როგორ შევარჩიოთ ასაკის შესაფერისი სათამაშო?
გააზიარე:
თუ ერთხელ მაინც დაგინახავთ, როგორი შემართებით ცდილობს ბავშვი კუბი ოთხკუთხა ფორმაში მოათავსოს ან ბურთი ჰაერში დაიჭიროს, თუ მისი კონცენტრირებული და დაკვირვებული სახის შემხედვარეს გაგღიმებიათ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობის საშუალება არ არის – მისთვის ეს ძალიან სერიოზული საქმიანობაა, ხოლო სათამაშო – ამ საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი.
სტატიაში გაგაცნობთ, რა ასაკის ბავშვი როგორ თამაშს ანიჭებს უპირატესობას, რა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სათამაშოს და როგორ ეხმარება ის პატარას სამყაროს შეცნობაში, ინტელექტუალურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაში.
წლამდე
წლამდე ასაკის ბავშვისთვის თამაში ძირითადად ძიებასა და ახლის აღმოჩენას უკავშირდება. ამ ასაკის პატარები გარე სამყაროს შესაცნობად ხუთივე გრძნობას იყენებენ: ნივთი მაგარია თუ რბილი? წებოვანია თუ ხმელი? როგორი სუნი აქვს? რა მოუვა, თუ ძირს დავაგდე? რა მოხდება, თუ პირში ჩავიდე?
როდესაც ბავშვს ახალი მოტორული უნარები უვითარდება, თამაში უფრო დაკვირვებული და მრავალფეროვანი ხდება:
* 4 თვის ბავშვი მიიწევს სასურველი საგნისკენ, მაგალითად, ჩხრიალასკენ, და ხელს ჰკიდებს მას.
* 6-7 თვისა ჩხრიალას ერთი ხელიდან მეორეში გადატანას ახერხებს.
* 9 თვის ბავშვს უვითარდება პატარა ნივთებისთვის ხელის მოჭიდების უნარი და ახერხებს კუბიკებისა თუ ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვა სათამაშოების აღებას და ხელში დაჭერას.
ამ ასაკში პატარები თავისთვის თამაშობენ, სხვა ბავშვებთან ინტერაქცია და მიმბაძველობითი თამაშები წლის ბოლოსთვის იწყება.
ამ პერიოდში ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს, როგორი გემო, სუნი და ხმა აქვს ამა თუ იმ ნივთს, როგორაა ეს ნივთები ერთმანეთთან დაკავშირებული და ამ ყველაფრის შეცნობის შემდეგ გადადის ახალ ეტაპზე: იმის გარკვევას იწყებს, რა დანიშნულება აქვს აღნიშნულ ნივთებს.
სათამაშოები წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
* საწოლის თავზე ჩამოკიდებული სათამაშოები. მწოლიარე ბავშვს თავს ზემოთ მოძრავი საგნები მხედველობისა და ყურადღების განვითარებაში ეხმარება.
* სარკე. სარკეში ჩახედვისას პატარას გაოცება ეუფლება – ვერ ხვდება, რანაირად ქრება და ჩნდება ვიღაც, ვინც იქიდან უყურებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გააცნობიერებს, რომ სარკეში თავის ანარეკლს ხედავს, იწყებს საკუთარი არსებობის გააზრებას, რაც საკუთარი სხეულის შეცნობაში ეხმარება.
* რგოლების პირამიდა. ეს კლასიკური პირამიდაა, რომელიც ჯოხისა და მასზე ჩამოსაცმელი სხვადასხვა ზომის რგოლებისგან შედგება. ამ რგოლების თანმიმდევრობით, სიდიდის მიხედვით ჯოხზე ჩამოცმა ბავშვს მოტორულ ფუნქციას უვითარებს, ხოლო ცოტა მოზრდილ ასაკში ფერების დამახსოვრებაშიც ეხმარება.
წლიდან სამ წლამდე
ამ ასაკში ბავშვი იწყებს კვლევას, როგორ ფუნქციობს ესა თუ ის ნივთი. უყვარს კუბიკების ერთმანეთზე დაწყობა, დიდების ჭიქიდან წყლის დალევა, სათამაშო ტელეფონში ბუტბუტი. წარმოსახვით თამაშებს საფუძველი სწორედ ამ ასაკში ეყრება. როდესაც ბავშვი სათამაშო მატარებლის ტარებისას “ჩუქუ-ჩუქუს” ყვირის, ის უკვე აცნობიერებს, რომ ამქვეყნად ყველა საგანს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს.
ბავშვი იწყებს ფორმებისა და ფერების გარჩევას, ამიტომ სასურველია, მკვეთრი ფერის, ხელში ადვილად დასაჭერი სათამაშოები შეურჩიოთ. ორი წლის პატარას უკვე შეუძლია, მისკენ გაგორებულ ბურთს ფეხი დაარტყას, ფანქრებით ჯღაბნოს, ააშენოს კოშკი ოთხი ან მეტი კუბიკისგან. სამი წლისთვის მარტივი პაზლის აწყობას და სამ- ან ოთხბორბლიანი ველოსიპედის მართვასაც ახერხებს.
მზად იყავით იმისთვის, რომ ბავშვი კიდევ და კიდევ გაიმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებას – ის სწორედ ასე აცნობიერებს, რომ მასაც აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა და რომ სამყაროს იმ ასპექტებს, რომლებიც მას ეხება, თავად აკონტროლებს.
სათამაშოები წლიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
* ბურთი. მისი გორება, დაჭერა თუ სროლა ბავშვს ძალიან ეხმარება მოტორული უნარების, ხელისა და თვალის კოორდინაციისა და მოქნილობის განვითარებაში.
* ფორმის გამოცნობა. სხვადასხვა ფორმის ჭრილების მქონე ყალიბი, რომელშიც ბავშვმა შესაბამისი ფორმის ნივთები უნდა მოათავსოს, შესანიშნავად ავითარებს ხელისა და თვალის კოორდინაციას.
* როლური სათამაშოები. სათამაშო სამზარეულოთი, ექიმის აღჭურვილობით ან გოლფის ატრიბუტებით თამაშის დროს ბავშვი შეიტყობს, როგორაა მოწყობილი სამყარო, რამდენი სხვადასხვა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ცხოვრების განმავლობაში, ფუმფულა სათამაშოები და თოჯინები კი სოციალური და ემოციური განვითარების საუკეთესო ხელშემწყობია. მათი დახმარებით ბავშვი ემოციების გამოხატვას და თავისთვის ძვირფას ნივთებსა და ადამიანებზე ზრუნვას სწავლობს.
სკოლამდელი ასაკი
ამ ასაკის ბავშვებმა იციან ნივთების დანიშნულება და მათ სასურველი მიზნებისთვის იყენებენ, მაგრამ იმავდროულად აქვთ საკუთარი წარმოსახვითი სამყაროც, სადაც ამ ნივთებს სულ სხვა დანიშნულებას უძებნიან. ჟურნალების მაგიდის გადასაფარებელი შესაძლოა საიდუმლო შტაბბინის სახურავად იქცეს, პლასტილინი კი – უგემრიელესი პიცის ინგრედიენტად.
სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის სამყარო ჯადოსნური ადგილია, სადაც მთავარი შემოქმედი თვითონაა. აქ მას შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს. ამ ასაკის ბევრ ბავშვს სჯერა, რომ სუპერშესაძლებლობები აქვს და შეუძლია, ბოროტი მონსტრები დაამარცხოს ან ღამით კეთილ ფერიად იქცეს და ქვეყნიერებას შემოუფრინოს.
ასეთი წარმოსახვითი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური განვითარებისთვის: ეხმარება მას შიშებთან გამკლავებაში, საკუთარ სურვილებსა და ოცნებებში გარკვევაში.
სამყარო ბავშვისთვის სცენასავითაა, ამიტომ ხშირად გაიგონებთ: “დედა, მამა მიყურეთ!”. ამით ბავშვი თავის მიღწევებს გაჩვენებთ და ქებას ელის, თანაც მორიგ გამოწვევებთან გასამკლავებლად ემზადება. ამ დროს თამაში უფრო ფიზიკურ ხასიათს იღებს. რატომ უნდა იაროს დინჯად, როცა შეუძლია, ხტომა-ხტომით მივიდეს საჭირო ადგილამდე ან მისრიალდეს? ეს ხომ გაცილებით სახალისოა!
სათამაშოები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის
* სახატავი და საჩხირკედელაო მოწყობილობები. ფერადი ფანქრებით და საღებავებით ხატვა, საბავშვო მაკრატლით ფორმების გამოჭრა და დაწებება ავითარებს კოორდინაციას, გზას უკვალავს კრეატიულობას და ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას.
* კუბიკები და კონსტრუქტორი. კოშკის ისე აშენება, რომ არ წაიქცეს, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ხელისა და თვალის კოორდინაციას. სკოლამდელი ასაკის ბავშვები წარმოსახვას შენობების, ცხოველების და სხვა მარტივი კონსტრუქციების ასაგებად იყენებენ.
* პაზლი. პაზლი ავითარებს კოორდინაციასა და მოხერხებულობას, ასევე დიდ როლს ასრულებს ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში.
დიდი ბავშვები
დაწყებით კლასებში ბავშვები უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებულნი არიან. მათ ასე თუ ისე შეისწავლეს გარე სამყარო და ახლა ისეთი აქტივობების შესრულება შეუძლიათ, რომლებიც ადრე აშინებდათ ან უჭირდათ, მაგალითად, ფეხბურთის თამაში წესების დაცვით ან თანაკლასელისთვის თმის დაწვნა.
ეს სწორედ ის დროა, როდესაც ინტერესები იწყებს აღმოცენებას – ოთხი წლის პატარა, რომელსაც ძალიან უყვარდა ძილისპირული ზღაპრების კითხვა, ახლა თვითონვეა კარგი მკითხველი. ხუთი წლის ბავშვი, რომელიც სიამოვნებით უსმენდა მუსიკას, ახლა შესაძლოა პიანინოზე დაკვრის სწავლებას გთხოვდეთ.
ფიზიკური შესაძლებლობები და მოტორული უნარები დახვეწილია, ბავშვს შეუძლია ორბორბლიანი ველოსიპედის მართვა და სკეიტბორდით თავისუფლად სრიალი. ნახატები უფრო და უფრო რთულდება, შესაძლოა, ბავშვმა პატარა ჩანახატის შესრულებას საათები მოანდომოს.
ამ პერიოდში მეგობრული ურთიერთობები დიდ მნიშვნელობას იძენს და შესაძლოა, ბავშვს მეგობრებთან ერთად გართობა უფრო იზიდავდეს, ვიდრე თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ გახსოვდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი იზრდება, თქვენ ყოველთვის მისი საყვარელი კომპანიონი იქნებით, ამიტომ ეცადეთ, გამონახოთ მასთან ერთად გასატარებელი დრო. ნურც ოჯახურ თამაშებს დაივიწყებთ – ეს ძალიან კარგი საშუალებაა ოჯახის წევრებს შორის დადებითი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
სათამაშოები დიდი ბავშვებისთვის
* სახტუნაო. სახტუნაოთი რიგრიგობით ხტუნვა ბავშვებს დათმობას აჩვევს. გარდა ამისა, ეს აქტივობა ხელს უწყობს მოტორული და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.
* სამაგიდო თამაშები. ბანქო, შაში, ჭადრაკი ბავშვს სტრატეგიის შემუშავებას ასწავლის, აჩვევს დათმობას, საკუთარი რიგის დალოდებას, უვითარებს მოლაპარაკების უნარს და აჩვენებს სამართლიანი თამაშის მნიშვნელობას. თამაშის დროს ეცადეთ, ასწავლოთ ბავშვს იმ ემოციების კონტროლი, რომლებიც შესაძლოა წაგებისას დაეუფლოს.
* სამეცნიერო სათამაშოები. სათამაშო ქიმიური ნაერთების კრებული, ტელესკოპი და სხვა მსგავსი მოწყობილობები ავითარებს, ერთი მხრივ, წარმოსახვას, მეორე მხრივ კი სამეცნიერო უნარებს.
საუკეთესო სათამაშო – თქვენ!
ტელეფონში ვიდეოების ყურება, კუბებით კოშკის აწყობა თუ საღებავებით ხატვა – ეს ყველაფერი ბავშვს დამოუკიდებლადაც შეუძლია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ თქვენს როლს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ თქვენ ჩაურთეთ მობილურში ვიდეო და თქვენ იყავით პირველი, ვინც აჩვენა, როგორ უნდა აეშენებინა კუბებისგან კოშკი.
ბავშვთან ერთად თამაშით, ხატვით ან უბრალოდ ვიდეოს ყურებით თქვენ მას აძლევთ ყურადღებას, რომელიც სჭირდება, რათა განუვითარდეს სათანადო თვითშეფასება და იგრძნოს სიყვარული, რომელსაც მისდამი განიცდით, ეს კი მომავალში ძალიან დაეხმარება თანატოლებთან და, საზოგადოდ, ადამიანებთან სრულფასოვანი ურთიერთობის დამყარებაში.
ლიკა ქათამაძე