რა იწვევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

გააზიარე:

დეპრესია – ოჯახის ახალი წევრის მოვლინებასთან ამ ცნებას თითქოს არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო, მაგრამ ფსიქიკას რას გაუგებ?! სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი, როცა გგონია, შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანა დაიწყო, შესაძლოა, ისეთმა ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომ დედობის ხალისი და ამ ახალი სტატუსით ტკბობის სურვილი სულ დაგეკარგოს. პრობლემა იმდენად გავრცელებული აღმოჩნდა, ცალკე ნოზოლოგიად გამოყვეს, მის მიზეზებსა თუ მოგვარების გზებს კი ვრცელ ნაშრომებს უძღვნიან. მოდი, ჩვენც გავიგოთ, რა შეიძლება დაემართოს ქალის ფსიქიკას მშობიარობის შემდეგ, რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა და როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა.

მშვიდობის გეშინოდეთ

მშობიარობის შემდგომი, იგივე პოსტნატალური დეპრესია – ასე ეწოდება დარღვევას, რომელიც ზემოთ მოკლედ აღვწერეთ. სახელწოდება მიგვახვედრებს, რომ ქალის ცხოვრებაში ის ოჯახის ახალ წევრთან ერთად ჩნდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ორსულობის პერიოდშივე იჩინოს თავი ან გვიან, მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში გამოვლინდეს.

პოსტნატალური დეპრესია საკმაოდ გავრცელებულია. მასზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან, მაგრამ, როგორც ირკვევა, პრობლემა უამრავი ქალისთვისაა ნაცნობი. სტატისტიკური მონაცემებით, ცხრიდან ერთ დედას მშობიარობის შემდგომი დეპრესია აწუხებს.

რა იწვევს დეპრესიას?

ჰორმონები და ისევ ჰორმონები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთავარი ბრალი სწორედ ამ ყოვლისშემძლე მოლეკულებს მიუძღვით. ეს პროცესი მენსტრუაციის წინა პერიოდში განვითარებულ ცვლილებებს ჰგავს, ოღონდ გაცილებით მასშტაბურია. საქმე ის გახლავთ, რომ ორსულობის დროს ორგანიზმში ქალური ჰორმონების – ესტროგენისა და პროგესტერონის – დონე ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, მშობიარობის შემდგომი 24 საათის განმავლობაში კი მათი მაჩვენებლები ორსულობამდელ ნორმას უბრუნდება. მარტივად რომ ვთქვათ, პროცესი, რომელიც 9 თვე მიმდინარეობდა, 24 საათში უკუვითარდება. კატაკლიზმა უკვალოდ რომ ვერ ჩაივლის, ფაქტია. მეცნიერთა აზრით, ჰორმონების დონის უეცარი დაცემა შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების მიზეზად იქცეს. მშობიარობის შემდეგ იკლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეც. მათი სიმცირე ასევე იწვევს დეპრესიის სიმპტომებს.

თუმცა მხოლოდ ჰორმონებს ნუ დავადანაშაულებთ. ლოგინობის ხანაში ქალი ბევრ სხვა პრობლემასაც ეჯახება, რომლებიც უპირველესად სწორედ ფსიქიკას აყენებენ ზიანს. მაგალითად, გადაღლას და გამოფიტვას იწვევს უძილობა, რომელიც, ახალშობილის დღის წესრიგის წყალობით, ფაქტობრივად ყველა დედის ხვედრია. თავდაჯერების ნაკლებობა და თავს დატეხილი პასუხისმგებლობის შიში, განსაკუთრებით – პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, ასევე უწყობს ხელს ფსიქიკური პრობლემების აღმოცენებას. ბრალი მიუძღვის გარეგნულ ცვლილებასაც: ორსულობის დროს მომატებული კილოგრამები, ბუნებრივია, მშობიარობისთანავე არ ქრება. იცვლება სხეულის ფორმებიც. დედა თავს ნაკლებმიმზიდველად გრძნობს, ვეღარც თავის მოსავლელად იცლის...

ისე არ გაიგოთ, თითქოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ბუნებრივი რამ იყოს. რა თქმა უნდა, არა. დეპრესია ფსიქიკის ნორმალურ მდგომარეობად ნამდვილად არ მიიჩნევა.

ვის ემუქრება

მშობიარობის შემდგომი დეპრესია უფრო მეტადაა მოსალოდნელი, თუ:

* ორსულობამდე ან ორსულობის დროს გქონდათ დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა ან გაქვთ ამ მდგომარეობათა ოჯახური ისტორია;

* უჩიოდით ჯანმრთელობას წინა ორსულობის ან მშობიარობის დროს;

* გაქვთ სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები;

* ხართ 20 წელზე უმცროსი ასაკის;

* ჭარბად მოიხმართ ალკოჰოლს ან ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;

* წინა ორსულობიდან გყავთ განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე შვილი;

* ორსულობა დაუგეგმავი და არასასურველი იყო;

* არ გეხმარებიან მეუღლე, ოჯახის წევრები და მეგობრები.

თუმცა ექიმებს ურჩევენ, დეპრესიის სიმპტომების გამოსავლენად გულდასმით გამოკითხონ ის ქალებიც, რომლებსაც რისკფაქტორები არ აღენიშნებათ.

როგორ ამოვიცნოთ

მშობიარობის შემდგომი დეპრესიაა სავარაუდო, თუ:

* უჩივით შფოთვას, უგუნებობას, სევდას, უიმედობის, გამოფიტულობის შეგრძნებას;

* ხშირად ტირით;

* ვერ გრძნობთ ახალშობილის მიმართ ინტერესს, მიჯაჭვულობას, ბავშვი თქვენთვის უცხოა;

* ვერ გრძნობთ ენერგიას, მოტივაციას;

* ჭამთ ძალიან ცოტას ან ძალიან ბევრს;

* გძინავთ მეტისმეტად ცოტა ან მეტისმეტად ბევრი;

* გიჭირთ ფოკუსირება და გადაწყვეტილების მიღება;

* უჩივით მეხსიერებას;

* ის, რაც წინათ სიამოვნებას განიჭებდათ, ახლა ვეღარ გახალისებთ;

* ოჯახის წევრებს და მეგობრებს ჩამოშორდით;

* თავს დამნაშავედ გრძნობთ, გგონიათ, ცუდი ადამიანი და ცუდი დედა ხართ.

ეს შეგრძნებები მათთვის არის განსაკუთრებით მტკივნეული, ვინც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ არაფერი იცის. ასეთ დროს ქალს დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა უძლიერდება და მისი ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ამიტომ განათლება მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან ბრძოლისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია.

ექიმს მიმართეთ თუ :

* სიმპტომები ორ კვირაზე მეტია გრძელდება;

* დეპრესია სულ უფრო ინტენსიური ხდება;

* გიჭირთ მუშაობა ან ოჯახში საქმიანობა;

* არ შეგიძლიათ საკუთარ თავზე ან ბავშვზე ზრუნვა (ჭამა, დაძინება, დაბანა);

* გეფიქრებათ, რომ ბავშვს ან საკუთარ თავს რამეს დაუშავებთ.

იქნებ უბრალოდ გადავიღალე?

განა დაღლილობა თუ უგუნებობა ყოველთვის დეპრესიის ნიშანია? რა თქმა უნდა, არა. ასე რომ იყოს, ყველა დედას დეპრესიის დიაგნოზი ექნებოდა. მთავარი სიმპტომების სიმძიმე და ხანგრძლივობაა. სხვათა შორის, არსებობს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მონათესავე მდგომარეობა – მშობიარობის შემდგომი სევდა, ე.წ. ბეიბი ბლუზი, რომელსაც დეპრესიის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, ოღონდ უფრო მსუბუქი ფორმით. არც მკურნალობა სჭირდება – მშობიარობიდან 3-5 დღეში თავისთავად გაივლის. მშობიარობის შემდგომი დეპრესია კი უფრო მეტხანს გრძელდება და სიმპტომებიც უფრო ძლიერია. ეს მდგომარეობა მკურნალობას მოითხოვს.

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი

კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. საბედნიეროდ, იშვიათია – ყოველი ათასი მშობიარიდან მხოლოდ ოთხს ემართება. მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. მისი განვითარების მაღალი რისკი აქვთ ბიპოლარული აშლილობისა და ე.წ. შიზოაფექტური აშლილობის მქონე ქალებს.

ფსიქოზის დროს ქალს:

* ესმის ხმები ან ხედავს ნივთებს, რომლებიც რეალურად არ არსებობს, შფოთავს, აღგზნებულია;

* დაბნეულია, არაადეკვატურად იქცევა;

* ძალიან სწრაფად და რადიკალურად ეცვლება განწყობა (მაგალითად, ისტერიოდულ ტირილს რამდენიმე წუთში ცვლის ძლიერი სიცილი, მერე კი – ძლიერი სევდა);

* ცდილობს საკუთარი თავისთვის ან ბავშვისთვის ზიანის მიყენებას;

* აქვს დევნის ბოდვითი იდეები, ჰგონია, რომ სხვები ცდილობენ, რამე დაუშავონ.

როგორ მკურნალობენ

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობა გულისხმობს ფსიქოთერაპიას და მედიკამენტურ თერაპიას. ფსიქოთერაპია დაგეხმარებათ, შეიცვალოთ დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ. ამასთან ერთად ექიმმა შესაძლოა ანტიდეპრესანტებიც დაგინიშნოთ. ცხადია, ისეთი, რომელთა მიღებაც ლაქტაციის პერიოდში ნებადართულია. არ არის გამორიცხული, მხოლოდ მედიკამენტებით გიმკურნალონ.

ვებრძვით, ვისვენებთ

მდგომარეობის შემსუბუქებაში შემდეგი რჩევებიც დაგეხმარებათ:

* დაისვენეთ რაც შეიძლება მეტი. დაიძინეთ, როდესაც ბავშვს ძინავს

* ნუ ეცდებით მეტისმეტად ბევრი საქმის კეთებას, ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე, სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ესაუბრეთ მათ თქვენი მდგომარეობის შესახებ.

* გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად, მეუღლესთან ერთად განმარტოებისთვის.

* გაესაუბრეთ სხვა დედებს, რომ მათი გამოცდილების საფუძველზე ისწავლოთ.

არ დამალო!

რაც მთავარია, არ დამალოთ, რომ რაღაც გიჭირთ. პრობლემის თავიდათავი ის არის, რომ ხშირად ქალი დეპრესიას საგულდაგულოდ მალავს, სამარცხვინოდ მიიჩნევს მას და პრობლემის პირისპირ მარტო რჩება. სინამდვილეში სწორედ ასეთი დამოკიდებულება ამძიმებს და ახანგრძლივებს მდგომარეობას. როგორც არ მოგერიდებათ ექიმთან მისვლის, თუ გული აგტკივდათ ან ნაღვლის ბუშტმა შეგაწუხათ, ისევე არ არის სირცხვილი დეპრესიაზე საუბარი. არც ის, თუ ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის დახმარება დაგჭირდათ ან ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება მოგიწიათ. თავს ნურც სუსტად და არარეალიზებულად მიიჩნევთ – ძლიერების ნიშანი სწორედ პრობლემისთვის თვალის გასწორება და მასთან ბრძოლაა. ასე რომ, არ შეუშინდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. ის განაჩენი არ არის. გამოსავალი არსებობს. მთავარია, თქვენი მდგომარეობის შესახებ ექიმს დროულად შეატყობინოთ.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: