა საგანი და გამოცდები ისე ჩააბარა, ადმინისტრაცია იძულებული გახდა, მისთვის სტიპენდიაც აღედგინა.

სიყვარულო, ძალსა შენსა
– 1914 წელს ნიკოლოზ ყიფშიძემ ექიმის წოდებით დაამთავრა აკადემია. პირველი მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იყო. ნიკოლოზი პოლკის ექიმად მიავლინეს ირანში, ორწლიანი სამსახურის შემდეგ კი ვლადიკავკაზში გადაიყვანეს ჰოსპიტლის უმცროს ექიმად.
იმავე პერიოდში დაოჯახდა. მისი მეუღლე, დარო, ვასილ გაბაშვილის ქალიშვილი გახლდათ. ვასილი შეძლებული თავადი იყო. თავად რვა შვილი ჰყავდა, მაგრამ ქველმოქმედებისთვის მაინც ახერხებდა სახსრების გამონახვას: მხარში ედგა ღარიბ ქართველ მოსწავლეებს, ხელს უწყობდა ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემას. გარდა ამისა, გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა და მიწების შეძენაშიც ეხმარებოდა... დაროს მშობლებს მდაბიო წარმოშობის სიძე არ უნდოდათ, მაგრამ გოგონას ბებიამ დაუჭირა მხარი და ქალ-ვაჟი დაქორწინდა.
დაროს მზითვად ერგო რუსთაველის გამზირზე მდგარი ცნობილი ცისფერმაქმანებიანი სახლი, რომელიც მამამისმა 1897 წელს ცნობილი არქიტექტორის კორნელი ტატიშჩევის პროექტით ააშენებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ გაბაშვილებს მთელი ქონება ჩამოართვა და ამხელა ოჯახს ცისფერი სახლის რამდენიმე ოთახიღა შერჩა. მოგვიანებით ნიკოლოზს კიდევ ორი ოთახი დაუბრუნეს.
ნიკოლოზს და დაროს ორი ვაჟი შეეძინათ – ნოდარი, შემდგომ – თერაპიის ინსტიტუტის დირექტორი, და გურამი, ჩინებული ჰემატოლოგი. სწორედ ნოდარის შვილი იყო ნიკოლოზ ყიფშიძე, ჩვენი საავადმყოფოს გენერალური დირექტორი 2006 წლიდან.

პოპულარობა
– 1918 წელს ნიკოლოზი თბილისში დაბრუნდა და, ჩვეულებისამებრ, ენერგიულად შეუდგა საქმიანობას. ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, შემდეგ თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში გადავიდა სამკურნალო ფაკულტეტის ლაბორანტად, 1921 წლიდან კი, როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ ბაზაზე ჰოსპიტალური თერაპიის კათედრა დაარსდა, დიდი ექიმისა და მეცნიერის, სპირიდონ ვირსალაძის, უფროსი ასისტენტი გახდა. იმავდროულად, იყო სამედიცინო ფაკულტეტის დეკანატის და ჟურნალ “თანამედროვე მედიცინის” რედკოლეგიის წევრი.
1933 წელს რესპუბლიკური კლინიკის თერაპიული ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა პედიატრიული, სანიტარიულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების კათედრა, რომლის გამგედ ნიკოლოზი დანიშნეს, 1951 წლიდან კი ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტის კათედრასაც ხელმძღვანელობდა.
პაციენტებს ნიკოლოზი ძალიან უყვარდათ და თვალდახუჭულები ენდობოდნენ. მასთან მკურნალობდნენ კოსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ აბაშიძე, გიორგი ლეონიძე, კორნელი კეკელიძე... ხშირად იწვევდნენ სტალინთან, როდესაც ის თბილისში ჩამოდიოდა. ამბობენ, როცა ბელადი უკანასკნელად გახდა ცუდად, კრემლში ნიკოლოზიც გამოიძახეს, რადგან ებრაელი ექიმები, რომლებიც მანამდე ემსახურებოდნენ პარტიულ ნომენკლატურას, ცოტა ხნით ადრე დაიჭირეს (ცნობილი “ექიმების საქმე”), სხვებს კი არ ენდობოდნენო.


რამდენჯერმე სერგო ორჯონიკიძესაც შეხვდა. ცნობილია ასეთი ამბავი: 1934 წლის ნოემბერში სერგო თბილისში ჩამოვიდა. იმ დროს თანამდებობის პირები სასტუმროში არ ჩერდებოდნენ და ორჯონიკიძე ცეკას მაშინდელმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ მიიწვია შინ. ლავრენტის დედა, მართა, კარგი დიასახლისი იყო. სტუმარს, რა თქმა უნდა, ჩინებული სუფრა გაუშალეს, მაგრამ სერგოს რაღაცამ აწყინა და ცუდად გახდა. ბერიამ ყველა გამოჩენილი ექიმი იხმო, მათ შორის – ნიკოლოზ ყიფშიძე და შალვა მიქელაძეც. ნიკოლოზის რჩევით, ორჯონიკიძეს კუჭი ამოურეცხეს, გადასხმები გაუკეთეს და მდგომარეობიდან გამოიყვანეს. მოსკოვიდან რა გამოგიზავნოო, – ჰკითხა გამოთხოვებისას მადლიერმა სერგომ ნიკოლოზს. მხოლოდ დეპეშა, რომ კარგად იმგზავრეთო, – უპასუხა მან. ორიოდე წელიწადში ნიკოლოზი კრემლში, საზეიმო სხდომაზე იყო მიწვეული. შესვენებისას სერგომ ის სტალინთან მიიყვანა, თავისი გადარჩენის ამბავს მოუყვა ბელადს და ექიმს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

შეურყვნელი მეცნიერება
– მეცნიერება ნიკოლოზისთვის წმიდათაწმიდა იყო. დღის ბოლოს, როგორც არ უნდა ყოფილიყო დაღლილი, სამეცნიერო მუშაობისთვის აუცილებლად გამონახავდა ძალას. ძალიან აინტერესებდა პარაზიტოლოგია და ტროპიკული სნეულებები. ამ საკითხებზე ათამდე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ქართულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.
საქართველოში პირველმა აღმოაჩინა და აღწერა ორი საკმაოდ გავრცელებული დაავადება: სტრონგილოიდოზი და ბალანტიდიაზი. ამ დაავადებების შესახებ მისი ნაშრომები ევროპულ ჟურნალებში არაერთხელაა ციტირებული.
1929-1930 წლებში ნიკოლოზი წელიწად-ნახევრით პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მიავლინეს, სადაც რობერ დეშიენის ხელმძღვანელობით უმარტივესებზე მუშაობდა. მასთან ერთად შეიმუშავა პროტოზოების გამრავლებისთვის ხელსაყრელი მკვრივი და თხიერი ნაწილებისგან შემდგარი საკვები ნიადაგი, რომელიც მსოფლიო მედიცინის ისტორიაში დეშიენ-ყიფშიძის ნიადაგის სახელით შევიდა. ამ ნიადაგმა საგრძნობლად გააადვილა ამებიაზის, ბალანტიდიაზის, ტრიქომონიაზის გამომწვევების შესწავლა. ფრანგულ ჟურნალებში გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფშიძის ნაშრომები ტრიქომონადისა და დიზენტერიული ამების შესახებ. სხვათა შორის, საფრანგეთში ნიკოლოზი შეხვდა თავის საყვარელ ლექტორს ივან პავლოვს, რომელმაც ადვილად გაიხსენა ნიჭიერი სტუდენტი. ამ ორ ადამიანს მართლაც ბევრი რამ აკავშირებდა...


ნიკოლოზმა მედიცინაში ბევრი ახალი შეხედულება დაამკვიდრა. თუნდაც ის, რომ ლამბლიები კოლიტს და ქოლეცისტიტს არ იწვევს, რადგან მათი ადგილი თორმეტგოჯა ნაწლავშია; დანერგა ღვიძლის ტროპიკული აბსცესის მკურნალობის მეთოდი, რომელმაც სიკვდილიანობა შეამცირა; საფუძვლიანად შეისწავლა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. მისი ხელმძღვანელობით ამ პათოლოგიის მქონე 1500 პაციენტს უმკურნალეს, რაც ძალიან ბევრი იყო. ალბათ ამიტომაც დაავალეს, წყლულის ქირურგიული ჩვენებებისადმი მიძღვნილი მოხსენებით გამოსვლა თერაპევტთა საკავშირო ყრილობაზე და თავმჯდომარის მოადგილედაც აირჩიეს. ფილტვების ანთების დროს მან საქართველოში პირველმა გამოიყენა სულფანილამიდური პრეპარატები (სტრეპტოციდი და სხვა). კლინიკაშიც გამუდმებით ნერგავდა სიახლეებს, ეწეოდა ახალი პრეპარატების პროპაგანდას. გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი ბრუცელოზის შესახებ, დაწერა შინაგანი სნეულებების სახელმძღვანელო, რომელზეც ექიმთა არაერთი თაობა გაიზარდა. მოსახლეობის სამედიცინო ცოდნის ამაღლებაზეც ზრუნავდა – ჟურნალ-გაზეთებისთვის პოპულარულ სტატიებს წერდა. 1950 წელს მისი რედაქციით გამოიცა “საოჯახო სამკურნალო ცნობარი”, რომელიც ცნობილმა ქართველმა ექიმებმა შეადგინეს. უკანასკნელი ნაშრომი კი ბორჯომს და მის ხეობას მიუძღვნა.
იყო პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ხოლო 1946 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ვფიქრობ, ეს სტალინთან მისი ურთიერთობის დამსახურებაც იყო, თორემ ასე ადვილად, თუნდაც ასეთ დიდ მეცნიერს, აკადემიკოსად არავინ აირჩევდა. იმხანად საქართველოში სულ ორი აკადემიკოსი ექიმი გვყავდა – ნიკოლოზ ყიფშიძე და მიხეილ წინამძღვრიშვილი.

სამაგალითო აღმზრდელი
– ნიკოლოზი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიტყვის ძალას და ეფექტურადაც იყენებდა მას. პაციენტები თავიანთ საიდუმლოსაც ანდობდნენ. დიაგნოზის დასმის დროს მის საოცარ ინტუიციაზე ლეგენდები დადიოდა. რესპუბლიკური კლინიკის პარალელურად რამდენიმე ადგილას მუშაობდა. იყო ჰოსპიტლების კონსულტანტიც. სამხედრო ექიმებისთვის სისტემატურად კითხულობდა ლექციებს. ინსტიტუტში მისი ლექციები სტუდენტებთან ერთად ექიმებსაც იზიდავდა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლექციისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა. მსმენელს საოცარი მუხტით ავსებდა. მისი ხელმძღვანელობით უამრავმა ექიმმა აიმაღლა კვალიფიკაცია, ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ცამეტი დისერტაცია დაიწერა.
ერთ რამედ ღირდა მისი შემოვლები. მათში ჩანდა გამოცდილებაც და უახლესი სამედიცინო ლიტერატურის ბრწყინვალე ცოდნაც. სტუდენტებს და ექიმებს კეთილსინდისიერებას და პაციენტებისადმი გულწრფელ დამოკიდებულებას უქადაგებდა. სამეცნიერო მუშაობისას ყოველ წვრილმანში სიზუსტეს ითხოვდა. თავად სამეცნიერო მუშაობას კი ჯარისკაცულ ცხოვრებას ადარებდა. ამბობდა, რომ წარმატება ქანცის გაწყვეტამდე შრომას მოაქვს. ხშირად იმეორებდა, რომ ექიმის მთავარი კანონია, იყოს კეთილი. მაგალითსაც თავად იძლეოდა.
კეთილშობილი და უშუალო ადამიანი იყო. სიამოვნებით სტუმრობდა თანამდებობრივად ყველაზე დაბლა მდგომი თანამშრომლის სუფრასაც, არ ეთაკილებოდა ექთნებსა და სანიტრებთან ერთად მოლხენა, დაკვრა, ცეკვა. თანამშრომლებს უზომოდ უყვარდათ და აფასებდნენ. მოწაფეებიც ღირსეული გაზარდა: კონსტანტინე ვირსალაძე, გოგი მხეიძე, ლევან ანჯაფარიძე – თერაპიის კორიფეები...
გოგი მხეიძისგან ბევრი საქებარი სიტყვა მსმენია ნიკოლოზ ყიფშიძის შესახებ: უაღრესად თავშეკავებული იყო, ერთს არ დაიყვირებდა, ექიმს ავადმყოფის თვალში არ დაამცირებდა, შენიშვნას ისე მისცემდა, შეურაცხყოფილი არავინ დარჩენილიყოო. სტუდენტებსაც მუდამ აქებდა – ახალგაზრდას მხოლოდ ცუდს თუ ეტყვი, დაიჯერებს, რომ არაფრის მაქნისია და ვეღარ გაიზრდებაო.

გზის დასასრული
– 1954 წლის ივნისის დასაწყისში 66 წლის ასაკში ნიკოლოზს ინფარქტი მოუვიდა. მოწაფეები და კოლეგები ძალიან განიცდიდნენ და ყოველ საღამოს მორიგეობდნენ მის საწოლთან. გოგი მხეიძე მომიყვა: ვსხედვართ, გულს ვუკეთებთ; უცბად მიხეილ წინამძღვრიშვილი შემოვიდა... იმხანად წინამძღვრიშვილი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას ხელმძღვანელობდა. დიდი ექიმი მოვიდა მეორე დიდი ექიმის გასასინჯად... მიხეილი ფონენდოსკოპს თურმე ვერ იტანდა, მხოლოდ სტეთოსკოპს იყენებდა, ის კი ძალიან უხერხული მოსახმარია. მიხეილმა კოლეგის საწოლთან დაიჩოქა, მკერდზე სტეთოსკოპი დაადო და გულს მოუსმინა. ნიკოლოზმა, რა თქმა უნდა, მადლობა გადაუხადა, მაგრამ როცა წინამძღვრიშვილი ოთახიდან გავიდა, თავი ვერ შეიკავა – რა უცნაური კაცია, ორიგინალობას აქაც არ იშლისო.
პროფესორი ნოე მეგრელიშვილი იხსენებდა: ერთ საღამოს, როცა მის გვერდით ვიყავი, დავამშვიდე – თქვენი საქმე უკეთ არის, საშიშმა პერიოდმა უკვე გაიარა, მალე კარგად იქნებით-მეთქი. დიდ მკურნალს რას გამოვაპარებდი – ჩემო ნოე, ერთ დროს მეც შენსავით ვამშვიდებდი მძიმე ავადმყოფებსო.. მართლაც, მეორე დღეს, 6 ივნისს გარდაიცვალა.
ნიკოლოზ ყიფშიძეზე ძვირის მთქმელი დღესაც არ მოიძებნება... სამწუხაროა, რომ დღევანდელი ექიმები მისგან ასე შორს ვართ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: